cover

ალიო მირცხულავა // გარდატეხა

გარდატეხა

მე ბავშობაში
ბედის კარი გადამიკეტეს,
და ქვეყანაზე სიარული
ასე მასწავლეს,
გარშემო ვგრძნობდი
მწუხარებას,
ვგრძნობდი ცივ მეტეხს,
სინაზე ჩვილი ხეს გაება
პეპელასავით!
მე და ბნელეთი.
ბნელეთში მე – ვით ბაიყუში,
სიზმრების ზღვაში ბანაობა
სულის მოდელის,
შურისძიების ცეცხლის
კვამლი ჩამოწვა
გულში...
ეს გარდატეხა იყო
ყრუ და მოულოდნელი!
ბედმა დუელში
გამიწვია და დამემუქრა...
სისხლიან ხელში
შემამჩნიეს ნაგლეჯი თმების.
– ეს ბედის მკვლელი,
ბედის მკვლელი –
მომდევდენ უკან...
ო, განდევნილი აწ
მეზობლებს არ დავჭირდები.
მშობლებმაც ზურგი
შემაქციეს: რათ ხარ
მხეციო,
ბებია მარტოდ ზის
ბუხართან და ჩუმად
მწყევლის...
ბინას მოვშორდი,
აწ რამდენიც უნდათ.
მეძიონ,
აწ ვერ ნახავენ
ჩემსა მოდელს,
მოდელს მოწყენილს!
ქუჩათ ხეტიალს
დავეჩვიე
მე უბედური,
სამშობლო მიწა
და სახლ-კარი ჩემთვის
არ არის...
ბევრი დამცინის,
ბევრი მაქებს,
ბევრი მემდურის,
რადგან ეს გული
შავია, ვით ლანდი
სამარის.
ო, ბევრჯერ, ბევრჯერ
დამამცირეს,

ფეხი დამადგეს,
ბევრჯერ კისერი
მარჯვნივ-მარცხნივ
მოუგრეხიათ,
როცა სიძულვილს,
დავაყრიდი მეფის
ადათებს,
რომ ყოფილიყო
ტყვე ცხოვრების
კარები ღია!
მაგრამ, არ ვსტირი,
ეს ტირილი თვალს
არ ჩვევია...
მე ხომ არა მწამს
მწუხარება, ცრემლი
წარსულზე...
დღეს ქვეყანაზე გამარჯვება
მაინც ჩვენია,
სфინქსი დაჭრილი —
დაჩეხილი ღრეჯით
ცას უმზერს!
მეტეხის ხსოვნას
უდარდელად
წაიღებს მტკვარი,
წამოვა წვიმა და
მწირივით წავა ეს
წელი,
განშორების ჟამს,
მახსოვს ბედო,
მე, რომ გითხარი:
— ვერ დამეწევი,
მუხანათო, ვერ დამეწევი. — დიაღ!
ჩემს ფიქრებს ვერ დაიჭერ,
ვერ დაეწევი.
მღელვარე სულის გაქანება
მეტად სწრაფია:
წამოვა წვიმა, მწუხარებით
წავა ეს წელიც...
შენს ნამეფარზე
ნახავ მეფედ
წითელ წარბიანს!
მე ვარ პოეტი, ჩემი გული
ეკუთვნის ყველას,
ჩემთვის ერთია „თეთრი
რასსა“
თუ „არაბელი“
ჩემი საყვირი ხელოვნების
ბრძოლის ზარს
ხველავს,
ჩემი ოცნება უსაზღვროა
და არაფერი!
პოეზიაში ჯალათი ვარ,
ვით ხალხში ნერონ –
ფიქრების გროვა მაღალია,
როგორც ყაზბეგი,
ლექსების რკალი
სიძლიერით მინდა
გავბერო,
რომ გულის ნება
ვსთქვა: პირდაპირ და
გაბრაზებით!

ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი