cover

დავით კაკაბაძე // დღევანდელი ჩვენი არხიტექტურა

დღევანდელი ჩვენი არხიტექტურა

თანამედროვე ხელოვნების უმთავრესი ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ხელოვნების შინაარსი, სინამდვილედან იქნეს აღმოცემული და მიეცეს მას რაციონალური მიმართულება. ამ ამოცანათა წამოყენება და მათი გადაჭრა დიდ დამსახურებად უნდა ჩაითვალოს თანამედროვე ხელოვნებისა.
ხელოვნების შინაარსის სათანადო შეგნება ჩვენ გვიკარნახებს, რომ შეუძლებელია ხელოვნება იქნეს სინამდვილედ, თუ ის არ გამოსახავს აქტუალობას, თუ ის არ შეეფერება თანამედროვე ცხოვრების საჭიროებას. განყენებულად არსებული ხელოვნების ფორმები არ წარმოადგენენ მნიშვნელოვან ფაქტორს. ხელოვნება
დაკავშირებული უნდა იყოს ცხოვრების შინაარსთან. ამ დაკავშირებით ხელოვნებას ენიჭება აზრი არსებობისა. ხელოვნების მხატვრული ფორმა და ნაწარმოების შინაარსის აზრი ქმნიან მთლიან ერთეულს, მათი ერთმანეთისაგან დაშორება შეუძლებელია. თუ ეს დაშორება მოხდა, მაშინ ირღვევა ძირითადი მთლიანობა ხელოვნების არსებობისა, ინგრევა მისი საძირკველი.
ხელოვნების ძირითადი ელემენტის შერყევის მაგალითი ყველგან ბევრი მოიპოვება. მხოლოდ ჩვენში სამწუხაროა ის, რომ ამ მოვლენას სისტემატიური ხასიათი მიეცა. ამიტომ ეხლავე უნდა იქნეს მიღებული ზომები ხელოვნების სინამდვილის აღსადგენად.
ამ უკუღმართმა მოვლენამ განსაკუთრებული მავნე ხასიათი მიიღო ჩვენი ხელოვნების არხიტექტურულ ამშენებლობის დარგში. ქ. ტფილისში და სხვა ზოგიერთ ქალაქებში აგებულია საზოგადოებრივ მნიშვნელობის რამდენიმე შენობა, მაგალითად, ტრამვაის მუშათა სახლი, საქართველოს მუზეუმის ფასადი. სახკინმრეწვის შენობა, ქ. გორის რკ. გზის სადგური და სხვ. ეს შენობები ერთის
მხრივ უნდა ემსახურებოდენ მნიშვნელოვან საზოგადოებრივ მოთხოვნილებას, მეორეს მხრივ უნდა აკმაყოფილებდნენ ქალაქის კეთილმოწყობილობას.
არქიტექტურული კონსტრუქცია და შემკულობა ამ შენობებისა დამყარებულია იმ დადგენილებაზე, რომელიც ქალაქის აღმასკომმა მიიღო 1924 წელში და რომლის ძალით ყველა საზოგადოებრივი სახის შენობების აგება უნდა ხდებოდეს ქართული სტილის მიხედვით. მაგრამ, როგორც სჩანს, ქართული სტილის საკითხი მეტად გაუგებარი აღმოჩნდა და ჩვენი წარსულის არხიტექტურული
სტილი აღიარებულ იქმნა თანამედროვე არხიტექტურის აუცილებელ / ელემენტად.
უკვე აგებულ შენობებში ქართული სტილი ასახულია ძველი,
საეკლესიო და საერო, არხიტექტურის გარეგანი მოკაზმულობის უშუალოდ და ულოღიკოდ მიბაძვაში. გადმოტანილია საეკლესიო კედლების გარეგნული ორნამენტაცია, კამაროები, ვიწრო ფანჯრები და სვეტები. არავითარი ანგარიში არ არის გაწეული დღევანდელ შენობის მოთხოვნილებასთან. პირიქით, შენობის მთელი
შინაგანი და გარეგნული კონსტრუქცია ხდება მსხვერპლი გარეგნული მოკაზმულობისა, როდესაც მოკაზმულობა უნდა ყოფილიყო მხოლოდ ლოღიური შედეგი შინაგანი მოცულობისა. სწორედ ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ აგებული შენობები ვერ აკმაყოფილებენ თავის დანიშნულებას: საბინაო შენობა არ არის საცხოვრებელ ბინების პირობებისთვის აგებული, საზოგადოებრივი სახის შენობა
კი ვერ აკმაყოფილებს საზოგადოებრივ მოთხოვნილებას, ქალაქის ქუჩის მორთულობა კი არ არის დამაკმაყოფილებელი.
