დავით კაკაბაძე // სივრცის ორნაირი კონცეფცია
სივრცის ორნაირი კონცეფცია (აღმოსავლეთი და დასავლეთი)
დასავლეთ ევროპის პლასტიკურ ხელოვნებას ახასიათებს შემდეგიწინადადება: რელიეფი სულია მხატვრობისა”. ეს აზრი ეკუთვნის იმ ადამიანს, რომელმაც პირველად ჩამოაყალიბა იტალიის რენესანსის იდეა. ამით აღნიშნულია ის უდიდესი მნიშვნელობა, რომელიც აქვს ხელოვნებაში სივრცის განცდის გადმოცემას და ნაჩვენებია ერთი საშუალებაც ამ განცდის გამოსახატავად.
რელიეფით ირკვევა საგნის რეალური არსებობა სივრცეში. ამდაგვარი დაკავშირება პლასტიკური ხელოვნებისა ბუნებასთან ერთი უმთავრესი მხარეა განსხვავებისა აღმოსავლეთის და დასავლეთის ხელოვნებათა შორის.აღმოსავლეთის ხელოვნება ხასიათდება განყენებული ცნებით და ფორმებით. დასავლეთის ხელოვნება დამყარებულია კონკრეტულ და მატერიალურ ფორმებზე.
აღმოსავლეთის ხელოვნება მიილტვის მარადისაკენ, დასავლეთის დროულისაკენ.
აბსტრაქტულ და სპირიტუალურ წარმოდგენას აღმოსავლეთისას წინაღუდგება დასავლეთის კონკრეტული და მატერიალური აზრი.
აღმოსავლეთში ბუნება განყენებულ პროპორციებში და შესაძლებელი ფორმებით ისახება, დასავლეთში კი — ადამიანის მხედველობით და ინდივიდის განცდით იზომება. აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნებისათვის ბუნების გადმოცემა იმ სახით, როგორც არსებობს, არასდროს არ ყოფილა მიზანი. დასავლეთის ხელოვნებისათვის ბუნება თვით არის მიზანი.
ხელოვნების ამ ორნაირ შინაარსს ახასიათებს ორი სხვადასხვა წარმოდგება სივრცეზე. აღმოსავლეთი განიცდის სივრცეს განყენებულ ფორმებში, დასავლეთი კი — კონკრეტულ სახეებში.
ხელოვნება შემოქმედებაშია. ის ვითარდება მხოლოდ განყენებულად განცდილ სივრცეში. კონკრეტულ ფორმებში განცდილი სივრცე ხელოვნების განვითარებისათვის დამაბრკოლებელი ფაქტორია და შემოქმედება ამ პირობებში ვერ აღწევს წმინდა გამოხატულებას. ამის ნიმუშებს ბევრს იძლევა წარსული დროის
ხელოვნება. აქ ჩვენ ვხედავთ, რომ კონკრეტულად განცდილ სივრცეზე დამყარებული ხელოვნება ვერ ანვითარებდა შემოქმედებას (რომაელების, ინგლისის და ამერიკის ხელოვნება) და მხოლოდ განყენებული წარმოდგენა სივრცეზე ხელოვნების განვითარებისათვის საუკეთესო ნიადაგი იყო. და არა ერთხელ ჩვენ ვხედავთ, რომ
აღმოსავლეთის ქვეყნების ხელოვნების გავლენა დასავლეთ ქვეყნებზე გადამწყვეტი იყო ამ უკანასკნელთათვის.
პლასტიკური ხელოვნება, რომელიც დამყარებულია „trompel’oeil“ სისტემაზე, ეკუთვნის დასავლეთ ქვეყნების გამოგონებას. ეს სისტემა გადმოსცემს კონკრეტულ ფორმებში სტატიკურ სივრცეს. ხაზებიანი პერსპექტივა არის ერთი ამდაგვარი საშუალება ამ სისტემის გადმოსაცემად. ის ჩვენ გვაყენებს უძრავ მდგომარეობაში, განსაზღვრულ დროში, განსაზღვრული სივრცის მიმართ.
„trompel’oeil“ სისტემა სრულიად უცნობია აღმოსავლეთის ხელოვნებაში. ადამიანი, რომელიც განიცდის სივრცეს განყენებულ ფორმებში, ვერ დაკმაყოფილდება „trompel’oeil“ სისტემის წარმოდგენით. მისთვის სივრცის განცდა არსებითი მოთხოვნილებაა და ბუნებრივი გრძნობა. ამიტომ აღმოსავლეთის პლასტიკური ხელოვნება კონსტრუქტიული და მონუმენტურია. ის გადმოცემულია სივრცის განუსაზღვრელ მანძილსა და განუზომელ დროში.
არქიტექტურული ფორმებიც გამომდინარეობენ სივრცის ამ * გამოსახულება, რომელიც რეალობის ილოზიას ქმნის.ორნაირი განცდიდან. აღმოსავლეთის ფორმები — მრგვალ და სპირალურ ხაზებში. აღმოსავლეთი სივრციდან გამოდის და ქმნის სივრცის ახალ სახეს. დასავლეთი კი ბუნების სივრცისაკენ მიისწრაფვის და მას ბაძავს. ნიმუშები: აღმოსავლეთში – კამარა, გუმბათი (კტესიფონის დარბაზი, აია — სოფია კონსტანტინეპოლში და სპირალური კოშკი (სამარა); დასავლეთში — გოთური წვეტიანი კოშკი. უუფრო წარსულ ხანებში — ეგვიპტე იძლევა განყენებული სივრცის ნიმუშებს, კლასიკური საბერძნეთი – კონკრეტული სივრცისას.
ხელოვნების დაქვეითების ხანა ხასიათდება სივრცის გადმოცემის თვისებების დაკარგვით და მატერიალური, ნატურალისტური ფორმებისაკენ მისწრაფებით.
ძლიერ დამახასიათებელია, რომ დასავლეთ ქვეყნებში ყოველთვის გრძნობდნენ უპირატესობას აღმოსავლეთის ხელოვნებისას. აღმოსავლეთის ხელოვნება ყოველთვის იყო გამაცოცხლებელი და განმავითარებელი ფაქტორი დასავლეთის ხელოვნებისა. ჩგოთური ხელოვნების „vitrage“, ქმნილება დასავლეთის ქვეყნის გენიისა, დამყარებულია აღმოსავლეთიდან მომავალ იდეაზე. ამ „vitrage“-ით
იწურება გოთური არქიტექტურა. ვერსალის ბაღი, რომლითაც დამთავრებულია კონკრეტულ სივრცეზე აგებული არქიტექტურა, დამყარებულია სპარსეთის ბაღების გეგმაზე.
ჩვენს დროში ევროპა მდგომარეობით იძულებულია გააცოცხლოს და განავითაროს თავისი ხელოვნება საკუთარი ძალებით.
ახალი ხელოვნების საჭიროება ნაკარნახევია თვით ახლად გარდაქმნილი ცხოვრებით.
დღევანდელი ცივილიზაცია უნივერსალურია. ის არის არსებობის მოთხოვნილება როგორც დასავლეთ ქვეყნებისათვის, ისე აღმოსავლეთში. დღევანდელი აღმოსავლეთი უნდა ჩაერიოს ამ ცივილიზაციის საერთო მოძრაობაში იმ მოსაზრებით მაინც, რომელსაც ხშირად გამოსთქვამენ – ცხოვრების დახელოვნების იდეალის გასპეტაკებისათვის.
ხელოვნება დამოკიდებულია ადგილობრივ პირობებზე, ადგილობრივ საჭიროებაზე და საზოგადოდ იმ ცხოვრების მდგომარეობაზე, სადაც ის ვითარდება. ამიტომ ხელოვნებას აქვს ადგილობრივი სახე და ადგილობრივი ფორმები. ერთფეროვნება წინააღმდეგია ბუნების არსებისა, მრავალსახიობა ცხოვრების საფუძველია. განყენებულ ფორმებში ნაგრძნობი სივრცე — რომელშიაც ისახება სივრცის დინამიური განცდა — იძლევა განუსაზღვრელ მრავალფეროვნებას და ამიტომ ხელოვნება, დამყარებული ამ ახალ განცდაზე, მიაღწევს სრულ განვითარებას და ძალას.
1925 წ.
(ფრანგულად დაბეჭ. Buletin de l’effort Moderne”, N 21)
თარგმანი აღებულია ვებგვერდიდან: modernism.ge