რაჟდენ გვეტაძე // დამქვრალი სანთლები
დამქვრალი სანთლები
შენი თვალები მაფიქრებენ, ვით თიმსარები.
და უცხო ასულს გემონები აშარას, ცფიერს.
მიცნობენ, როგორც ღამის სტუმარს ღობის სარები, —
ახ, სევდიანი ხეტიალში ვკარგავ ნაზ იერს.
როგორც ცოდვილმა დავივიწყე საყდრის კარები.
უკანასკნელათ მინდა რამე გითხრა კადნიერს.
ისევ შენთან ვარ შორეული, უგზოთ ნარები,
მაგრამ აღარ მაქვს მწველი ვნება, ვით მოხუცს, ხნიერს.
ყველას იყვარებ: მგოსანს, მდიდარს, ღარიბებს, თერძებს,
და შენს ღიმილში ინისლება მზის ტაროსები.
გაქვს მოღერილი მკერდ-კისერი, ვით ამაყ ვერძებს.
ო, აღარ მომწონს შენს მრუშ ტანზე ლურჯი მანტია.
ვით ხატთან ზეთი და სანთლების კვიპაროსები —
შენს სურათის წინ, ჩემს ოთახში აღარ ანთია.
ჟურნ. „შვილდოსანი“ 1920 წ. თებერვალიმარტი №2-3