cover

რაჟდენ გვეტაძე // სევდის Фარმანდი

სევდის Фარმანდი

უბედურება გველის ყველას, ვიცი ეფუთით.
ხშირათ უცნობი, მორიდებით საწამლავს მასმევს.
ნაღვლიან თვალებს დამიბრმავებს ვერცხლის ბებუთით,
ის ცოლის თმებით გამიკეთებს დასახრჩობ თასმებს.
ვით რუქაია მაჯადოებს ნაზი ფანდებით,
მის სურათის წინ მღალავს ლოცვა და მეტანია.
ჰშვენის ქოშები თეთრ ფეხებზე სირმის კანტებით,
მაგრამ სიმკაცრე მისი სახის ნამეტანია.
ლამაზათ მორთულს, ლილისფერი აცვია მანტო,
როცა შემხვთება, არ მაშორებს თვალებს უგეშებს.
მაგრამ იღბალი, როგორც ყაჩაღს, ვერც იმან მანდო, —
მუდამ მწუხარეს, მე ვერავინ ვერ მანუგეშებს.
იტაცებს ღამე — მძაფრი ქარი სახლის ძველ ყავრებს,
გრძელ მოლოდინში ტკივილებით მატირებს ბრაზი.
მივალ ჭიშკართან ფრთხილათ, მაგრამ ვერ ვხედავ მგზავრებს,
ო! როგორ მინდა მეხვეოდეს, ვით ხარდანს ვაზი.
ვგრძნობ: ლოცვას ვიტყვი უკანასკნელს, ვით მონა ბერი,
ჩემი სიკვდილი შეარიგებს მომდურავ მძახლებს.
სიო მაცნობებს ღვთის განზრახვას ცით მონაბერი.
ჩემი ალერსი მოუნდებათ ზამთარში ძაღლებს.
ვეღარ მომხიბლავს ის, სინაზით და ხან გარებით,
ვეღარც დამათრობს სურნელებით, როგორც სოსანი.
მტანჯავს ოცნება სურვილების ხარბ ანგარებით,
მაგრამ მახარებს მხოლოდ ერთი, რომ ვარ მგოსანი!

ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1919 წ. დეკემბერი № 3

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი