დავით გაჩეჩილაძე // სველ უპეებით გახსნი ქალაქს ფანჯრის ტილოდან
***
სველ უპეებით გახსნი ქალაქს ფანჯრის ტილოდან
ჩაიდო მკერდში გარიჟრაჟი წითელ ნახევათ.
სად მოედანზე გამომშუქი მზე ტივტივობდა
თითქოს შენობამ საფეხურით გამომახველა.
აქ ქაღალდების და ციფრების მწკრივში შემოველ,
მავთულ ზუზუნის მოხვევიდან სხეულს ციოდა.
მოკვეთენ მზერას და ბუხრები სახეს შებოლენ.
დრო მიდიოდა და მე თვალი ამომდიოდა.
იბრუნე გულო, დარბეულო ნაღველ ბინდაო.
მოსვა ზაფხული ჭიქებიდან მწვანე წყალივით
იბრუნე გულო, ქუჩები გრძელი შიგ გველებათ რომ
დაგირბოდენ,
დაქშინე ცა
სად ქვაბები სდგას სისუფთავე.
ახალ განცდების მოგესურვოს იყო ყალიბი,
როცა კვამლები ვარდებიან თოვლის ფთილებათ.
გატეხის შიშით შუშებივით ცრემლებს ათოვებ.
და იქნებ ფიქრებს მაღალ მთებზე დაეთვლიმება.
ერთხელ ვინატრე
ჩემს ოთახში ცა რომ დამედგა.
შინ მომესმინა დღის კივილი და მზის გალობა.
ეხლა კი გული ქვაფენილზე ბურთათ გავიგდე,
დავწამე სევდა და ცრემლების ზეინკალობა.
გაზ. „დროული“ 1925 წ. №1