რაჟდენ გვეტაძე // წერილი
წერილი
დღეს გადავწყვიტე მოგწეროთ წერილი
რადგან ქალაქში იშვიათად გხედავთ:
ალბათ მთებში სიარულით
კეთილი სახე ეკლებით გაქვთ დასერილი.
მოვესწრებოდე ნეტავ;
როცა ჩემი განზრახვა წმინდა და ფარული,
და თქვენი ყროყინი ვით ახალი კარმანიოლა —
მეხათ დაატყდება ამ დაწყევლილ ქალაქს,
სადაც თქვენი ბედი
(ღმერთებზე მეტი)
ყველაზე უფრო ჰგავს თათრის ბაზარში კბილების მთხრელ დალაქს.
ჩემთან ყოველ-დღე დადის ერთი სპარსელი
და მთხოვს მივყიდო ქარვის კაკილა,
რომლის პატრონი ეხლა დედოფალია სამოთხეში თეთრი ვირების
და რომელიც იყო ყელსაბამი ჩემი ასულის.
ო, ჩემი ბედი დღეს ყველამ გაკილა,
მაგრამ ვერ მომხრის შური მწირების
და ჩემი ლოცვა ცაში ასული
მოგევლინებათ როგორც მანანა.
იყავით ფრთხილათ: ქარს არ მისცეთ ოცნების ყანა.
და თუ სევდები თქვენს ამაყს სულს დაუდარაჯდენ —
ნუ დაგირჩებათ ჩემი სიტყვა, ძმებო, სანანოთ.
და კვლავ გახსოვდეთ გვეტაძე რაჟდენ.
ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1923 წ. დეკემბერ №10