ბენო გორდეზიანი // ბეწვის ხიდი
ბეწვის ხიდი
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ რომ კიბეზე ასვლის უფლება მივიღოთ ჟანგო ღოღობერიძე მ. ი. დ. შ. მეცხრე)
მდგომარეობა, როგორიც არ უნდა იყოს, ერთი ცხადია, ვინც მედროშეობას დაიჩემებს, არ იქნება კადნიერება თუ მას მოეთხოვება მეტი პასუხისმგებლობა თავის თავთან. როდესაც ასეთი გაგებით მიხვალთ ქართულ ლიტერატურის კულტურასთან, ეჭვი გეპარება მის პარფიუმერიაში; გინდა ჭეშმარიტად გახდეს ის მითვისებულ გამართლებად, მაგრამ გამართლება არც ერთი მხრიდან არ შეიძლება, დროს ეკონომიისათვის და აზრის სიცხადისათვის. ვამბობ: კულტურა ჩემთვის ნიშნავს პიროვნების და მასსის სასიცოცხლო ძალების აღზდა – დაცვისათვის მოღვაწეობას. ასეთი გაგებიდან უნდა გამოვიდეს ერის კულტურა. შემოქმედება უთუოდ უნდა გადავიდეს სინამდვილის გარდაქმნაში.
ცხადია, ყველა გარდაქმნა (თუ გინდ სიმბოლისტები) ღირებულებას არ წარმოადგენს. ღირებულება მაშინ იწყება, თუ შემოქმედება შედეგია შინაგანი განცდის.
ამიტომ ამ წერილში მინდა ვიყო ხუთჯერ გულ გადასერილი და ვინც გაბედავს მეტი სისხლი გამოუშვას ფრჩხილებიდან, გამარჯვება მას მიულოცოთ.
საქართველოს ისტორიულად წარმოუდგენია თავი მშვენიერ ქალათ და ლამაზ მეომრათ აქედან დარჩენილი კვალი ისე ღრმა გამოდგა რომ ქართულმა ლიტერატურამ ვერ გადააბიჯა და დაავადმყოფდა თითქმის მოურჩენელი სენით ისტორიზმით. ამ ავადმყოფობის ასზე მეტი წლის პრაქტიკამ ის შეგვიძინა რომ ერთი მწერალი არ დაგვრჩება გამართლებად:
ძველ გზას აცოცხლებენ და უფრო უნიჭოდ გრძელდება „მეოთხე გვერდი“. ჩვენ ვხედავთ რომ ვერავითარი რევოლიუცია სენს ვერ შველის და მოდის უფრო დიდი საშიშროება: ერის უკულტურობა.
მაჯა, მარჯვეთ მოქნეული ბასრი ხმალის, ყოველი წუთი დატენილი მოსეულ საშიშროებით, რაინდული გული და უფრო კეთილშობილი ბედის სიყვარული ისევე ცოცხალია, როგორც ყოველ მაღლობზე ამართული ციხე.
მაგრამ თანდროულობა ასეთი ბედით მავალ ერს ისტორიას არ დაუწერს.
უფრო მეტი გაბედულებაა საჭირო რომ არ გადიქცე ეტნოგრაფიულ სასაფლაოთ.
ქართული ლიტერატურა იგონებს ისტორიის გადასულ დღეებს და დღეს, რომ საჭიროა დაუღალავი შრომა, ამას ივიწყებს ეს არის ხასიათი ავადმყოფის.
ვინც დროზე ვერ მიხვდება თავის დანიშნულებას, იმას დაეთმობა ყველა გზები, გარდა ქართული ლიტერატურისა.
დაზოგვას აქ შეუძლია მეტი გათახსირება, ვიდრე ზოგიერთების ლექსებით ვარჯიშობას. ყველა გაუმართლებელი ლიტერატურაში თავის გამართლებას სცდილობს, ან მარტო მაყურებლობით ან პატრიოტიზმის ექსპლოატაციით.
კიდევ მოიპოვება ხალხი ათასჯერ გამოცდილ გათახსირებას რომ ითმენს. აქ გაუგებრობა მიდის სიბეცემდის. ამიტომ რომ ლიტერატურას არა აქვს ტაქტი და ისტორიული შეხედულება გარეშე ისტორიზმისა.
დადგა დრო ლიტერატურის კულტურის ყურადღებისათვის. რადგან ჭეშმარიტათ ლიტერატურა უნდა გახდეს ქართული კულტურის გაგებად.
მოქმედება და შემოქმედება იმ ხალხის, რომელიც ქართველ ერს არ არგია არც მტრად და არც მოყვარედ, უნდა გაიცხრილოს. წინდაწინ მჯერა არ დარჩება ერთი პროცენტიც. მესმის პასუხისმგებლობა ჩემი სიტყვების, ვიცი ეს არის თავხედური მისვლა იქ, რაც ქართველი მწერალისათვის ბეწვის ხიდია, მაგრამ მიყვარს ასეთი თავხედობა, როცა მოდის გულიდან. თავაზიანობისათვის დრო არ არის. გაუვალ ჭარში შესაძლოა მოიხრჩოს უკანასკნელი იმედი.
ვინმე ამას დაარქმევს მემარჯვენეობას, მაგრამ თუ უპასუხისმგებლობა აქამდის დავიდა, მიქარვა დაუბრუნდება შანთად. ამისათვის მოგვეპოვება მეტი ძალა და გაბედულება ვიდრე ეს წარმოდგენით იციან.
რომ ლიტერატურას აკანკალებდეს მარტო ისტორიული ავადმყოფობა – ამდენად საჭირო არ იქნებოდა თავის გაწირვა.
თავის გაწირვის აუცილებლობა შედეგია უშინაარსობის.
ვინც გაიღიმებს, ურჩევთ გამოიწვიოს უკანასკნელი სინდისი და სთქვას სად არის თუნდ ერთი სტრიქონი კულტურის გატანისათვის. დაინახავთ რომ, რაც გადურჩება ავადმყოფობას, იქ არის უცერემონიო მიმბაძველობა და შანტაჟი.
არც უნდა გავზარდოთ თვალები თუ ტფილისში უცხო ლიტერატურის ტირაჟი უფრო დიდია. თანამედროვე ქართველი მკითხველის ცოდნა და ხასიათი უსწრებს ლიტერატორის და ლიტერატურის კულტურას.
მე არა მგონია კიდევ სხვა ქვეყანა სადაც ასეთ კურიოზს ჰქონდეს ადგილი, კიდევ უფრო მეტი – გამართლება.
ლიტერატურის კულტურა საკანცელარიო მაგიდას ვერ ცდება.
წინდაწინ ვიცით უკუღმა მავალი პერსონები წაღმართების სიარულს ვერ დაინახავენ. სიარულს მაინც არ შევაჩერებთ და ქართულ გულიდან გამოვჭრით თანდროულ ლიტერატურის სიყვარულს: თუ ეს არ მოხდა საკმარისია კიდევ რამოდენიმე წელიწადი რომ იქიდან რაც დღეს არის, არ დარჩეს არაფერი (მაგალითად აკაკი წერეთელი. კმარა) გამძლებობა ლიტერატურაში მეტ ლიტერატურულ კულტურას მოითხოვს (ეპიზოდურობა არ მოისპობა) და ამისათვის შეიძლება ბევრი რამ წააგოს H2SO4-ის შკოლამ.
ქართული ლიტერატურა მეჩვენება ძირ გავარდნილათ. ცხადია ძირ გავარდნილი ვერცერთ გაგებაში თავის თავს ვერ მოპირავს. აქედან იწყება უდიდესი ლიტერატურული კოშმარი „სიტყვის დაშლა“ მიდებ–მოდება და ბოლოს არაფერი.
თუ ქართულ ლიტერატურიდან გამოვყოფთ პუბლიცისტიკას გაწმენდისათვის „ბუმბერაზებსაც“ დაესვას ჯვარი.
ყველა ლიტერატორმა იცის რომ გულით წიგნის დაწერა დღეს შეიძლება და ამ წერილით თავის თავთან დაბნევით მინდა გავართო ის ხალხი, სიტყვის შემობრუნებას რომ გაბედავენ.
არა მწამს არც ერთი სტრიქონი, თუ პრაქტიკულ ცხოვრებას არ უდგება.
ლიტერატურის კულტურის საკითხი უდიდესი საქმეა, რადგან აქედან შეიძლება ერის კულტურაზე ლაპარაკი. ეს არის ისტორიული აუცილებლობა და ამიტომ აუცილებელი გონია ისტორიული ავადმყოფობის ხსენება. ვინც მთლად არ არის რომანტიზმით თავგადაპობილი, მიხვდება რომ იწყება უფრო მედგარი ბრძოლა საკუთარი თავის შესარჩენად; მიხვდეს იმასაც რომ ხალხოსნური ბასრი ხმალი უნდა შეიცვალოს უფრო მჭრელ სახალხოიარაღით. დღევანდელი ჩვენი ლიტერატურა ამისათვის მოშხამულია. მოვითხოვთ ლიტერატურას და ლიტერატურის მეტ კულტურას.
გაზ. „დროული“ 1926 წ. №3.