დავით გაჩეჩილაძე // გუთანი
გუთანი
გახედავ შორით მინდვრებს ტრიალოს,
გგონია, ზღვა არი, მთა ყინვის გემია.
დაბერილ ნიავებს და წვიმებს წკრიალით
მწვანე გაზაფხული რომ შეუდგენიათ.
ჯმუხა გლეხი აქ აცისკრებიდან
დაცემულ ჩრდილივით გუთანზე კიდია.
შორს მუხა ირხევა ფრინველთა კრებულით
და ღრიანკელებში ღამე და ბინდია.
კლდეს გადაფენილი ღრუბელი ხორიხობს,
ჯერ კიდევ ყვითელი მთვარეა გორიგორ,
ჯერ კიდევ ბულბული გულაჭიკჭიკებით
არ შესტვენია ღამის მყუდროებას
და ცად მიბნეული ვარსკვლავნი ჭიქებურ
ჩამოკამკამებენ მინდვრების მოედანს.
იქ, სადაც გველივით მდინარე ხატია,
მაღალი მთებისა მკერდია ფრიალო,
ტირიფის ჩრდილებთან ყევარი გადიარს
და გუთანს მიწიდან ამოაქ ხრიალი.
მიწა ხომ დამარხულ ცრემლების ბუდეა,
გლეხს მონობაში რომ დაუნთხევია,
და ეს ბელტებიც მინდორის გულიდან
და წარსულ დღეების შავი ჩონჩხებია.
დაბინდებამდე იშრომებს გლეხი და
შეღონებამდე გაზმუის კამეჩი.
და მწვანე ფერდობში ხნულ გადაგრეხილი
კვლავ გადაგორდება ქარიან ღამეში.
მთებს აებურდება ღრუბელი ხორიხორ
და როცა ტბორებში ხეები წვებიან,
ეს აცურებული მთვარეა გორიგორ,
სოფელი თეთრად რომ დაურწევია.
და იცის გლეხმა და მთელმა სოფელმაც,
ცხოვრება შრომა და ბრძოლაა ბოლომდე,
რომ ჩქარა ხნულები წვიმიდან სოველნი
ოქროსფერ ჯეჯილებს ამოაბოლებენ.
ქოხიდან გამოვა სიმღერის წკრიალი,
ხევიდან წისქვილი აყრუებს ხივილით
და განთიადამდე უდაბნო ტრიალოს
აგდია გუთანი ფრთა მოტეხილივით.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2