ალიო მირცხულავა // აწეწილი ფიქრები
აწეწილი ფიქრები
დარბაზში ვზივარ.
ნისლიან სუნთქვით
სავსეა სივრცე.
ვბრაზდები.
წითელ ხალათის
სახელოთი ოფლის
გვირისტებს ვამსხვრევ.
ნაკლებათ მესმის მსახიობის
ბარბაროსული ბღავილი.
აჯანყაბული სული
ალაგზე ვერ ჩერდება?
უკაცრავად... უკაცრავად...
ამ საპატიო ბოდიშით
ვიწყნარებ დედაკაცების
ცხვირით
საყვედურს.
ზოგიერთების გაღვიძება
ხომ საკუთარ შეწუნებათ
მიღირს და...
მოურიდებლად ალაგიდან
ალაგში გადავდივარ.
როცა ვინმე კომიკი მსახიობი
აუდიტორიაში ოღროჩოღრო
ხარხარს გამოიწვევს:
კედელზე იესოსავით მიკრულ
სურათებთან ერთად
ხმაურობის
გარეშე ვრჩები!
ხმაურობამ რითმა
დამაწყევლინა.
თითებით დავიცე
ყურები... თვალებსაც
კინაღამ ავაშორე.
სცენაზე „კლეოპატრას“
თვითმკვლელობის
მიმიკა და შეშლილი
ძუძუების ქვითინი
ბებუთის მოლოდინში...
დაღლილობისაგან
ყველას თავი ჩაეღუნა
და თვალწინ ფართე
ასპარეზი მქონდა...
გავარჩიე ერთიც და მეორეც
მუხლში მოვიდრიკე...
მაგრამ... მაინც დავრწმუნდი
რომ მაღალი ვყოფილვარ
ოთახში...
გულღიათ
შემყურებს „მარგარიტა
გოტიე“.
ძალიან მაინტერესებს
მისი გულის ფურცლების
ამოკითხვა. გაცნობა.
მეზარება.
ვსდუმვარ.
ჭერს შევყურებ მერცხლის
ბარტყივით პირდაღებული!
არაჩვეულებრივი მდგომარეობა
მაოცებს.
დავხურე წიგნი.
პაპიროზის ნახევზე
პაწია ესკიზი შევამჩნიე.
გულმოდგინეთ შეუდეგი
კითხვას.
„..მომეწონა.
წავიკითხე. შემიყვარდა.
უბეში შევინახე ნაშრომი
და სირბილ-სირბილით
ქალაქისაკენ გამოვსწიე...
ქალაქს ხარბათ გაეღო
თვალები და საეჭვო
ლანდების დაღს იჩენდა
მტვერით გაპუდრულ სახეზე.
გაბრწყინვებული ტროტუარი
ხმაურით ამჟღავნებს
უტვინო ფეხების ნაბიჯებს.
მიმალულ კუთხეში
მათხოვრები სტირიან...
ხმაური ნელდება –
და მეც მაშინ მომწყურდება
წუთიერი მოსვენება, როცა
ქალაქი ნაცრისფრად
გარდაიცვლება ძილის
ბალდახინში!
რომანი კიერთი თვეა
და წაუკითხავი მრჩება.
არ ვიცი ეს ჩემი სულის
სიზარმაცეს მივაწერო
თუ სიჩქარეს...
მაჯის ცემა: საათის
ნორმალობა გადალახა
და 410 სიცხე მიჭერს.
დავგმე რომანები. თეატრები
და გაჭენების მარში
შევიტანე ცხოვრებაში.
მე მიყვარს კინო, როცა
შავ-კანიანი ამერიკა
მოლიპულ სარკეში ბანაობს.
ჩემი სული ჩქარია და ბევრი
გაყინული სიტყვები მრჩება.
მიყვარდა ანგელოზივით
ფრენა ვარსკვლავთა შორის.
მზეს სხივებს ვპარავდი.
თვით მე მსურდა მზეობა.
გახსოვს, დედა, იმედ
დაკარგულს
განშორების ჟამს რომ
გიამბობდი:
– დამაცადონ, ავალ და მზე
თუ ამოვა ვიტყვი მეცა,
ვინ სთქვა ბრძოლის მოედანზე
ღამემ სულს ფრთა შეაკვეცა?!
ღამე იყო მაშინ.
სიბნელე გვახრჩობდა,
დედა!
შენ გიხაროდა, რადგან
მიზანმა ფრთები შემომაწვა
და იკაროსავით ძირს დავეშვი
და აქ... ცაში ფრენას
დაჩვეულს მასწავლე
იღლიებში ხელგატარებულად
სიარული:
ადა, დადა, ადა, დადა! —
მახსოვს პირველი ანაბანა.
დღეს კი შვება მზეში ვპოვე,
მზე ჩემს სულში დაცოცავს,
მეც მზესავით დედა-მიწას
უვლი შეყვარებული!
გულის ვულკანიურობა
არ ესმით!
შევეჩვიე თვალთმაქცობას
და წამწამებით არშიყობას.
ფიქრი ჩქარია და მოუსვენარი.
ის ჟინიანია, ვით მუნჯი
და უყვარს ელექტრონული
გაქანება ეკვატორის
გარშემო!
ეკვატორის ირგვლივ,
დარბის ცეცხლის ფიქრი!
ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.