cover

სტეფანე კასრაძე // ურთიერთობა

ურთიერთობა

სოფელში თოვლი ლხვებოდა მზეზე და მზის პირდაპირ ისხდენ ყვავები და ნისკარტით ტანს იკრტენდენ.
აჭრელებულ თოვლს დაელტო ჩამომხმარი ხეები, ღობეები,
ყავრის სახურავები. სახურავიდან ამოდიოდა ბოლი.
სახლში ენთო ბუხარი.
— ვკვდები ერემია!..
ერემია კალათას წნავდა, ბებერ წარბებს უსიტყვოდ ჭმუხნავდა და ისევ წნავდა კალათას. ეს ქმარი —ხოლო ავადმყოფი დიასახლისი შორიდან გულდაწყვეტით მისჩერებოდა ბუხარს და განმეორებით კვნესოდა:
— ერემია ვკვდები...
— ვითომ მარიამ? — ეჭვდებოდა ბერიკაცი და გონებაში ნატრობდა:
„აი, ღმერთო! მართლა, კარგია მარიამი მოკვდებოდეს; მერე
სოფელშიც თამამად გახვალ, სოფელიც თვალში შეგხედავს, თუმცა
სოფელი უმადურია და იმდენად არ ღირს, რომ მეუღლე მოიძულო,
ჰო, რაც არ იყოს, მეუღლეა! მაგრამ ამას რა მოჰკლავს, ჩემო ბიძია? თვალთმაქცობს“.
ერემიამ გაჰხედა ცოლს: მას თვალები მოჰდუნებოდა და დაეხუჭა, გაფითრებულიყო, მგონი, არ თვალთმაქცობდა.
— ვკვდები ერემია. სუსტი ხმით დაიძახა ისევ მარიამმა და
თვალი არ გაუხელია.
ერემია შეკრთა, უნდოდა კვლავ ეჭვი გამოეთქვა, მაგრამ ვერ
შესძლო, კრთომამ სძლია, თანაც საკუთარი ხმის გაგონება მოუნდა
და დაიწყო:
— ვითომ... — მაგრამ ვერ დაასრულა, რადგან სიტყვა „ვითომ“
უფრო ჰგავდა ძახილს: ერემია, ერემიაო!
ბერიკაცმა ჩაახველა და გაჩუმდა
შემოვიდა სანდალა, ბიჭი ფეხებ დათხუპნული: ჯარისკაცული
ფარაჯა, მიხვრა-მოხვრა ჯარისკაცული, ოდნავ ტლანქი, ოდნავ
თავ-აგდებული და დამცინავი. სანდალამ ხელები ბუხარს მიუქცია:
— დედა როგორ არის?
მამამ შეხედა ასე: რა მოჰკლავს!..
შვილმა განჩით დახედა მამის კერპად მოდრეკილ ზურგს:
„არც შენ ხარ კარგი დაჭედილი, ეჰ-ჰე!“ —თავისთვის დაასკვნა და ღონიერად ამოისუნთქა სანდალამ.
ერემია თითქო გართული იყო მუშაობაში, მაგრამ გულისყური ავადმყოფისაკენ მიეპყრო, უთუოდ სიჩუმეც აწუხებდა და
ხშირად, როცა ავადმყოფი გვერდს იცვლიდა, ერემია ყურს უგდებდა სულგანაბული, მუშაობას თავს ანებებდა და მის ხელში შეშინებულივით თრთოდა ლაფანის წნელი.
— ეშენია, მაგრამ ნეტავი რისი? თვითონ ხომ არ კვდება? —
ამგვარად სანდალა ჯავრობდა.
მეორე დღეს ისევ დნებოდა თოვლი; ჩამომხმარ ხეებზე ისხდენ ყვავები, ერემია მუშაობდა, მაგრამ მარიამი მეორე დღეს არ იწვა.
ცისკარზე ადგა, ჯიუტი თავი მაგრად შეიკრა და ცდილობდა არ ეკვნესა.
„კუდიანია ეს დედაკაცი, კუდიანი. გუშინ კვდებოდა...“
ეხლა მარიამი ბუხართან ზის და ნახევართვალით იმზირება;
მისი ნახევარი თვალი ყვითელია და ყვითელი თვალით ხედავს —
რას ფიქრობს თავისი მეუღლე? ერემია დაიბნა:
— გუშინ კვდებოდი და... — საყვედურით დაიწყო ერემიამ. მარიამმა მკაცრად მიახალა:
— დღეს ძალიან კარგად ვარ!
ერემიას ცხვირზე, შუბლზე, ღაწვებზე სხვადასხვა ფერმა დაურბინა, აღელდა.
— მეც ვიცი, რომ... — დაიწყო ერემიამ გულმტკივნელად, მაგრამ მოულოდნელად დაასლოკინა. სიტყვა გაწყდა: „რა დროს ეს იყო!“
მარიამს თითქო გაეღიმა, მაგრამ ნამდვილად? ვინ იცის!
ერემიამ სული დაითქვა და როცა დაიწყო ხელმეორედ:
— მეც ვიცი, რომ —ისევ დაასლოკინა. კაცი გაშრა, დაიბნა. მერე კვლავ დაასლოკინა და ერემიამ უმწეოდ მიმოიხედა. მარიამი სდუმდა ბოროტი დუმილით.
ერემიას ნესტოებზე მწვანე ძარღვები ემჩნეოდა; ძარღვები
უფრო გაუმწვანდა; ტუჩები და ლოყები დიდ ბავშივით დაუწითლდა; ასლოკინებს და ასლოკინებს.
— წყალი დალიე, წყალი!
ერემიამ იკითხა:
— თუ არ მწყურია?
მარიამმა იკითხა:
— თუ რომ ლაპარაკი გნებავს? – მაშინ ერემიამ წყალი დალია,
მაგრამ სლოკინი არ შეუწყდა. მუშაობს, ასლოკინებს და ფიქრობს:
„ხან კატად იქცევა და ხან მგლად, კუდიანია, ჩემო ბიძია! ჩემი
ოჯახობაა, მაგრამ მართალი უნდა ვთქვა. ღამით, ქვეყნიერებას
როცა სძინავს, ეს ქალბატონი მოაჯდება მგელს და დაძრწის ხან
იალბუზზე და ხან მყინავარზე, ხან აღმა, ხან დაღმა! რას აკეთებს?
ქმარი ვარ, მარა არ ვიცი მე, რას აკეთებს.
ერთხელ განთიადზე მეზობლის დედაკაცი ძროხას წველავდა. მივიდა თურმე უცნაური ფერის კატა და რძეს ეცა. დედაკაცი გაოცდა: ასეთი ფერის კატა, ასე უტიფრად მივარდნოდეს რძეს — არ ენახა. კატა გადენა — კატა რძეს არ შორდება. დაიჭირა კატადედაკაცმა და ცხვირში და ბაგეებში მუშტი ჩაარტყა; ისეთი ხმით
დაიკნავლა მაშინ კატამ, რომ დედაკაცს თურმე ხელათვე ერემიას
მეუღლე მოაგონდა და სწორედ, სამ დღეს მარიამი ცხვირ-პირ-ახვეული დადიოდა და დედაკაცებს პირს არიდებდა.
ყველამ იცის ეს!“
ერემიას ასლოკინებს.
„და რამდენი ასეთი ამბავი: გულხარბია მეტის-მეტად, თუ
რამეს თვალი ჰკრა... ხარი წააქცია ერთხელ; მაგრამ ვინ რას გაუბედავდა! სამაგიეროდ ერემია ისჯება. სოფელი მურდალია თორემ: სთქვით: ერემიამ ვის რა დაგიშავათ? წაგართვათ რამე? შეგიჭამათ? მაშ სალამს რატომ ამადლით!“
გაათავა კაცი სლოკინმა! არც წამდაუწუმ წყალის სმა შეიძლება. შველოდეს მაინც! დღე გატყდა — იმდენი დრო გავიდა და
მარიამს ხმა არ ამოუღია; ზის მხრებ ამოწეული, თითქო სახე ჰქონდეს გამოთლილი ქვისა და არ იმჩნევს, მის გვერდით კაცს ასლოკინებს თუ არ ასლოკინებს.
ერემია იტანჯება: რა დროს მუშაობაა! კალათი მიაგდო. შემკრთალ თვალებს ატრიალებს და უცდის, როდის დაასლოკინებს — მაშინ კი, მუდარით შეჰყურებს კერპივით დადუმებულ მეუღლეს, მერე სასოწარკვეთილებით ეთანხმება თავის თავს, რომ ასე უცებ ძალიან ავად შეიქნა, რაღაც უბედურება მოევლინა, რომელიც არასოდეს არ შეწყდება, რომელიც მისი დასჯაა და მის სიცოცხლეს ემტერება. დაღამდა.
ერემია დაწვა. სტკივოდა გულ-ბოყვი, თავიც სტკივოდა, ერემიას ყველაფერი სტკივოდა, მაგრამ უბედურებას არ უჩანდა ბოლო.
სანდალა ბრუნდებოდა ნადირობიდან.
ტყვია-წამალი დალეოდა, მაგრამ ვერაფერი მოეკლა და
ხელცარიელ მონადირეს დაცინვით მოსდევდა მისივე თოფისა და
გრძელი ხანჯლის ლანდი. მალე მონადირეს მოეწია ღამე! სოფელი იყო
შორ მანძილზე, ფეხქვეშ არ სჩანდა თოვლი და შორს, უკან სიბნელეში ჩაინთქა ტყე.
უეცრად ტყეში მგელმა იყმუვლა; უეცრად მთელმა ხროვამ ერთად იყმუვლა და ტყემ გააბა ღრიანცელი.
— შესდეგ, სანდალა, შეშინდი? — უნებურად გაქცეულმა თავი
გაიმხნევა და ზედმეტად დინჯად იწყო სვლა, გული კი ჩქარ-ჩქარა
უძგერდა.
— ნუთუ მხდალი ვარ!
ისევ შესდგა და ნელა გააბიჯა. არც შეუმჩნევია, ხანჯალზე
როგორ გაივლო ხელი. ღრიანცელი მატულობდა. მოშიებული
მგლები ჰყმუოდენ და დასაკბენად მოსდევდენ თავისივე ყმუილს.
— სანდალას მოსდევენ, სანდალას! — ერთბაშად მუხლები გაიმართა და ყველაფერიგაიქცა; თვალი წინ უსწრებს, გული, მხრები, ხელები, ყველაფერი გარბის: ყველა თავისთვის გარბის: არაფერი რჩება უკან, მაგრამ ზურგი, საბრალო ზურგი...
ხანჯალი იშიშვლა. შემდეგ ხანჯალი კბილებით დაიჭირა: ხე
იდგა იქვე და ხეს მიაწყდა. მგლებიც ხეს მოაწყდენ. ერთმანეთში
ირევიან, ერთმანეთს უღრენენ.
ხეზე ასულ სანდალას სახსრები უცახცახებდა და თავზარდაცემული
ხედავდა მხეცების გააფთრებას. მერე სანდალამ ხროვაში
გაარჩია დათვი. დათვი მგლებს გაუსხლტა და ხეზე ავარდა.
მგლები თათებით ხეს მოებჯინენ და სიბრაზით აყვირდენ.
კინაღამ სანდალაც აყვირდა: დამფრთხალი დათვი მას უახლოვდებოდა და მან ხანჯალი მოიმარჯვა, მაგრამ ნადირმა ადამიანი იცნო და დაიხია.
მგლები ხეს ღრღნიდენ.
ტყიდან ამოვიდა მთვარე და ცის შუაგულ დაჯდა. მთვარის
დანახვაზე სანდალა ცოტათი დამშვიდდა, მაგრამ უცებ მოაგონდა,
თუ როგორ მორბოდა შეშინებული და მიხვდა, რომ სამარცხვინო
საქმე შეემთხვა:
— აბაო, — ამბობდა სანდალა, —მე თუ სამარცხვინო საქმე არ
შემთხვევია და მე თუ მართლა მშიშარა არა ვარ, მაშინ მე ჩამოვაგდებ დათვს დაბლა, ან დათვი ჩამომაგდებს მე.
სანდალა ამოძრავდა:
— მიდი, მიდი, ჯანიც გავარდნია! ხომ გახსოვს, ომის დროს
როგორ ეყარა ხალხი! არც იცოდი კარგად, ეს შენ კვდებოდი, თუ სხვა ვინმე კვდებოდა. შენთვის სულერთი იყო, სხვისთვისაც. შიში
თავისთვის მუშაობდა, შენ შენთვის მუშაობდი. მიდი! —სანდალას
ამოძრავებაზე, მგლებმა ღრიანცელი გააძლიერეს და დათვმა ყურები სცქვიტა, სანდალა დათვს მიუახლოვდა. მოუთმენელი მგლები
მაღლა ხტოდენ.
დათვმა ადამიანივით დააღო ხახა და სასოწარკვეთილებით
იწყო ღრენა, ბოლოს დაიბღავლა, თითქო ღალატს სწამებდა ვინმეს.
გული ეტკინა სანდალას; დათვისაგან ლაჩრობას არ ელოდა
და ელოდა ეშვებს. ნადირის მორჩილებამ და ნდობამ სანდალა გააბრაზა და გაბრაზებულმა ხანჯალი ხახაში აძგერა და დათვი ხიდან
ჩამოაგდო.
დათვს მგლები დაესიენ; დათვი გაიქცა მგლები დაედევნენ
და სანდალა დაღვრემილი ჩამოვიდა დაბლა და სახლისაკენ გასწია.
განთიადზე სანდალა მოვიდა სახლში.
მოხუცებს არ ეძინათ, მაგრამ იწვენ. სანდალამ შენიშნა — მარიამს უდარდელად დაელურსა თვალები და არ იძროდა, უთუოდ
კარგად იყო.
ერემიას სლოკინი არ შესწყვეტოდა. შვილის მოსვლაზე, მან
პირი სანდალასაკენ იბრუნა და შესაბრალისად მოჰყვა სლოკინს,
მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია სანდალას, ქვესაგებში შეგორდა;
ხელათვე დაიძინა.
მაშინ ერემია კედლისაკენ გადაბრუნდა.
როცა სანდალას გამოეღიძა, ერემიას სულთქმა უჭირდა და
მარიამი უსიტყვოდ ხარშავდა წამლებს. სანდალამ ეხლა მოიკითხა
მამა, მაგრამ ერემიას, თითქო არაფერი გაეგონოს — ხმა არ ამოუღია. აანთეს ლამფა, როცა დაღამდა.
არავინ არაფერს ლაპარაკობს. ერემიამ იცის, როდის უნდა
დაასლოკინოს და როცა ასლოკინებს, ბალიშზე ხედავს თავისივე
ტუჩების ლანდს. გვერდს არ იცვლის გაჯიუტებული მოხუცი. სლოკინს ბოლო არ უჩანს და ერემია ჯავრობს, გულისდება, თავის
გულს ებრძვის ერემია —დღეს, ხვალ, ზეგ და კაცი დასუსტდა. ღონე
მიეღო. მისი სლოკინი ეხლა სუსტად ისმის. გახდა, ცხვირი გაუმახვილდა და ცხვირზე ხრტილი თეთრად მოუჩანს.
სოფელში ხმა გავარდა და ავადმყოფის სანახავად დაიძრა სოფელი.ერემია კედლისაკენ გადაბრუნებული წევს და არავისი ნახვა არ სურს.
— ჰო, ბატონო, ქელეხს უცდიან, მძროსი სუნი ეცათ ! — თავის გულს ასკდება ერემია. მარიამი მძიმერ უცქერის მნახველთ. სანდალა სულ აარ უცქერის მათ და დედაკაცებს მეტი არ შეუძლიათ:
— ღმერთო, მაშორე ფათერაკას! — საჩქაროთ მიდიან.
მხოლოდ ერთ დღეს მეტის-მეტად ხნიერი დედაკაცი მოვიდა ერემიას სანახავად. ერემია მთლად დალეულიყო და სუნთქვის დროს ყბებიც კი უთრთოდა, მაგრამ ჯიუტად სდუმდა და გვერდს არ იცვლიდა; ამას ვერ გრძნობდა ხნიერი დედაკაცი. მან გააბა საუბარი.
— ხალხს ცნობილობს, ნეტავი? – მარიამს პასუხი არ გაუცია და დედაკაცმა თვითვე უპასუხა თავისთავს:
— ვერ ცნობილობს ბეჩავი, ვერა, თორემ ვინმე თუ საცნობი, იყო მე უნდა ვეცანი! – ხნიერი დედაკაცი ადგა, კედლისაკენ გადაი ხარა და ერემიას მაინც ჩახედა თვალებში:
— ერემია, მიცანი მე, მიცანი? ერემია აღშფოთებით შეირხა ლოგინში და პირქვე ჩაემხო. დედაკაცი იდგა და ამბობდა:
— ამ ქვეყნის არ არის გაჭირვებული.
სანდალამ ღონივრად ჩაავლო ხელი დედაკაცს მკლავში და ავადმყოფს მოაშორა. დედაკაცი დაიბნა, სანდალას გაკვირვებუ ლად შეხედა თვალებში და როცა უცქეროდა, პირჯვარი დაიწერა.
სანდალას ოდნავ გაეღიმა, მაგრამ ღიმილი უეცრადვე გა უქრა: მარიამი დაყრდნობოდა პირქვე ჩამხობილ მეუღლის ზურგს და ჩუმად სტიროდა. ერემია მომკვდარიყო.
ამის შემდეგ სოფლელები მოდიოდენ ზარით. ისინი შორი დანვე იწყებდენ ტირილს და თანდათან ხმას უმატებდენ, მაგრამ უახლოვდებოდენ თუ არა მორთულ ცხედარს, იბნეოდენ და შემკრ თალნი დუმდებოდენ.
ცხედართან უძრავად იდგა მარიამი: მწუხარედ ხელებ და კრეფილი, ის უნდო თვალებით ზვერავდა სამგლოვიაროდ მოსულ სოფლელებს და აკრთობდა მათ. ყველას იპყრობდა შიში და არავინ ფიქრობდა ქელეხზე.
სანდალა არაფერი: იდგა გაკადნიერებული და თითქოს ვინ მეს დასცინისო, ოდნავ იღიმოდა. კიდევ ერთხელ შეშინდელ სო ფლელები, როდესაც სასაფლაოს მიახწიეს: სამარის კიდეებზე გა ფატრულ პირუტყვის ქონივით მოსჩანდა თოვლის სისქე. სანდალამ ტორით მიწა აიღო და კუბოს ხმაური არავის იამა.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. № 2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი