რაჟდენ გვეტაძე // ხავერდის ქალი
სიკვდილის სუნთქვა აფართოებს ღამის ლაყუჩებს.
ზვიად გუმანით ვიარები გიჟთ მუშაბახი.
მაქეზებს ჟინი რაყიფობის, ტრფობა ნაბახი,
მაგრამ საზღვარი ღელვილ გრძნობებს დარდით აყუჩებს.
ხავერდის ქალი აბოროტებს ქალაქს და ქუჩებს,
საბედისწერო ასპარეზზე დინჯობს ყაბახი.
სანატრ ლექსებით მომღიმარი დავწვი თაბახი,
ჩემი ფიქრები დაემსგავსა გამხმარ ალუჩებს.
მის ღრმა თვალებში სონეტებით ვამთავრებ მითებს.
ვით ქვრივ დედოფალს, მეტად ჰშვენის შავი პროფილი.
მაჯავრებს, როცა სალამის დროს კოცნიან თითებს.
მწარდება მისგან მონაძღვენი ალიბუხარი,
და ბედი ჩემი — ყველასაგან უარყოფილი —
მასევდიანებს, ვით ზამთარში მცხრალი ბუხარი.
ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1919 წ. თებერვალი №1