ბენო გორდეზიანი // სამი სანახაობა
N2SO4
სამი სანახაობა
პირველი: ხარაკირი ე. ი. ბატის სიყვარულის ანალოგია.
მეორე: „პუგაჩი“ როგორც მობრუნებულ მოქმედების ფილოსოფია.
მესამე: N2SO4 თავისთავად.
მოვითხოვ ყველა კეთილშობილ მკითხველისაგან, რომ არ წაიკითხავს ამ წერილს სათვალეებით და არ გაიკეთებს პარიკს ქაჩალის დასაფარავად, უფლებას ვაძლევ სთქვას „რეგვენი“.
ჩემ მიზანს არ შეადგენს არც კრიტიკის დაწერა, არც ახალი თეორიების გადაშლა. სურვილია: მხოლოდ მივცე მასალა იმათ, ვისაც კიდევ შერჩენია სინდისი უთავბოლო წერისათვის. თუმცა ყოველ „ასეთ“ წერას ან გამოსვლას მიეცა ხურდა, რამდენადაც ლაპარაკობდენ „ფეხებ დამძვრალი ბუზები“.
წიგნის გამოცემაც შეიძლება, თუმცა ეს არ იქნება საბუთი მდგომარეობისათვის.
ბევრი ცოლზე მოგონებით შედის ხელოვნებაში.
რა გასაკვირია, თუ გრამაფონის ფირფიტა მეტს მოითხოვს უკვდავებისათვის.
ასეთი წინათქმა მოიხსნებოდა, რომ მეტი პოეტური კონტრ-ნახალობა
გვეგრძნო იქ, სადაც გაჩდა მხჩოლავი გაზი N2SO4.
შეიძლება მთელი მოდგმა გადაჰყვეს ამ გაზს, მაგრამ ჩემთვის მოძრავი გულის სიყვარული უფრო საინტერესოა.
აქ არის კოჭის გასინჯვა და ალბათ კიდევ დიდხანს იჯახირებს „მშვენიერი ტყუილი“.
შეიძლება გაიგო, თუ რად თავდება ისტორია ქალაქამდე და კულტურა რად ატარებს ხმლის რომანტიკას – ამას ექნება ტვინი.
მაგრამ იქ მეტს ვერ იგრძნობ, სადაც ხელოვნების „დუ-შაშებს“ ჯერ კიდევ უბეჭდავენ გოგებაშვილის „დედა-ენას“.
აქედან იწყება ურბანისტული პამპულაობა ბეშტიას სინამდვილის. გრძნობების ასტრალიზაცია უთუოდ ატარებს ჰაშიშის ეროტიკას.
ამ დროს ყველაფერს ექნება გამართლება.
სინამდვილეს ჩამოახრჩობს მირაჟი. აქ შეიძლება გაანაღდო აფსურდი.
ასეთი მდგომარეობა ხშირად აკეთებს ტრიუკს — ჯამბაზი აშორდია, ჰქმნის ისტორიას.
როდესაც ხელოვნება გახდება კუზი, იღებს ასეთ ტრიუკს და დოკუმენტებს. სამი ინტონაციის მომრავლებაგასაგები ხდება. (ამას არაფერი აქვს საერთო DaDa-ს კუჭის პრაქტიკასთან).
საქართველოში უკანასკნელი მოგონება ხელოვნებაზე
შეიძლება გალსტუკიანი მიკიტანას მონოგრაფიით დამთავრდეს.
იძლევა ნაღდი თამასუქი, არ იქნება გამორჩენილი არც ერთი სიტყვა მთვარეულის ან ჭლექიან პატრიოტიზმზე ჩამომხჩვალი. (მრავალ ჟამიერის სტილი).
აქ არ დაიშურებ ხუთჯერ მოიკლა თავი, რომ ნახო ერთი სიცოცხლე ნაღდი ტვინის.
იმაზე თუ როგორ შეიძლება შეიძინო ჭკუიანის პატენტი?
ყოველი ეპოქა იძლევა იოლ საგანს ჭკუიანობის გამოსაჩენათ. ამ დროს სახელის შეძენა შეიძლება რესტორანის კატლეტივით. შპენგლერის რესტორანი არის დღეს მოდაში. ნურავის გაუკვირდება თუ ამ მოდურ სადილზე არ მივიპატიჟებ.
პასუხისმგებლობა ისე არდროს არ არის ძნელი, როგორც თავის თავთან.
აქ დაეჭვება შეიძლება გაუწმენდელ ფრჩხილზე. მე მაინტერესებს ჭკუიანობის მეორე მხარე, სადაც ხელოვნებას იგრძნობ როგორც ჭუჭყიან საყელოს, ამ დროს მეტი. პარფიუმერია იქნება მეტი კომიზმი და საერთოდ ვერც ერთი „იზმი“ ვერ გამოადგება რადიუსით დამთავრებულ მოძრაობას.
ეს ადრე იგრძნო პარიზმა ბორონალის კუდით, თუმცა დამთავრებულმა მოძრაობამ ხარაკირი არ მიიღო.
ლირიული გადახვევა ანუ ბედი პროვინციულ მიღწევების
ატმოსფერული გავლენის პარადოქსები არ მინდა ავიღო „გადმომჩაქველის“ როლი,
საჭიროა იგრძნო მეტი პასუხისმგებლობა და არ გახდე მცოდნე პროვინციელი.
ის, რასაც ჰქვია მეგობარი, მეტი სიყვარულია, ვიდრე სათვალეების სიბრძნე.
მდგომარეობასთან მისვლა შეიძლება მხოლოდ უშუალოდ.
ჩემი ცდა, მივლის აქედან გამოდის და არა ფერი აქვს საერთო „სულის ნათესაობას“.
ვისაც წაუკითხავს პოლიტიკური ეკონომია, შვიდი დღე და შვიდი ღამე უნდა შეაკლას თავი, რომ დაასაბუთოს საერთოდ ევროპის ხელოვნების ხარაკირი.
ორატორი ერთხელაც არ შეცდება.
N2SO4-ის პრაქტიკა მუდამ მტკიცების გარედ რჩება.
ჭეშმარიტების ყნოსვა შეუძლია მხოლოდ ფაქტებით.
ჩემი „მტკიცება“ არ იქნება გახურებული შუბლი სათვალეებით
გამოწოვილი.
აქ გაკვირვება უფრო საკვირველია და შეიძლება ბევრი ხელოვანი თავის თავში დაეჭვდეს.
ს ა ქ მ ე
ბარიკადების გზა აირჩიეს უნანიმისტებმა. მე მაინც ვიტყვი, ეს არ არის ის, რასაც ჰქვია დაწყება.
უნანიმისტების ლექსები კუჭის ტკივილზე კიდევ არ ნიშნავს ხელოვნებას.
აქ მეტი გასართობია, ვიდრე მერეჟკოვსკის ტრილოგიის პარადოქსები. (ქრონიკა — მერეჟკოვსკი გაგიჟდა).
ექსპრესიონისტების „გრძნობა“ შეურაცყოფილი არ დარჩება, თუ მას შევრთავთ
ქართველ მორელას.
შეიძლება ამ კავშირს ბევრი ნათესავი აღმოაჩდეს, მაგრამ მათი იერი ვერ გადაარჩენს მდგომარეობას გეორგიანელების ჯგუფით გამაგრებულს. მდგომარეობა ერთია: ევროპის ინდივიდუალური შეგნება კომფორტით მთავრდება.
წერის სინდისი მოითხოვს, რომ არ დაიწეროს ერთნაირი მონოლოგი ახალ შარვალზე და ტაქტილიზმზე.
ამ კომფორტის ჰიგიენა ხუთ გრძნობას იქით მიდის.
ახალი აღმოჩენა მარინეტის უთუოდ, არის სიკვდილი აბსტრაქციის.
(ხელოვნება „შენების“ პოეზიისათვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ხელოვნება ექსპრესიონისტული მოძრაობის).
თუ დაჯერებას არ გამოუნახავთ ჭეშმარიტების კანონებს და მივიღებთ როგორც
ფაქტს, „Dada“-ს უნდა მიეცეს სიტყვა ბრალმდებელის.
„დანგრევის მშვენიერება“ იყო ლოზუნგი ფუტურისტული.
აქ თავისუფალია „Dada“ ისე, როგორც თავის დადაისტობაში.
თუ მოხდა კურიოზი „იდეიზმის“, ისევ გერმანეთის მეტაფიზიკური ტვინის ბრალია.
ფრანსის პიკაბია, ტრისტან ტცზარა ან არპ უფრო მეტ პოლიარობას იგრძნობენ გეორგ გროსთან, ვიდრე 41°-თან.
რომელ შემთხვევაშიაც გსურთ, ეს არ ასუსტებს იმ გაგებას, რომელსაც უწოდე ხარაკირი.
„Dada“ განზე დგას.
ის ყველგან და ყველაფერში გამართლებულია.
არის მეორე, ზანგის ფაქტი, მაგრამ ვერც ნობელი და ვერც გონკურების პრემიები თვით გამოშიგვნის სიტკბოებას ვერ შეაჩერებს.
აქ სიკვდილი უდაოა.
Dada-ს რეცეპტი დაწყებულს ამთავრებს.
ექსტრემისტების სახელები და მეტად ნათელი აპოლინერი,
ჟან-კოკტო, ბლეზ ანდრარი მსოფლიო ომს უფრო გვაგონებს და Dada-ს ცინიზმი დროულად არის ნახმარი და გამართლებული.
თუმცა ფრანსის პიკაბიას აპოლინერთან მეგობრობა ამით არ შეშლილა.
პირიქით, აპოლინერს ეტყობოდა, რომ მალე გახდებოდა „Dada“.
(მოგონება: ფრანსის პიკაბია „გილიომ აპოლინერ“).
თუ ზერეალიზმი ისე არ იქნება გაგებული, როგორც ეს ესმის სერგეი მიატეჟნის და საქართველოში „Dada“-ს კრიტიკოსებს, მაშინ ზე-რეალისტების მანიფესტი, ხელმოწერილი ბუდხარ, ელუარ და ვიდრაკის მიერ, იქნება გაგრძელება „Dada“-ს გაგების.
ამიტომ შემთხვევითი არ არის, რომ ჟურნალი „ლიტერატურის“ (დადაისტების) ავტორები არიან იმავე დროს ჟურნალი „ზე-რეალური რევოლიუციის“ ავტორებიც.
კიდევ მეტი ფაქტი: „Dada“-ს ისტორიის დამწერი ლუი არაგონ არის მთავარი პერსონა ზერეალიზმის.
პუგაჩი როგორც მობრუნებულ მოქმედების ფილოსოფია.
ევროპა მარინეტის ფუტურიზმით და ბორონალის პრაქტიკით რეკვიემს უკითხავდა ვერლენ-ბოდლერის მოდგმას; მაგრამ პარადოქსმა მიიღო სიბრძნის ფორმულა და 1913 წელს რუსის მხატვრებმა აიღეს ლონდონი. რუსულმა პოეზიამ შემთხვევით ისარგებლა და მარინეტის მოვარდნა სიმბოლიური ფუტურიზმით გაკვალა.
ველიმარ ხლებნიკოვმა მათემატიკურ ციფრებში ჭინკები ჩასვა და კარუსელად დაატრიალა პლანეტის გასართობად. კრუჩიონიხი დაემსგავსა ექსპერანტოს საზოგადოების ანონიმურ წევრს და „ზაუმის“ თეორია სიმბოლისტების პლაგიატი იყო.
კიდევ უფრო იმ საერთაშორისო ენის 240 პროექტის დამატება, რომელსაც დაუ ღალავად ქმნიან ბეჯითი პროფესორები. დეკადენტებიდან ნაოხოვარ მასკას ზოგჯერ ეშხზე მოჰყავდა ტერენტიევის ნოვატორი პოზა, მაგრამ 41°.ს ტერორს არ ჰქონდა „ფისტო“.
უკეთესი სისტემის „პუგაჩი“ მათზე ადრე სიმბოლისტებმა შეიძინეს და ჩააბარეს მაღალ შუბლიან „კალმოსან მოაზროვნეებს“.
აქედან იწყება მობრუნებულ მოქმედების ფილოსოფია
მარტო სახელები: ვალერი ბრიუსოვ, ვიაჩესლავ ივანოვ, ანდრეი ბელი, როზანოვ, ბლოკ, ტიუტჩევ, მერეჟკოვსკი, საკმარისი იყო საფთხობელად. დაიხევდა ყველა, თუ გინდ ყოფილიყოს აკმეისტი გუმილიოვი. ძმათ ნაფიცი სამართებელის
პროტესტანტებთან. სიმბოლისტების შემოტევა იყო დროული. რევოლიუციაში დამარცხებული (1905-6) საზოგადოებისათვის. ანდრეი ბელის „სივბოლიზმი“ და ბრიუსოვის „მშვენიერ ტყუილი“-თ დაწერილი ლექსები იყო ძირი აქტიობის.
დიდმა ერუდიციამ და გაბედულმა ბოდვამ დაჩრდილა თვით ის ხალხი, ვინც ეს ეპოქა დაიწყო – ნიცშე და უაილდი. მეტერლინკზე კიტა აბაშიძის გარდა არავინ ლაპარაკობდა.
ასეთი მდგომარეობა იყო „პუგაჩის პერიოდი“ და თავის კომიკურ მდგომარეობას ეხლა გრძნობს სიმბოლისტური პოეზია. ბრიუსოვის სიკვდილის წინ განცხადება: „Сущность поэзии идеи а не что иное“ არის ამის საბუთი.
ყალბი სქესი
მსოფლიო ომის ექსპერიმენტი და რუსეთის „желтая кофта“ ერთად შეეჯახნენ პუგაჩის შიშის ილუზიას. ბრძოლა გადასჭრა ოქტომბერმა. აღმოჩნდა ყალბი სქესი ფუტურისტებში და ნიჭი აგიტკის. პუშკინი ისევ მედგრად სდგას. იწყება ფარსი: „Сотри! Сначала“ რუსეთის ფუტურისტებმა დაამტკიცეს არაკი: თავის თავზე მაღლა ახტომის.
მიმბაძველობამ წაწყმიდა
რიურიკ როკი „ნიჩევოკი“ ამ წერილში ხსენებად არ ღირს. ალბათ მოიგონებს როგორც მიმბაძველს, თუ ვინმე დასწერს იმაჟიენისტების მონოგრაფიას.
ცნობა ხრონოგრაფიულ სადგურის შესახებ
რაც ვთქვი, არ იქნებოდა თემა ჩემი წერილის, რომ პუგაჩით დამფრთხალ ქართველ პოეტებს არ დაეარსებინოთ ხელოვნების ხრონოგრაფიული სადგური: „ცისფერი ყანწები“.
ანალოგია მიდის ხმოვანებამდის, ღირებულების ყნოსვა ისეთია, როგორც 2:100.
გამართლება ისევ გრიგოლ რობაქიძეს ეკუთვნის. („ლონდა“, „კარდუ“, „ჯვარი ვაზისა“ და ჯერ გამოუქვეყნებელი „ნ. ბარათაშვილის ქნარი“).
დ ღ ე ს
საუბარი შეიძლება მხოლოდ პროლეტარულ პოეზიაზე, მაგრამ ეს არის თემა საკამათო; ამისათვის სხვა დრო და ხალისია საჭირო (მხედველობაში მაქვს რუსული ლიტერატურა).
„На посту.“-მ გამოუცხადა ტერორი თანამგზავრებს, მაგრამ თვითვე ჩაყვა გამზადებულ სამარეში, რადგან თანამგზავრებს აღმოაჩნდათ ჯავშნიანი ტვინი.
რადგან შემდეგ ჩემს წერილში „მემარცხენეობა და პროვინციალიზმი“ „ცისფერი ყანწები“ უფრო გარკვეულად არის ნახსენები - ამ წერილში მეტის თქმა ყანწების შესახებ უადგილოდ მიმაჩნია.
„სერაპიონელებმა“ დაასრულეს პილიგრამობა და ამით მისცეს საშუალება პროლეტარულ პოეტებს დაეწყოთ ფუტურისტობა: ჟაროვმა მიიღო პოზა სევერიანინის და ბუზიმიანსკი გაუტოლდა მაიაკოვსკის.
კონსტრუქტივისტების ექსპერიმენტს აკლია ის, რაც საჭიროა ლიტერატურულ „გოსპლან“-სათვის.
H2SO4, თავის თავად
რამ გაგვაჩინა
ქართული ლიტერატურა ნასუფრალით ერთობოდა. საკუთარი თავის დანახვა გაძნელდა. იყო მტკიცება და დამტკიცებული, მირონცხებული პოეტები იალბუზის ან ყაზბეგის მთიდან ღმერთს ესაუბრებოდნენ.
სანტიმეტალური დიალოგი კუჭს უშლიდა მხოლოდ ერთს.
ეს იყო „H2SO4“-ის ძირი ვაჟა-ფშაველა.
აქ შეიძლება მოხდეს გაუგებრობა, მაგრამ მოვაგონებ ყველას, რომ მე არ ვეკუთვნი არც ერთ უცხო ერის ლიტერატურულ მიმართულებას.
ჩემი გამართლება ეს არის და თუ „H2SO4“ იქნება ცენტრი, აქ „Dada“-სთანაც არ მოვიხდი ბოდიშს (სხვების ხსენება ზედმეტია).
მსოფლიო სისტემის მანეკენებმა გადაყლაპეს ქართული პოეზია. მათ წინააღმდეგ დაგჭირდა კაჟან-მდევრების მობრუნება.
გამართული ხერხემალი
რუსთაველი, არჩილ მეფე, დავით გურამიშვილი, ვაჟა-ფშაველა -
ხსენებულ მანეკენებზე გადატყდა.
გეოგრაფიულად:
ქალდეა და მესოპოტამიის საზღვრები (რუსთაველი),
შემდეგ გადუვალი კავკასიონის სანახაობა (არჩილ მეფე),
გადაჩეხილის მოთქმა (გურამიშვილი),
საკუთარი ძალით ქართული მიწის მონელება (ვაჟა-ფშაველა) შეუგნებელი დარჩა.
ამიტომ „H2SO4“-ის საბჭოს უხდება წაშლა განვლილის და დაწყება თავიდან.
სიყვარული გადაარჩენს ვაჟას თანამგზავრებს: ყაზბეგს და დ. კლდიაშვილს.
ეს არშიყული მიხედვა საჭირო იყო, რომ არ მეხსენებინა მარინეტი, აპოლინერი, ლუი არაგონი და მაიაკოვსკი კრუჩიონინის დამატებით.
იმდენად დაჯერებული არა ვარ, რომ მოგონებებით დაგაჯეროთ.
თუ ორი მართლა უდრის ორს, პოეტური სინდისი უფრო მეტს ნიშნავს და თუ დაიჯერებთ, გაიგებთ, რომ ბედნიერი აღმოჩნდა საქართველო – „ერგო“ H2SO4.
მჯერა, ხელოვნების ცენტრი გაივლის „H2SO4“-ის კანიბალ გულში.
ტფილისის პირველობას ჯერ ისევ საქართველო თუ გაიგებს.
ამიტომ არის ჩვენი მეტყველების საწყისი ხალხური, როდესაც ხრონოგრაფიული სადგური დასრულდება, მაშინ ვიტყვით: „ალავერდი გადარჩენილებს“.
საერთოდ მეტად საეჭვოა აღელვება მშიერ კუჭზე. „H2SO4“, „Dada“-ს პრაქტიკით ზომავს ნივთებს და კარგად ვიცით, რომ საკაცობრიო სიყვარული იქნებ ტურისტის „ჩემოდანი“-თ დამთავრდეს.
ნეკროლოგი დამზადებული გვაქვს. შეუწუხებელ თავს ნურავინ შეიწუხებს.
ამბავი ფაქტების და ბრძოლა ფაქტებთან
H2SO4,-ის პრაქტიკას ერთხელაც არ აუნთია კელაპტარი „დე იურეს“ სადიდებლად.
„დე იურე“ მუდამ შედეგია კრიტიკის და ზედმეტი მახინაცია შაურიან კრიტიკის, რომელიც გასკამებას ნიშნავს... იქ იწყება, სადაც პოეტი არ არის“. (პ. ნოზაძე, H2SO4 ).
ასეთი დიაგნოზით ბევრი მკითხველი მიიღებს ოყნას.
გადარჩება მხოლოდ ის, ვინც გაიგებს, რომ „თავმოყვარეობის აღდგენა სისულელით“ (3. ღოღობერიძე 12804) – უფრო ძვირფასია.
დამტკიცება დაჯერებული ხალხის საქმეა.
დაჯერებული ადამიანი კი ვაჭარს ჰგავს.
ბევრს დღესაც ჰგონია, რომ H2SO4 არის არაფრის დაწერა.
თუ გამოჩნდება მკითხველი და მოიხსნის ორსული ქალის გაოხედვას H2SO4-ის გადაკითხვის დროს, დარწმუნდება, რომ არაფრის დაწერა ისე ადვილი არ არის, როგორც აზრების გადაბმა (პროფესორის ლოგიკის სისტემით).
ეს მაინც ვერ გადაარჩენს სიძულვილის ფაქტს, თუმცა წინდაწინ ვიცით, რომ ვისაც კუჭი არ უვარგა, იმას სძულს H2SO4.
ცხადია H2SO4 ვერ იქნება კუჭ-მოშლილების სანატორიუმი და თუნდ ჭლექით გახდეს სიძულვილი, H2SO4 გვირილას მაინც არ მოკრეფს.
შეიძლება ამით ერთხელ კიდევ გამეორდეს „ბედის სიყვარული“, მაგრამ ეს მაინც არ იქნება რომანტიული პოზა.
ბენო გორდეზიანი. მოსკოვი. – 25 წელი.
გაზ. „დროული“ 1925 წ. № 1