cover

რაჟდენ გვეტაძე // ავტოპორტრეტი

ავტოპორტრეტი

ვიმღერი მარტო, ვით ბესიკი — ხარბ მუხამბაზებს,
მკვდარ სიყვარულზე ლექსებსა ვწერ, როგორც მამია.
სიკვდილზე ფიქრი სათუთ გრძნობას დარდით აბაზებს,
მაგრამ მახარებს, ჩემი სიტყვა რომ თამამია.
მინდა, ნახშირი რომ წავისვა, ვგავდე არაბებს,
რადგან შემძულდა ჩემი სახე, მიმქრალ თვალებით.
როცა თენდება, თრთოლვით ვაღებ ფანჯრის დარაბებს, —
მზის აყვავებას მინდა შევხვდე დაღლილ წვალებით.
ვეღარ ვიშორებ სასიკვდილო ტანჯვის მარწუხებს,
მახრჩობს ხველება, მიფერმკრთალებს ტუჩებს ნახველი;
უბედურ მგოსანს მარტოობა მეტად მაწუხებს,
ველი ვიღაცას... მაგრამ, არ ჩანს არვინ მნახველი.
მხიარულ სიცილს და სიგიჟეს მახარბებს ბედი.
ჩემი ფიქრები ცივ სარკეში ბრმათ არიჟრაჟდენ,
და მუნჯ ლექსებს ქვეშ ვნებით იწვის — როგორც აბედი —
ღარიბი გვარი და სახელი —გვეტაძე რაჟდენ.

ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1919 წ. თებერვალი №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი