დავით გაჩეჩილაძე // მგოსანი და სიკვდილი ბულბულისა
მგოსანი და სიკვდილი ბულბულისა
კიდევ არ სძინავს, კიდევ შფოთავს, ვით დახაშმული,
ამ ცხოვრებიდან უბედობით ამოკვეთილი.
მშვიდი ჩურჩულით ბნელ ოთახში აკმევს ხვაშიადს
და თვალში ცრემლი უკამკამებს გაშლილ წვეთივით.
აქ ის მარტოა. უჟმურ ფიქრთა საგუშაგოდან,
თვეობით ურწყულს რაოდენჯერ გადუკვნესია,
რაოდენ გრძნობებს ამ ოთახში აქანდაკებდა,
სუფთა ზეცისკენ აპყრობილი, მუხლმოკვეცილი.
აქ ის მარტოა. იქ ხევებში ღამე ხრიალებს,
გრიგალნი შავნი თეთრ მწვერვალებს ბნელში გახვევენ.
ამბობს: ეს მიწა და ეს ზეცა საპყრობილეა,
მთვარე სარკმელი, სხვა სივრცეში გადასახედი.
ამ ჩაგუბებულ ღამეებში რისთვის დავები,
გული მთრთოლავი რათ დაჰკაწრეს და დამიწიწკნეს?
გულს რას ერჩოდენ... და მოქანცულს გრძელი მკლავები
ხმელ ტოტებივით აშვერილი დარჩება ცისკენ.
შორს კი ბულბული სტვენს, აღვიძებს ტყეს აშფოთებით,
ჩასცქერს ნაკადულს მაღალ შტოდან ფრთა დაჩხვლეტილი,
და წრფელი სტვენით გაბრუებულ მწვანე ფოთლებზე
მნათობნისხივებს ცვარებივით ჩამოშხეფავენ.
„აღარც იმედი, აღარც ნატვრა“ — ფერმკრთალ ღაწვებზე,
წამწამთ ჩრდილები დასახუჭი წყნარად ეშვება;
თითქო სიცოცხლე მოციაგე, დრო სიყმაწვილის,
ობობასავით გახვეული ჭვარტლის ქსელშია.
მინდა შევსძახო, ჰე, მგოსანო, მოხველ საიდან,
რომ ეს მწუხრები ასე ხარბად დაისაკუთრე.
აღარ აქვს ფასი შენს ხეტიალს, შენს ლექსაობას
და მკერდს გაღეღილს ცის ნიავებს ამოდ ახვედრებ.
აქ შენი სუნთქვა ჰგავს წისქვილის მშიერ დახივილს,
აღებ ფანჯარას: ლაჟვარდების დადგე პირდაპირ,
მაგრამ სივრციდან ღამისფერი ფრთების დარხევით
აკვნესებული შავი ჭოტი შემოფრინდება.
შემოფრინდება თვალბედითი, ბნელი, მაცდური,
შენს მაგიდაზე ხელთნაწერებს ხევს ულმობელი;
მერე გიყვება როგორ მოჰკლა ბულბული ტბასთან,
როგორ დაეცა საკუთარ ჩრდილს ტბაში ბულბული.
დაიკვნეტ ბაგეს, დაიკაწრავ სახეს ფრჩხილებით,
გახრჩობს წუხილის უბადალო ამოყვირება;
თითქოს ღრუბელიც, მინდვრით მთაზე აფორთხებული,
შენს ბნელ ოთახში შემოვარდნას დაეპირება.
ასე ფართხალებ, ასე დაცხრა ეგ სიყვარული
ქვეყნის და ხალხის სიმღერები გულში ოდესღაც.
უდროდ დაჰკარგე სულის სწორი, ტრფობა ფარული,
ჩამოდგა მწუხრი ჩივილის და მარტოობისა.
და მაგ ლექსებშიც დაღუპულის გიჩანს გალობა,
რადგან გაჰყევი ქარის სიმებს მკვნესარ ხმებიანს.
აწ თვალნი შენნი ცაში ამოდ მიწყალწყალობენ,
აწ ჰაზრნი შენნი სივრცეებში ამოდ ჭკნებიან.
ჰო და ძნელია, ეგ დაღუპვა იგრძნო წინდაწინ,
რომ საფლავშიაც თან ჩაგყვება ბედი ობლობის.
ცას ვარსკვლავები კიდევ ერთხელ გადმოწვიმდება,
შენ ჩაიძინებ მაგიდაზე ჩამოყრდნობილი.
ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1