cover

ალიო მირცხულავა // პატარას

პ ა ტ ა რ ა ს

სანთელი თრთოლვით –
იწვის ბუხარზე.
ო, სიჩუმეა ბნელი
და მძიმე.
მოგონებების
გაფანტულ ხაზებს
მისდევ და მგონი
ვერ დაეწიე.
ძილს იკლავ
ჟინით და
ფიქრობ მზეზე.
ღამე – წვიმის
ქვებს –
ფლანგავს ზევიდან.
რა უნდა იყოს
იმის მიზეზი,
რომ თითებს
იმტვრევ გაბრაზებითა.
ასეთი წამი
შენს ბედს არ
ახსოვს.
მძიმე ოცნების
დაეშვა ფარდა:
რა დაგეკარგა,
ჩემო ლამაზო,
სამგლოვიარო რა
დაგემართა?
ხედავ ცხოვრებამ
ხეს დაგადარა –
სუსტობ და
ზიხარ, როგორც
სნეული.
რამ შეგაყვარა
ასეთ პატარას
დედაზე უფრო
კაცის სხეული?
შენ ბავში იყავ
და გახდი ურჩი
ვერ მოიხმარე
დედის რძე ტკბილი.
დღეს ვინ გაიგებს
რა ხდება გულში.
დღეს ვინ გაიგებს
შენს გულის ტკივილს?!
ეს ჟრუანტელი
ალბად გაოცებს,
ის არ იბრალებს
შენს ტანჯვას
ამდენს
ვინც ყოველ
დილას და საღამოზე
შენს ტკბილ ბაგეზე
ანთებდა ვარდებს.
ამ დროს შენს
ირგვლივ კრულია
ჟამი.
გარს გახვევია
კვამლების ბურთი
ჩურჩულებ: ვაჟო,
რა დაგიშავე
ჩურჩულებ: ვაჟო,
კვლავ დამიბრუნდი
მაგრამ ამაოდ –
ეს თითის გრეხა
უფრო ამჟღავნებს
სისხლიან თვალებს:
ის გიბრალებდა
ოდეს, და ეხლა
არ შეგიბრალებს,
არ შეგიბრალებს!

ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი