რაჟდენ გვეტაძე // ელამი სარკე
ელამი სარკე
საყდარის თავები მზით შეიმოსა
მინებს აწვება მარჯნების ღვარი.
მძინარე ქალი როგორც მიმოზა
სიზმრებში ტირის დაკარგულ გვარით.
შიში აღვიძებს ლოცვების მორჩილს:
ოთახში ფრინავს ყორანი შუშის.
და ელანდება ძუძუებ მოჭრილს
თუთუნის კვამლში ღიმილი ბუშის.
დიდიხანია ეს ბედი არგეს.
თავი ჯერ კიდევ ვერ გაიმეტა.
მუხლ მოკვეთილი უცქერის სარკეს —
და ეშაფოტი მოსჩანს იმედათ.
მაგრამ ამ სარკეს დღესვე გამოცვლის,
რომ შიგ ბრწყინავდეს კვლავ საფირები.
და დაინახა მან გამოსვლისას
მოდიან მისი სოფლის ვირები.
ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1923 წ. იანვარი № 9