cover

ბენო გორდეზიანი // როგორ კეთდება ახალი ხელოვნება (თეორიული გამორკვევისათვის)

როგორ კეთდება ახალი ხელოვნება

(თეორიული გამორკვევისათვის)

ეს წერილი ცდა არის ახალი აზროვნების განვითარების ასახვისა იმავე გზით რომლითაც ის თავისთავად ვითარდება. მე მხოლოდ ხელს ვუწყობ ხელოვნების მიზნობრივ გამორკვევას ახალი ეპოქის მიმართულებით. ამავე დროს ვუპასუხებ იმ ხალხს, ვინც ვერ გამოერკვა თანამედროვე რთულ და საპასუხისმგებლო მდგომარეობაში და ბურჟუაზიული ხელოვნების სუროგატს ხშირად ახალს უწოდებს.

პირველი ამბოხება.

მრავალი კამათი და კიდევ მეტი კრიტიკული წერილი დაგროვდა ახალი ხელოვნების გამოსარკვევად. ჩემი მიზანიც ეს არის: თავიდანვე უნდა განვაცხადო, რომ ახალი ხელოვნება მხოლოდ უდიდეს სოციალურ გადატეხიდან იწყება, და რადგან ასეთად ოქტომბრის რევოლიუცია უნდა ჩაითვალოს, ამიტომ ახალი ხელოვნების თარიღიც მხოლოდ ამ რევოლიუციიდან იწყება. მაგრამ, ახალი სოციალური წყობის და მსოფლმხედველობის გამოაშკარავებას და გარკვეულ ორგანიზაციულობით ჩამოყალიბებას მუდამ წინ უსწრებს ანარქიული ტეხილები.

თუ ასეთ ტეხილად შეიძლება ჩაითვალოს 1905 წ. რევოლიუცია სოციალურ და ეკონომიურ მიმდინარეობაში, – ხელოვნებასაც აქვს ასეთი წინასწარი ხილვა მომავლის. ერთ-ერთ ასეთ ხილვას ფუტურიზმი წარმოადგენს, და მეც უმთავრესად ამ მიმართულებას შევეხები როგორც უახლოესს ახალი ხელოვნებისა და ეპოქალური გაგებისათვის.

ფუტურისტებმა, პირველად გაილაშქრეს „მთვარის შუქის“, რომანტიზმის, სენტიმენტალობის, ძველი სინტაქსისის და ტრადიციის წინააღმდეგ. ამ მიმართულების მიმდევრებმა იგრძნეს ბუნების ბატონობის დასასრული ხელოვნებაში და მანქანური ეპოქის მოახლოვება. მათ შეაქეს მანქანის სამყარო – ქალაქი და ქალაქის შემქმნელი მეცნიერება და ტეხნიკა. მარინეტი, თავის „გამრავლებულ ადამიანში“ გარკვეულად ამბობს: „თქვენ ადვილად შეგიძლიათ შეამოწმოთ, რომ ეხლა თანდათანობით ადვილად პოულობენ ადამიანებს უბრალო ხალხიდან, რომლებიც მოკლებულნი არიან განათლებას და აღზრდას მაგრამ, ამის მიუხედავად დაჯილდოვებულნი არიან იმით, რასაც მე ვუწოდებ დიდებულ მექანიკურ შთაგონებას ან და ლითონის მგრძნობელობას. ეს იმიტომ, რომ მუშებმა უკვე გამოსცადეს მანქანის აღზრდა და რამოდენიმედ შეუსისხლხორცდენ მოტორებს“.

ცხადია, ბურჟუაზია ასეთი ხალხის გამოჩენაში ხედავდა თავის ხელოვნების დასასრულის დაწყებას და იმავე ეპიტეტებით ეგებებოდა მათ, როგორც დღეს ეგებება კომუნისტებს: „ჯიბგირები“ „ავანტიურისტები“ „ხულიგნები“. მაგრამ, ასეთმა შეხვედრამ სიმართლე ვერ დაფარა. დრომ ყველაფერი გამოარკვია და უპირველეს ის, რომ „ფუტურიზმი არის უდიდესი სოციალური გადატეხის რევოლიუციონური ხელოვნება. ეს დებულება განსაკუთრებით ნათელი ხდება ჩვენს დროში, მაგრამ ამაზე შემდეგ.

„უზრდელი“ ადამიანი.

რევოლიუციონური განწყობილებით უზრდელად შეიჭრა მარინეტი ძველი ეპოქის პასეისტურ გემოვნებაში. მომავლის სახელით ბურჟუაზიული ხელოვნების ყველა ღირებულებანი ააფეთქა. ნანგრევების ქვეშ მოექცა იდილიური ყოფა. სათნოიან მოქალაქეების წუწუნი ნანგრევებიდან მოისმოდა ლანძღვა-გინების კილოზე.

მაგრამ, მომავლის „უზრდელი“ ადამიანი დამარცხდა. დამარცხდა იმიტომ, რომ ის მოვიდა ესთეტიკიდან. გემოვნების და ყოფის წინააღმდეგ აჯანყება ახალ ეპოქას ვერ შექმნის, თუ არ შეიცვალა ამ ყოფის და გემოვნების კანონმდებელი ხალხი. ხალხის შეცვლა სოციალურ რევოლიუციას ნიშნავს. გემოვნების და ყოფის კარგმა რევოლიუციონერმა ეს ვერ იგრძნო და პოლიტიკური რევოლიუციონერობა რესტავრაციას დაუკავშირა, ე. ი. იმას რის წინააღმდეგაც იბრძოდა ხელოვნებაში.

ამიტომ იყო ძველი მარინეტის პოლიტიკური ლოზუნგები:

„ომი არის ქვეყნის გიგიენა, გაუმარჯოს ომს“!

„ომი უძლეველი იტალიის გაბატონებისათვის მთელს ქვეყანაზე.“

„ყოველი თავისუფლება მხოლოდ ეროვნულ თავისუფლებისათვის“.

ეს ძველი იმპერიალისტური ლოზუნგები, მარინეტიმ უფრო გაფერა, ააბრჭყვიალა და ამით თავისივე ხელით ასწმინდა პასეისტების თავზე დაყრილი ნანგრევები ძველი ყოფის და გემოვნების. მარინეტი ეხლა ტაქტილიზმზე სწერს მანიფესტებს. კაპიტალისტურ კომფორტს ადიდებს. უდავოა, რომ ის ეხლა უკვე კარგი „ტკბილეულია“ ბურჟუაზიის! და მასვე ბაძავენ ყველა ქვეყნის ფუტურისტები, რომლებიც კლასთა ბრძოლის პრინციპს გვერდს უვლიან. ასეთი ხალხის მოქმედება უთუოდ რეაქციონურია თავისი ბუნებით და აი რატომ:

მარინეტის სილა

სიცილით მოინელეს პასეისტებმა. ხელოვნებამ ეს იგრძნო მსოფლიო ომის თხრილებში. ხელოვნების გულ-ღია და საუკეთესო მეგობრები თხრილებში დამიწდენ. ვინც ტყვიას და შიმშილს გამოასწრო, – სამშობლოში დახვდა ესთეტიური რევოლიუციის უაზრობა. სამშობლოში მიხვდნენ, რომ ნაციონალისტობა იმპერიალიზმის სული ყოფილა; მიხვდნენ, რომ გაბატონებული გემოვნებისა და ყოფის წინააღმდეგ რევოლიუცია, სოციალური წყობილებიდან უნდა დაიწყოს. – ხელოვნება მხოლოდ საშუალებაა და არა მიზანი ბრძოლის.

ეს იგრძნო ევროპის მემარცხენე ხელოვნებამ და თავისი გამოცემები და მანიფესტები მარინეტის პოლიტიკურ იდეალებს დაუპირისპირა. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება. მათი მიმართვა საზოგადოებისა და ჯარებისადმი იმავე აზრი და კილოთია დაწერილი, როგორც იწერებოდა ოქტომბრის პირველი დღეების მოწოდებები.

ქრონოლოგიურად, ევროპის მემარცხენეები, იმავე გეზით მიემართებიან, როგორც რუსეთის მემარცხენე ხელოვნება 15-16-17 წლებში; ამზადებენ სოციალურ რევოლიუციის ნიადაგს, შლიან ძველ ყოფას და გემოვნებას ლიტერატურული ტერორის გზით. ახალის შექმნის ნაცვლად – პოლიტიკური მემარცხენეობისაკენ მოუწოდებენ. ეთანხმებიან მარინეტის იმაში, რომ ომი არის ქვეყნის გიგიენა, მაგრამ გიგიენათ სთვლიან ეროვნებათა შორის ომს — კი არა (იმპერიალიზმი) – კლასთა ბრძოლას. ეს პირველი ცდა არის ძველი ეპოქის დარღვევისათვის და იმავე დროს ამ ეპოქის დამთავრების წინადგრძნობა. ამ მიმართულებით, განსაკუთრებული დაჯერებით მუშაობენ „ზერეალისტები“ „დამოუკიდებელნი“ საფრანგეთში, „ზენიტელები“ ავსტრიაში და „შტურმისტები“ გერმანიაში.

გაუახლებელი ახალი.

ხელოვნების რევოლუციას არაფერი აქვს საერთო სოციალურ წყობილებასთან!

სოციალურ წყობილებას და მხატვრულ შემოქმედებას არა აკავშირებს რა!

ეს არის რწმენა და ძახილი იმ ხალხის, ვინც ხელოვნების სიკვდილზე ყვირის. ყოველ ხელოვანს-კი უნდა ესმოდეს, რომ ეპოქის შეცვლა არ ნიშნავს ეპოქის კულტურულ ან პოლიტიკურ თანდათანობითი გარდაქმნას გაბატონებულ კლასის მეთაურობით. ევოლიუციონური „ეპოქები“ ყოველ ეპოქაში მრავლათ არის. მისი რიცხვი დამოკიდებულია ამ ეპოქაში მომქმედ ხალხების ტემპერამენტზე, ცოდნაზე და პოტენციაზე.

ჩვენი დროის ახალი ეპოქის დაწყება ასეთი ევოლიუცია არ არის მომავალი ეპოქისა. პირიქით: დამთავრებული ძველი მსოფლმხედველობა ისპობა ამ მსოფლმხედველობის მატარებელ ხალხებთან ერთად და იქმნება ახალი შეგრძნობა სამყაროსი, ახალი ხალხით და ახალი მიზნებით.

ცხადია, რომ ამ დროს ხელოვნება უშუალოდ უნდა გამომდინარეობდეს ახალ საზოგადოებრივ წყობილებიდან და ამ წყობილების მიზნებიდან.

ახალ ხელოვნებაზე საუბარი იმას ნიშნავს, რომ ახალი ხელოვნება დამოკიდებულია და შექმნილი ახალი ცხოვრების მსოფლმხედველობიდან. ახალი ნიშნავს პირველ გაჩენას და საერთო არა აქვს რა განახლებასთან.

„რა“ „როგორ“ „რად“

გაჩენა გულისხმობს სიცოცხლის დაწყებას და ხელოვნებაში მთავარი ის არის, რომ მოინახოს ძირი ამ ახალი ცხოვრების მსოფლმხედველობის აუცილებლობისა. თუ როგორ ისახება ხელოვნება ახალ ეპოქაში და როგორ უნდა გარდაქმნას ხელოვნებამ ახალი ეპოქის ცხოვრება მხატვრულ ფაქტად, – ამაზე მოგვიხდება შეჩერება რადგან ახალი ხელოვნების უახლოესი მიზანია ეს საკითხები ნათლად გაარკვიოს.

ეს მით უფრო აუცილებელია, რადგან ახალ ხელოვნებას არ შეუძლია განვითარება თუ არა აქვს გამორკვეული მიზნობრივი გამართლება.ახალმა ცხოვრებამ ხელოვნების ორ ტრადიციულ კითხვას „რას“ და „როგორს“ შემატა კიდევ ერთი კითხვა: „რად“. ახალმა ხელოვნებამ უპირველეს ამ კითხვაზე უნდა უპასუხოს. ძველი ხელოვნება ამ კითხვას ვერ უძლებს, რადგან მისი ანარქიული და უორგანიზაციო საწყისი არ გამომდინარეობს შემოქმედების მიზნობრივობიდან.

ახალი ეპოქის რკალში მოქცეული ძველი ხელოვნების შემომქმედი იმ გლეხსა ჰგავს, რომელიც პირველად მოხვდა დიდ ქალაქში და ყოველ ნაბიჯზე ეფეთება, რადგან არ იცის მიზნობრივი და ორგანიზაციული მოძრაობა საგნების და ადამიანების. პირიქით ეჩვენება: ჰგონია, რომ დიდი არეულობა და უწესრიგობაა. მისთვის სოფლის ყრილობა უფრო მწყობრია ვიდრე გეომეტრიულად განზომილი ქალაქის მოძრაობა. ამ გლეხის მდგომარეობაშია ძველი ეპოქის ხელოვანი. იმისათვის გაუგებარია, თუ ახალი რითი სჯობია ძველს.

რადგან ახალ ხელოვნებისაგან გაცემული პასუხი (მიზნობრიობა) არ არის ორგანიულად დაკავშირებული ძველი ხელოვანის ბუნებასთან, ამიტომ არსებითად არ ესმის ეს პასუხი მას და დაჯერებით ყვირის „ხელოვნება კვდება“.

ხელოვნება კვდება.

როდესაც ნაცნობი კვდება პირველი კითხვა არის: „რითი კვდება“? თუ ასე შევეკითხებით იმ ხალხს, პასუხიდან დავასკვნით, რომ ხელოვნება კი არა კვდება, კვდება ის ხალხი ვინც ხელოვნებას უკავშირებს დამთავრებულ სახელმწიფოებრივ წყობილებას, – ყოფას და გემოვნებას. ისინი ვერ გრძნობენ, რომ ხელვნებაში დღეს ერთდროულად იცვლება როგორც ფორმა აგრეთვე შინაარსი და ამ ცვლილებას სიკვდილად სთვლიან. ასეთი „კრიზისი“ მუდამ ჩნდება ეპოქის შეცვლის დროს. ჩვენი დრო ასეთ ცვლაშია მოქცეული. ახალი ხელოვანის მთავარი მიზანია მოუნახოს მომავალ ეპოქას მხატვრული გამართლება. ეს გამართლება უნდა შენდებოდეს ახალი ეპოქის იდეოლოგიით ახალი ხელოვანი ამას შესძლებს მხოლოდ მაშინ, თუ დამთავრებულ ეპოქის ღირებულებებს შეითვისებს და მოახდენს მათ გადაფასებას ახალი ეპოქის მხატვრული მეთოდებით.

ეპოქის სამკუთხედი.

ეპოქის დამთავრება ნიშნავს ამ ეპოქის აზრის აღმოჩენას. ეპოქის აზრი მაშინ არის გასაგები, როდესაც ყოველგვარი შესაძლებლობანი ამოწურულია და დაგროვილ ფაქტებიდან გამორკვეულია როგორც ღირებულება აგრეთვე მიზნები ამ ღირებულებისა.

ღირებულების გამორკვევა დიდ სიძნელეს არ წარმოადგენს, რადგან ამა თუ იმ ეპოქის ყოველი დარგის პოტენციის გაშლა ბიოლოგიური წონასწორობით მიმდინარეობს. მდინარეობის საზღვრები გარკვეულ სამკუთხედშია მოქცეული. სამკუხედის დაშლა ან შევსება ხდება მრავალი საუკუნოების განმავლობაში. ხელოვნებაში ამ სამკუთხედს ჰქვია: იდეოლოგია, ყოფა და გემოვნება.

ძველი ეპოქის გარკვეული პოლიტიკური მიმდინარეობა, გარკვეული ყოფა და გარკვეული გემოვნება, ახალი ხელოვანისათვის მკვდარ მასალას წარმოადგენს; რადგან შეუძლებელია ძველი ეპოქის იდეოლოგიით, ყოფით და გემოვნებით ახალი მხატვრული ფაქტის გაკეთება.

ახალი შემოქმედება იდეოლოგიიდან იწყება. აქ არის მთავარი სიძნელეგაუგებრობის, რადგან ძველი ეპოქის ხელოვანისათვის ახალი იდეოლოგია არ არსებობს, მას ეს იდეოლოგია არ ესმის და ამიტომ ვერც ახალ ეპოქას გრძნობს. ახალი ეპოქის ხელოვანს (უკეთ პოლიტიკოსს) სასაცილოდ ეჩვენება ძველი ეპოქიდან გადმოსული აზროვნება. ასე გაგრძელდება მანამდის სანამ ძველი ხელოვანი არ შეიგნებს ახალ იდეოლოგიას და ამავე დროს ახალი იდეოლოგიით გამართული ხელოვანი არ გადავა ახალი ეპოქის ყოფის და გემოვნების დამუშავებაზე. უამისოდ ახალ შემოქმედებას არ ექნება მხატვრული ღირებულება. მაგრამ, ახალი ეპოქა განყენებულად არ შეიძლება წარმოვიდგინოთ. ყოველ წუთში მოქმედობს ყოფა, რომელიც იქმნება გარკვეული იდეოლოგით და გემოვნებით.

ცოცხალი ლეში.

ძველი ყოფის და გემოვნების შემომქმედი, ახალ სახელმწიფოებრიობაში რომ მოქმედობს ისეთ ნაწარმოებს ქმნის, რომელიც მიუღებელია ახალი ეპოქისათვის. მიუღებელია იმიტომ, რომ ასეთ ხელოვანს არა აქვს ათვისებული ახალი იდეოლოგია. ძველი ყოფა და გემოვნება ისევ ღირებულებას წარმოადგენს მისთვის და ამ ღირებულების საზომით ქმნის სრულიად, სხვა ყოფისა და გემოვნების ხალხისათვის. აქ არის მწარე მდგომარეობა ძველი ეპოქიდან გადმოსულ ხელოვანისა. ასეთი ხელოვანი ცოცხალ ლეშად რჩება შემოქმედებაში. მისთვის იჭრება მეორედ შობის საკითხი. ამას ახერხებს მხოლოდ დიდი ნიჭის და ამტანობის ხელოვანი. სხვები წინააღმდეგობის შემდეგ ისპობიან და სამარეში მიაქვთ „ყოველ მხრივ საზიზღარი ეპოქის“ წყევლა.

კიდევ ლეში

ის არის ვინც ძველ გემოვნებას და ყოფას აუჯანყდა და ახალი ეპოქის იდეოლოგია-კი ვერ აითვისა. ახალ ეპოქაში ასეთი ხალხის მდგომარეობა უფრო რთულია რადგან მათ უხდება თავისთავთან ბოძოლა, რაც დიდ დროს მოითხოვს.

სოციალური ომების ბარიკადებზე, სიკვდილიც და გამარჯვებაც ადვილია. იქ წუთიერ გმირობაზე არის დამყარებული ინტელექტის მოქმედება. ხელოვნების ბარიკადები-კი ხანგრძლივ ბრძოლას მოითხოვენ. რამდენად ადვილია ამ ასპარეზზე სიკვდილი, იმდენად ძნელია გამარჯვება. ეს გასაგები უნდა იყოს, რადგან ხელოვნება ერთ გარკვეულ ყალიბში არ არის მოქცეული, მუდამ იქმნება და ხელოვნის მუდმივ გარდაქმნას მოითხოვს.

ვინც თავიდანვე აუჯანყდა ძველი ეპოქის ყოფას და გემოვნებას იმან ახალი ეპოქის დაწყებისთანავე იგრძნო, რომ მარტო ყოფით და გემოვნებით არ მთავრდება ხელოვნების რევოლიუცია. მთავარია იდეოლოგიური მთლიანობა. მაგრამ, ძნელი აღმოჩნდა ბურჟუაზიული იდეოლოგიით აღზრდილ ხელოვნისათვის (მიუხედავათ მისი მეამბოხეობისა) ორგანიზაციული მთლიანობა პროლეტარული სახელმწიფოსი. ასეთ რკალში არის მოქცეული მეამბოხე ხელოვანთა ის ნაწილი, რომელმაც ახალი ეპოქის იდეოლოგია ვერ გაიგო ან ვერ იგრძნო თავისი ბუნების მხატვრულ ნაწილად.

მითის ტყვეობაში.

ახალი ეპოქისათვის იდეოლოგიურად მიუღებელმა მეამბოხეთა წრემ ხალხურ მხატვრულ აზროვნებაში დაინახა სიახლე. ვერ მიხვდნენ, რომ ხალხური შემოქმედება თავისთავად ნიშნავს ძველი ეპოქის ყოველ მხრივ განმეორებას. ხალხის აზროვნება (ამ შემთხვევაში გლეხობის) ე. ი. გემოვნება, ყოფა და იდეოლოგია, მთლიანად ანარქიულ ბუნებიდან მომდინარეობს და არაფერი საერთო აქვს მატერიალისტურად გამართულ ფიზიკის ფენომენთან. (ახალი ეპოქის საწყისი). ხალხოსნური შემოქმედების მიბაძვა ცუდი გამეორება იყო და არის ძველ ეპოქაში მომქმედ ხელოვნებისა. ამ რიგად უიდეოლოგიო მეამბოხენი ხელოვნების ბურჟუაზიულ ეპოქის ჩვეულებრივ „ბუნტარობას“ ვერ გასცდენ. გადარჩა და გამართლდა ის ვინც ძველი ყოფისა და გემოვნების დაშლის შემდეგ პროლეტარიატი დაინახა და ის იგრძნო როგორც ახალი მსოფლმხედველობის მატარებელი სოციალური კლასი. სდგება საკითხი: რითი არის ძველი ბურჟუაზიული ხელოვნება და რატომ არ შეიძლება ამ ხელოვნების ფორმით და შინაარსით განვითარდეს ახალი ეპოქის მხატვრული შემოქმედება? აქვს რაიმე კავშირი ხელოვნების მასალის დალაგებას მსოფლმხედველობასთან თუ არა?

ბუნება, ადამიანი, ნივთი.

თუ ეპოქის განვითარება სამკუთხედში მიმდინარეობს, როგორც ეს ზევით აღვნიშნეთ, და ამ სამკუთხედის მასალას წარმოადგენს ბუნება, ადამიანი და ნივთი, – ცხადია, რომ თვით განვითარებაც ფსიქოლოგიურად დამოკიდებული უნდა იყოს მასალის დალაგებაზე და მის ეპოქალურად გაგებულ ათვისებაზე. ძველი ეპოქის სამკუთხედის მასალა ასე ლაგდება: ბუნება, ადამიანი და ნივთი. პირველი ადგილი უჭირავს ბუნებას. ძველი მსოფლმხედველობით ბუნება არის: უსაზღვრო, შეუცნობელი და მიუწდომელი. ბუნების ყოველი მოვლენა – მისტიური. ბუნებიდან აღებული მხატვრული სახე გამომსახველია მისტიური და სიმბოლიური არსებობის. ბუნება ათვისებულია როროგორც ღვთაება და ბუნების ყოველი მოვლენა ღვთაებრივ მოვლენათ არის განსახიერებული. ხელოვანის მიერ მოცემული აზრიან სიტყვა ბუნების უსზღვროებიდან ან შეუცნობლობიდან წარმოსდგება. სამყაროს ასეთი შეგრძნობა შემოქმედებაში გაგებულია როგორც ბუნების მეტაფიზიკური რაობის გამარჯვება ადამიანის გონიერებაზე.

მეორე პირი სამკუთხედისა არის ადამიანი. იგი – როგორც შედეგი შეუცნობელის და მიუწვდომელის (ბუნება) თვითონაც შეუცნობელი და მიუწვდომელი რჩება. აქ ისახება პიროვნების განდიდება (ინდივიდუალიზმი) ზოგჯერ გაღმერთებაც-კი (ბუნების მსგავსად). ადამიანი გაგებულია ანარქიული სულის განსახიერებად. ყოველი მისი მოძრაობა, ამ სულის შედეგად არის წარმოდგენილი და არა კანონდებულ ნივთობრივ გარემოს შედეგად. მესამე და უმნიშვნელო პირი სამკუთხედისა არის ნივთი. ძველი მსოფლმხედველობით ნივთი გაგებულია როგორც მკვდარი მოვლენა. რადგანაც მკვდარს არ შეუძლია ცოცხლის ნება განსაზღვროს ან გარდაქმნას, ამიტომ ბუნებისა და ადამიანის დამოკიდებულებაში, ნივთი მხოლოდ სამკაულის როლს ასრულებს. სამკაული ხშირად საჭირო არ არის და ძველი ხელოვნების შემოქმედებაში იშვიათად ვხედავთ ნივთს.

ნივთის მკვდარ მოვლენათ ათვისება აძლიერებს ადამიანის უსაგნო მგრძნობელობას და აბსტრაქტულ სულიერ განცდებს. რომანტიზმის ძირი აქ ისახება. მისტიციზმამდე, არც ერთ მდგომარეობაში, ხელოვანისათვის შემაჩერებელი გზა აღარ არსებობს. ამ რიგად, ძველი ეპოქის მსოფლმხედველობა, როგორც მოკლებული ცოცხალ ნივთობრივ სამყაროს, მთლიანად ემყარება ძალადობას (ბუნების სტიქია), სულის სიძლიერეს (ანარქ. ინდივიდუალიზმი), და უორგანიზაციო კომფორტს (მკვდარ ნივთებს).

ასეთი მსოფლმხედველობა უდევს საფუძვლად ძველი ეპოქის ხელოვნებას; ცხადია, რომ ამ საფუძველზე ახალი ხელოვნების გაშლა შეუძლებელია.

მანძილი, დრო და „ერის“ სული.

ძველი ეპოქის იდეოლოგია, როგორც დამოკიდებული ბუნების მოვლენებზე მტკიცედ მოითხოვს მანძილის განსაზღვრას. მანძილის საზღვარი ნიშნავს მრავალ ტერიტორიალურ ერთეულებს. საზღვარდებული ერთეულები აკანონებენ გარკვეულ დროს, მათში არსებულ მანძილის დასაძლევად.

მანძილისა და დროს შეგნებიდან იქმნება ყოფა. ტერიტორიალურ ერთეულებში მოქცეულ ადამიანებს, ამ ერთეულების მიხედვით, უმუშავდებათ თავისებური ხასიათი, ეგრედ წოდებული „ერის სული“ რაც ბოლოს და ბოლოს ერთ ერთ ტერიტორიალურ ერთეულზე დამუშავებულ გემოვნებას ნიშნავს, იბრძვის ინდივიდუალურ ყოფისათვის. გადასული ეპოქის იდეოლოგიაც, ცხადია, რომ ეროვნულ სახელმწიფოებრივობაზე ემყარება. ასეთი წყობილება არის უდიდესი სოციალური მიღწევა იმ მსოფლმხედველობის, რომელიც მთლიანად დამოკიდებულია ბუნებაზე და რომელსაც სოფლის ფენომენი ეწოდება. ამ ფენომენის შემდეგი სოციალური განვითარებიდან იწყება სტატიურ ფორმაში გადასვლა, ეროვნული ეკონომიის მიზნით. უმოძრაო მდგომარეობას ცხოვრების საერთო მიმდინარეობა არ იღებს და დამთავრებულ ეპოქის ადგილს იჭერს ახალი ეპოქა, და ეს ახალი ეპოქა არის ქალაქის ფენომენის დაწყება.

მიზანი

ის არის რომ ადამიანმა დაიჭიროს ბუნების ადგილი. შეუცნობელი და ღვთაებრივი დაუქვემდებაროს გონიერებას, ამ სურვილთან არის დაკავშირებული ტეხნიკის განვითარება. ადამიანმა თავისი მოხერხებით უთუოდ უნდა აჯობოს სტიქიურად მომქმედ ბუნებას. სუსტმა და მეოცნებე „ნაცარქექიამ““ თავისი მოხერხებით, ჭკუით, უნდა დაამარცხოს ზვიადი და ცხრა თავიანი, მაგრამ უთავო მდევი.

ეს არის მიზანი ახალი ადამიანის დაუსრულებელი ძიებისა და ახალი ეპოქა მხოლოდ ორგანიზაციული დაწყებაა ამ მიზნისაკენ.

არის გამონაკლისი „მიწასთან დაბრუნების“ სახით, მაგრამ, „მიწასთან დაბრუნება“ მაჩვენებელია სიბერის, სიკვდილის და ძველი ეპოქის თანდითანობითი მოსპობაც ამ სიბერის შედეგია. ამიტომ, ახალ ხელოვნებას ვერ გაიგებს ის ვინც მანქანურ ეპოქაში გადასული ეპოქის ხერხემალით შემოდის. მიწასთან დაბრუნების ფილოსოფია გამეორებაა რაინდულ რომანტიზმის, მეტაფიზიკის და ბუნების მისტიურ მსოფლმხედველობისა და არაფერი საერთო აქვს ქალაქის ფენომენთან. ამ რიგათ ძველი ეპოქის ხელოვნება როგორც ფორმით ისე შინაარსით დასრულებულია და ახალ ეპოქაში მისი განვითარება არც მოხერხდება. ისევ ახალი შეკითხვა მეორდება: მაშ როგორი ფორმით და შინაარსით უნდა გაკეთდეს ახალი ეპოქის შემოქმედება?

ნივთი. ადამიანი, ბუნება.

ძველ ეპოქაში შემოქმედების ფონი იყო მისტიური თვისების ბუნება, ადამიანი – ბრმად მავალი ამ ფონზე და ნივთი – მკვდარი გამოსახულება ბუნების.

ახალი ეპოქის სამკუთხედი-კი წინააღმდეგი მიმართულებით იძლევა სამყაროს შეგრძნობას. შემოქმედება იშლება ნივთობრივ სამყაროში; ადამიანი ამ ნივთობრივ სამყაროს ფონზე მოქმედობს ნათელი გონებით და მიზნობრივი ორგანიზაციულობით. ნივთ გამოცლილი ბუნება გადაქცეულია მკვდარ მოვლენათ და ახალ ეპოქაში ისეთივე უმნიშვნელო ადგილი უჭირავს, როგორც ძველ ეპოქაში ეჭირა ნივთს, როდესაც ნივთი წარმოდგენილი იყო მკვდარ მოვლენათ.

ასეთი დალაგებით იცვლება სამყაროს შეგნებაც. თუ რატომ იწყება ახალი ეპოქის შემოქმედება ნივთიდან – გასაგებია, რადგან ნივთი არის ცოცხალი და ხელშესახები მოვლენა ამ ახალი მსოფლმხედველობით. იგი მთლიანად გამომდინარეობს და დამოკიდებულია ადამიანის ხუთ გრძნობაზე. ექვემდებარება საღ, მატერიალისტურ აზროვნებას. ნივთის ნაწილაკები ორგანიზაციული კონსტრუქციით არიან დაკავშირებულნი და წინასწარ მიზნობრივად განზომილნი.

ნივთისათვის, უტილიტარული გაგებითაც-კი, არ არსებობს დრო, სივრცე და ტერიტორიალური ერთეულები. ნივთის ძალა არ შეიძლება მოექცეს ადამიანის საღი გონების კონტროლის მიღმა. ამით; მეტაფიზიკური ხედვა სამყაროსი ახალ ეპოქაში, თავიდანვე მოხსნილია. ნივთობრივ ეპოქაში მითის შექმნა შეუძლებელია, (მითი, როგორც საწყისი სოფლის ფენომენის) იგი მუდამ ფიზიკად რჩება (ფიზიკა, როგორც საწყისი ქალაქის ფენომენის წინააღმდეგ სოფლურისა).

ამიტომ, ახალი ეპოქა ქალაქიდან იწყება და ამ გაჩენას დღეს უთუოდ უნდა მეთაურობდეს პროლეტარიატი, როგორც უფრო ახლო მდგომი ნივთობრივ სამყაროსთან. ეს ახალი ადამიანი, – მეორე პირი ახალი ეპოქის სამკუთხედისა, ნივთის თვისებებით შენდება. ტრადიციით და ზოოლოგიით გადმოცემული ბუნება მის არსებაში, ნივთის განვითარებასთან და შეგრძნობასთან ერთად, თანდითალობით ისპობა. ანარქიული სული ადგილს უთმობს ორგანიზაციული და მატერიალისტურ მსოფლმხედველობას, მისი ინდივიდუალური შეგნება, მიზნობრივად აღმოცენებულ კოლექტივში ხედავს თავის განვითარების შესაძლებლობას. კოლექტიური შეგნებისათვის, დრო სივრცე და ტერიტორიალური ერთეულები, მხოლოდ, ფიზიკურად არსებობენ და ამ კოსმიურ მასალიდან ახალი ადამიანი ქმნის მანქანას.

ის შემცდარი აზრი, რომელიც ახალი ეპოქის დასაწყისში გავრცელდა, – თითქოს ადამიანი უნდა იყოს მანქანის ერთ-ერთი ვინტიო, – არ არის მართალი. ადამიანი, როგორც შემქმნელი, უფრო მაღლა დგას შემონაქმედზე. მანქანა მთლიანად უნდა ემორჩილებოდეს ადამიანის კოლექტიურ ნებას. სხვანაირად გაგებული მანქანური სამყარო, ძველი ეპოქის მეტაფიზიკური აზროვნების შედეგად უნდა ჩაითვალოს.

ნივთი, როგორც ბუნების მატერიალური სახე, ჰკლავს ბუნების ყველა არა მატერიალურ გამომჟღავნებას. ახალი ეპოქის ადამიანი შეგნებისათვის ნივთ გამოცლილი ბუნება, უკვე მკვდარ მოვლენათ იქცევა. ახალი ხელოვანის შემოქმედებისათვის ასეთი ბუნება, მხოლოდ, სამკაულია ისეთივე როგორიც ნივთი იყო ძველი ეპოქის შემოქმედებისათვის.

ახალი ეპოქა, და მასთანავე ხელოვნების განვითარებაც ასეთ ნივთობრივ საწყისზე შენდება. ასეთი განვითარება ბუნების ფიზიკურად გამომჟღავნებაზე ემყარება და მოითხოვს ახალი ადამიანიდან ყოველმხრივ დისციპლინას და ორგანიზაციულობას. ეს არის ძირითადი და უმთავრესი თვისება ახალი ეპოქის და ამ ეპოქის ყოფისა და გემოვნების განვითარება, მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, როცა სოციალური რევოლიუცია თავის, იდეოლოგიურად გარკვეულ ფორმებში ყალიბდება.

შემდეგ იწყება კულტურული რევოლიუცია ახალი ადამიანის შესაქმნელად. და მე მგონია, დღეს კულტურული რევოლიუცია ახალი ხელოვანის ხელში უნდა იყოს სილა (ისევე, როგორც სამოქალაქო ომი) ძველი ხელოვანისათვის, რომელსაც კიდევ სწამს ხელოვნების ღვთაებრივობა. მან უთუოდ უნდა შეიგნოს მატერიალისტური მსოფლმხედველობა და ახალი ეპოქის სოციალურ საზოგადოებრიობის მოთხოვნილებებს დაუქვემდებაროს ხელოვნება, ან, უნდა მოისპოს.

იწყება ახალი ეპოქა. ისეთი ეპოქა რომლის მსგავსი ჯერ ხალხთა ისტორიაში არ ყოფილა. ახალი ხელოვანის შემოქმედება პირველი მხატვრული ფუძეა მომავალი საუკუნოების. თუ დაწყება არ იქნება საღი, – ვერავითარი ნაძალადევი დაჯერება ახალ ეპოქას ვერ შეგვაგნებინებს.

ყალბი რწმენა

დღეს ძალაშია. ხელოვნების ფაქტს ან ძველი ეპოქის ადამიანი ქმნის, ან ახალ ეპოქაში დაბადებული. პირველ შემთხვევაში ხელოვანი დაჯერებულია, რომ მისი გემოვნება, ყოფის გაგება და საერთოდ მსოფლმხედველობა გარდუვალ და უცვლელ კანონებზეა დამყარებული. მისი აზრით, ის რაც ახალ ეპოქას მოაქვს, გარდამავალია, ამიტომ ზერელეთაც შეიძლება მისი ათვისება, ფიქრობს ის, მაგრამ ავიწყდება, რომ ამ ათვისებაში გამორჩენილია მთავარი, – ხელოვნებას არ გრძნობს როგორც სოციალურ წყობილების ზედნაშენს. აქედან იწყება გაუგებრობა და ამ გაუგებრობას ძირი ყალბ რწმენაში აქვს. ეს არის რწმენა, ძველი მსოფლმხედველობის უკვდავებისა. ამის გამო ძველი ხელოვანი საკუთარ თავის გარდაქმნაზე არ მუშაობს მასზე უმალ, ვიდრე შემოქმედებას შეუდგებოდეს. ახალი იდეოლოგიის გაგება კი, ამ გარდაქმნის გარეშე შეუძლებელია.

იმავ დროს, „უიდეოლოგიო“ შემოქმედება საუკეთესო იდეოლოგიაა სოფლური ფენომენის განვითარებისათვის. ასე მოქმედობს ძველი ხელოვანი და ჰქმნის ახალი ეპოქისათვის სრულიად მიუღებელ ხელოვნურ ფაქტებს. როდესაც პროლეტარიატის გემოვნება, შეგნება და საერთოდ მსოფლმხედველობა ასეთ ფაქტებს ღირებულებათ არ სცნობს ის ყვირის: „არ ესმით“ „უკულტუროები“.

მეორე მხრივ, ახალი ეპოქის ხელოვანი, თუმცა იდეოლოგიურად მყარ ნიადაგზე სდგას, მაგრამ ეს არ კმარა ახალი ხელოვნების შესაქმნელად. ხელოვნებაში გემოვნების და ყოფის ათვისების საკითხი მხოლოდ სოციალური წყობით არ განიზომება. იდეოლოგიურად განმტკიცების შემდგომ, კიდევ დიდი შრომა და ინტელექტუალური ნიჭი არის საჭირო, რომ გახდე ხელოვანი და მით უმეტეს ახალი ეპოქის. ამიტომ არის, რომ იდეოლოგიურად მტკიცე და თანამედროვე ადამიანი, ხელოვნებაში, ზოგჯერ, მერყევი და ძველი მსოფლმხედველობის გამომტანია. ასეთი ხელოვანის ყოველი გადასვლა შემოქმედებაში, აგიტაციით თავდება, ან ძველი ეპოქის შემონაქმედთა მიბაძვით.

ამასთანავე სოციალური ბრძოლებით და ახალი იდეოლოგიით განმტკიცება კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ მებრძოლს თუ მოისურვებს ყოველთვის შეუძლია გახდეს კარგი, ან საერთოდ ხელოვანი, ახალი იდეოლოგიიდან გამოსვლა, მე მგონია, პირველი რკალის გარღვევაა ხელოვნებაში გადასასვლელად. ხელოვნად გახდომისათვის საჭიროა ორი უფრო ძნელი რკალის გარღვევა: – ყოფის მხატვრული თვალით დანახვა და ნახულის ან ნაგრძობის მხატვრული გემოვნებით და ცოდნით დამუშავება. ორივე შემთხვევაში, ახალი ეპოქა, ხელოვანისაგან მოითხოვს უპირველესად პიროვნულ მხატვრულ კულტურას. უამისოდ შეუძლებელია ცხოვრების მიმავალ ფორმებისა და მომავლის იდეალების შორის წარმოებული ბრძოლის მხატვრულად ასახვა. ახალმა ხელოვანმა, დღეს, უმთავრესად ეს აწმყო უნდა ასახოს, რადგან აქედან უნდა დაიწყოს ახალი კულტურის ღირებულებათა დაგროვება.

თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს ღირებულების კეთების პროკესი ახალ ეპოქაში, ეს უმთავრესად იდეოლოგიური კუთხიდან განვმარტე. ამის გამართლებას იმაში ვხედავ, რომ, მე მგონია, –– ჯერ იდეოლოგიურად უნდა დამუშავდეს ახალი ხელოვანი და შემდეგ შეიძლება მის შემოქმედებაზე საუბარი.

ეს წერილი წარმოადგენს დასახულ მიზნის მხოლოდ, პირველ თავს, და ვფიქრობ, რომ, თუმცა ზოგადი დებულებით, მაგრამ მაინც გარკვეულად არის ნათქვამი ის, თუ ამ ახალ ეპოქის დაწყების დროს, – როგორ უნდა კეთდებოდეს ახალი ხელოვნება.

ჟურნ. „ქართული მწერლობა“ 1928 წ. № 6-7

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი