რაჟდენ გვეტაძე // საფირონის ნატეხები
საფირონის ნატეხები
ა.
ტრიოლეტი
ჩემს შვილს: რამაზს
მაცხოვრის სახე შევიყვარე კეთილი, ნაზი,
და წრფელ ლოცვებით მას ვავედრებ საყვარელ რამაზს,
რომ უკვდავი ვყო ჩვენი გვარი — მიჭირავს ხაზი.
მაცხოვრის სახე შევიყვარე კეთილი, ნაზი.
შვილის ალერსი დარდს მავიწყებს და როგორც ვაზი —
ვეხვევი ხშირათ და ვუკოცნი თეთრ სახეს ლამაზს.
მაცხოვრის სახე შევიყვარე კეთილი, ნაზი,
და წრფელ ლოცვებით მას ვავედრებ საყვარელ რამაზს.
ბ.
Momento mori
შენ თრთოდი ისე სიცივეში, როგორც ხბოს ტანი.
მე საყვედურით გიცქეროდი სახე მადლიანს,
რადგან ზამთარმა დამითალხა ბაღი, ბოსტანი.
და შენის ხელით მიმზადებდი საფლავს მატლიანს.
როცა ასკილმა ფანჯარასთან თავი დახარა —
შენს ნაზ სახეზე აბოროტდა ღიმი კეთილი.
ჩემმა ბოდვებმა, შეგამჩნიე, რომ გაგახარა
და წასასვლელათ გამოაღე კარი კეტილი.
ვფიქრობ: ვიყავი, არ ვიქნები... ვფითრდები ჯავრით —
როცა ხმა მესმის უჩინარი, დადასტურების.
ინგრევა სახლი ქარისაგან, ნახური ყავრით,
მაშინებს ღამე, კატები და ჩხუბი ტურების.
როცა ვიგონებ ჩვენს სიყვარულს — (რა ძვირფასია?)
შენი სიყალბე არ მაკვირვებს, რომ იჩარხება.
რადგან სიავით, სიკვდილი ცვლის მდიდარ ხასიათს,
ცივია მიწა... კაცთა ხსოვნაც შიგ იმარხება,
არავისი ვარ მადლიერი, წუთის მზვერავი
და როს მოვკვდები, აქარვდება სახე გედური —
(თუმცა ჩემს სიკვდილს ვერ გაიგებს დიდხანს ვერავინ)
არვინ მიტიროს, მე ამ ქვეყნათ ყველას ვემდური.
ჟურნ. „თოლაბულისის სარტყელი“ 1919 წ. მაისი №2