რაჟდენ გვეტაძე // მდაბიო
მდაბიო
„მე ვცხოვრობ ვირივით წყნარათ და შრომით“
პაოლოსადმი მიწერილ ბარათიდან
ჩემი რევოლიუციონერობა არავის სჯერა,
თუმცა 12 წლიდან ვმუშაობ სტამბაში,
და დღეში ვფიქრობ ასჯერ:
რატომ ვარ ასეთი უბედური
და სალახანა.
მე მახსოვს კარგათ:
როცა ერთხელ ბოქაულმა მამაჩემი გალახა,
და მე სამაგიერო ვერ გაუბედე —
(ეს მოგონება სულს აწევს ბარგათ) —
როცა დედაჩემს ნავთი არ ჰქონდა ლამფაში
და მთვარეზე ვკითხულობდი აკაკის ლექსებს,
როცა ფუნაში ნახულ ჭიებს ვაგებდი ანკესებს,
და მივდიოდი წყალწითელაზე,
რათა კვირას მაინც გვქონოდა თევზით ვახშამი.
ო, დარჩეულ სურვილებს სევდა მითელავს,
რადგან მამა ჩემი, რომელსაც კიდევ სჯერა ხატის.
ისევ დახეულ ქალამნებით დადის
და ახრჩობს მევახშე.
მე აღარ ვფიქრობ ქალებზე, რომლებიც ჰგვანან გაპენტილ ბამბებს,
არც იმ გლეხზე, ციმბირის ჭირმა რომ მოუკლა ცალი ხარი,
და ლექსების მაგიერ ვსწერ ახალ ამბებს
(ყველაზე უფრო იოლია ეს ხელობა)
და მიხარია —
როცა ავტომობილი ვინმეს გასრისავს,
ან რომანიულ ნიადაგზე თუ მოხდა მკვლელობა.
მინდა ვიყო ერთი აზრის:
არ ავყვე ოცნებას ქარიანს
და მოვესწრო, შესული ხანში, —
წვერულვაშიან ვაჟებს,
(ეს იმედი გულს მიკაჟებს)
რომლებიც ეხლა სოფელში არიან
და ბაბუას ეხმარებიან თოხნაში.
თუმცა სხვა შეხედულების ვარ ცხოვრებაზე,
და მეზარება ყველა, ვისაც მუცელი აქვს ტიკის,
მაგრამ რადგან არაფერი მესმის მსოფლიო პოლიტიკის,
რომელსაც შეიძლება მოჰყვეს ახალი ომი, —
გადავწყვიტე ვიცხოვრო ასე:
ვირივით წყნარათ და შრომით.
ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1924 დეკემბერი №11