რაჟდენ გვეტაძე // დატეხილი
დატეხილი
გრძელ ღამეებში, როცა ხარ მარტო
და სევდას გმატებს კვიმატი მარტი,
როცა ფანჯრიდან ითვლი ვარსკვლავებს —
მსურს შენთან ვიყო მორიდებით, როგორც ფარეში
რომ განუგეშო სიმწუხარეში.
როს შემოიჭდობ თმა გაშლილ თავზე, ნაზი ზმორებით თეთრ შიშველ მკლავებს —
მხურვალე კოცნით ამოგიშრობ ოფლიან ღლიავს,
და შენს ღრმა თვალებს, რომ გავს ორ შავ ქლიავს,
ვნებით შევმატებ ელვარებას ვერცხლის დანისას.
და სიახლოვეს ათრთოლებულს ჩვენი ტანისას —
კედლის დიდ სარკის ბროლის მინაზე
ფანჯრიდან მორცხვათ ბაკმიან მთვარის კვლავ აქარგავს ქარვის სინაზე.
როცა ვერ ვბედავ, რომ მოვიდე მე შენს ბინაზე,–
სასაფლაოზე ვათევ ღამეს, როგორც უჭერო.
ო, თუმცა მიშლის მამაჩემი ღამე სიარულს,
და მირჩევს იმის დარიგებას მე დაუჯერო,
მაგრამ ჩუმდება, რადგან სახლში ვერასოდეს მხედავს მხიარულს.
ვიცი, რომ სურვილს შიში აბრუშებს.
მათხოვრის ჯოხით დიდხანს ვიარ მე საცოდავათ.
და ჩემს სიცოცხლეს გაუხარელს, ცოდვილს, ნამრუშებს
გაუთხრი საფლავს მე თვითონ თავათ.
ჟურნ. „შვილდოსანი“ 1920 წ. თებერვალი-მარტი №2-3