ალიო მირცხულავა // მიწის დაბადებიდან — 0 მდე.
მიწის დაბადებიდან – 0 მდე.
თვით მფრინავ ეტლით
მიფრინავს ვიღაც. ათვალიერებს ზევიდან მიწას.
აფრინდა მაღლა და ჩაეთვლიმა, იღებს
პაპიროს:
გამოეღვიძა!
მიწა სივრცეში
ბრუნავს გიჟივით. ის გახდა შავი და საშიშარი,
როცა დაკარგა გულიდან ცეცხლი! მგონი არ იცის
რა დროს გაუჩნდა მემკვიდრეები სხვა და სხვა ჯიშის.
ო, მიწავ, მიწავ,
სულიერების მშობელო დედა!
შენი სხეული ხუთად ტეხილი ჟამთა ტრიალში დაჭკნა —
დაბერდა!
შენ დაიკივლე – კაცია, კაცი!
როს დაგიმძიმდა გულქვავი გული. როს გაგეზარდა ტანზე
ბალანი და მიიზიდე თვისკენ ცხოველი!
ასე დაკარგა პირუტყვმა ძველი სახე და ჩვეულება.
მან მუნჯი ენა გაატანა ქარის კივილს. გახდა მებრძოლი.
და აჰა, ხედავთ ადამს და ევას.
ტიტველ სხეულით დაფარულ ბაღში:
ტუჩების სრესა, კოცნა, თამაში...
მაღალ სიყვარულს არ რგავდენ მაშინ!
გაირღვა სივრცე: ძვლის ნაჯახებით დაჩენეს მიწა.
ცხოვრება ნაზი – პასტორალური მომართა დანტემ.
ლაურა თეთრი
სავანე ტრფობის,
სავანე გრძნობის და სიყვარულის აგიჟებს მრავალს!
სულმა კავშირი გასწყვიტა ხორცთან.
ზეპირ სიყვარულს გაჰყვა ლანდივით.
მანქანის სუნთქვამ დაფარა სივრცე,სადაც
სიმშვენეს გრძნობდა პეტრარკა!
ქალაქმა ქვებით იწყო გრაგანი,
აჰა, მოდიან იბსენი, გამსუნ:
მტვრიან ქუჩებით მოჰყავთ ქალები
და უკოცნიან დაუფარავად წიწამურებით
გადამწვარ ლოყებს!
ასე ცხოვრებამ განსაზღვრა ვნება.
კაცი ჩავარდა ტყვეთ ცხოვრებაში.
ის დაემონა მდგომარეობას!
ქალაქი გიჟი დათვივით ღმუის.
ოფლით – მაზუთით იბერავს მუცელს.
გაუსკდა ცეცხლით დამწვარი კანი,
ელექტრო ჩიტებს ავრცელებს სოფლად!
ორთქლმავალს მოაქვს სიმძიმე შრომის.
ოხრავს, მოკივის და მოგუგუნებს.
კენჭავენ მინდვრებს, ჩეხავენ ტყეებს.
ისმის ხმაური და შრომის ქება.
ხარობს ტეტია და უხარია საბრალო სოფლის
გაქალაქება! ბავშებს აკვირვებს ქვის სართულები.
ბოძებს მისდევენ ცეკვით ყვირილით
და აწუხებენ მავთულს კენჭებით!
ღამე გათეთრდა და დღეც თეთრია!
დღეს ეს სოფელიც უდრის იმ ქალაქს:
ყველგან ქალაქი და ყველგან რკინა.
ყველგან ხმაური და მანქანები.
მიწა გაქვავდა და გაიყინა –.
მიწამ ჩაიცვა რკინის ხალათი!
ახლა კი ნამგალს დაეტყო ჟანგი.
ამოშრენ ტბები, წყლები, შმორები,
ქალაქის მუშა იშორებს ჩაქუჩს,
სოფლის ტეტიაც აგდებს კუთხეში დაჟანგულ
ნამგალს! ეს პრიმიტივი გადასცეს მატორს
და გახდენ მისი დირიჟორები!
აგერ ეს გლეხი, გუშინ, რომელიც
თვალს იყვითლებდა მწუხარე კვარით,
სდგას უდარდელად ელექტრო ბოძთან და
სიხარულით სთვლის ცეცხლის ჩიტებს!
ო, ცეცხლის კანკალს აჰყვა ყოველი!
სად არის მიწა რომ სთესონ პური.
ყველგან ფოლადი, რკინა და ქვები,
ხეების ნაცვლად ამართულია სივრცეში
ქარხნის ტრუბები!
უპურობა და ფიქრი სიმშილზე
მოქალაქეებს აღარ აშინებს.
რადგან სხეული დროს შეურიგდა და შეეჩვია
წამლებით სუნთქვას.
მოისპო ძილი, მოისპო კვნესა,
მოისპო ჭამა – როგორც ასეთი,
კაცი სუფთაა და ღონიერი:
აქ თქვენ ვერ ნახავთ მტვრიან სახესა,
აქ თქვენ ვერ ნახავთ
ხელებს გაზეთილს.
აქ ყველა ერთად და ერთნაირად აზროვნობს
ცაზე ან რაღაცაზე!
დადგება ჟამი ფიქრის და აზრის,
მძიმე ოცნება გაბერავს თავებს...
გადაგვარდება სნეულით-კაცი
და ეს ცხოვრება უცხო –
უსქესო,
ო, მაშინ, იცით, რას მოასწავებს,
თუ ვერ ავედით სხვა პლანეტაზე?
ეი. თქვენ დროზე გამოერკვიეთ,
მიწას სიკვდილის შებოჭავს ბოლი,
მაზე ისტორია იტყვის
– რეკვიემს
და ბოლო სიტყვა იქნება 0!
ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.