ალიო მირცხულავა // მდინარდენა
მ დ ი ნ ა რ დ ე ნ ა
დუ, დუ, დუ, დრრრ.
მანქანას აღმოხდა სუნთქვა დინამიური.
ოფლი სდის მახინჯ სახეზე.
ანერვიულდა მატორის ყოველი ძარღვი.
ღვედმა ფიქრთა სიმძიმე
ზლაზნით ააჩქარა.
და აგრილებს მანქანის
ცეცხლით გამთბარ მუცელს.
მაზუთით თვრება დინამო გიჟი.
იჭედება სიცოცხლე,
რკინით, თუჯით, ფოლადით.
უხეშობა, ცრემლი, ნგრევა –
მასში სილამაზე.
მეფობს შრომა –
შრომის ზღვაში
იწვის ფიქრი შავი.
ფიქრი მწველი
სასიკვდილო.
ფიქრის დაჭრილ ღამის.
დამ-და-დი-ნამო
დამ-დი-და
დარდმა დინამო ადიდა.
მზე დაბნელდა. მთვარე
მოკვდა.
ვარსკვლავებიც ასე –
შაგვრემანმა დედა მიწამ
გამოიღვიძა მილიონიან თვალებით.
ო, მოგვბეზრდა გრძნობის დაფაზე
თვლა დღე და ღამის.
არ გვწამს ღამე და სიზმრების
ბოდვა
ნისლიან აკვანში.
მე არ მიყვარს რითმის კაბა –
ფეხზე რითმის წუღები.
დღეს ხანაა გაქანების
ვმღერი სეტყვის ჰანგებს:
ჩემი პირი, ხელი, ცხვირი,
ისვრის ბუმერანგებს
ტრახ-ტა, ტა-რატა რახ-ტატა
ტახტთან დავარდა ანტანტა.
ზეიმია...
გამარჯვებული ბრბო
აგვირგვინებს მაისს.
ჩავირაზე ოთახში და
მოუსვენარ სულს მაინც
ავაშორე გამხეცებულ
ორატორთა ჭიხვინი.
შრრ... საკანში... ,
„Ни мандат покажи“!
და განცვიფრების ნიშანივით
მილიციონერი წინ ამეტუზა.
ო, მეგობარო, გჭარბობს სიმხეცე:
ამ თოფის წვერით ჩემში რას
ეძებ...
ნუ იცემები.
ალბათ ვინტოვკის ბაგე
გიკარნახებს ამგვარ სიბეცეს
ნუ, ნუ მიჩვენებთ ციხის
მტვრიან კედლებს.
ჩამამწყვდიეთ ქარხანაში,
დეე, მის აურ-ზაურში
დავლიო სული.
ციხეში რა უნდა გავაკეთოთ?
იქ ხომ ველურობაა?
იქ ხომ უნდა ვიტირო
სიკვდილის მოლოდინში!?
არა, მანქანის ხმაური გადამავიწყებს სევდას
და სიცილის შემასწავლის!
გახსოვს? მდინარდენა, რომ გითხარი შორიდან:
— ნუ დამიახლოვდები,
შენი სიშორე მე წინ მიშლის სიცილის
გვრიტებს მეთქი. მიხარია,
თორემ, როცა მოგეხვევი ყელზე
და გიჟურად ამოვიწმენდ
სიხარულისაგან,
მოზღვავებულ ცრემლებს
შენს წითელ ფარჩით,
მერე ტირილი მომინდება.
ო, ტირილი მომინდება.
— ეს ბრბოა. მხეცი. რა ახარხარებს!
ამბობენ ჩემზე.
დაგეძებ და მიხარია. აი ჩემი პასუხი.
მაშ ასე: ვიქნებით ოპტიმისტი
მიზნის მიღწევამდე
და შემდეგ დავადგები:
პესიმიზმის ლიანდაგებს. პესიმიზმის
ლიანდაგებს
სიკვდილის ფიქრთა ბალდახინებით.
მდინარდენა,
შენ ხარ ცხოვრების წყარო –
შენსკენ მიისწრაფის
სიცილით ჩემი გაკაჟებული
სული –
რომ ჩაიხრჩოს შენს კოცნის მორევში
და სიყმაწვილის ჟინი დალიოს.
მე შენ მიყვარხარ მილიონჯერ
და მილიონჯერ.
შენი მოკიაფე თვალები
ისვრის დაღლილ მეტეორებს.
მიყვარხარ, რადგან გებრალები,
გებრალები, რადგან –
ახლოს არ მეკარები.
სალამი შენ მდინარდენა,
შენს მოდელში იფანტება
ნატვრის პეპლები.
ვაქებ სიღარიბეს,
მდიდარი ვარ ნატვრით.
ნატვრა შენშია.
მიყვარხარ, მიყვარხარ.
ო, მსურს გავჭრა
ბასრი კბილებით შენი ბროლის ძუძუები
და
სიტკბოების ემბაზს ვეზიარო.
მახსოვს: სარდაფში
მუშაობის დროს
ყურში რომ ჩამჩურჩულე:
– ნუ ხარ фუტურისტი
როგორც ასეთი,
აქე მანქანა.
თავს ნუ ხრი მის წინ.
დაგედევნე, თუმცა მივხვდი
რას ნიშნავდა შენი შეშლილი სიტყვები.
მატორი გაბრაზებული
როგორც სфინქსი
იბრძვის მაზუთის მორევში.
შეუბრალებლად ყლაპავს,
მომაკვდავთა იმედიან
ამოძახილებს.
ათასი მუშის ენერგია
მიყვება მის გრაგანს.
მის უხეშ გრაგანს
დაემონა შრომის მემკვიდრე.
შფოთავს მანქანა კვამლს აბოლებს ათას ნესტოდან.
კივის, მაგმა ტვინის ანთებით:
მან ცეცხლის ალში დაიწვი ენა.
„Ето я это я” ხარხარებს მატორი კამენსკის ხმაზე.
ემილ ვერჰარენ კვამლ-მურით იღებავს პირს
ლენინის ქანდაკების წინაშე,
რეგულიატორი გავხდი,
ში-ში-ში-ვის აქვს შენი შიში? ში-ში-შრრრ.. შევანელე.
შეჩერდა მანქანა გასისხლიანებულ თვალებით.
მარცხნივ გადავხარე
გაქანების ისარი 41° პირდაპირ, ში-ში-ში,
შიში შენი შექმნა შრომის შვილმა. გავიფიქრე და
მანქანა ისევ შევაჩერე. ისევ ავამღერე? ისევ შევაჩერე.
ჩარხი დადგა ყალყზე. მანქანები ტრიალებს,
მექმნელი მას მონებს?!
მანქანებმა ხმაურით მიწა ააძგერეს.
ვის აქებდენ? მანქანებს.
ვინ ხმაურობს? მანქანები.
ვინ იმსხვერპლა? მანქანებმა.
აქ კაცი კი არა რაა. აქ კაცი კი ოფლის ფიფქად
დნება შრომის ეტრატზე?
ეი, ვინ არის მანქანებო, თქვენი მეფე, ღმერთი,
ვის უძახით ოპერატორს
გაჭივრების ჟამს. ვინ ჩაგბერათ სული გულში,
სული უსვენარი –
დღეს ვინ არის დინამეფე, დღეს ვინ არის გმირი?
ვინ განაგებს მატორის ბედს. ვისი რკინის ხელი!
ო, იცოდეთ, ჩვენ ვსწურავდით ცაზე სევდის ღრუბლებს.
ჩვენ ავაგეთ ეს ქვეყანა წარსულ დღეთა ძვლებით.
გავგიჟდები და მეც თქვენებრ მსურს გიჟური გაქანება.
დინამეფეს შეუსრულეთ, მანქანებო, გულში რაც სურს?
ეს რას ნიშნავს? იცით!? ვიცი...
ცეცხლის ფიცი. ფიცი მიწის წინ სიმტკიცით
იწვის მის წინ.
დამავიწყდა თვლა თითებზე
საზეიმო დღეთა რიცხვის. ცხრამეტ შემოდგომაზე
მგონი ექვსჯერ მოვრთე ქებით
ოქტომბერი. ოქტომბერი –
ის წითელი დედოფალი
მოვლენილი ხალხის მხსნელად.
დღეს მარტოდ მარტო დავრჩი ოთახში.
ფიქრებმა ფიქრებით გაიბერა მუცელი
და გაწყდა უცაბედათ სონეტის რკალი.
მიმისაჯეს მუდმივი ციხე
„ვინტოპოკას“ — ნაკარნახით.
ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.