cover

დავით გაჩეჩილაძე // ზელიმხანი

ზელიმხანი

როცა მყინვარებზე ღრუბელი კრიახებს,
როცა ვარსკვლავები ყურავენ ცაშივე,
სივრციდან ამოქრის ორბი გამჭრიახი
და ცაზე ფართხალით მიცურავს გაშლილი.
მიცურავს მარდული მთებზე და ბარდაბარ,
ფრთებზე ეხვევიან ელვები გარდაგარ,
ლაჟვარდი გატყდება მოლურჯო წყალივით
და ციდან მოისმის ვარსკვლავთა წკარუნი.
ქოხებს და ჩარდახებს გვერდულებ ჩაუქრის,
ფართხალით მოღლილი ბრუნდება მთაშივე.
ციხის სარკმლებიდან გადმოდგა ჩაუქი,
კედლებს გადმოჰკიდა გრძელი ულვაშები.

მირბის ზელიმხანი მარდული ბარდაბარ,
ტანზე უბზინავენ ვაზნები გარდაგარ.

გზა მობინდულია, ცა მოკაშკაშეა,
ხენი ირხევიან ყორანთა ჩხავილით,
და ორბი გულიდან ამოყრილ ხვაშიადს,
მთვარეზე ჩამოსწერს სისხლიან ბრჭყალებით.

ესმის ზელიმხანს ქოხებიდან ხმები ნასროლი
და თვალებიდან გადმოჰყვირის ელვის ნაკადი:
როდის დადგება აკივლებულ დღეთ აღსასრული,
ბრძოლის გეგმები ცის სარკეზე ათოხარიკდენ.
იჭერს ზელიმხან სალამურით ამონაკვნესებს,
უცქერს ზელიმხან კავკასიონს მაღალ მთებიანს,
და გამხდარ დედებს, დაბჯენილებს მშიერ აკვნებ
გუგიდან ცრემლნი ყინვისფერნი აღმოხდებიან.

ველზე ჩონგურის მწარ აბგერებით
ლაღი მწყემსები დუმილს ფატრავენ.
კლდეს დაბჯენილი მოჩანს აბრაგი
და ქარიც ტირის, ვით მეფანდურე.
სხეულ მოხრილი ფიქრებში ზიხარ,
მუხის შტოები ბინდებს გაფარებს,
ომში ზელიმხან ხედავ სიხარულს
ცაზე მოჭედილ ოქროს ქაფივით.
და სად დუდუნი ისმოდა წყალში,
სადაც ზვირთებზე ირხეოდა მთვარის ქანდაკი,
ფშანში მოპენტილ ცივ ვარსკვლავებს ტეხდენ ყა!
რომ გამოშუბეს ჯილეები გრძელ ნისკარტებით.

მიბღავის წყალი და ტალღები მიკისკისებენ,
მწვანე ბეგობზე გადახედავ ღრუბლის ბოლიარს.
ამომართული თოვლიანი მთათა კისრები
ზეცას შუშებურ განათებით შეუბროლია.
მაგრამ, ზელიმხან, რად შეჩერდი, რა გეხამუშა,
უკან შუბლიდან გადაიგდე სწრაფად ფაფახი,
საშიშროებას შენ ჩახედე ყომრალ ღამეში,
სალახანების შემოგესმა ხმა ფეხდაფეხი.
თვალში სიკვდილი მუხთალურად რომ ჩაგახალონ,
რომ სხეულიდან ამოგხადონ დღენი მზიანი.
ყრუ ღრიანკელებს ვერ გაექცე, ვეღარ დაიხევ,
როცა ლულები სიბნელიდან გამობზინავენ.

მთაში დაღუპვა არც იმდენი ვაჟკაცობაა,
როცა რიჟრაჟის აყივლება ახლო მეგულვის, –
ფიქრობს ზელიმხან და ვეფხვივით გაცოფებული
ჩაჰყურებს ხევებს, საარაკოდ ჩაღამებულებს.
ამბობს ზელიმხან: – დე, გადადგეს ცა ცაობიდან,
მთა თოვლიანმა იუაროს თვისი მთაობა,
ველურ ყიჟინით თუ ვერ შევძრა მთელი სოფელი,
თან გავიყოლო ამხედრებულ ქოხთა თაობა.
დროთა დუმილი დედამიწას უცებ ავხადო,
გაუძღვე ბრბოებს დამშეულს და აყაყანებულს
იქ, სად მღერიან სასახლენი და ჩარდახები,
მოაჯირებზე დახარხარებს ქვეყნის ყაბული.

ზელიმხანმა ცაში ჩააგდო ხმა,
უღრან ხრამებში ჩაკიდა თვალი.
და სად მწკრივებად იდგენ ჯიხვები,
სადაც ფერდობზე ამორბოდა ჩრდილი სარიდი,
თითქო სიკვდილმა გაიქროლა მძიმე ჭიხვინით
და ზელიმხანიც გადაუშვებს ცეცხლს ისარივით.
დიდხანს ისმოდა იარაღთა ჭექა, ჩხარუნი,
დიდხანს ჰყიოდა გაბრაზებით ჩრდილთა კრებული,
და მთა ნისლებით შემოსილი, ვით ჩაჩქანებით,
ბრძოლის შედეგებს მოელოდა ჩაფიქრებული.

ოი, ზელიმხანო,
ნუღარ დაახანებ,
როგორ გაგიმეტო, ძმაო, სასახელო.
ისევ, ზელიმხანო,
ტეხდე არამხანებს,
ბარში სასახლენი ჩაისალახანო.

ეს ვინ ჩაეშვა უფსკრულებში, ლაღი, მხარდიდი,
ალბად სიცოცხლე სიმამაცემ მას უწყალობა.
აქ ზელიმხანმა მიაბნია კლდეებს ხარხარი
და მდინარემაც იწკრიალა ჭიქის წყალივით.
ისევ ბრწყინვალეთ მობროლილი ცა კაშკაშებდა,
ისევ ზვირთებზე ირხეოდა მთვარის ქანდაკი,
ფშანში მოპენტილ ცივ ვარსკვლავებს ტეხდენ ყანჩები,
რომ გამოშუბეს ჯილეები გრძელ ნისკარტებით.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. №1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი