cover

აკაკი გაწერელია // ახალი ლექსალობის შესახებ

ახალი ლექსალობის შესახებ

ლირიკული ფაქტი პოეზიაში მუდამ ფსიქიური დოკუმენტის ხასიათისაა. ლირიკოსების გზა არის გზა ადამიანების ემოციონალური მეტყველებისა პოეზიაში. ალექსანდრ ბლოკის პოეზია მოგზაურობაა საკუთარი თავის გარშემო. რუსულ
ლირიკაში მან მოახდინა ბოშური რომანსის ლექსიზაცია (ვ. შკლოვსკი), როგორც ლირიკული განწყობილების პრიმიტიული ფორმის (უკანასკნელის კანონიზაცია შეადგენდა ბლოკის პოეტურ გზას), მაგრამ როდესაც ბლოკმა დასწერა „თორმეტი“ — ეს იყო ახალი ნაკადი მის პოეზიაში და „თორმეტი“-ც მიჩნეულია, როგორც
უდიდესი შტრიხი. ეს ფაქტიც ამტკიცებს იმას, რომ ლირიკულ ფორმის თვისებაში ვერ დაეტევა საგნობრივი სიფართოვე და ამისთვის საჭიროა გადაცდენა ლირიკის გზიდან.

ლირიკას აქვს თავისი ტრადიცია და მისი წარსული ინტიმისა და ფსიქოლოგიზმის ემპირიკაა. ამიტომაც პერსონალიზმი და ლირიკა ერთნაირი ზომით იჭრებიან ურთიერთში. სიმბოლისტების პოეზიაში ეს ფორმა პრინციპად იყო დასახული. პერსონალიზმის შეჭრამ პოეზიაში ინდივიდუალური ყოფა მიიღო, როგორც გადმოცემის ობიექტი. აქედან იწყება ლაშქრობა იმ ლირიკოსების,
რომელთა შემოქმედებაში თვითონ ავტობიოგრაფიები იკავებდენ მთავარ ადგილს. მოკვდა სივრცობრივი სიფართოვე და მეცხრამეტე საუკუნის ევროპიული პოეზია აშენდა არა საზოგადოებრივი ყოფის თემატიური ქვეშ — არამედ სალონური კარჩაკეტილობით. მან დაჰკარგა პრიმატი საგნობრივი სინამდვილის, და ზოგიერთი პოეტები ხშირად ფიზიკურადაც აფარებენ თავს კათოლიკურ კათედრალებს.

დღეს საერთოდ ლიტერატურაში წამოჭრილია თვით მატერიალის ხასიათის საკითხი. თანამედროვე აზრი ჩერდება პოზიტიური ხედვის დაკანონების საჭიროებაზე. ახალი ლექსალობის ამგვარ მიმართებას სიმბოლისტური პოეზია, როგორც ლირიკის უკიდურესობა, მუდამ გაურბოდა. აქედან ადვილი ასახსნელია
ფაქტი ლირიკის სიკვდილისა — ლირიკის, როგორც ფორმის.

ურბანიზმის შეჭრა პოეზიაში იყო გადამწყვეტი ხასიათის. ლირიკას, როგორც ემოციონალურ თქმებით აშენებულ ფორმას ლექსალობისას, არ შეეძლო მისი ფორმალი შეთანხმება. ამიტომაც ურბანულ მასალამ ლირიკაში პასუხად მიიღო ნერვიული შიში და, როგორც ყოველი დიდი ორგანიული ტკივილი, დასრულდა
ორგანიული სიკვდილით.

ქართულ პოეზიაში ლირიკის ფორმამ თავისი დასრულებული გამოხატულება ჰპოვა ქართულ სიმბოლიზმში. მათ შორის განსხვავებით სდგას გრ. რობაქიძე, როგორც საუკეთესო და ორიგინალური დამკანონებელი ელლიპსიური კონსტრუქციისა, რაც უახლოვდება აღწერილობის მანერას (იგი სრულიად არ არის
სიმბოლისტური ლექსობრივობის შემომტანი ჩვენში).

ლირიკის უკიდურესი პერსონალიზმის ილუსტრაციისათვის კმარა ვ. გაფრინდაშვილის პოეზიის გაცნობა. მასალობრივი არე ამ პოეტში არის სალონური და რადგანაც მასალის ორგანიზაციიდან ხშირად არ არის თავისუფალი ფორმალი ასრულებაც — მისი ლირიკის გზაც წმინდა გამოთქმითი მიმართულებისაა. ამის გამო მოხდა ის, რომ ვერც ერთი ახალი თემატიური მასალამ, რომელსაც თან სდევდა ფაქტიური და რეალური სახე — ვერ იპოვა მასში გაფორმების
სრულყოფა. აქ მივიღეთ ის, რასაც ერთი რუსი თეორეტიკოსი ფორმის კონტრრევოლიუციას უწოდებს და, რომელიც ხშირად მეტყველებს მწერლის მსოფლმხედველობაზედაც.

პათეტიური ლირიკის წარმომადგენელნი ჩვენში იყვნენ დემოკრატიული პოეტები. ამ თაობის პროგრესიულობის შესახებ საუბარი დღეს ზედმეტია. ხოლო, რაც შეეხება მათი ლექსობრივი შენების პრინციპს — იგი დღეს დგება სრულიად ახალი კონსტრუქციით, რომლის გაცოცხლებაც დემოკრატიულ პოეტების მომდევნო
თაობამ ვერ შესძლო.

საერთოდ, დაწყებული ახალი ფორმების კანონიზაცია ჩვენშიც ჰპოულობს ორიგინალურ განვითარების ხაზს.

II

ჯერ კიდევ ანდრეი ბელი აღნიშნავდა თავის „Символизм“ -ში, რომ ესთეტიკის რკვევითი ემპირიკად ხელოვნების ფორმა უნდა იყოს მიჩნეულიო. ლიტერატურის თეორიამ (პოეტიკა) მეცნიერულად დაასაბუთა ამგვარი რკვევის აუცილებლობა.
ახალი პოეზიის ფორმალურ საკითხების რკვევით ნათელი ხდება ის, თუ როგორ არის შესაძლებელი თანამედროვე მასალის მიღება. ამის გამო ანალიზი იწყება უმთავრესად ფორმალურ საკითხების გარჩევით.

მემარცხენე მწერლობამ რუსულ პოეზიაში შემოიტანა ორი ტიპი ლექსობრივ შენებისა: თხრობითი და აღწერითი. პირველის ფორმალი ხერხებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიკა (ფაბულარულ სიბრტყეებით), ხოლო მეორეში ემფატიური (მიმართვითი) ინტონაცია. აქვეა აღსანიშნავი ახალი პათეტიზმიც.

პირველი ტიპის ლექსის შენებითი ფორმებით ადვილი ხდება
იმ დიდი მასალის მიღება, რომელიც ურბანულ სპეციფიკით არის აღნიშნული. ლექსი თავს აღწევს სალონებს და პერსონალიზმის ჯებირების გარღვევით პოეზია იბრუნებს საკუთარ და თვითად სიცოცხლეს.

აღწერით ლექსში განსხვავებულ მანერად იჭრება პათეტიკა. უკანასკნელის თავისებურობას შეადგენს საგნების გაშუქება რიტორიკულ პლანით. აქ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ემფატიური (მიმართვითი და შეკითხვითი) ინტონაცია, რომელიც დამახასიათებელია ორატორთა სიტყვების. ლიტერატურაში ამის ფორმად მიჩნეულია ოდა (ხოტბა). დღეს მიმართვითი ინტონაცია
წარმოადგენს პათეტიკის კონსტრუქტიულ მხარეს, რომელიც თავს იჩენს განსაკუთრებით მემარცხენე მწერალთა შემოქმედებაში (მთელი რიგი ვ. მაიაკოვსკის ლექსებისა:, „левый марш” და სხვა).

თხრობით (Повествовательный) ლექსის ფორმად საერთოდ მიჩნეულია პოემა. ახალ თხრობითი ლექსში-კი მხოლოდ თქმის კონსტრუქცია არის თხრობითი. უმთავრესად ამგვარი პოემის კლასიფიკაციაში შედიოდა ეპიური (ფაბულარული), დესკრიპტული (საგნების, პეიზაჟების და სხვათა ამწერელი) და სხვა ფორმები
(დიდაქტიური, დაქტილიური). დღეს თხრობითი ლექსი დგება, როგორც ლექსობრივი შენების ახალი ფორმა, საცა თხრობის მომარჯვებით და არა ფაბულარულ სიბრტყეებით და სიუჟეტის აშენებით შესაძლებელი ხდება სოციალურ, პოლიტიკურ და თვით პერსონალურ ყოფის შეტანაც პოეზიაში. ამის საუკეთესო ფაქტები რუსულ პოეზიაში არის ვ. მაიაკოვსკის: „Американские стихи”, –
„Хорошо“ და ნ. ასეევის მრავალი ლექსები.

III

ქართული პოეზიის დღევანდელი ვითარება წარმოდგენილია
შემდეგნაირი სახით:
ახალი ფორმების კანონიზაცია, რომელიც დაწყებულია რუსეთში და სხვაგან —ჩვენში იქმნება მემარცხენე მწერლების მიერ. სიმბოლისტური ლექსის ტრადიცია დღითი დღე კვდება. პათეტიურ ლირიკამ თავი შეაფარა პროლეტარულ პოეტებს, რომლებმაც უარყვეს მისი პირვანდელი სახის პრიმიტივიზმი ახალი ლექსის
მშენებლობაში. დაცარიელებულ არეს ვერ ავსებენ ცალკეული პერსონები (გ. ტაბიძე და სხვები).

თხრობითი და აღწერითი ლექსის ტიპი ჩვენში შეჰქმნეს
მემარცხენე მწერლებმა. ახალი პათეტიზმიც მათ მიერ არის შემოტანილი. კონკრეტული მაგალითები ყოველივე ამას უფრო ცხად ყოფენ. მანამდე კი მოკლე ეკსკურსი:

თხრობითი ლექსის საუკეთესო წარმომადგენელი რუსეთში იყო ლერმონტოვი. ჩვენში ამგვარი ლექსის ტიპი შემოდის მეცხრამეტე საუკუნეში, რომლის დამკანონებლად გვევლინებიან ილია ჭავჭავაძე, ვაჟა-ფშაველა და სხვა. მაშინ ფაბულარულ სიბრტყეებით ადვილი ხდებოდა გადატანა პოეზიაში სოციალურ
იდეების, გმირების მოქმედებების და სხვა დრამატიული კონფლიქტების. მხატვრული ასრულება კი უმთავრესად მიდიოდა დინჯი ეპიკისა და სტატიური მოტივების გამართვით (ბუნება, ადგილები, გმირების ხასიათი და სხვა). ასეა შესრულებული „კაკო ყაჩაღი“ — „აჩრდილი“ —„გამზრდელი“ — და სხვა პოემები.
ლექსობრივობაში — კი ეს მანერა პირველად შექმნა ვაჟა-ფშაველამ, როგორც პოეტური თქმის ხერხი.

აღწერითი ლექსისა' და მიმართვითი ინტონაციის საუკეთესო წარმომადგენლები ჩვენში არიან: ალ. ჭავჭავაძე, გრ. ორბელიანი,
დღეს, განსხვავებით ი. გრიშაშვილი, რომელმაც — ერთის მხრივ თავისი პოეზიის ფორმალური საწყისების სათავე იპოვა ალ. ჭავჭავაძესა და გრ. ორბელიანში.

მიმართვითი ინტონაცია თან სდევდა ალ. ჭავჭავაძეს. გრ. ორბელიანმა ამგვარ ტიპის (ლექსობრივი კონსტრუქციის) მაგალითებით ამოსწურა საკუთარი ორიგინალობა. „ლხინი“ — „თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ — „იარალის“ — შესრულებულია აღნიშნული მანერით.

მაგ. (ნაწყვეტების სახით).

„შენს წმინდა სახეს,
მშვენებით სავსეს,
სახიერებით გასხივებულსა“
(„თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“)

ან:

„ჩემო იარალი! ნეტავი, ოდეს
ლხინით ავსილნი ვსხდეთ ველსა წმიდას“ („იარალი“) — და სხვა.

ნიკ. ბარათაშვილმა თავის კლასიკურ ლექსში „მერანი“ — მოგვცა მიმართვითი ინტონაციის უდიდესი ექსპანსივა. ცხადყოფისათვის სტრიქონები:

„გასწი, მერანო, შენს ჭენებას არ აქვს საზღვარი
და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი“.

სხვაგან:

„ჰოი, მთაწმინდავ, მთაო წმიდავ, ადგილნი შენნი.
დამაფიქრველნი, ვერანანი და უდაბურნი“
(„შემოღამება მთაწმინდაზე“).

ყველა ზემოდ მოყვანილ ადგილებისათვის დამახასიათებელია განსაკუთრებულ ობიექტისადმი მიმართვითი თქმა და მასთან ერთად ფსიქოლოგიური თუ პეიზაჟური აღწერა.
ამ პერიოდში იწერებოდა აგრეთვე ოდებიც.

პათეტიური ლექსი — როგორც ზემოდ აღვნიშნე — დამახასიათებელი იყო დემოკრატიულ პოეტებისათვის. ამ მხრივ საუკეთესო წარმომადგენლად გვევლინება ირ. ევდოშვილი.

„მეგობრებო, წინ, წინ გასწით
ნუ შედრკება თქვენი გული“ და ა. შ.

პათეტიზმი ახალ პოეზიაში სდგება სრულიად ახალი კონსტრუქციით. ნაწილობრივ ეს მანერა შექმნეს კ. ლორთქიფანიძემ (პროლეტ. პოეტ.), ბ. აბულაძემ და ს. ჩიქოვანმა.

ს. ჩიქოვანის პოეზიის ფორმალური გზა ხასიათდება
რამდენიმე პერიოდით. ჩვენ ვეხებით დღევანდელ მის ხაზს, რომელიც მიემართება თხრობითი და აღწერითი ლექსალობის მოცემის გზით.

აღწერითი მანერიდან აღსანიშნავია: „კავკასიიდან – ტაგანროგამდე», „მოსკოვი“ და სხვა.
ამ ლექსების აღწერითი მანერის ცხადყოფისათვის მოვიყვანთ რამდენიმე ადგილს:

„თითქოს მიგალობს ლიანდაგზე გვალვის ბულბული -
ისე გავიგე მე ბორბლების ხშირი ბგერანი,
და სივრცეებზე უსირცხვილოთ დახარბებული
გადაშლილ მინდვრებს გადაკივის რკინის მერანი»

ან:

„და ცვლილებაა ერთფეროვან პეიზაჟების“ – და ასე...

თხრობით ლექსში, საცა ხშირად იჭრება პრაქტიკული თქმა როგორც სტილისტიური მანერა – ემოციონალურ ლირიკას ეთიშება ყოველ დღიურობასთან დამოკიდებით, ამგვარი მეტყველების მაგალითები მრავლად იპოვება ს. ჩიქოვანის ლექსებში:

მაგ.:
„მომშორდი, თორემ სინიდისს ვფიცავ შემომელახები“.

„ან რას ამბობ, რას...
ცაკოკა არ მსურს გამიტოლდე
პოეტს მომღერალს“ (მყინვარი)

აქედან ცხადია: თხრობითი და აღწერითი ლექსი უფრო ეგუება, როგორც ლექსალური ფორმა თანამედროვე თემატიურ მასალას. ამავე დროს ამ ფორმით ასრულებული ლექსალური ფორმა – რადგანაც დამტევი არის ახალი მასალის – ის უფრო კარგათ ღვრებიდან დაძვრა.
თხრობითი მანერის საშუალებით ლექსალობაში შედის საბაასო მეტყველება, დღევანდელობაში შექმნილი სიტყვიერი მასალა და საერთოდ პრაქტიკული სიტყვიერი ლექსიკონი.

ამგვარ ლექსალობის ფორმალურ ხერხების შესახებ აქ მრავალი რამ შეიძლება ითქვას. აღვნიშნოთ მხოლოდ შედარებების ხერხი, რომელსაც ს. ჩიქოვანი ანვითარებს ახალი ხაზით.

სახე (Образ) დამახასიათებელია ხალხური პოეზიის. სიმბოლისტურ ლირიკაში ის უკიდურესობამდეა აყვანილი. ახალ პოეზიაში შემოდის არა სახე, არამედ შედარება (Сравнение, Comparatio) უკანასკნელი პირველისაგან განირჩევა ფრაზის გაგრძელებით (პერიოდებით). სახე კი საყურადღებოა თავისი კონკრეტობით. პირველი დამახასიათებელია თხრობითი ლექსალობის, წინააღმდეგ ლირიკისა, სადაც მეფობს სახე და არის სავალდებულო შედარებისთვის.

მაგ. „როგორც პეპლები ლამპის შუშებზე გულს ღამეები ეხეთქებიან» (ს. ჩიქოვანი), წინააღმდეგ „ჩემი საცოლე – ძვირფასი ქვა – მოდის ამალით“ (ვ. გაფრინდაშვილი).

აქ მოყვანილ ჩიქოვანის ციტატაში – ნაჩვენებია მეტაფორის თხრობითი გაშლა.
ხშირად ჩიქოვანის ლექსებში შედარებები შესრულებულია ოქსიუმორონის პრინციპით. აღსანიშნავია გზა ლექსის ნივთობრივ ხასიათის გამოჩენისა: შედარებების მატერიალიზაციის.

თხრობითი ფაქტები მოგვცა დ. გაჩეჩილაძემ. მაგ. „ზელიმხანი», რომლის ლექსობრივობა აღწერითია. მაგრამ „ზელიმხანში“ თვით დაწყებაა აღსანიშნავი, რომელიც აღწერითი ლექსის საუკეთესო მიღწევას წარმოადგენს.

„როცა მყინვარზე ღრუბელი კრიახებს,
როცა ვარსკვლავები ყურავენ ცაშივე,
სივრციდან ამოჰქრის ორბი გამჭრიახი
და ცაზე ფართხალით მიცურავს გაშლილი.
მიცურავს მარდული მთებზე და ბარდაბარ,
ფრთებზე ეხვევიან ელვები გარდაგარ,
ლაჟვარდი გატყდება მოლურჯო წყალივით
და ციდან მოისმის ვარსკვლავთა წკარუნი“.

„ოქტომბრის დღეებ“-ში თხრობითი და აღწერითი ლექსალობა ცვლიან ერთმანეთს.
თანხმობითი ლექსის ნიმუში არის ნ. ჩაჩავას „ყაჩაღები ქალაქს გადასცდნენ“.

ამ შენიშვნებში ჩვენ გვინდოდა მოგვეცა რამოდენიმე შტრიხი ახალი ლექსობრივობის – ეს ახალი მოთხოვნილებების საზოგადოების და მასალის თვისებას. რასაკვირველია, ამის მოცემა აქ ვერ მოხერხდებოდა, მაგრამ შემდეგში ჩვენ
ვეცდებით, ეს საკითხები უფრო გავარკვიოთ.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი