ვარლამ ჟურული // პატრიოტიზმის დასასრული
პატრიოტიზმის დასასრული
სიტყვა ავიღე
მიმდინარე აზრთა გარშემო,
ხალხის წინაშე
მეტყველებით ავაგე ლექსი;
დრომ, თუ ისმინა —
ხმა მებრძოლი მოქალაქესი,
ბრძოლის თანახმად,
ეს ცხოვრება უნდა ვაშენო.
კარგი რამეა:
სიცოცხლეში მიზნით ხარობდე,
იყო მეხის წინ
ქუხილისთვის მომზადებული;
როგორ ვამბობდე:
— ჩემო ცაო, ნეტავ დარობდე!
არ შემიბინდო
წიწამურის გზა წუნდებული?!
— გაივლის დრო და
საქართველოს მზე კვლავ ამოვა,
ფიქრობენ ასე,
(ღაღადებენ ცრემლის დენითა).
ვის გავაგონო:
— სამშობლოში არ გვინდა გლოვა,
ნუ გესიზმრებათ
რესპუბლიკა თეთრი ცხენითა.
არც თავს არგია
ქარავანის მგზავრი გვიანი,
თუ რჩება უკან,
თუ ივსება მწუხრით გულამდე?!
საქმე ისაა:
დღევანდელი ადამიანი
ჰქმნიდეს ქვეყანას —
საბოლოო გაზაფხულამდე.
კიდევ მგოსნობენ —
პოეზიის მომხრე ლანდები
ტკეპნიან ქუჩებს
იგონებენ კოჯორის ველებს;
შორსაა გემი —
გემს უცდიან ემიგრანტები,
ხრის ისტორია —
სამშობლოსკენ გაშვერილ ხელებს.
ხელს ვინ შეხედავს,
თუ მეშვიდე ვარსკვლავიც ჰქრება?!
თუ კლდეც ირღვევა
იმ ფერადი დროშის ხვედრითა?!
როგორ გაიგებს
თებერვალში განწირულთ წყება —
ოცნებად რჩება
რესპუბლიკა თეთრი მხედრითა.
არც კაცობაა,
თუ ბრძოლაში ცრემლად გალოვები,
სანამ დაგლეწავს
ამ ცხოვრების შმაგი ტალღები —
სჯობს, გრიგალის წინ —
რა საწყენია,
წინაპართა კვალს რო ვტოვებდე?!
რა დამრჩენია
იმედების უქმად ცვენაში?!
არ მინდა, არა!
საქართველოს ბედის ძებნაში,
მეც რუსთაველის
პროსპექტიდან ვპატრიოტობდე.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2