cover

სიმონ დოლიძე // გუშინდელი დილა პროვინციალურ დაბაში

გუშინდელი დილა პროვინციალურ დაბაში

  1. იპოლიტე ნაჭყეპიასათვის დილის სინათლე

ქვრივი ეფიზოს სახლის ერთ-ერთ ოთახში შეჭრილმა სხივებმა ჩვეულებრივზე ადრეგამოაღვიძეს, იპოლიტე გლახუნის-ძე ნაჭყეპია.
პირველ გაზმორების დასკვნად მარჯვენა თვალი ოდნავ გაახილა და მარცხენა ქუთუთოების გადაღმა მოათავსა.
ძილის დროს, სასტიკ მყუდროებას მოყვარული, რომლის აღდგენა, მიუხედავათ ეფიზოს ყოველგვარ ცდებისა, ბავშვების ყვირილისა და ამოძრავებულ პირუტყვთა შორის ატეხილ ხმაურობის გამო შეუძლებელი გახდა, პატივცემულმა გვამმა მარჯვენა ფეხის საბნიდან გამოღების შემდეგ, მარცხენა თვალით სკამზედ დალაგებულ ტანსაცმელს გადახედა. ლოგინის შეწუხებული კვნესა, დილის ჩვეულებრივ მუსიკათ მიიღო. ოთახი ჯერ ბუნდოვანად მოეჩვენა, ხოლო როდესაც სინათლის შემჩნევამ იპოლიტეს საბრძანებელს ჩვეულებრივი სახე მიანიჭა,
შესაძლებელი გახდა მისთვის გაერჩია ლოგინის მოაჯირზე გადაკიდული, რაღაც მანქანებით, ეფიზოს მიერ დატოვებული ქვედა საცვალი. უკმაყოფილების გამო მტვერითა და პაპიროზის ნამწვავებით სავსე იატაკზე, ლოგინიდან ოთხი მეტრის დაშორებით, მძლავრად გადააფურთხა.

2. ფიზკულტურა იპოლიტეს აზრით

პირველი ვარჯიში, ხერხემალისა და წელის განვითარებისათვის, ლოგინში სწორად წამოდგომაა. მარჯვნივ და მარცხნივ გაშვერილი ხელები, ზედა ტანის კუნთების დაძირკვებას მოასწავებს. ხოლო, გაზმორებასთან ერთად, რამოდენიმეჯერ
პირის დაღება, რომელსაც სხვა ენით მთქნარება ეწოდება, ხელს უწყობს ქვედა ყბის საფეთქელის ძვალთან გამძლეობას. მუხლების რამოდენიმეჯერ მოღუნვას მნიშვნელობა აქვს სახსრების განვითარებისათვის, რომლის სიმტკიცე, აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს მეზობლის ღობეზე გადახტომის დროს, რატომ? ეს იპოლიტე ნაჭყეპიას სინიდისია.

3. იპოლიტეს ოცნებაა დაბა N-ის = სირინოზთა განადგურება, მისი ფიზიონომია ანუ ცხვირ-პირი

იპოლიტეს სახეს კაცობრიობის წარმოშობის პრობლემისათვის, უეჭველად, დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, რომ ის რომელიმე უნივერსიტეტის ლაბორატორიაში მომხვდარიყო რკვევის საგნად. მაგრამ აქ ძალაუნებურად ამ შემთხვევისათვის შეფარდებითი მნიშვნელობით „ვახ, სოფელო“ უნდა მოვიგონოთ და მაშინ ვიგრძნობთ იპოლიტეს ბედითი გზის მიმართების იმთავითვე გამრუდებას.
სხვა მხრივ რა: ორთქმავალის ქშენის ხასიათით, ხშირი წითელი წარბების შეერთების წერტილიდან იწყებოდა მისი გიდელის მსგავსი ცხვირის განვითარება, რომლის ნესტოები, ათი დღის წინად პალიასტომის ტბიდან ამოღებულ კობრის ლაყუჩებს წააგავდა. შუბლის კონუსისებური განვითარება ორიგინალური
ხაზებით მიემართება ორივ მხრივ და მოზრდილი ყურების არსებობა გენერალ გუბერნატორის ჯინჯილებს მოაგონებდა ადამიანს. სქელი, ცხენის ჩიჩვირის მზგავსათ გამოშვერილი ბაგეები და ნიკაპის ჩავარდნილი მდგომარეობა, ასრულებდა იპოლიტეს სახის საერთო მოყვანილებას.

4. რამ მოწამლა იპოლიტე ნაჭყეპიას ახალგაზრდობა

თუ ბიბლიის წყაროები სამსონის დევგმირულ სიძლიერეს თმას მიაწერდენ, იპოლიტე ნაჭყეპიას ცხოვრებაში იმ მოვლენას სამსონის გზით განვითარების ხასიათი არ ჰქონია. თმა მისთვის ბევრჯერ ყოფილა საბედისწერო მომენტად გადაქცეული. ვისაც ქვრივი ეფიზოს ეჭვიანობის ხასიათი არ გაუგია, მისთვის იპოლიტე
ნაჭყეპიას თავის ქალის ტკივილიც გაუგებარი დარჩება. სხვათა მიერ მისი თმის დაცვის კილოთი მოხსენიება ძარღვებს უშლიდა ჩვენ საყვარელ გმირს. წარსულში ბევრი ეწვალა, რა ღონისძიება არ იხმარა, რა ხარისხის თავის საბანი მიწა არ ჩამოატანინა, ვიღაცაების რჩევით კამეჩის ახალი ფუნაც დაილაგა თავზე, მაგრამ
ვერაფერმა უშველა, მაგარ სქელ თმას ღორის ჯაგარის თვისება ვერ მოაშლევინა. თქვენ წარმოიდგინეთ, დალაქი ხვირიკაც, თუმცა ამ უბედურს იქნებ კიდევაც ჰქონდა საბაბი, ასე მიემართა, ურჩევდა იპოლიტეს თმის პირველი ნომრით გადაღებას. ხოლო
იპოლიტეს რამდენჯერმე თავმოყვარეობის პასუხად, საპნიანი ფოჩით გაუთხუპნია ხვირიკას სახე. ასეთი გულფიცხობა იწვევდა მათ შორის ყოველივე მეზობლურ კავშირის გაწყვეტას და ხვირიკას მიერ ნისიაზე უარის თქმა წვერ მოუპარსავად დააყერყეჩებდა დაღონებულ იპოლიტეს, რომელიც დაბოლოს სამიკიტნოებში ხდებოდა სალაპარაკო საგნად და, რადგან ასეთ მდგომარეობას შეეძლო შეემცირებინა სირინოზთა ტირაჟი, ამიტომ იპოლიტე ქედს იხრიდა ხვირიკას წინაშე, ბოდიშით
ჯდებოდა რბილ სკამზე, რათა ხვირიკას სანახევროთ ალესილ დანას ფხეკით ჩამოეღო თმაზე მაგარი წვერი.

5. თანამედროვე თამასუქი, იპოლიტეს ულვაშები და სწვრილმანი რამ

ზნე, ჩვეულება, ტრადიციების მტკიცე დაცვა და მათი შენარჩუნება საკამათო საგანი იყო დაბა N-ის სამკითხველოს წინ მოგროვებულ ინტელეგენციისათვის, სადაც, ბაასის ჟამს, იპოლიტეს გაწვრილებული ხმაც გამორევია ხოლმე. ულვაშის არსებობისა და ტარების პრობლემა, გადაწყვეტილად იყო მიჩნეული ორიოდე კაცის გარდა. ეს ორიოდე იყვნენ მუდმივ უნიჭო სცენისმოყვარენი ქალაქში და დასის ხელმძღვანელი დაბაში, თორემ სხვებისათვის ულვაშის მოპარსვა უდრიდა „ესაკიეს“ სამჭედლოში ყბად აღებას, ან ლევარსიეს სამიკიტნოში ტროფიმე გილორდავას მიერ
გამოსროლილ ბორჯომის ბოთლის თავზე დამსხვრევას.
იპოლიტეს ცხვირის ნესტოებიდან ზედა ბაგემდე არსებული ტერიტორია უხვად ჰქონდა დაფარული უხეში, მეჩხერი ულვაშით, რომლისათვის საჭირო მიმართულებისა და ფორმის მიცემა უდრიდა სუფსის აღმა წაყვანას. ასეთი მდგომარეობა იპოლიტეს არ აწუხებდა, პირიქით, მას ხვირიკას სადალაქოში ბევრჯერ აუწევია ულვაშის ღეროს აქციური ღირებულება, რადგან ცხონებულ
ბაბუამისის სიტყვებით თითო ღერო რომელიღაც საუკუნეში ნოტარიუსის მიერ შემოწმებულ დღევანდელ თამასუქზე მეტად ფასობდა. რაც იპოლიტე წამოიზარდა, უკეთ, რაც მან პირველად იგრძნო მამაკაცის ეს გარეგანი თვალსაჩინო ღირებულება, დედისა და მამის მაგიერ საფიცარად ბუნების მიერ უხვად ნაბოძები ულვაში
გაიხადა.
ჭრიალა ლოგინზე წამომჯდარი იპოლიტე, მთავარსარდალის ნიჭით და უნარით ათვალიერებდა ოთახის საერთო მდგომარეობას. ტანში გამჯდარი სიზარმაცის გამო უწესრიგოდ სკამზე დალაგებული ტანსაცმელი უსიამოვნო გრძნობას იწვევდა, ხოლო სანახევროდ დაგლეჯილი ოფლიანი წინდები გამხმარ ტარანივით გაჩხირულიყო „სკოროხოდის“ ფირმის ფეხსაცმელთა შორის. პაპიროსის ნამწვავებითა და ფერფლით სავსე იატაკზე ნათლად სჩანდა ეფიზოს ფეხის ანაბეჭდი.
სხვადასხვა შთამომავლობის და ხასიათის ბუზები უმოწყალოდ ეხვეოდენ იპოლიტეს ცხვირ-პირსა და გამხმარ სხეულს.
ეფიზო, მართალია, მკაცრი ხასიათის ქალი იყო, მაგრამ რატომღაც სასტიკად იცავდა იპოლიტეს დილის ძილს და მის მშვიდობიან მიმდინარეობისათვის არ ზოგავდა არავითარ ძალას.
დაკვირვებულ ქვრივს, მიუხედავად მრავალფერი მუშაობისა, ამის შემდეგ სახლისა და ეზოს მოწესრიგებისა, არასოდეს არ გამოეპარებოდა იპოლიტეს ლოგინში წამოჯდომა, რაც განსაკუთრებული ინტონაციის მქონე ლოგინის მუსიკით
ხასიათდებოდა. ეფიზოს სმენა გამახვილებული ალღოთი სცნობდა ამ მომენტს და მისი დიქტატორული უფლებათა გამჟღავნება 7 წლის გოგოსადმი ბრძანების გაცემით ხდებოდა.
— ჩქარა, გოგო, მწერალს პირის დასაბანი წყალი მოუმზადე,
გესმის? — ეფიზოს განკარგულება მცირე შესწორებით იპოლიტესაც ეკუთვნოდა ხოლმე. მისი ოთახის შეუვალობა აღნიშნულ ბრძანებით უკვე დარღვეული იყო მასთან გამხეცებული ეფიზოს მოსალოდნელი შემოჭრის გამო. საწყალმა იპოლიტემ, მიუხედავათ ხანგრძლივი ზმორებისა, ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა და გამხმარი
გრძელი ხელი სკამზე დალაგებულ ტანსაცმელისაკენ გაიშვირა.

6. ეფიზო, როგორც ეფიზო და სხვა არაფერი

ეფიზოს არსებობა დაბა N-ის ყველა მოქალაქეთათვის, განურჩევლად სქესისა, სარწმუნოებისა, და სიმაღლე-სიმდაბლისა, ცნობილი იყო. მოსამსახურედ ყოფნის დროს, ქალაქურ ცხოვრებას მიჩვეულმა ეფიზომ გათხოვებიდან ორი წლის თავზე მოასწრო სიდედრ-სიმამრის დასაფლავება, მულების თავიდან მოცილება,
ძმათა შორის დავის ატეხა. საერთო ქონება გაჰყო ქმრის დაუკითხავათ, მიჰყიდ-მოჰყიდა და დაბა N-ში, რომელსაც, მისი აზრით, რკინიგზის გაყვანის პერსპექტივით დიდი მომავალი ჰქონდა, თვალსაჩინო ალაგას ოთხოთახიანი წაბლის სახლი
წამოჭიმა.
ქმრის უფლებები ეფიზომ მალე მოსპო სახლში. მეზობლებს შიშით მზე დაუბნელა. მაღალი მესერით შემოვლებულ ეზოში ბახჩა და ბაღი გაიჩინა, კიტრის
ან საზამთროს მოპარვის მიზნით ჩამოსულ ყმაწვილებს მკლავის ღონე აგრძნობინა და საბოლოოდ განამტკიცა მისი პიროვნებისა და ეზოს შეუვალობა. შრომისმოყვარულ ეფიზოს, არ მოსწონდა ქმრის დაბა N-ში გამოურკვეველ მუშაობით არსებობა. ერთ
მშვენიერ დღეს ბარგი გამოუკრა, საგზლით უზრუნველჰყო და სახლიდან გარეთ გამოაგდო. უბედურ ქმარს არ უნდოდა სახლისა და შვილების დაშორება, რადგან თავს ისედაც კარგად გრძნობდა, მაგრამ ეფიზოს განკარგულების სისრულეში არ მოყვანა უდრიდა ოჯახის საბოლოოდ დაკარგვას.
ექვსი თვის თავზე ოჯახის მამა ნიკიფორე, იგივე ქმარი ეფიზოსი, დიდის ამბით, საჩუქრებითა და ფულით დატვირთული, ჩამოვიდა ახლობელ ქალაქიდან. ეფიზოს ქმრისათვის არ უკითხავს, სად მსახურებდა, ან როგორ იშოვა ფული. მისთვის საკმაო იყო მხოლოდ ქმრის ხელდამშვენებული ჩამოსვლა. დაბა N-ში
ნიკიფორეს დაბრუნება ჩინებული ქეიფით იგრძნეს ზოგიერთებმა. ეფიზოს გამჭრიახი და წინდახედული გონება კარგად გრძნობდა ამ ზოგიერთთა მნიშვნელობას. ალბათ ეს იყო მისი გულუხვი მასპინძლობის მთავარი მიზეზი.
— ნეტავი რამდენი აქვს ჯამაგირი იმ ნიკიფორეს, ეფიზო რომ ასე გაიმართა წელში? — ცნობისმოყვარეობით ეკითხებოდა მეზობელი მეზობელს.
— რა ვიცი, დედა, ხალამპრემ მითხრა, ჯამაგირი რომ ოცდაათი მანეთი აქ, გამოსარჩენი სამი იმდენიო.
— მიუგებდა ხოლმე პასუხად ცნობისმოყვარეს სიტყვა დაუზარელი მეზობელი, რომელიც სიტყვა „გამოსარჩენის“ წარმოთქმას განსაკუთრებულ მნიშვნელობას და ხასიათს აძლევდა. კმაყოფილებით სავსე ნიკიფორეს, შეიძლება, არც უნდოდა ისევქალაქისაკენგამგზავრება, მაგრამ, როგორც კი ეფიზომ ღამის გასწვრივ ქმრის არსებობა ვერ იგრძნო და მხოლოდ ძილის სურვილი შეამჩნია, ბევრი არ დააყოვნა, საჭირო საგზალი ისევ ცარიელ ხურჯინში ჩაუწყო და ქალაქისაკენ გაისტუმრა.
ნიკიფორე მსახურებდა რკინიგზის ხაზზე ვიღაც მოიჯარადრესთან.მიუხედავათ სახლში დაბრუნების დიდი სურვილისა, უბედური ნიკიფორე მეორე ექვსი თვის თავზე ლაღუმით აფეთქებულ კლდის მსხვერპლი გახდა და სრულიად მოულოდნელად ყველასათვის, კუბოთი ჩამოიტანეს დაბა N-ში. ეფიზოს კივილსა და თავის მტვრევას დასასრული არ ჰქონდა. მეზობლებს კიდეც უკვირდათ მისი ამგვარი ქცევა, რადგან ნიკიფორეს სიკვდილს მთლიანად ეფიზოს მიაწერდნენ: „ძალით გააგდო კაცი გარეთ“-ო.
დაასაფლავეს ნიკიფორე და ეფიზო ორმაგი ენერგიით შეუდგა
ოჯახის შენარჩუნებას. ცოტა ხნის შემდეგ ეფიზომ ერთ მოხუცებულ ქალს დაუტოვა ბავშები და ადგილობრივ სასამართლოს ვექილის რჩევით ქალაქში გაემგზავრა. ეფიზომ მოხერხებულ ოსტატობით გამოიძია ქმრის სიკვდილის მიზეზი, ძველი ბატონები ინახულა და მათი დახმარებით რკინიგზასა და მოიჯარადრეს უჩივლა.
დაბა N-ში დაბრუნებული ეფიზო კვლავ შეუდგა მუყაით
მუშაობას, გაჭირებისა და სიღარიბის არ ეშინოდა, რადგან ნაწილი ფულისა ბანკში შეიტანა, ნაწილი კი ადგილობრივ გაასესხა.
— მაი, დედაკაცი კი არა, ნამდვილი ქაჯია? — იტყოდნენ ზოგიერთები, როდესაც ეფიზოს ქუჩაში ან სახლში მოკაპასეს დაინახავდნენ. ბევრიც კიდევ, მის დაახლოვებას ცდილობდა. ფულს გარდა (რაც მან სასამართლოს წესით რკინიგზასა და მოიჯარადრეს მოუგო), ეფიზოს მამაცი დედაკაცის შეხედულება იზიდავდა, ალბათ, დაბა N-ის გაქსუებულ ვაჭრებს, ან კიდევ გამოურკვეველ პროფესიის პირებს, რომელნიც თავნიდან არაფერს დაჰკარგავდნენ.
ეფიზო კი ქმრის სიკვდილის შემდეგ ასეთ მოსულ სტუმრებს მკვახეთ გაისტუმრებდა ხოლმე. ხოლო, თუ ვინმე მოისურვებდა განმეორებას, მას კარგი დღე შავად დაუღამდებოდა. ამგვარმა ქცევამ დააფრთხო ქვრივის ხელის მაძიებელნი და მისი დარჩენილი ახალგაზრდობის იერი სჭკნებოდა დღითიდღე.
ვინ იცის, იქნებ, შემდეგში ეფიზოს კიდეც უნდოდა ხელის მათხოვარი, ამიტომ, ალბათ, მისი სიტურფის უკანასკნელი შუქი დაბა N-ის პრისტავის კანცელარიაში განწესებულ იპოლიტე გლახუნის-ძე ნაჭყეპიას ლამაზ სახეზე დაიბანდა.
ეხ... ძნელია ცხოვრება პატარა დაბაში, სადაც ქუჩაში ქვასაც იცნობ და ძაღლებიც შეჩვეული გყავს. იპოლიტე ამ მდგომარეობას ყველაზე კარგად გრძნობდა, რადგან ათასგვარ ხასიათის ხმებთან ერთად იპოლიტესა და ეფიზოს გარშემო დიდი ზეპირსიტყვაობითი ლიტერატურა შეიქმნა.
ეფიზო ყოველგვარ ხმებს სასტიკად სდევნიდა და, ვაი იმას, თუ ხმების გამავრცელებელი ხელში ჩაუვარდებოდა. მიუხედავად მკაცრი ზომებისა, ეფიზოს ტერორს არ შეუნელებია დაბა N-ის მეჭორე დედაკაცების ენაგესლიანობა. საჯაროდ ეფიზო იპოლიტეს ნათესავადაც აღიარებდა ხოლმე. მიუხედავად ასეთი სიმპატიური და კეთილგანწყობილ ნათესაური გრძნობისა, იპოლიტეს „სხვანაირი“, ან უბრალო გალაპარაკება მეზობელ ქალთან მოასწავებდა უკანასკნელის ეფიზოს მიერ მაგრად მილანძღვას და ზოგჯერ მიბეგვასაც.
— მაგი შეჩვენებულები, ისე გაირყვნენ, რომ კისერზე ეკიდებიან და არ ასვენებენ სამსახურისაგან ისედაც მოქანცულ კაცს... ვითომდა რაო... – გაიხმაურებდა ეფიზო ამაღლებული ხმით. ასეთ დროს არც იპოლიტე რჩებოდა კარგ მდგომარეობაში. ცივი მჭადის გარდა ეკრძალებოდა სადილად ყველაფერი და მისი მშვენიერი მოყვანილობის თავი სრულიად უმიზეზოდ ჰკარგავდა თმის საკმაო მარაგს.
სხვა მხრივ: რა ჰქონდათ გასაჭირი იპოლიტეს და ეფიზოს!

მზიანი დილით აივანზე გამოსვლისას მეზობელ ქიშვარდიე მელიმონაძის გასათხოვარი ქალის დანახვით გამხიარულებული იპოლიტე ულვაშების გრეხით კმაყოფილებით მიესალმა ეფიზოს.
— დილა მშვიდობისა, ჩემო ეფიზო. რას მაჭმევ ამ დილით?
— კაი დილაა, შენ ნუ მომიკვდები. შუადღე შეიქნა, აწი სადილს უნდა კითხულობდეს კაცი, მაგრამ შენ ხომ მათ რიცხვში არ ურევიხარ. – მკვახედ მიაყარა ეფიზომ და სანახევროთ გაწმენდილი კიდე ჩამომტვრეული თეფში წინ დაუგორა.
— “ რა ბზიკმა უკბინა ამ შეჩვენებულს? – გაიფიქრა ხასიათ მოწამლულმა იპოლიტემ და მორყეულ სკამზე ფრთხილად ჩამოჯდა. გატეხილ თეფშს ნაკვერცხალზე გაფიცხებული შუა გაჭრილი კეცის მჭადი მოჰყვა. საეჭვო ფერის ყველის დამტვრევის დროს ეფიზო დაურიდებლად აცლიდა ნაჭრებს, ნახშირსა და ძროხის ბალანს. თუჯის ჩახანაში გაფიცხებულიყო მწუთხე სველისაგან და მჭადის ფქვილში მოდუღებული ფაფა. ასეთ მშვენიერ საუზმეზე იპოლიტე ვერასგზით ვერ იტყოდა უარს, რადგან საუზმეს სრულიად დაჰკარგავდა, ვინ იცის, რაოდენი ხნით და ამგვარ დაწყებას ხშირად ცხელი მჭადით პატიოსან ცხვირის შაურაცხჰოფა მოყვებოდა. უმწეო მდგომარეობაში ჩავარდნილი იპოლიტე უაზროდ აცეცებდა თვალებს სუფრის გარშემო.
— რას უყურებ? იქნება არ მოგწონს? — დაეკითხა ეფიზო. რომ ახალი უსიამოვნო საუბარი თავიდან მოეცილებინა, იპოლიტე უხმოდ შეუდგა მოვალეობის ასრულებას. ნაცრიან მჭადს და ნახშირიან ყველს ტკაცა-ტკუცი გაჰქონდა იპოლიტეს პირში. ეფიზო, თითქოს მოლბა, შუბლი გახსნა და მაგიდაზე მოხარშული კვერცხები დააგორა. იპოლიტემ მადიანად ჩაახველა და ეფიზოსათვის შეუმჩნევლად თვალი დაატანა იხვის მოზრდილ კვერცხს. ის იყო, სურვილი სისრულეში უნდა მოეყვანა, რომ ოთახში ატირებული ექვსი წლის ეფიზოს ვაჟი შემოვარდა.
ყმაწვილის უსაფუძვლო ღრიალმა სწრაფად შესცვალა პატივცემულ დიასახლისის კეთილი განწყობილება, ეფიზო ქორივით აიჭრა ადგილიდან და საშინელი წვრილი უსიამოვნო ხმით უფროს გოგოს გარეთ გასძახა. თითქოს დეკემბრის სუსხმა დაიარა იპოლიტეს სხეულში და გათოშა სიცოცხლისათვის ამოძრავებული სისხლის დენა.
ან კი რომელ დეკემბრის სუსხზე უარესი არ არის ეფიზო?
ვაი, რომ არის და იპოლიტე ამ მდგომარეობამ დაჩაგრა.
დამნაშავე გოგოს კარებში ატუზვამ გააწიწმატა ეფიზო და საბრალო გოგოს მტვერით სავსე დაუბანელ თმაში სწვდა. ყმაწვილის ღრიალს გალახულ გოგოს ტირილიც მიემატა.
იპოლიტე მოხერხებით გაუძვრა გააფთრებულ ეფიზოს და სანაქებოთ გაშიმულ იხვის კვერცხს. საჭირო იყო თავის გადარჩენა, რადგან ბავშებთან ერთად შესაძლებელი იყო იპოლიტეს პიროვნების შელახვაც.
რატომ? ასე უმიზეზოდ?
თავზე დაამტვრევდა და შემდეგ მიზეზის ძებნა აღემატებოდა იპოლიტეს ძალას, რადგან მშვენიერ ეფიზოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა.
ოთახიდან გარეთ გამოსულმა იპოლიტემ ერთი თავისუფლად ამოისუნთქა, წელში გასწორდა და დანგრეული სიარულით სამსახურის ადგილისაკენ გასწია.

7. დაბა N-ის სიგრძე-სიგანე, საერთო გარე და შინა მოხაზულობა

რკინიგზის შტოდან 18 კილომეტრით დაცილებული, გურიის სამხედრო გზატკეცილით შუაზე გაჭრილი დაბა N-o თხმელათი და ადესას ჯიშის ვენახის ფურცლებით დაბურული, მიუხედავად კრილოვ-ალიხანოვის მიერ ათეულ წელთა უკან ცეცხლით სავსებით განადგურებისა, ლამაზ სამყოფად მოეჩვენებოდა ცნობისმოყვარე მოგზაურს.
ორმწკრივათ გაშენებული დუქნების რიგი, უქმნის დაბა N-b ვაჭრობა-აღებმიცემობის შესაძლებლობას. ბაზრის მთავარ მოედანზე, ყოველ პარასკევს ბლომათ იკრიბება ხალხო საჯარო ვაჭრობისათვის, შორი-ახლო სოფლებიდან მოაქვთ იხვი, ქათამი, ბატი, მოჰყავთ ცხვარი, ხარი, ძროხა, ურმით ეზიდებიან შეშას, წკნელს, სარებს. ცარცისაგან შემზადებულ ფერ-უმარულს, თავისაბან მიწას. ერთი სიტყვით, პარასკევი დღე აუცილებელ საჭიროებას შეადგენს დაბა N-ის ზოგადი წინმსვლელობისათვის.
სხვა მხრივ, პარასკევი ხომ ახალგაზრდობის დღეა, მათი გამოფენაა. თავმომწონე მომლხენი ყმაწვილები, მხრებზე ყაბალახის გადაგდებით ან ბუხრის ქუდის თავზე ჩამოფხატვით დიდის ამბით ივსებდენ ჯიბეს ნაყიდი მსხლით ან კორკიმელით.
გასათხოვარი გოგოები ფერ-უმარულით გათხუპნული შიგრიმის ტყავისაგან შეკებად, სახლში ნაქსოვ აბრეშუმის „ცახოცით“ თავწაკრულნი აშკარად აჩენდენ დანაყილ ნახშირით გაფერილ კბილებს და კავალერის ჯიბიდან ამოღებულ კორკიმელს ან მსხალს დიდხანს ატრიალებდენ ოფლიან ხელში.
რადგან პარასკევ დღეს ადვილად შეიძლება სიყვარულის მუგუზალით მოწინააღმდეგეს გული „დაუხრუკო“, ამიტომ იპოლიტე გერმანელის სიმტკიცით აღნიშნულ დღისათვის წვერს ხვირიკას სადალაქოში იპარსავდა ხოლმე.
სამაგიეროდ შაბათი დილა საშინელი სიცალიერით თენდებოდა ყოველთვის, გუშინ ხალხით დაფარულ მოედანზე, ღორების, ძაღლებისა და საერთოთ ოთხფეხის თავმოყრას ჰქონდა ადგილი. სხვა რომ არა იყოს რა, ადგილობრივი პოლიციის ტყავგამძვრალი ცხენიც კი გაერეოდა დაბა N-ის დაბალ საზოგადოებაში. მოედანის შუაგულში ამართული საყანთრო წვიმის დროს იფარავდა ამ საზოგადოების უმეტეს ნაწილს.
სამიოდე საფენით დაშორებულია ქვითკირისაგან ნაგები, სანახევროდ დანგრეული ჭის თავი, რომლის გვერდით აღტაცების ნიშნის მზგავსად ამართული იდგა ეკლის ხისაგან გამონათალი ოწინარი. დაბა N-ის მოწინავე საზოგადოების მიერ საქვეყნო საქმისათვის შეკრებილ ფულით ნაყიდი ჯაჭვი და ვედრო დიდი ხნიდან იქნა მოპარული ბოროტგამზრახველების მიერ. თავის დროზე პრისტავი კალანდია, რომელსაც ამ საქმისათვის 7 კაპეიკი შეეწირა, მთელ დაბაში მტვერს ადენდა, მაგრამ უშედეგოდ. ვიღაცამ უთხრა, თითქოს ვედროს მოპარვას პოლიტიკური სარჩული ედო და ტერორის შიშით თავი მიანება ბაქი-ბუქს. დამპალი თოკის ნაჭრებიდან ანაკინძ ხვეულით, რომლის ბოლოში ძირგავარდნილი ვედრო ება ცდილობდენ წყლის ამოღებას, მაგრამ რაც ილარიონის სამიკიტნოდან მოსამსახურე ბიჭმა ვედრო თოკით წყალში ჩააგდო, აღარავინ ცდილა საქველმოქმედო მიზნით საქვეყნო საქმეებისათვის შენაკრეფ ფულით აგებული ჭა წესრიგში მოეყვანა.
სკოლიდან მეცადინეობის შემდეგ მომავალ, ან მეცადინეობისათვის მიმავალ მოწაფეთა ჯგუფს შეჯიბრი ჰქონდა, თუ ვისი ფურთხი მეტად გახმაურდებოდა ჭის სიღრმეში.
რას იზამ, აზარტის საქმეა!
მოქმედება საღამოს ბინდის გამო არავის შეუმჩნევია, შურის ძიების მიზნით მოზრდილი საგანი გადაუშვა ჭაში. არშაკამ მესამე დღეს იგრძნო საყვარელ კატის დაკარგვა.
დაბოლოს მთელ მოედანზე იდგა ერთი ჭადარი, რომლის ქვედა ფოთლები და ტოტები ცხენისა და ძროხების მიერ დასახიჩრებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ხოლო ღორების ზურგის ფხანას გაეწვრილებინა ახალგაზრდა ხის მთავარი ტანი.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. № l

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი