cover

ბენო გორდეზიანი // სადისკუსიო საკითხები: მემარცხენეობა ქართულ ლიტერატურაში

სადისკუსიო საკითხები

მემარცხენეობა ქართულ ლიტერატურაში.

საბჭოთა წესწყობილების დამყარების შემდეგ საქართველოში შეიქმნა ახალი ყოფა. სასიცოცხლო ინტერესი მოითხოვდა არსებულ ღირებულებათა გადაფასებას. ახალი ყოფის მიხედვით უნდა შექმნილიყო სამყაროს ახალი გაგება. ამ გაგების გადმოსაცემად — ახალი განცდანი და განწყობილებანი.
ამ ნიადაგზე შეიქმნა ახალი ლიტერატურული ორგანიზაცია „ქართული ფუტურიზმის“ სახელით. მიზანი იყო: ტრადიციული და ტრაფარეტული გემოვნების დაშლა, ნაცვლად-კი, ახალი გემოვნებისა და ახალი ფაქტების შექმნა. ეს საქმე მოითხოვდა დიდ ბრძოლას, გულწრფელობას და პიროვნულ კულტუროსნობას.
მაგრამ სამიოდე წლის შემდეგ ამ ნიადაგზე მივიღეთ მხოლოდ კარიერისტი ბუნტარების ახალგაზდობა და არა ნამდვილი მემარცხენე შემომქმედნი.
ეს ვიგრძენი ჟურნალ „მემარცხენეობის“ გამოსვლით.
ჩემთვის, როგორც ქართული ფუტურიზმის ერთ-ერთ მთავარ ორგანიზატორისათვის, ძნელია ამ ჟურნალის მასალების გარშემო ლაპარაკი, მაგრამ საჭიროა დროზე შეჩერდეს ის ხალხი,ვინაც დაჰკარგა ყოველივე ტაქტი, ქართული ლიტერატურისა და აზროვნების პატივისცემა:\ ჟურნალ „მემარცხენეობის“ დეკლარაციაში ნათქვამია, რომ „ჩვენ ვიბრძვით გემოვნების დიქტატურისათვის, რადგან ჩვენ ვართ დასრულებული და უკანასკნელი მიღწევა ქართული ხელოვნების“-ო.
ამ განცხადების დავიწყება ისევე შეიძლებოდა, როგორც ერთ დროს გამოქვეყნებულ „კრონოსის სარკის“ დეკლარაციისა, მაგრამ ქართული ლიტერატურის დღევანდელი პირობები და ერის სოციალური მდგომარეობა, მოითხოვს გადამჭრელ პასუხს: აქვს რაიმე რეალური ღირებულება ასეთ განცხადებას თუ არა? პასუხისათვის დაუახლოვდეთ ჟურნალისშინაარსს და მის „მემარცხენეობას“.
ხელოვნებაში მემარცხენეობა მარტო თქმათ დარჩება თუ მხატვრული ფაქტი არ გვაძლევს: 1) ენის რევოლიუციას; 2) სიტყვის ქმედითობას, აზრისა და ხმის მიხედვით. 3) შინაარსს; 4) სიახლეს და ბოლოს: 5) ენის ცოდნას. გარდა ამისა, ვერც ერთი ქართველი ლიტერატორი, მით უმეტეს მემარცხენე, ერთ სტრიქონსაც ვერ გაშლის, თუ გარკვეული არ აქვს ხელოვნების დამოკიდებულება პოლიტიკასთან. ამ მდგომარეობას, ყველაზე მწვავედ,ქართველი ხელოვანი გრძნობს.
დაუბრუნდეთ ჟურნალის მასალებს და გავეცნოთ „დამთავრებულ და უკანასკნელ მიღწევებს ქართულ ხელოვნებაში“.
ჟურნალი იხსნება მეთაურით, რომელსაც დეკლარაციის ხასიათი აქვს. მეტად ბუნდოვან შინაარსიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ დეკლარაციას უმთავრესად პოლიტიკური ხასიათი უნდა ჰქონდეს.
ალბათ ამიტომ სურთ: „გააერთიანონ მხოლოდ ის მუშაკები, რომელნიც ნამდვილ მემარცხენე პრინციპებით ასრულებენ სოციალურ დაკვეთას, რასაც მათ საბჭოთა საქართველოუყენებს“. ამავე დროს ისინი ებრძვიან ინდუსტრიალიზმის იდეის აგიტაციას: „აქვე ჩამოყალიბდა ჩვენი ინდუსტრიალიზმის გაბანალება და რელიგიურ ფატალიზმამდე (?) დაყვანა“.არა მგონია, რომ ეს იყოს „დაკვეთის“ კარგათ შესრულება. საბჭოთა საქართველო ეხლა იწყებს წარმოების განვითარებას. ამ საქმისათვის გაწეულ აგიტაციის წინააღმდეგობა „დათვურ სამსახურს“ ნიშნავს.
სხვადასხვა რუსულ ჟურნალებიდან ცუდათ გადმოქართულებული წინადადებებით, შეკოწიწებულია მემარცხენეობის გაგება, მაგრამ თავისებური ლოღიკით: ..მემაცხენეობის“მიზანს შეადგენს ჩამოყალიბდეს ნამდვილი მემარცხენე ხელოვნება“. განა შეიძლება, რომ მემარცხენეობას ასეთი მიზანი არა ჰქონდეს? საინტერესოა დეკლარაციის ავტორებს როგორ აქვთ წარმოდგენილი „ნამდვილი მემარცხენეობა“. აი როგორ: „ეხლა მთლიან მემარცხენე ფრონტში შედიან: ფუტურისტები, კონსტრუქტივისტები, მემარცხენე პოეტები, ბელეტრისტები, მხატვრები, კინო რეჟისორები, კლუბის მუშაკები და ახალგაზრდა (მოხუცებმა რა დააშავეს? ბ. გ.) თეორეტიკოსები“. დარწმუნებული ვარ, — მკითხველის სურვილი იქნება გაიგოს: ვიღას ებრძვიან ამ დეკლარაციის დამწერელნი. ვინღა დარჩა? შეიძლება დეკლარაციის ავტორებიდან ასეთი პასუხი მივიღოთ: „დაგვავიწყდა ყველა „ები“ს წინ მიგვეწერა „მემარცხენე“. მაგრამ თუნდაც რომ მიაწერონ საქმეს მაინც არ შველის; და საქმე კი იმაშია, რომ, ვისაც მემარცხენე ხელოვნების ოდნავი გაგება აქვს, იცის ის პრინციპიალური და ყოვლად შეუთავსებელი განსხვავება, რომელიც ჩამოთვლილ დარგებში არსებობს. როგორ შეიძლება ა. განის კონსტრუქტივიზმი მოთავსდეს თუნდ ჩიჩერინ--ზელინსკის, ან როდჩენკოს კონსტრუქტივიზმთან? თუმცა ყველანი კონსტრუქტივისტები და მემარცხენეები არიან. აგრეთვე მემარცხენენი არიან რევოლუციონურ კოლექტივებში შემავალი პოეტები და მემარცხენენი არიან „Леф“-ის პოეტებიც. რომ არ შეიძლება მათი ერთად მოთავსება? ასევე ითქმის მხატვრებზე და კინო რეჟისორებზე. კლუბის მუშაკების და ახალგაზრდა თეორეტიკოსების მემარცხენეობა, ისეთივე გაუგებრობაა, როგორც ამ დეკლარაციის მემარცხენეობა. ამასთანავე განა არ შეიძლება ფუტურისტი, იმავე დროს იყოს მხატვარი, პოეტი,, კინო რეჟისორი? ფუტურიზმი ხომ დინამიკას ნიშნავს და როგორ შეიძლება მისი მოქცევა სტატიურ ფორმაში? ეს აშკარა გაუგებრობაა როგორც ფუტურიზმის, აგრეთვე მემარცხენეობის პრინციპებისა.
მაგრამ — „კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდება“. ამას უფრო ნათლად დავინახავთ „პრაქტიკის გარჩევის დროს. მემარცხენეობის ნაცვლად შეგვრჩება სიმბოლიზმი და ყანწელების სურროგატი. ამიტომ არ მიკვირს მემარცხენეობის ასეთი მისტიფიკაცია“. რაც ვსთქვი, ეს არის დეკლარაციის შინაარსის მთავარი ღერძი, თუ, რასაკვირველია, გამოვაკლებთ ქართველი მწერლებისადმი მიმართულ უშნო ლანძღვას, ის „ახალი“ რომელიც ამ დეკლარაციაში არის გამოთქმული, დღეს ყველა „კომსომოლისტმა“ იცის. იცის რომ,: „აღმშენებლობითი ყოფა დღეს, თავის ნაწილად აცხადებს ხელოვნებას და მას ორგანიზატორის მოვალეობას აკისრებს“. (როგორც აქ, ისე ყველგან დაცულია დეკლარაციის მართლ წერა. ბ. დ.).
დეკლარაციაზე ხელის მომწერნი, შეიძლება, მემარცხენეობის გაგებაში შესცდენ, მაგრამ შეიძლება რომ ეს შეცდომა კარგი ქართული ენით გამოთქმულია. ენის ცოდნა ხომ განსაკუთრებით სავალდებულოა მისთვის, ვინც იბრძვის „გემოვნების დიქტატურისათვის“. ვნახოთ ამ დეკლარაციის ქართულიც. მხოლოდ ამონაწერებს მოვიყვან. მჯერა, მკითხველისათვის, უკომენტარიოთაც ნათელი იქნება „ქართული ენის უკანასკნელი მიღწევა“.
„ჩვენი ლექსალობის სტრუქტურას „სპეც“ სიმბოლისტებიც დაესესხენ“.
...„დაასვა თავისი გაცვეთილი ესტეტიზმის დაღი“.
„აქედან გამომდინარეობს ყოფის მასალებრივობისა და ცხოვრების შეგნების პრინციპი“. „ეს კადრი იბრძოლებს... ფსევდო მემარცხენეობის მოსპობისათვის, ცხოვრების აღმშენებლობითი პრინციპების განმტკიცებისა და თანამედროვე ადამიანის გაგების ჩამოყალიბებისათვის“.
„ჩვენ ვიბრძოლებთ ლიტერატურის მეშჩანური მიმღეობის წინააღმდეგ, კონსტრუქტივიზმისა და სიმბოლიზმის შედედების სურვილების მოსასპობათ ყოფის სტატიკისა და მისი გადაღების წყურვილების ჩასაკლავად“.
„ჩვენი მიზანია თანამედროვე ყოფის დგამის გრძნობა და აქედან მშენებლობითი წარმოება მომავალ ცხოვრებისა“.
„საბჭოთა საქართველოს მასალებრივი სპეციფიკა“.
ესაა „გემოვნების დიქტატორთა“ დარბაისული და „ტკბილსასმენი“ ენა!
გარდა დეკლარაციისა, მემარცხენეობის შინაარსს არკვევს ბ. ჟღენტის წერილიც; ვინაიდან დეკლარაციის მიხედვით შეუძლებელია გავიგოთ, თუ რა არის მემარცხენეობა, — იქნებ ჟღენტის წერილმა დაფაროს ეს ნაკლი. ვნახოთ.
წერილის სათაურია: „მემარცხენეობის საზღვრები“ უნდა ვიფიქროთ, რომ ბ. ჟღენტი, შეიარაღებული მემარცხენე ხელოვნების თანამედროვე მიღწევებით, მემარცხენეობის ციხეს, შიგნიდან იცავს.. მაგრამ ასეთი გაგება შემცდარი გამოდის: ბ. ჟღენტი „წარსულის ესთეტიური ტრადიციებით მისდგომია მემარცხენეობის სიმაგრეს და „შტურმ“-ით უნდა აიღოს. იბრძვის ვექილურ ლოღიკითა და მამაშვილური თეორიით. „კიდეც სჭრის და კიდეც კერავს“. შეკერილია ხუთი გვერდი აბდა-უბდა. წერილის შინაარსზე არ ვილაპარაკებ, რადგან არავითარი შინაარსი, გარდა გაუგებრობისა აქ არ არის. ჟღენტი ამბობს:
მატერიალურ კულტურის ანალოგია არ გამოდგება სულიერი კულტურის, იდეოლოგიისა და კერძოთ ხელოვნების მიმართ და იმავე დროს: „მემარცხენე ფრონტი ხელოვნებას აცხადებს სავსებით უტილიტარულ, პრაქტიკული მნიშვნელობის კატეგორიათ“. ამას ჰქვია: „ღმერთსაც და ეშმაკსაც“. ასეთი წინააღმდეგობებით არის აჭრელებული მემარცხენეობის უბრალო გაგება.
საინტერესოა ჟღენტის სოციალური მიდგომა ხელოვნებასთან: „ორი კულტურა (კაპიტალისტური და კომუნისტური) ერთსა და იმავე ნივთობრივ ბაზისზე შენდება. ეს ორი კულტურა ურბანული, ინდუსტრიალური ხასიათისაა. ამიტომ მათი მასალობრივი ინვენტარიც პრინციპიალურად ერთგვარია. ახალი კულტურა გულისხმობს მხოლოდ გადალაგებას“. ცხადია, პოლიტიკური ეკონომიის პირველი ფურცელიც არ წაუკითხავს ამის დამწერს.
ჩვენთვის ბ. ჟღენტის მემარცხენე პრაქტიკა უფროა საინტერესო. თვით ჟღენტის თქმით: „ხელოვნების გამართლება შემოქმედებითი პრაქტიკაში მდგომარეობს“. ვნახოთ როგორია ჟღენტის მემარცხენე „შემოქმედებითი პრაქტიკა“
როგორც სჩანს, ჟღენტს ლექსების წერა მიუტოვებია და ეს წერილი არის მისი პრაქტიკა. გავიხსენოთ ზემოთ გამოთქმული მემარცხენეობის დამახასიათებელი თვისებები როგორც ენის, ისე სიტყვის რევოლიუციისა და ასე მიუდგეთ ამ პრაქტიკას. გავეცნოთ ესთეტიურ ტრადიციებიდან განთავისუფლებულ“ ჟღენტს.
„კოლლიზიები“, „სფეროში“. „რესტავრაცია — აი ტენდენცია“. „მონოპოლიურ პრეტენზიის ტონი“. „ტრაფარეტისა და რუტინის აგრესიული“. „დემარკაციით“ фერვატერი“. „პოსტულაცია“. „ფორმაციისათვის“. „პოზიტიური კონცეპცია“. „კულტურული პროგრესის თვალსაზრისით“ (ნუთუ არსებობს კულტურული რეგრესი? ბ.გ.) „ინტენსიური“. „ტრანსფორმაციისათვის“. „იდეალისტურ“. „დუალისტური“. „პოეტიკისათვის“. „ბაზისზე“. ..თემატიკა“. „იმპულსი“. „იმანენტური“. „ფორმებში მოქცევაში“. (სადაური ქართულია? ბ. გ.) პრიორიტეტს“. „იმანენტური ტრანსფორმაცია ფორმალური რევოლიუციით“. „არგუმენტაცია ფორმალურ რევოლიუციისა“. ენტუზია“. „იზოლიაცია“. (ეტყობა იურისტია! ბ. გ.) „პროგრესიულ სოციალურ იდეათა საწყისი პოეტ ჰეზიოდეს სიმღერებიდან მოდის“. (იქნებ ადამიდან მოდის? ბ. გ.) „ინდეფერენტიზმს“. „სოციალური ყოფის ფორმაციაში“. მეტაფიზიკურ ესთეტიკაში“. „ილლიუზიას“. „თვით მყობადი მხატვრული ფაქტების პროდუქციით“. „ნივთობრივ სამყაროში“ (სად არის უნივთო სამყარო? ბ. გ.). „პერცეპციით“. „თვალსაზრისებს (ქართული არ არის ბ. გ.). „კულტურული კოლლიზიები“. „უნივერსალური მასშტაბით“. შემოქმედებითი პრაქტიკაში“ (თუ პრაქტიკაა, შემოქმედებაც იქნება. ბ. გ.). „თავისებური, სპეციფიური“. კოლიზიის რეზონანსს“. „კულტურული პროგრესი აუდიტორიის“ (სად გაგონილა უკულტურო პროგრესი? ბ. გ.). „კონსერვატიულ ტრადიციებს“. „ახალი იდეოლოგიის, ახალი ფსიქიკის, ახალი საზოგადოებრივობის ფორმაციისა“. გაბანალებისა და ვულგარიზაციის“.
ესაა ჟღენტის „სიტყვის რევოლიუცია“. სადღა უნდა წავიდეს მემარცხენეობის გაბანალება, ამას იქით?
ასე სჭრის ბ. ღენტი „მთელი თაობის, მთელი კულტურის საკითხს“ მე მგონია ასეთ მემარცხენეს“ არ უნდა ჰქონდეს მორალური უფლება ილაპარაკოს „ცხოვრების მშენებლობასა და ორგარიზაციაზე. ეს მემარცხენეობა „საბჭოთა საქართველოს სოციალური დაკვეთაა?“ თუ „ხელოვნება ცხოვრების ორგანიზაციული ელემენტია“, — ჟღენტის ხელოვნება ამ საქმეს ვერ მიეკარება.
მე მგონია, რომ მემარცხენეობა იგივეა, რაც ფუტურიზმი. ფუტურიზმი ნიშნავს რევოლიუციას ხელოვნებაში. მემარცხენეობას მუდამ ორი მომენტი ახასიათებს: ამბოხება და შემოქმედება. ამბოხება იწყება მაშინ, როდესაც ხელოვნების რომელიმე დარგი ვეღარ აკმაყოფილებს განვითარებულ გემოვნების მქონე ხელოვანს. ასეთი ხელოვანი იწყებს შემოქმედების ძველი გაგების დაშლას. ეს პროცესი მასიურად ხდება განსაზღვრულ პერიოდში, ინდივიდუალურად - კი, — ყოველთვის.. როდესაც მასიურდება დაშლა, — ზოგიერთი ხელოვანის გემოვნება მას არ უერთდება. აქედან იწყება „მემარჯვენეობა“. ვინც ინტელექტუალურად განიცდის ამბოხებას, თავის თავად ხდება „მემარცხენე“ ამბოხების პერიოდი ხელოვნებაში, არის პერიოდი ანალიზის. ეს არის ხელოვნების გაგება და არა შემოქმედება. მემარცხენე შემოქმედება ნიშნავს საგნებისა და განწყობილებების დალაგებას ისე, როგორც ამას მოითხოვს ხასიათი ამბოხება განცდილ ხელოვნებისა. ამ დროს მოქმედობს გემოვნებით გამართული ნიჭი, და არა ფიქრი მემარცხენეობაზე ან მემარჯვენეობაზე. თუ ხელოვანს არ უგრძვნია უვარგისობა გაბატონებული გემოვნების და ამბოხებით არ შეუქმნია სრულიად ახალი გემოვნებით გამართული გაგება, — ის მემარცხენეთ ვერ გამოდგება. და თუ მემარცხენეობას დაიწყებს, — მისი შემოქმედება იქნება ტენდენციური. მისგან დალაგებული განწყობილებები და საგნები-კი — გემოვნებას მოკლებული (როგორც მაგ., ჟღენტის ლექსიკონი).
მიბაძვით გადმოღებული ამბოხება, უაზროა, უსიცოცხლოა და გაუგებარი. ყოველ მეამბოხეს ეს უნდა ახსოვდეს. საკუთარ მდგომარეობის გარეშე დაწყებული მემარცხენეობა ხელოვნებაში უფრო გაუმართლებელია, ვიდრე პასეისტების თავგანწირვა და მემარჯვენეთა „ჩამორჩენილობა“. საკუთარ მდგომარეობის გარეშე დაწყებული მემარცხენეობა, მუდამ პროვინციალიზმში გადადის.
ამ სიმართლის გრძნობა ყველაზე დიდი ტკივილია ნამდვილ მემარცხენე ხელოვანისათვის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც გამოწვეულია საკუთარი (ეროვნული) ლიტერატურის უცოდინარობით.
ქართული ხელოვნების მემარცხენეობა, უმეტეს შემთხვევაში, გათახსირებაა ყოველგვარი მემარცხენეობის. სიცხადისათვის განვაგრძოთ ჟურნ. „მემარცხენეობა“-ს გცნობა.
ქართულმა შემოქმედებამ იცის ორნაირი განწყობილება: ერთი იქმნება სოციალური ემოციებით, მეორე — ლირიკით. პირველ შემთხვევაში, შემოქმედების შინაარსია ისტორიული პატრიოტიზმი. რომანტიული იდეალიზმი და დემოკრატიული მოტივი. მეორე შემთხვევაში, — ჭარბობს ნიღილისტური სენტიმენტალიზმი. წმინდა ლირიკა იშვიათია, რადგან, საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობა მძლეთ მოქმედობს პოეტზე. ამიტომ, ქართული ლირიკა, უმთავრესად, პატრიოტიზმში ან ეტნოგრაფიაში იხრჩობა. ამით აიხსნება ქართული პოეზიის ერთფეროვანებაც. ასეთი განწყობილებით დალაგებული საგნები, მისტიურ სახეს იღებს, საგანი ჰკარგავს რეალურ თვითღირებულებას და გადადის ასტრალურ ყოფაში. ასტრალური საგნობრიობით მოცემული სახეები, მუდამ ბუნდოვანია და სუბიექტიური. ასეთ შემთხვევაში საგნის სახე იკარგება ან სიმბოლიზმით ან ალეგორიით.
ქართველი ხელოვანი, მხოლოდ მაშინ იქნება მემარცხენე, თუ შესძლებს ამ განწყობილებების გარდაქმნას, თუ შემოქმედებას გაანთავისუფლებს ისტორიული და ეტნოგრაფიული პატრიოტიზმიდან, თუ შექმნის ახალ ეროვნულ განწყობილებებს და საგნებს აითვისებს როგორც თვითმყოფ ღირებულებებს და არა როგორც სიმბოლოს, ან ალეგორიას. ეს იქნება იდეოლოგიური მხარე მემარცხენეობის.
ახალი იდეოლოგიის გაშლისათვის საჭიროა თქმის ახალი ტეხნიკა. ტეხნიკა გულისხმობს ენის რევოლუციას და სიტყვის შექმნას, ხმოვანების (ბგერის) და აზრის მიხედვით. ეს არის მემარცხენეობის „სიმძიმე“. ამ ლაბორატორულ შრომისათვის საჭიროა არა მარტო „ზეშთაგონება“, არამედ დიდი ერუდიცია და მხატვრული კულტურა. მემარცხენეობაში ვერ გამოდგება საშუალო კულტურის შემომქმედი. ნათქვამს უნდა დაუმატოთ კიდევ, ერთი მთავარი თვისება მემარცხენეობისა: კონკრეტობა. ვინც ამას ვერ შესძლებს — მემარცხენე ვერ იქნება.
ვნახოთ, როგორი სიახლე შეაქვთ ჟურ. „მემარცხენეობი“-ს ავტორებს და რამდენად მემარცხენეა მათი თქმის ტეხნიკა. წერილები ვნახეთ. გადავიდეთ ლექსებზე.
ჟურნალი იხსნება ალხაზიშვილის ლექსით: „ბანზაი-შანხაი“. იწყება ასე: „მძიმედ გადმოეფარა შუადღე ქალაქს“. ამის შემდეგ მკითხველის წარმოდგენას ეფარება ასეთი სტრიქონები:

„ზანტი ნირვანა ოპიოფაგები.
მომაკვდინებელი ჰაშიშით თრობა.
იბრძვის ჩინეთის მშრომელი მკლავი.
ჩაქუჩი. ნამგალი. მაგარი მუშტი.
გასწორდი წელში. ასწიე ხელი.
ათასწლოვანი თვლემა მოიხსენ.

არ სჩანს არც ერთი ოდნავ გამართული სტრიქონი. ავტორი იბრძვის „გემოვნების დიქტატურისათვის“, მაგრამ წინდაწინ დავარწმუნებთ სრულის იმედით — დამარცხდება. ამ, ვითომდა, ლექსში არამც თუ პოეტი — პოეტის ლანდიც არა სჩანს. მემარცხენეობაზე ლაპარაკი ხომ ზედმეტია.
ბ. აბულაძე სანდომიან პოეტად მოსჩანს ჟურნალში. მისი ლექსი: „ტფილისის მზეზე“ უფრო იდეოლოგიურ მემარცხენეობის შესახებაა ნათქვამი. აბულაძე სწუხს, რომ — „ყველა პოეტი ისტორიზმის დარჩენილ ნაგავს

მოათრევს მუზის ჯაგლაგ ცხენით და სახედრებით“.
ნაგავი შემოუთრევია ნ. ბარათაშვილს. აბულაძეს გული მოსვლია და სწერს: „თითქოს მაბეზრებს ბარათაშვილი
და უზრდელობით გულ მოსული, მე ვიგინები“

საგნებს ალაგებს სიმბოლიური ხედვით და ლექსიკონიც სიმბოლიური აქვს:

„თორმეტმა გულმა გადიარა ცაზე ცეცხლივით, თორმეტჯერ მტკვარი ახმაურდა ახალ ლანდებით.
ჩვენ ვართ მტრედები, ვერიდებით მარტო ხეტიალს“.
...ვფრინავთ ჰაერში მეგობრებო როგორც ბურუსი“.
იქვეა აბულაძის მეორე ლექსი „ბუტაფორია“.
დ. გაჩეჩილაძის მემარცხენე გამოცემაში გამოშვება ნიშნავს გემოვნების სრულ დაკარგვას. ამას თავიდანვე გვიმტკიცებს მისი ლექსი „ზელიმ ხანი“:

„როცა მყინვარზე ღრუბელი კრიახებს,
როცა ვარსკვლავები ყურავენ ცაშივე,
სივრციდან ამოქრის ორბი გამჭრიახი
და ცაზე ფართხალით მიცურავს გაშლილი“.

როგორ მოახერხა ღრუბელმა აკრიახება? რამ ააკრია, ან რაა ეს „ყურავენ“? ეს ლექსი მართლაც რომ ფართხალით გაშლილი ცურვაა.
ფრინველი მაშინ ფართხალობს, როცა თავს მოსჭრიან. ეს პოზა ამ ჟურნალისათვის შესაფერი „მემარცხენეობა“ არის.
ეტყობა, რომ ჟურნალის სარედაქციო კოლეგიას მემარცხენეობა და უნიჭობა ერთი და იგივე გონია.
მხოლოდ ნ. შენგელაია მოსჩანს თავისუფალი, ისტორიზმისა და ყოველგვარ მანიაკობიდან. გრძნობს სიტყვის ფიზიოლოგიას. თუ ზოგიერთ პრიმიტიულ რითმებს გამოვაკლებთ, — მისი მოკლე და მოკვეთილი ლექსები, ქმნიან საღ განწყობილებას. ლექსები ბევრს კარგავენ ეტნოგრაფიით. მემარცხენე გაგება, შენგელაიას ლექსებში, ტყუილად არ უნდა ვეძებოდ. გამართული სტრიქონები-კი, მხოლოდ ავტორიის კულტურულ გემოვნებას ამტკიცებს. საღად არის ნათქვამი:

„მინდორს წვიმა მოსდევს შავად
ქორი წარბი დარბის ქარზე.
მზე გაცივდა მთაზე ავად
და ახველებს ჯიხვის რქაზე
მზე შინა და მზე გარეთა (ხალხურ ლექსის სტრიქონებია. ბ. გ).

კლდე გარს შემოსული, მთამ იმატა, მზე გარეტდა და ამოხდა სული“.
ნ. ჩაჩავა მემარცხენეობისათვის თავ დადებული იყო. უფრო ახლო იდგა თანამედროვეობასთან, მაგრამ ლექსს ცუდი ქართულითა სწერს. გაუმართლებელია ხალხურის იმიტაცია. ხალხი არასდროს არ ამბობს ასეთ „ჭლექიან“ სიტყვებს:

„გულს ჯავრი სადმე გადაღრღნის,
გულს, გაზრდილს მიდორ ველათა“.

ხალხურ შემოქმედებაზე დაყრდნობა იყო ჩემი ლოზუნგი. ჟურნალ H,შO4-ში გადაჭრით განვაცხადე: „ხალხური თქმა არის საწყისი ჩვენი სიტყვის“. ამას ვამბობდი იმ აზრით, რომ ყელგვარი შემოქმედება, უნდა იყოს ნათელი და გასაგები (დამახასიათებელი თვისება ხალხური შემოქმედებისა) ამით მიღწეული იქნებოდა ორი მიზანი: ქართულ შემოქმედებიდან განიდევნებოდა მისტიციზმი და განახლებული შემოქმედება დაუახლოვდებოდა ნამდვილ ქართულ კლასიციზმს, (ნაწილობრივ მე-18-ტე და 19-ტე საუკუნების გამოკლებით). ეს აზრი ისე იქმნა გაგებული პრაქტიკაში, თითქოს პროვინციალიზმების შემოტანა ნიშნავდეს ხალხურ საწყისს.
ნ. ჩაჩავას მეორე ლექსი: „ლაპარაკი შოფერთან პოეტების გასაგონად“, უფრო მეტი კურიოზია. სჯობდა, რომ არავის გასაგონად არ დაწერილიყო ეს ლექსი:

„გააკეთებდა (ავტომობილს) საცოდავი ჯემს ან და მისი ძმა“.

ჩაჩავას აზრით ეს ნიშნავს „ყოფასთან მისვლას“. ჩაჩავას ლექსი გვათქმევინებს, რომ ასეთი პოეტის მემარცხენეობის ნიჭი გამართულია კუზიანივით.
ს. ჩიქოვანი საერთოდ წერს წერილებს და ამ ჟურნალში მოთავსებული წერილები, უშუალოდ უკავშირდება სხვაგან დაბეჭდილ მასალებს. ეხლა საინტერესოა ჩიქოვანის ლექსების განხილვა და ამ ლექსების მემარცხენეობის გამორკვევა.
პირველი ლექსია: „პოემიდან: ჩემი დანაშაული“ წვიმების ქვეშ“.
შინაარსი: პოეტი ვიღაც უხილავთან მოგზაურობს. მოუსწროთ წვიმამ და ძალიან დასველდნენ. გაშრობის იმედიც-კი დაჰკარგეს. უნდა ვიფიქროთ, რომ ეს უხილავი, ქალიშვილია. ამას ვიგებთ ორმოცდა მეთორმეტე სტრიქონზე.
ამ მდგომარეობაში დაუსაღამოვდათ. ლექსიც თავდება მკითხველი სრულ გაუგებრობაშია. განწყობილება რჩება, ბოდვის.
ვნახოთ ამ სენტიმენტალურ და სიმბოლისტურ შინაარსს როგორი წინადადებებით შლის. იქნებ ენის რევოლიუციით მაინც იძლევა მემარცხენეობას: „ახლა ვიგონებ გამოვლილ თვეებს მთაწმინდის გაღმა“ (უნდა ვიფიქროთ, რომ ამბავი ჩუღურეთში ხდება. ბ. გ.).

„აგალობდნენ მთიდან მთები წვიმის ჰანგებით“.
„ჩვენ ვდგევართ შორს“.
„წვიმა ჩამოდის, აკვნესებს სიმებს, დანესტილ სიმებს,
წვიმა წუხილს შლის ამ მწუხრს აკნესებს
„მთა წმინდის წუხილს ეს წვეთები ესხურებიან“ „შორს მოტეხილი ხე — ბავშვივით ჰყვირის“ (ჩუღურეთ ში? ბ. გ.).
„მუხლებში შიში: — ჰკრთი და კანკალებ“.
„წვიმის თმებიდან ჩვენ გავიგონებთ დანესტილ ტირილს“.
,,ვხედავდი დღეს შენ ქუსლებთან სულს რომ ჰღაფავდა“
„სოველი ვრჩებით მსოფლიოში მხოლოდ მე და შენ“.

68 სტრიქონიან ლექსში, „წვიმა“ „წვეთები“ და „წუხილი“ განმეორებულია 28-ჯელ. ეხლა, განსაკუთრებით, ვნახოთ ამ ლექსის ლექსიკონი:

„ტრფობით“. „სიბრალულით“. „შრიალით ამონაკვნეს“. „აგალობდენ“. „წვიმის ჰანგებით“. „წვიმის სიმებს“. „აკვნესებს სიმებს“. „დანესტილ სიმებს“. „მწუხრს აკვნესებს“. „შრიაო!(?) წვიმას შლის“. „გვისველებს სულს“. „ჩამოდის სულში დანესტებული“. „სხეული გითრთის“. „წვეთთა სიმები დანესტავენ ღრუბლების ნაღველს“. „მთაწმინდის წუხილს“. „ჩემი ნუხილი“. „წვიმის სევდებს“. „წვიმის პლაშჩი“. „დანესტილ ტირილს“. ქარბუქები“ დაკონკილები“. „წვეთთა შრიალი შტოთა კალმებზე“. „ჩემო კარგო“. „წვეთთა დარდით“. „ტანჯვა“. „მტანჯველ მოხვიებს“ (?) „სინდისის დავრჩი ამარა“. „ვდიოდით“. „და მთიდან მთები შავდებიან აკვნესებული“.
ესაა ჩიქოვანის პოეტური მემარცხენეობა.
მეორე ლექსში იგივე ავტორი თავის პოლიტიკურს იდეოლოგიას ამჟღავნებს. ჩიქოვანის პოეტური მემარცხენეობა ვნახეთ. გავეცნოთ მის პოლიტიკურ იდეოლოგიის მემარცხენეობასაც. ლექსი: „მიძღვნა ნიკოლოზ ბარათაშვილს“. ბევრჯელ წავიკითხე ხსენებული ლექსი და ვერ გავიგე. მიზეზი, ლექსის უაზრობაა, თუ ცუდი ქართული, არ ვიცი. ერთი ცხადია: ლექსს პოლიტიკური იდეოლოგიის ხასიათი აქვს. ჩიქოვანი შესჩივის ბარათაშვილს:\ ..მე შენ გასრულებ, მაგრამ ჩემს შემდეგ ვინ შეასრულებს ჩემს თქმულებებს,
ვინ მეტყვის მე, მადლობა შენ, წინაპარო, რომ ადრე მოხველ!
ასე უმადური როგორ იქნება საქართველო? მით უმეტეს, თუ ჩიქოვანი მართალია, დაამტკიცეს, რომ „ბარათაშვილის სისხლი ჩემს ძარღვებში რომ სდგას, შთამომავლობას მე დავუმტკიცებ“. რა სჯობია ამას თუ კი ეს ასე იქნება.
„საქართველო ფეხზე ადგომით ჩემში შენ წყლულებს მოგესალმება“. უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს წყლულები არის მთაწმინდის წყლულები:
მემარცხენეობაც აქეთ უნდა მოემართებოდეს და არა იმ უიმედობისაკენ. რომელსაც ამ ლექსში ვკითხულობთ:
„გამოსავალი ხალხში არ არის“.
თუ ხალხში არ არის გამოსავალი ნუთუ ამ სქოლასტიური ქართულით დაწერილ ლექსში უნდა ნახოს ის ავტორმა?
მესამე ლექსი: „ქარბორია“(?), უფრო ლექსიკონებიდან ამოკრეფილ სიტყვების კატალოგს წარმოადგენს. ოცდა ჩვიდმეტ სტრიქონიან ლექსში ყველაზე „გასაგები“ სტოიქონია: „ფაფარი, ფუნჯირი ფარდული, ორველი ცხენების“.
ვისთვის, ან რისთვის არის საჭირო, რუსული ფუტურიზმის პირველი პერიოდის (კამენსკი) გამეორება?
ქართულ ლიტერატურას, უფრო დამუშავებული, მეტიც, წმინდა ფუტურისტული მიღწევებიც აქვს. ეს მიღწევები „მემარცხენეობის“ გარეთ არის და ბევრად უფრო ადრე (მე-18- ტე საუკ.) ბესიკის (ბესარიონ გაბაშვილი) სიმაღლემდე, ჯერ ჯერობით, ვერც ერთი მემარცხენე ქართველი მწერალი ვერ მისულა.

მთავარია ნიჭი და აი ეს ნიჭი:

„ტანო ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო!
ზილფო კარებო მომკლავებო, ვერ საკარებო!
წარბ წამწამ თვალნო მისათვალნო, შემაზარებო?
პირო მთვარეო, მომიგონე. გზისა დარებო!“.

კიდევ:

„მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, კვლელო და ლალო,
მთიებო პირო, მიჯნურთ ჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ ფიქალაო!
„მე შენმა ფიქრმა მიმარინდა, ჩაველ ჭირებსა;
ანდამანტისებრ მიმიზიდავ, ვჰგავ ნამჭირვებსა“.

ვიკითხოთ: ბესიკი უფრო თანამედროვე პოეტად მოსჩანს, თუ თანამედროვე „მემარცხენეობა?“
ეხლა ვნახოთ პროზის მემარცხენეობა.

აკაკი ბელიაშვილს ჯერ არ გამოუქვეყნებია არც ერთი დამთავრებული ნაშრომი. ამიტომ, ძნელია მისი პროზის მემარცხენეობაზე ლაპარაკი. ერთი ცხადია: იცის თემის მიგნება და აქვს მემარცხენეობის ყნოსვა.
ს. დოლიძე დებიუტანტია. სწერს კინო სცენარისტის სტილით. მისი ქართული გაუმართავია. აქვს მიხვედრები და ორიგინალურად მოკვეთილი გამოთქმები.
ს. კასრაძე მემარცხენეთ არ გამოდგება გამოქვყნებულ მასალების მიხედვით, თუმცა სიახლის გრძნობა აქვს. ეს სიახლე სიმბოლისტური თვისებისაა. ჟურნალში დაბეჭდილი მასალა პატალოგიურია. პატალოგია მემარცხენეობას არ ნიშნავს.
დემნა შენგელაია მოწადინებულია იყოს მემარცხენე, მაგრამ ამისათვის არა აქვს არც ინტუიცია და არც ნების ყოფა. როცა სცდილობს პრაქტიკით დაამტკიცოს თავისი მემარცხენეობა, — სიტყვა უკანკალებს და აზრი ღალატობს. მისი მემარცხენეობა პროვინციალიზმში გადადის.
დემნა შენგელაია პრეტენზიას აცხადებს მემარცხენე პროზის მწერალის სახელზე. ვნახოთ მისი პრაქტიკა ჟურნალში დაბეჭდილია „მუხა“ (ნაწყვეტი რომანიდან). შენგელაია ასწერს 1921 წლის თებერვლის უკანასკნელ დღეებს. ძალიან უტიფრად იგონებს ტფილისის დატოვებას მენშევიკების მიერ და ერთ ერთ სურათს ასე იძლევა: „ვინტოვკის კონდახი სახელოთი გაუწმენდიათ (გვარ დიელებს. ბ. გ.), ზედ ტილები დაუსვამთ და ისინი გარბიან თოფის კონდახზე, ჯარის-კაცები ხანდახან მიმართულებას უსწორებენ, ჰყვირიან, აქეზებენ უცნაურ ბედაურებს და ასე არის გამართული საოცარი დოღი, რომელსაც მხოლოდ ჯარის-კაცი თუ მოიგონებს თავის გაძაღლებულ სიცოცხლეში. მხედრები იცინიან და თან დედასა და ჯილაგს აგინებენ ამ ქერა ქალბატონებს და სანაძლეოდ თითო აბ სახარინს იგებენ.
ყველაზე მეტს ზემდეგი ატილა ბღავის, როყიანობს, მერე აიყვანს თავის გამარჯვებულ ფალავანს და ისევ იღლიაში ისვამს“.
შენგელაიას რომ დაუჯეროთ, ეს არის მემარცხენეობა.. მე რომ მკითხოთ – ეს არის შენგელაიას მემარცხენეობის შესაფერისი ნატურალიზმი, იმ დამატებით, რომ აქ ნატურალიზმის ტენდენციურობა უსინდისობამდე მიდის.
ნატურალიზმის შემდეგ შენგელაია გადადის „ტიპის“ შექმნაზე (რეალისტური მეთოდი), რამდენიმე გვერდის შემდეგ იძლევა რეალისტურად ხორც სხმულ იდეის აღწერას (სიმბოლისტური მეთოდი).
ამ რიგად, დემნა შენგელაია. ერთსა და იმავე ნაწარმოებში ურევს სამ მეთოდს: ნატურალისტურს, რეალისტურს და სიმბოლისტურს. ეს დაუშვებელია მემარცხენეობაში და იმავე დროს არაფრით არ განსხვავდება ყველა მემარჯვენე (თანამედროვე) პროზის მწერლებიდან.
მხოლოდ ნიჭს შეუძლია გამოცალკევება „ერთ ტაფიდან“. ასეთი ნიჭი შენგელაიას პროზაში არა სჩანს და ჩემი გაგებით, ზოგიერთი თანამედროვე მემარჯვენე მწერალი ბევრად უფრო ახალი და მემარცხენეა, ვიდრე შენგელაია.

ასეთია პრაქტიკა „მემარცხენეობისა“ ქართულ ლიტერატურაში, რომელსაც ძალიან ცოტა რამ აქვს საერთო ნამდვილ მემარცხენეობასთან.
წერილი არ იქნება საკითხის ამომწურავი, თუ ნათქვამს არ დაუმატებთ ქართველ „მემარცხენეთა“ გაგებას მხატვრობის დარგში.
ჟურნალში მოთავსებული ი. გამრეკელის პრაქტიკა არ არის გამომხატველი მისი მხატვრული გემოვნებისა, რადგან, საერთოდ, დეკორაცია არაა მხატვრობა. მჯერა, რომ გამრეკელის მხატვრული ალღო ჟურნალში დაბეჭდილ თეატრალურ მაკეტებზე მაღლა დგას და მისი მონაწილეობა ამ ჟურნალში შემთხვევითია. თეორიული გაგება ალხაზიშვილის წერილით ცხადდება: „მემარცხენე მხატვრობის პერსპექტივები“.
მხატვრობა არის ხელოვნება თვალის (ხედვის) და ემყარება ფერს. მხატვრის შეფასება შეუძლებელია ისე, თუ არ იცი როგორ ხმარობს ფერებს. ახლაზიშვილის წერილი-კი სულ თბილისის გარეთ დადის, განსაკუთრებით ჩერდება ფრანგ მხატვრებზე. თითქმის ყველა დასახელებულ მხატვარის და მიმართულებების შემოქმედებას თბილისი არ უნახავს. ახლაზიშვილი კი, თბილისს არ გასცილებია, ამიტომ არის მისი წერილი „დაწიგნული“, მშრალი და უგულო. საკუთარ გაგებას არ იძლევა. სხვისი გაგების გადმოცემაში სტყუის და ყველა მოსაზრებები პასუხისმგებლობის გარედ სდგას.
რაც უნახავს, იქაც უპასუხისმგებლობას იჩენს. მაგალითად, ალხაზიშვილი გამრეკელის შესახებ ამბობს: „რეჟისორ მარჯანიშვილთან ერთად, მან (გამრეკელმა) შექმნა თანამედროვე ქართული თეატრი“-ო და რედაქცია ამაში ეთანხმება. ეს არის დიდი თავხედური თქმა. ქართული თეატრი ამ აღმოჩენაზე „ცოტა“ უფრო ადრე არსებობდა და ბევრად უფრო დიდხანს იარსებებს, ვიდრე ამ ჟურნალის „უკაცრავათ“ მემარცხენეები!
არ შევეხები ჟურნალში მოთავსებულ ბიბლიოგრაფიებს და რეცენზიებს, რადგან „მიუდგომელი — შეფასების“ მემარცხენეობა, მხოლოდ საზიზღარ ღვარძლიანობისა და ერთმანეთის უაზრო ქებას არ სცილდება.
ჩემი აზრით, ამისი მთავარი მიზეზი არის: ქართული ენის და ძველი ლიტერატურის უცოდინარობა. აგრეთვე, გაბედული და კეთილშობილური გზით დაობებულ ტრადიციის მოსპობის უარყოფა.
ნამდვილი მემარცხენეობა, ქართულ ლიტერატურაში. ჯერ არ არსებობს. ამ საქმისათვის საჭიროა, თავდადებული, კულტურულად გამართული და ქართული სიცოცხლით ანთებული შემომქმედი.
ამრიგად, ის ჯგუფი, რომელმაც სცადა მემარცხენეობის გეზით სვლა, — შემოქმედებაში დამარცხდა, მან ვერ შესძლო ვერც ახალი იდეოლოგიის შემოტანა ქართულ ლიტერატურაში და ვერც ენის რევოლიუცია.

ჟურნ. „ქართული მწერლობა“ 1927 წ. № 5

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი