cover

მიხეილ კალატოზიშვილი // კინო-მასალის ჩვენების მეთოდები

კინო–მასალის ჩვენების მეთოდები

ძველი პასეისტური დრომოჭმული ხელოვნება გადამწყვეტ იერიშებით მიდის რევოლიუციონურ ხელოვნების წინააღმდეგ. ეს გაახალგაზრდავებული მიმართულებანი წრიპინა ხმით ყვირიან თავიანთი პრიორიტეტის შესახებ ისეთ საკითხებში, როგორიცაა ხელოვნების როლი ჩვენს საზოგადოებრივ მშენებლობაში. კინო ფრონტს ეს მხატვრული მიმართება ეწვია ძველი კლასიკური თეატრიდან, მხატვრობიდან და თავი შეაფარეს წარმოების მამებს.
მეშჩანური გემოვნება კიდევ ნახულობს თავშესაფარს ჩვენს საზოგადოებრიობაში და ჩვენი ყოფის რაციონალიზაციის იდეას ხვდება წინააღმდეგობანი ხელოვნების ქურუმების მხრით.
კინემატოგრაფია — ტეხნიკის ხელოვნებაა. სწორეთ აქ შეიძლება რაციონალიზაცია განხორციელებულ იქნას მთელი 100 პროცენტით. არა მარტო გადაღების და ლაბორატორიული სინამდვილის მხრივ არამედ მხატვრული წარმოების ბაზაზედაც.
რევოლიუციონური კინემატოგრაფიის ამოცანაა მასალის დამუშავების მეთოდოლოგიის შეჰქმნა, რომელიც გამიზნული იქნება ემოციონალურ და ორგანიზაციულ ხელოვნებათ.\ საჭიროა გაკეთდეს სურათი, რომელიც დააკმაყოფილებს სოციალურ დაკვეთას, მაგრამ ამისათვის არ კმარა სოციოლოგიის და სიუჟეტის დალაგების ხერხების ცოდნა. ამისათვის აუცილებელია კინოს წმინდა ტეხნიკური ბაზა, სინათლე, ოპტიკა და მოძრაობა გამოყენებულ იქნას, როგორც სტილისტიური ხერხი, რაც ორგანიულათ დაკავშირებულია სიუჟეტის წყობასთან.\ კინოს მასალას წარმოადგენს ჩვენს გარშემო არსებულ ფიზიკურ სამყაროს ნივთები. ამ ნივთების კულტურა ჩვენ გვიკარნახებს დამუშავების შესაფერ ხერხს, სტილს.
გამოსახულების გადატანას ეკრანზე საფუძვლად აქვს გეომეტრიული ოპტიკა და კადრის სივრცობრივი ფორმების კომპოზიციის ხერხები, რაც უნდა გამოდიოდენ წიროვან (ხაზოვან) პერსპექტივის თვისებიდან და მასალის პლასტიურ თავისებურობიდან, რომელსაც იძლევა ოპტიკა.
ჩვენ განვიხილავთ ორ ტეხნიკურ მხარეს, რომელსაც არ ექცევა სათანადო ყურადღება. ეს არის „სინათლე“ და სივრცობრივი გამოხატვანის აგება, რაც აქამდე მცირე გამონაკლისის გარდა არ იყო გამოყენებული, როგორც ხელოვნების ხერხები.
ხედვითი შთაბეჭდილება ძლიერდება, თუ კი სურათზე სჭარბობს ე. წ. ფსევდო სტერეოსკოპია, ე. ი. სურათი ორგანზომილებიდან უახლოვდება სამ განზომილებას, რის მიღწევაც ჩვენი კინემატოგრაფიის ხანაში შესაძლებელია მასალის სინათლით სათანადო დამუშავებით. მაგ. ზოგი შტრიხების თვალსაჩინოდ აღნიშვნა სინათლით, რაც იძლევა რელიოფობას და ფსევდო სტერეოსკოპიულ შთაბეჭდილებას.
ამერიკული სტანდარტული განათება უმთავრესად ამ ფაქტორებიდან გამომდინარეობს. აქ სინათლე მოცემულია ნივთის უფრო მეტი პლასტიურობის და გამომეტყველების მისაღებათ და არა მის ესთეტიზაციისათვის.
კინემატოგრაფისტების დიდი ნაწილი, რომელნიც მოსული არიან მხატვრობიდან, ცდილობენ სინათლის ხერხების გაესტეტიურებას და არა როგორც სტილისტიურ ხერხის აღნაგობას.
სინათლის გამოყენება, როგორც ხელოვნების ხერხის, უნდა ჩამოყალიბდეს შემდეგი დებულებებით:

