აკაკი გაწერელია // დემნა შენგელაია
დემნა შენგელაია
ქართული პროზის რენესანსი მჭიდროდ უკავშირდება H2SO4 -ის ლიტერატურულ საბჭოს სახელს, რომელმაც მანიფესტებისა და ტერორულ სეზონის გათავების შემდეგ პრაქტიკულ მიმართების ნიშნებიც გახადა თვალსაჩინოდ.
თუ ერთი გერმანელი მწერლის თქმით, ხელოვნებაში პროგრამების პოსტულაცია ადვილია, ხოლო პაროლების ასრულებაა ძნელი, — მაშინ უნდა ითქვას, რომ ეს
სიძნელე ქართული ლიტერატურის დღევანდელ სინამდვილეში ქართველ ფუტურისტების მიერ მთლიანად დაძლეულია.
პროზაულ ლიტერატურაში დ. შენგელაიას, პ. ნოზაძის და აკ. ბელიაშვილის სერიოზულ ცდების საერთო რეზულტატმა გვაჩვენა უშუალო ლტოლვა პროზისაკენ. აქვე სახილველია გზები კერძო ტალანტების, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ პირველი
სანიშნო მიცემული იყო უთუოდ H2SO4-ის ლიტერატურულ პრაქტიკით. ამ პრაქტიკას თან ახლდა თეორიული გამართლებაც, რომელიც ზოგიერთებმა მიიჩნიეს საეჭვოდ და ეჭვი დ. შენგელაიას შემოქმედებისაკენ მიმართეს უმთავრესად.
საკუთარ კონცეპციების ტარების უფლება ყველას აქვს, მაგრამ ამგვარ „კონცეპციებზე“ წერა თავმოსაბეზრებელი თუ იქნება მხოლოდ. ჩვენ გვსურს ზოგადათ ვიმსჯელოთ და წერილში გამოთქმულ აზრების დასაბუთება ვცადოთ დემნა შენგელაიას პროზაულ შემოქმედების მოკლე განხილვით.\
არც სიმბოლისტი და არც ნატურალისტი. ორივე ბრალდება ერთობ გაუმართლებელი. სიმბოლისტური შემოქმედება საკუთარ ფილოსოფიურ შემეცნების მატარებელია, რომელიც მეტაფიზიკად იწოდება. სიმბოლო გამოვლინებაა მარადული და შორეულ სახით იმის, რაც ჩვენ უშუალო ხილვაში საგნების პირდაპირ სახეობად
გვეშლება. აბსტრაქცია აქ აუცილებელი დამატებაა კონკრეტულად
დაჭერილ საგნის. დემნა შენგელაია ირრეალისტი უფროა, ვიდრე აბსტრაქციის გამმართველი. მის შემოქმედებაში ირრეალი ტიპების თუ მომქმედ პირების წარმოდგენებიდან გამოდის. სიმბოლისტურ შემოქმედებაში აბსტრაქცია სახვითი მეთოდია ავტორის, რომლის მიმართულებითაც დ. შენგელაიას შემოქმედებითი გზა სრულიადაც არ მიდის.
ცნობილი სიმბოლისტი ანდრეი ბელის პროზაულ შემოქმედებაში კოშმარები აბსტრაქციის ფონზე იშლებიან, დ. შენგელაიას ირრეალიზმი საგნების დალაგების შემდეგ მოდის. ირრეალი მასში მოცემულია არა პირველად და აუცილებელ პირობად, როგორც აბსტრაქცია სიმბოლისტებისათვის. ესეც რომ არ იყოს, დ. შენგელაია არ არის მეტაფიზიკურ შემეცნების მატარებელი, რომლის გარეშე შემოქმედის სიმბოლისტად
გამოცხადება ლიტერატურულ გაურკვევლობის მაჩვენებელია მხოლოდ. თ. დოსტოევსკი (რომელთანაც დ. შენგელაიას დაახლოვება უფრო შეიძლება, ვიდრე რომელიმე სიმბოლისტთან) ირრეალისტია უთუოდ: იგი ალაგებს საგნებს რეალისტის სიმშვიდით, მაგრამ მთელ შენობას ირრეალ სფეროში გადიტანს ხოლმე უეცრივ. ასეთი ხვეულებით სავსეა „ძმები კარამაზოვები“, „ეშმაკეულნი“ და სხვა მისი რომანები. თ. დოსტოევსკიდან კი, სიმბოლისტებს გარდა, სწავლობდენ სხვა ლიტერატურული მიმართულებანიც.
დ. შენგელაია მიღებულია აგრეთვე, როგორც ნატურალისტი (სიმბოლისტი და თანვე ნატურალისტიც!). ესეც გაუგებრობის მაჩვენებელია უდავოდ. „ნატურალიზმი მე-19 საუკუნის ადამიანის მსოფლხედვაა“ (გიუბნერი), რომელშიც საგანი პერსპექტივის გარეშეა აღებული. მას სწამს აღწერითი მონოტონიზმი და ხილვის სისავსე მხოლოდ. აქ პასსიური მისვლაა სინამდვილესთან და მონობა საგნის ქვეშ. მიტომაც არის რომ ნატურალისტურ ნაწარმოებში ხელოვანი, როგორც აქტიური და თვითადი რამ, ნაკლებ იგრძნობა. დ. შენგელაია კი ირრეალის ზოგად გახაზვითაც
იხსნის ნატურალისტის სახელს.
ავიღოთ რომელიმე მისი „ნატურალისტური“ ნაწარმოები, თუნდაც „გურამ ბარამანდია“. დააკვირდით ერთ ხვეულს: მოთხრობაში აღწერილია კოჩა ივარდავას ქოხი — კერიათი, ნაჭაზე ჩამოკიდებული ქვაბით, აკრიახებული დედლით და თქვენს წინ იშლება „სრული ნატურალისტური სურათი“, მაგრამ საკმაოა ამ ქოხში გაჩნდეს თვით კოჩა ივარდავა თავის შელოცვებით, რომ თქვენი შემეცნება ირრეალ სფეროში გადავიდეს. დ. შენგელაიას შემოქმედებაში ფაქტებს იმდენად აქვთ მნიშვნელობა, რამდენადაც ხელოვანი მის უშუალო ხილვის შემდეგ გახსნის უცნაურსა და
დაფარულს. მისი აღწერით მონოტონიზმი სრულიადაც არ არის ემილ ზოლას მონაგვარი „დეტალიზმი“, რომელიც ერთფეროვანი და გაჭიანურებული რჩება 300 გვერდიან რომანის სიგრძეზე (მაგ. „მემაღაროენი“).
მაშასადამე, ზემოდ თქმულიდან ორი რამ ირკვევა: არც ერთი შემოქმედებითი ფაქტი დემნა შენგელაიასი არ არის გაშლილი მეტაფიზიკურ ტრანსცედენტობის ფონზე და ნატურალისტური თვითმკვლელობაც თავიდან აშორებულია.
გავლენებზე და სახელებზე კოგანის მიმდევრებს თუ უყვართ ლაპარაკი, რომელთათვისაც ფორმად მონოლიტიზმის კითხვა ხელოვნებაში და საერთოდ ლიტერატურაში „რაღაცის“ თქმის პროპორციულ დაყენების დროს მხედველობიდან არის გაშვებული, ან კიდევ მეორე რიგზე ჩამოყენებული. კრიტიკაში პარალელების
მოყვარული „ბერის თქმით“ სარგებლობს მუდამ. აქ ეს მიზანი არ არის აღებული. აღნიშვნა საჭიროა იმდენად, რამდენადაც შეიძლება ვეძიოთ გაუმართლებლობა გაგრძელებულ პარალელებისა, რომლის საბოლოო რეზულტატში შეიძლება მივიღოთ რომელიმე შემოქმედების მრავალ „ისტად“ გამოცხადების შესაძლებლობა.
ბ. პილნიაკის ან ანდრეი ბელის გავლენაზე რომ ილაპარაკო —
საჭიროა ცალი თვალით ხედვა. ბ. პილნიაკი რუსულ ფუტურიზმიდან მრავალგვარად არის დავალებული. ანდრეი ბელის „პეტერბურგის“ პირველსათავე თ. დოსტოევსკიშია საძებარი, რომელთანაც — როგორც ზემოდ აღვნიშნე — დ. შენგელაიას შემოქმედების პირველი ხანა რამდენადმეა დაკავშირებული. მაგრამ თ. დოსტოევსკიდან ექსპრესსიონისტებიც გამოდიან და ოგიუსტ სტრინდბერგი,
რომელიც თ. დოსტოევსკით ეგზომ იყო გატაცებული — ექსპრესსიონიზმის ერთერთ მოციქულად არის გამოცხადებული. ამგვარი გზით დ. შენგელაიას დაკავშირება შეიძლება რომელიმე ექსპრესსიონისტ პროზაიკთან და აღწერითი ექსპრესსიით მას
მართლაც აქვს ნათესაობა ზოგიერთ მათთან. აქვე სახილველია უფსკრული: მაკს კრელლის მართალი აღნიშვნით, მრავალი ექსპრესსიონისტი პროზაიკი გარდასულ ხილვებს აღადგენს მძაფრი შინახილვის მიზნით, ზოგიერთი კი ახალ ფაქტებს ხვევს მისტიურ სამოსელში. მაგ. კაზიმირ ედშმიდი გატაცებულია ველურის
ფეტიშით მაშინ, როცა დ. შენგელაია თანამედროვე საგნებს იჭერს და ეხება. მისთვის „ცხოვრება შეხედვაა და მიდგომა“ („ტფილისი“) და არა ვიზიონერული ხილვა ფაქტების.
ანატოლ ფრანს ამბობს ერთგან: „განა სავალდებულო რაიმეს წარმოადგენს ის, რომ ძალით დავინახოთ არარსებული?“ ეს სიტყვები ზოგიერთთათვის მრავალგზის არის გასამეორებელი.
დ. შენგელაია ჯერ კიდევ თავის მინიატიურებით ირჩეოდა ქართველი პროზაიკებიდან. მან თავიდანვე სწორი მიმართულებით აიღო გეზი: ცდა სიტყვისა და ფორმალ მიღწევის კულმინაციურ პუნქტამდე აყვანის. პროზა სტილისტურ შერჩევას უნდა ემყარებოდეს უმთავრესად. სიუჟეტურ რკალებს კინო მეტის
დინამიურობით შლის, ვიდრე რომანი. „სანავარდო“-ს ასრულებითი გამართვა, რომელიც სტილისტურ შერჩევის გზით მიდის და იგი, როგორც ერთ მთლიან სიუჟეტს მოკლებული და ფორმალ მონოლიტიკის ხარჯზე აშენებული რომანი — H2SO4-ისათვის მისაღებია და გამართლებული ხელოვნებისადმი მიდგომის
უსწორესი კონცეპციით, მაგრამ მასში უთუოდ არის ზოგიერთი მონოტონობა, რომელიც შეიძლება მიუღებელი აღმოჩნდეს H2SO4-ის პრაქტიკის პრინციპებით, თუმცა რომანთან ზოგადი მისვლის თვალსაზრისით, იგი უთუოდ მისაღებია და გამმაგრებელი ამავე ფრონტის ლიტერატურულ პრაქტიკის.
„გურამ ბარამანდია“ თემობრივად გამოდის „სანავარდოდან“. მასში სურათები დინამიურ პლანით არის მოხაზული და ამდენად, იგი უთუოდ შეიცავს სიახლეს და მიღწევას.
„ტფილისი“-თ კი დ. შენგელაია ერთხელ და საბოლოოდ ამტკიცებს თავის თავს, როგორც დიდი პროზაიკი და იმ მეთოდების მოხმარების გამართლებას, რომლითაც მუშაობს ქართველი ფუტურისტების ნაწილი პოეზიაში (ს. ჩიქოვანი, ნ. ჩაჩავა).
„ტფილისში“, როგორც პირველად ქართულ პროზაში — მოცემულია ადამიანის ტაქტილური მგზავრობა. ტაქტილიზმი — ხელოვნებაა საგნების შეხების. საგნებს შეუძლია მოგვცეს ჩვენ განსაკუთრებული ემოციები. ამ ემოციებით იხსნება ახალი ქვეყანა, რომელიც ასეთივე ქვეყნის გამხსნელია შემოქმედებით ფაქტშიც „ტფილისში“ გამართულია ფონი იმ შეგრძნებათა, რომელიც მოქმედ გმირს მისცა საგნებმა (სურათმა ჩარჩოდან, აგურმა და სხვა) აქვეა მოცემული საგნების ამოძრავება და მათი მე-ს გამოაშკარავება თუნდაც. თვით მთვარე ხდება, როგორც ხელშესახები ნივთი, რომელსაც შეუძლია „შაქარი დაგვაყაროს“ და ასე შემდეგ. ს.ჩიქოვანის პოემებშიც ამგვარი გამართვაა შემოქმედებითი ფაქტის. პოლარულობის აღმნიშვნელს თუ მოყვარულს აქ დიდი გზა ეხსნება — თქმისა და აღნიშვნის.
ქართულ პროზაულ ლიტერატურაში მიხ. ჯავახიშვილით წმინდა რეალისტური ხაზი იქმნება, კ. გამსახურდიათი მისტიციზმისა და ექსპრესსიონიზმის, გრ. რობაქიძით სიმბოლიზმის და მეტაფიზიკურ ტრანსცედენტალობის, რომელშიც შინაგან სხეულების ქმედით ფორმად ექსტაზი ისესხა ექსპრესსიონიზმიდან, დ. შენგელაია კი H2SO4 -ის პრინციპების კულტურ გამართვით ერთერთი მთავარი გამმაგრებელია იმ ფრონტის ლიტერატურულ
მუშაობისა, რომლის გზები ქართული კულტურის სინამდვილეში
თანადროულ-ორიგინალური მწვერვალების დაპყრობისაკენ მიემართება. მხოლოდ უნაყოფონი თუ ასტეხენ პრაქტიკის გარშემო განგაშს.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1