cover

რაჟდენ გვეტაძე // მანიფესტი ვირებს

მანიფესტი ვირებს

მოქალაქენო, ეხლა სიკვდილს აღარ ვაპირებ:
გამიჩნდა საქმე საარაკო (თქვენ გეცინებათ).
ჩემი ფიქრები ისევ მოსჩანს მთვარის სინებათ
და მანიფესტით მე მივმართავ საყვარელ ვირებს:
ჩემო ვირებო, თქვენს სინაზეს ყველა ამცირებს,
თუმცა თქვენს თვალებს მე ვიხმარდი სარკის მინებათ
და გადავწყვიტე, რადგან ღმერთმა ასე ინება,
თქვენი სიცოცხლე ავაშორო სიკვდილის გზირებს.
ვერ შეხვალთ, ძმებო, სამოთხეში დღეს მარტო გარჯით,
ამაზე მახსოვს ბევრი ფიქრი დამიხარჯია,
საჭირო არის გადავარდნა ცეცხლის ყამირში.
გეძლევათ ნება დააარსოთ ცალკე სამეფო,
მგონი, დრო არის, რომ გაექცეთ მონურ წამებას
და შეგიძლიათ მფარველ მეფეთ მე ამირჩიოთ.

ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1922 წ. დეკემბერი № 8

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი