cover

ალიო მირცხულავა // 17 წლიან მოხუცს

17 წლიან მოხუცს

შენ დაიბადე
ნაზი და წმინდა,
მოწითლო ციდან
გელოდა ბედი!
იცქირებოდი სურვილის
წრიდან...
როგორც ვარსკვლავი
მოწითლო ციდან!
შენ უცნაური გელოდა ბედი!
ახ, დღეს დაბერდი!
შენი სხეული გამოცანად
გადაქცეული –
ჰგავს კითხვით ნიშანს.
გახსოვს?
ეს ხელი ხელუხლებელი,
ვით ლექსის რითმა,
მოგავდა მიტკალს!
მახსოვს: შენს ტუჩებს,
შენს მუხლებს – უხლებს
შორიდან ჟრჟოლით
ვათბობდი კოცნით!
ახ, დღეს დაბერდი!
მხოლოდ ღიმილი,
მხოლოდ ჩურჩული,
გადაჯაჭვული წყურვილის
ბოძზე...
მხოლოდ ეს იყო რწმენა
პოეტის...
რწმენა ახალი ქარში
აშენდა!
მოვედი შენთან წყენით,
დარცხვენით.
და სულის სახე
წრფელი და ვრცელი
გადაგიშალე აი ამ რწმენით
ნორჩი პოეტი მოვედი
ბოდვით
და შენს მუხლებზე დავეცი
მძიმედ!
შენ უნებლიედ წამართვი
კოცნა...
მოგლიჯე ვარდი ჩემს ტუჩებს
უცებ...
მთხოვდი: ნუ წახვალ,
მთხოვდი: რაღაცას და
გაგექეცი!
ო, გავიქეცი მე როგორც
მხეცი.
რადგან თვალები კარგავდა
ძალას,
სახე სინაზეს და სიკეკლუცეს!
მე გაგექეცი... ალბად
შენ მეძებ!
მე, ჩამოგშორდი და რასაც
მთხოვდი იგი ვინ მოგცა?
და, შემდეგ, როცა
დაჭკვნი, მოხუცდი,
წამოგყვა მძევლად
ბებერი ბედი
და საუკუნით მოტეხილ
ხალხში ჩემს სიცოცხლესაც
დაუწყე ძებნა!
კართან ცახცახით
ჩემს მოსვლას უცდი!
გასაკვირია: ერთხელ და
ოდეს ვიყავით
წითელი ვაშლივით შლილი,
გასაკვირია: როცა გეტყვიან
ჩემზე ჩურჩულით:
– ჩემო ბებია, ეს ახალგაზრდა
ნაზი და ჩუმი,
შენი ქმარია თუ შვილის
შვილი?
ოი, ბებერო, შენს დაღლილ
ცქერას
წაიღებს წყევლით
მზე დასავლეთის...
რათ მიაფურთხე
ჩემს ახალ რწმენას,
რწმენას, რომელსაც მე გასწავლიდი?

ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი