რაჟდენ გვეტაძე // სასაფლაო და ყვავები
სასაფლაო და ყვავები
რუხი კედლები, ხავსიანი თლილ ქვის ტრაბელი,
ხის ჩარჩოებში უმძიმთ ტანი მტვერიან ხატებს.
აღარ იხარებს დიდი ვერხვი გადანაბელი.
ძველი საყდარი დანგრეული უყვართ შავ კატებს.
სურნელს არ აკმევს ია ნაზათ ანაყვავები,
და სამრეკლოზე ჭოტი სუნთქვას ოდნავ აქშინებს.
სასაფლაოზე ოცნებობენ ღამე ყვავები, —
მძლავრი შრიალი მათი ფრთების მგზავრებს აშინებს.
დააქვთ ყოველ წელს შესაწირი ნადისიანებს, —
და თითქოს შველით, ვით მოფურჩხულს ლოცვა, ზერანი;
ღმერთს ავედრებენ ნათესავებს და მისიანებს.
წმინდა გიორგის თურმე აქ ყავს ხშირათ მერანი.
არ ემეტებათ, რაც რამეა სულის მაქნისი,
მაგრამ ყვავები პატრონობენ აღსავლის კარებს,
მათი თვალები მკვეთრი არის, როგორც სახნისი.
ატირებს ქარი ბნელ ღამეში გატეხილ ზარებს.
ისმის გოდება ნაღვლიანი საღვთო ოდებზე,
საკმევლის კვამლი ვეღარ ახრჩობს ცოდვილ ამურებს.
დავიწყებული სახელები ტირის ლოდებზე.
კეთროვან ვირის საზარი ხმა აფრთხობს ღამურებს.
ზამთრის დღეები წვიმიანი, ახ, როცა არი —
ბრმა მათხოვრები უიმედოთ ფიქრობენ დარზე.
სახლებზე კვამლი, დახურული ფანჯრები, კარი.
სხედან ყვავები მოწყენილი საფლავის ჯვარზე.
მკვდრებზე ოცნება, სევდა, დარდი, ყოფნა მარტივი,
მძიმე წუთების უფერულათ განმეორება,
მოუსვენრობა, ხასიათის შეცვლა მარტივით —
მტანჯავს და უხმოთ მაკანკალებს ავი ზმორება.
ვატყობ: ყვავები მიყურებენ მუდამ უნდობლათ,
ახ! თითქოს უნდათ, რომ დამღუპონ ფიქრში ტრიალით.
როცა ღამდება და ოთახში მარტო ვარ, ობლათ —
სასაფლაოდან მაშინებენ ფრთების შრიალით.
დეკემბერი 19-20, 1919
ჟურნ. „შვილდოსანი“ 1920 წ. იანვარი № 1