ბიძინა აბულაძე // ხოტბა "ფრ"
... ღრუბლის ბუმ-ბულებს და ქარის ბორბალს
ცის უნაგირი, ცხენის თოქალთო,
შორს გადმორეკენ ღრუბლის შოლტებით ცისფერ ტილოზე
ჩიტებს
დანაფრთხობს.
აფრინდი ქორო!
და მცხეთაში გადინადირე ცხენების ჯოგი,
ჩაინადირე ეს ჭალები თვალის ხამხამით:
მოირთე შუბლი საკუთარი შუბით, ფოთლებით
და ჩაირბინე შეშებივით – გული ფარხმალი.
შენ აგედევნა ელექტრონი პეპლების და ლამპის ბუზების
მოდგენ ლანდები
– ბანდიტებივით.
ამტვრევდენ ცას, ცის ჩარჩოებს და მარგალიტებს
მერცხლის კუდებით და მაკრატლებით.
იქნებ გაწუხებს, რომ პოეტი ჰგავს ფოსტალიონს
და ის გონება – შებრუნებული
თავის საკუთარ მხრებზე დარბოდეს,
მიამგზავრებდეს ინდოეთში საკუთარ მუცელს,
მზეს
და ყალიონს.
დასცოხნე მტრედი ეს ღრუბლები შორს გეყოფა ღამე-საგზალათ.
მთებიდან მთებზე,
ზღვიდან ზღვებზე,
ცხრა მთას იქით.
როცა გაივლის ვიტრინებში მზე კიბორჩხალი,
ბურუსის ბულბული, მერცხალი სახოტბე,
სათოფე ოფოფი, ფოთლები ნაფეთქი,
მე გული მომიკვდეს...
თუ ვერ ავედევნო შენს სიგძე ნახტომებს
ღრუბლის ბუმ-ბულებს და ქარის ბორბალს
ცის უნაგირებს, ცხენის თოქალთოს.
სადაც მგოსნები ინახავენ გულებს ფორთოხლათ.
ო! ვის არ უნდა რომ ვიტრინა ლექსი ეგონოს.
ლექსების ჯარი აწვებოდეს კვამლის ბოლებით მიდამოს მზიანს.
მომეცით ლურჯი ცის ხალათი ზეცის ნახევი
გულში ჩავიხვევ და ჩავიკრავ ველურ ბავშივით,
ნეტავი ისევ ფეხშიშველი და უდარდელი
ჩვენი ხოტბები ძველ ხატებზე ობობების აგებდეს კარავს,
ყველა თავებზე ადგებოდეს მთების ქვაბები,
რომ ქორებივით ნაფორიაქ ფიქრების ღრუბლებს
დაემხოს თავზე და გაფრენა ვეღარ გაბედოს.
გიხლიჩავთ გულებს
შაქარივით ტკბილზე უტკბილესს;
აცნობეთ ზეცას პროტესტები დანა-ჩანგლების,
რომ მთის კალთებზე მნათობებმა გული დაღეჭონ
და გამორეკონ ცის ტატნობზე ღრუბლის შოლტები.
აფრინდი ქორო!
და მცხეთაში ცხენების ჯოგი დააფეთე ფრთების უზანგით,
ჩაინავარდე ეს ჭალები თვალის ხამხამით,
მოგიკვდეს გული, თუ არ დასწერს შენს ფრენაზე ჩემ სიგრძე
ხოტბებს,
მზეს აქეზებდეს სადარბაზოთ, მზეს ნამზიარს, ეჟვნით შეფერილს,
ღრუბლის ბუმბულებს და ქარის ბორ-ბალს,
ცის უნაგირებს ცხენის თოქალთოს.
ნოემბერი. 25 წ.
გაზ. დროული 1926 წ. №3