ამნაირი არხიტექტურული ხასიათის შენობების აგებას ეროვნული სტილის დაცვით ამართლებენ, მაგრამ საშინელი შედეგი ამისა, რომლის მოწამე ჩვენ ვართ, სწორედ იმიდან გამომდინარეობს, რომ არ არის სწორი წარმოდგენა დღევანდელ ეროვნულ ხელოვნებაზე. ზოგიერთს ჰგონია, რომ დღევანდელი ჩვენი ხელოვნება უნდა ისახებოდეს ძველი ფორმების უშუალოდ აღდგენაში. ეს აზრი ჩვენში ძლიერ მაგრად არის გამჯდარი. არავითარი თავისუფალი ინტერპრეტაცია ზოგიერთს არ სწამს და მხოლოდ მიმბაძველობა ძველი ფორმებისადმი მიაჩნიათ დღევანდელ ხელოვნების საქმიანობათ. ამ შეხედულობის უსაფუძვლობა არა ერთხელ გამოგვითქვამს ჩვენ და საუკეთესო ნიმუში ამ შეხედულობის უვარგისობისა არის უკვე აგებული შენობები. დიდათ სამწუხაროა, რომ ამდენი მატერიალური ქონება დახარჯულია ქალაქის კეთილდღეობისათვის კი არა, არამედ მისი დამახინჯებისათვის. ჩვენი ეროვნული შემოქმედება კი ამით სრულებით უარყოფილია. ამშენებლობის ეს პერიოდი უნდა ჩაითვალოს ჩვენი ხელოვნების
საზიანო მოვლენად.
როდესაც ამბობენ ჩვენი წარსულის არხიტექტურის სტილზე, მხედველობაში უნდა ვიქონიოთ ჩვენი ხელოვნების რომელიმე ეპოქის საუკეთესო ფორმები. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, ეს ფორმები იმიტომ ეკუთვნიან საუკეთესო ნიმუშს, რომ მათი ორგანიზაცია დაკავშირებულია თვით ამშენებლობის აზრთან, მიზანთან,
ისინი ლოღიურად სახავენ არხიტექტურულ შინაარსს. ამავე დროს ეს ფორმები აღმოცენებულია ჩვენი ხალხის ორიგინალურ ცხოვრების გავლენით, ჩვენი ბუნების და ამშენებლობის მასალის თავისებურობით და ორიგინალური ინტერპრეტაციით იმ მხატვრული ფორმებისა, რომელნიც ჩვენზედ გავლენას ახდენენ. ამ ნიადაგზედ
მხატვრულ ფორმების სისტემატიურმა გადამუშავებამ მოგვცა ის არხიტექტურული სახეები, რომლითაც შეუძლია იამაყოს ჩვენმა ხელოვნებამ.
დღევანდელი ჩვენი არხიტექტურა ახალ ცხოვრების და ახალ პირობების გავლენით უნდა იქმნებოდეს. უპირველეს ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ არხიტექტურა წარმოადგენს შინაგანი მოცულობის ლოღიურ კონსტრუქციას. ის სრულებით უნდა აკმაყოფილებდეს შენობის მოთხოვნილებას. გარეგნული სახე ლოგიურად უნდა გამომდინარეობდეს შინაგანი სტრუქტურიდან. მოცულობის
სიმკვიდრეს ამავე დროს უნდა ეთანხმებოდეს მისი ჰარმონიული დანაწილება, ყოველგვარი მოკაზმულობა კი უნდა იყვეს გამართლებული მხოლოდ და მხოლოდ თავის ორგანიული დანიშნულებით.
უნდა გამტკიცებულ იქმნას ის აზრი, რომ არხიტექტურა ორნამენტალურ მოკაზმულობაში კი არ ისახება, არამედ შენობის მთლიან მოცულობაში და კონსტრუქციაში. მოცულობის ფორმები უნდა გამომდინარეობდეს კონსტრუქტიული დანიშნულებიდან, ამშენებლობის მასალიდან და ამავე დროს, უნდა იქნეს შეფარდებული ჩვენი ბუნების პირობებთან. ჩვენი წარსულის არხიტექტურული
ფორმების გამოყენება კი უნდა ხდებოდეს საჭიროების მიზნისათვის და თავისუფალ ინტერპრეტაციის საშუალებით. დაბოლოს, ფორმების ჰარმონიული დალაგებით ჩვენ მივიღებთ მთლიან ნაწარმოებს, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება, როგორც
ადგილობრივი მხატვრული თვალსაზრისით, ისე პირდაპირი მისი გამოყენების დანიშნულებით.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი