ალიო მირცხულავა // კინოლოზუნგები
კინოლოზუნგები
კ ი ნ ო
მე მიყვარს კინო
და გაქანება,
ტილოზე
ცოცხალ ლანდების
რხევა.
სული იშლება
ცეცხლის ქარებათ
და დედამიწის
სუნთქვას ეხვევა.
ვიცი სიგიჟე
აღარ ამცდება.
მემატა სისხლი
და სისხლში სიცხე.
ამდენხნის ბრძოლამ
შიშმა, განცდებმა
გრძნობის ძაფების
ძარღვი დამიწვეს!
ოჰ, ამერიკავ,
დიდი ხარ ცამდე,
შრომის აკვანში
შენ მიტომ იშვი,
რომ დაგერიგა
მსოფლიოსათვის
ფენომენების
მრავალი ჯიში.
ამაყობ შრომით
და კინოებით,
მოსაწყენ რომანს
აჭენებ ლენტზე,
შენ ბუნებრივი
დაჰგმე ყოველი
და შეგნებაში
სიცოცხლეს ეძებ.
მსახიობებო,
დატოვეთ სცენა,
ნუ გამაგონებთ
ვულგარულ ძახილს:
მოსაწყენია
ეს ხმა,
ეს ენა,
მაიმუნობა და
მანჭვა სახის!
მორბის ეპოქა
წითელ თმიანი
მორბის,
მობღავის,
და მოგუგუნებს:
მოაქვს ხმაური,
შრომის სიმძიმე.
ჩქერებით ივსებს
დაგუბულ გულებს,
მიწას ძვლებს უთმობს
და ჰაერს ყინავს,
აქ ზეთის წვაში
ფოლადებს თლიან,
და კაცის ნაცვლად
საუბრობს რკინა.
იქნება სხვებმა
დღეს დამაყვედრონ,
ზოგს ფურთხის
ღირსად მოვენატრები,
მაინც თამამად
მსურს დავიკივლო:
ძირს თეატრები,
სალამი კინოს!
ლექსები აღებულია კრებულიდან: „მერრეხი“: ბუმერანგი, ალ. მერრეხი: [ლექსები]. - ტფ., 1924.