რაჟდენ გვეტაძე // ღაზო- სონეტი
ღაზო–სონეტი
ჩუქურთმად მ...ს
სიკვდილს უჭირავს ხელში ჩემი ბედის ყანთარი.
შენზე ოცნება ჩემს იარებს ვეღარ აშუშებს.
როცა ღამეში წვიმა ნესტავს ფანჯრისა შუშებს,
ცივია ხედვა შენი სახის როგორც ზამთარი.
ვალად აღნიშნავს ჩემს ცხოვრებას ყოფნის დავთარი.
მივყიდი ბრმა ბედს სადუშმანოთ ცოდვის ჯაშუშებს.
მოეწონებათ თამამ ქცევით ჩემი სჯა ბუშებს
როცა შენს მკერდზე ავაღელვებ დანას აფთარი.
მაგრამ... მამუნჯებს ღამის ლანდთა ქცევა ქურდული.
როგორც სუსტ ტუსაღს მიმარტოებს კარის ურდული.
მაწამებს ფიქრი სევდით სავსე და უდაბური.
ო! როს გავიგებ: — სიკვდილს ებრძვი, გახრჩობს ლაბური.
მსწრაფლ გამოგიკვეთ სამარის ქვას ძველ ჩუქურთმებით.
და... მერე ჩემს თავს მეც დავიხრჩობ შენს შუქურ თმებით!..
ჟურნ. „თოლაბულუსის სარტყელი“ 1919 წ. აპრილი №1