cover

ალიო მირცხულავა // ზოგიერთ პროლეტარულ პოეტებს

ზოგიერთ პროლეტარულ პოეტებს

ზოგი გენიას ართმევს ბაირონს –
და ირონიით
იხსენებს შოთას. ფიქრობს: ვარ
მათი — თანაბარიო
და მუშტ მოღერით
დადის და შფოთავს.
რევოლიუცია – აიღო
საგნათ, ამის გარშემო ბოდავს რაღაცას,
მაგრამ ნამდვილად
ის ვერ დასახა –
და ცეცხლის ნაცვლად
აბოლებს ნაცარს.
ასეთი არის ბედი პოეტის,
ის ქვეყანაზე სულს ვერ ათავსებს –
არის ამაყი და აქვს ყოველთვის
ღრმა წარმოდგენა საკუთარ თავზე.
ის გრძნობს ობლობას ტფილისში
— მოცდით
და სხვაგან აბამს ფიქრთა
მავთულებს –
მოაქვს ამბავი –
ფოსტიდან-ფოსტით,
მოაქვს ტფილისში და
აქართულებს.
და ფიქრობ
გულში: ამ ფიქრთა კარავს,
რაც კი ყვირილით აშენდა
გუშინ,
თითქმის ქართული ხაბარდა
ფარავს. –
გახსნი: – მარხია
სხვა ბაიყუში.
ო, ვერ გაიგეს
მეოცე ხანა –
როს სინამდვილე
ასე განსაზღვრეს:
ქართულ ცხოვრებას
აძრობენ ხალათს
და ტანთ აცვამენ,
სხვა ხალხის აზრებს.
თქვენ პოეტებო,
თუ სწერთ ქართულად —
თუ გსურთ რეკავდეს
სიტყვა ქართული,
სწერეთ ლექსები წელ გამართულად,
სწერეთ ლექსები
წელ გამართული!
ასეთი ფერი,
ვსთქვათ – თუ
დაბერდა
და – მოისურვეს ფეხით გათელონ:
იმის წაქცევას
ვერვინ გაბედავს,
ის ურყევია – ვით საქართველო.
ეს მას არ ნიშნავს – რომ ვიყოთ ძუნწი —
და ვაფასებდეთ
თითქოს პატრიოტს:
არ გვინდა –
ვინმეს ჯერ თავზე უწინ —
სხვისი ხსენება —
რომ ვაპატიოთ.
და თუ მივიღეთ
დანიშნულებათ ქართულ სულისთვის
ბედი ასეთი,
რათ გავკიოდით
თავისუფლებას –
თავისუფლებას
რათ ვაარსებდით.
ჩვენც სხვებთან ერთად მივყვებით
დრო — ჟამს —
ჩვენც ერთი მზის ქვეშ მსოფლიოს ვეძებთ
და ხელოვნების
საკუთარ დროშას
ჩვენც, ჩვენც –
ავიტანთ მის სიმაღლეზე –
მაშ! მეგობრებო
და პოეტებო!
მშობლიურ —
ენას პატივი ეცით:
თქვენი სახელი
ხალხს მოედება,
თუ მას დაანთებს ქართული ცეცხლი.
სანამ თბილ ნისლით
სუნთქავს ყაზბეგი –
სანამდი ტოკავს
ტფილისის გული:
ჩვენც მიგვაქანებს ელვის ხაზები
და ოქტომბერის
გვესმის გუგუნი.
მაგრამ, იცოდეთ ამ ქართულ მიწას
სხვის ნაფიქრალში
ნუღარ დამალავთ!
საკუთარ სახეს
ვინც კი დაიცავს,
ის მსოფლიოში შევა თამამად!

ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი