ალიო მირცხულავა // ფიქრები ქარში
ფიქრები ქარში
ქარია... ქარში ბედი უხეში
დაგოგავს და თან
მიათრევს ფიქრებს...
ო, უდაბნოა, სულის სიღრმეში
და ქარი ფიქრთა
კარავებს მინგრევს!
არა მაქვს ბინა,
აქ ვარ, აქ არ ვარ...
არა მაქვს გული,
არა ვარ ღმერთი,
ეს ყველაფერი
წამართვა ქარმა და
ქვეყანაზე რა დამრჩა
მეტი?..
ვარიგებ ბარათს, მივყვები ტუპიკს,
წინ დაგლეჯილი
ლანდი მიმიძღვის...
ვიღაც იცინის,
ვიღაცას უკვირს,
რომ შევეჩვიე
სიწითლეს, სირცხვილს!
№5. შევჩერდი. მინდა ეს ბარათები
გადავსცე პატრონს,
ისევ სიცილი... ისევ
დაბინდდა...
ისევ სიცილმა დამწვა, დამათრო!
სიცილი სუსტი, როგორც
მირაჟი,
სიცილი მჩატე, როგორც
ფოთოლი – საიდან არის!?
... ფანჯრის მინაში
ქანაობს თითი —
თეთრი ვით თოვლი!
ვიცნობ მაგ თითებს,
იმ თითით გახსოვს,
ხუჭუჭა თმები რომ
დამიმშვიდე...
გიყვარდი ერთხელ,
გიყვარდი ნაზო,
დღეს რათ მაჯავრებ
ფანჯრიდან თითით?
შენ, რომ ეს ჩემი სახე
არ გწამდეს,
შენ, რომ დამცინი, ბავშო
ობოლო,
იცი! რამდენი წვა –
განვიცადე.
რამდენ წამებას
მოუღე ბოლო!...
ნუ გიკვირს, რადგან
მე ქარში ვიშვი,
ეს ხეტიალი ვიწამე
მარად...
ნუ გეცინება, რომ ვიყო
გიჟი...
მე სიგიჟეში გავარჩევ
ბარათს!
იცოდე, ვარ ბრბო და თან გენია,
ოცნებამ ფიქრთა
ტახტი დამპირდა...
ზოგჯერ ჩემი თქმა საძაგელია,
მაგრამ, რა უყოთ,
მე ასე მინდა!
ჩემი შეშლილი სახე
და „ტანგო“ ისე
მაღელვებს და მასასტიკებს,
რომ ფიქრთა კარავს
მსურს დავეტაკო
და გადავფრინდე
პლანეტებს იქით!
თუმცა ფიქრები
მორბიან კვნესით,
მაგრამ არასდროს
დავკარგავ ხალისს,
უდაბნო სულის
ოკეანეზე
თმა აჯეჯილი ქარი
დაბღავის...
დაბღავის
ქარი,
დავდივარ ბოდვით
და ასე ყოფნა
მსურს ქუჩის პოეტს,
ფიქრებო, წადით!
ფიქრებო, მოდით!
მოდით,
მითხარით:
ქარში რა ჰპოეთ!?
ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.