  1. სინათლე, როგორც საშუალება საჭირო ხარისხის ნეგატივის მისაღებად.
  2. სინათლე ფსევდო სტერეოსკოპიის მისაღწევ საშუალებად.
  3. სინათლე, გამოყენებული შთაბეჭდილების იარაღათ, ე. ი. ხაზგასმით აღნიშვნა,სიუჟეტის დალაგებისათვის საჭირო მოქმედების.

უდიდეს გამომეტყველების ხერხების მაძიებელი კინემატოგრაფისტები („გამომეტყველება“ დელიუკის მიხედვით „ფოტოგენია“). კადრის სინათლის კომპოზიციაში ცდილობენ ასახონ ის ობიექტები, რომელნიც საშუალოდ „მუშაობენ“.
ტეხნიკის სტილისტიურ ხერხათ გადაქცევის მისწრაფებამ მიგვიყვანა ობიექტის კონსტრუქციამდე, რომელიც ოპტიურად ხაზგასმით აღნიშნავს იმ საგნებს, რომელთაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობანი აქვს სიუჟეტის წყობაში.
ყველა სტილისტიურ ხერხებს თავის ძირითად მიზნათ აქვს მასალის დამუშავება ემოციონალურ ზეგავლენისათვის.
ხელოვნების ხერხი ეს არის მასალის გამოყვანა შეგრძნობისავტომატიურობიდან.
კადრის ხედვითი კუთხის შთაბეჭდილებისათვის შეუძლებელია იმ კუთხით და დონით გადაღება, რომელიც გაავტომატიურებულია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებით, ე. ი. თვალების დონით. „ხედვის წერტის“ მონახვა აუცილებელია ისეთი ხედვითი კუთხით „რაკურსით“, სადაც სივრცობრივ ფორმებით, მაქსიმალურათ გამოხატული იქნება მასალისგამომეტყველება, რომელიც აგრეთვე გაძლიერებული იქნება განათებით.
რაკურსმა არ უნდა გააორგინალოს ან გაალამაზოს ნივთები. ის უნდა იყოს, როგორც სტილისტიური ხერხი, რომელიც აზრიანათ იქნება გამიზნული სიუჟეტის წყობასთან დაკავშირებით.
პუდოვკინის გადაღებებში, თვითპყრობელობის წარმომადგენლები გადაღებულნი თვალის ხედვის დონით ვერ ახდენენ მაყურებელზე ემოციონალურ ზეგავლენას. მხოლოდ იმის შემდეგ, რაც მან ნახა მასალისათვის თემატიური სახე ყველაზე ცხად სივრცობრივ ფორმებში გამოსახულ (რაკურსებში) თვითმპყრობელთა, პუდოვკინმა მისცა მასალას საჭირო სტილისტიური და აზრიანი გამომეტყველება.
უნიჭობათ უნდა ჩაითვალოს კადრის „კომპანოვკა“, მაგ. გროსის მიხედვით. კინემატოგრაფიას აქვს თავის სპეციფიური სტილი, ჩვენების ხერხი და სხ. და მხოლოდ ისეთი ხალხი, რომელთაც ეს არ გაეგებათ კმაყოფილდებიან „დიდი“ გროსსების ავტორიტეტით. ეიზენშტეინის იდეოლოგია ეყრდნობა იმ მასალას, რომლითაც ის მუშაობს (оперирует), აგრეთვე ნივთების ჩვენების კულტურა აქედანვეა აღებული.
რევოლიუციონურ საზოგადოებრივობის ცოდნა და ამავე საზოგადოებიდან მასალის აღება საშუალებას მოგვცემს საბჭოთა კინემატოგრაფიის შესაქმნელად.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი