cover

რაჟდენ გვეტაძე // რევმაი

რევმაჲ

ღარიბ ოთახის არ მამშვიდებს ღია კარები,
ჩემი ოცნება კეთროვანი — ფიქრებს აბანდებს,
დავდივარ მარტო და არავის არ ვეკარები,
როგორც შეშლილი ქვით დავეძებ ძველ შუშაბანდებს.
ღარიბ ოთახის არ მამშვიდებს ღია კარები.
ჩემს მეფურ პროფილს აღარ ჰშვენის ლალი, მარჯანი.
მოუსვენრობით გაუტოლდი უბედურ ციგნებს,
მაგრამ მაკუნტებს სიუძლურე ვით მემარჯანი.
საშიშ ღამეში ჩემი თვალი გზას ვეღარ იგნებს.
ჩემს მეფურ პროფილს აღარ ჰშვენის ლალი, მარჯანი.
დამტყდარ ლოცვებით შევიყვარე მე ვაზის ჯვარი.
მარტის ხასიათს ვერ მათვისებს სახე ატამის.
არავის ხიბლავს სითამამით დღეს ჩემი გვარი,
და დანანებით მუდამ მტანჯავს ცოდვა ადამის.
დამტყდარ ლოცვებით შევიყვარე მე ვაზის ჯვარი.
ჩემი ვარსკვლავი აღარ ბრწყინავს, ოდნავ აშუქებს,
ვით მომაკვდავი ბედს ვემდური გულის წუხებით.
ვეღარ ვთამადობ შაირებით ჯიბრში აშუღებს.
როგორც დავრიში ვიარები ძველი წუღებით.
ჩემი ვარსკვლავი აღარ ბრწყინავს, ოდნავ აშუქებს.

ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1919 წ. აპრილი №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი