cover

აკაკი ბელიაშვილი // ორი თავი მოთხრობიდან: ერთი პოლიტიკური პარტიის ისტორია

ორი თავი მოთხრობიდან:

ერთი პოლიტიკური პარტიის ისტორია

VI

იაკინთე სწერს მოწინავე წერილს

გაზეთის საბოლოო სქემა უკვე დაამზადა იაკინთემ. ზოგიერთი წვრილმანების გარდა ყველაფერი უკვე გათვალისწინებული ქონდა, თუ რა ხასიათის წერილები უნდა დასტამბულიყო.
უპირველეს ყოვლისა საჭირო იყო მოწინავე წერილის დაწერა, რომელიც ყუმბარასავით უნდა გავარდნილიყო ხალხში. მოწინავის დაწერა ძლიერ ძნელი აღმოჩნდა, თუმცა რამდენჯერმე გადაასწორა დახია, ისევ დასწერა. მაგრამ არც ერთი არ მოეწონა. ბოლოს ერთი ვარიანტი დამაკმაყოფილებლად ჩასთვალა და კიდევაც გადასდო დასასტამბავ წერილთა რიცხვში.
წერილს სათაურათ ეწერა „ვახტანგ გორგასლანი“ და ამბობდა შემდეგს:

„დიდათ განათლებული კულტურული და ცივილიზაციური სახელმწიფონი ინგლისი, საფრანგეთი, იაპონია და სხვანი მეტათ ძლიერი არიან. ამ განათლებას და სიძლიერეს მათ მიაღწიეს თავის ნიჭით ჭკუით და გონებით.
ქართველი ერი მეტად ნიჭიერი ხალხია ეს ჩვენ ყველამ კარგათ ვიცით. ვახტანგ გორგასლანის მეფობის დროს საქართველო მეტათ განათლებული და ძლიერი იყო, ამიტომაც ვახტანგ გორგასლანის ეროვნულ პატრიოტულ სახალხო, სამეურნეო, სამრეწველო ლიგ-პარტია მიზნათ ისახავს საქართველოს განათლებას და გაძლიერებას.
იმ დროს, როდესაც საქართველოს ცაზე შავი ღრუბლები იკრიბებოდენ, ვახტანგ გორგასლანი ვაჟკაცურათ დევნიდა ამ ღრუბლებს ციდან მისი პარტიის ერთად ერთი მიზანია საქართველოს ცაზე არ მოუშვას მომავალში არც ერთი ღრუბლის ნაჭერი.
ვახტანგ გორგასლანმა დაარსა ქალაქი ტფილისი, ხოლო დღეს მისი პარტიის მიზანია საქართველოში არა თუ ერთი, არამედ მრავალი ქალაქების დაარსება. თუ კი იმ დროს ბრწყინვალე მეფემ საქართველოისამ განავითარა სწავლა-ცოდნა-მეცნიერება, ისტორია, მისი პარტიის მიზანია საქართველოს ისტორიის შესწავლა
ძირიან ფესვიანად. ვახტანგ გორგასლანის პარტია არასოდეს არ დაიშურებს მქუხარე სიტყვებს საქართველოს გასანათლებლათ და აღსაშენებლათ.
ვახტანგ გორგასლანის დროს ძლიერ განვითარებული იყო ვაჭრობა-მრეწველობა, აღებ-მიცემობა, ჩვენი ქვეყნის აღორძინებისათვის აუცილებლად საჭიროა ვაჭრობის განვითარება. გორგასლანის პარტიის მიზანია ხელი შეუწყოს
საქართველოში აღებ-მიცემობას და ამგვარათ, რასაკვირველია, ყოველი ვაჭარ-მრეწველი უნდა იდგეს ვახტანგ გორგასლანის პარტიის დროშის ქვეშ.
აგრეთვე, თუ მუშებსაც არ მიექცა ჯეროვანი ყურადღება, ისე არ შეიძლება ისტორიულ საქართველოს აღორძინება. მართალია, თუმცა ყველა თავის თავათ მუშაა, უბრალო მუშაც, ვაჭარიც, მღვდელიც და ბერიც, რადგან ყველა ცდილობს თავის შესანახათ ხელი გაანძრიოს, მაგრამ არიან განსაკუთრებული მუშები, რომელთაც ვახტანგ გორგასლანის პარტია განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.
დიახ, ვახტანგ გორგასლანის შემდეგ იწყება საქართველოს ბრწყინვალე ისტორია. რომ ასეთი დიადი მეფე არ ყოლოდა საქართველოს, არ გვექნებოდა ტფილისი (როგორც მოგეხსენებათ, ძველი სატახტო ქალაქი მცხეთა იყო და, თუ დაკვირვებიხართ, მას ისეთი გეოგრაფიული მდებარეობა აქვს, რომ იქ ქალაქი ვერ
გაგრძელდება და დღეს ისეთი დიდი ქალაქი არ გვექნებოდა, როგორც ტფილისია, აბა, სცადეთ ტფილისის დატევა მცხეთის რაიონში). დიახ, არ გვექნებოდა ტფილისი, არ გვექნებოდა ის შემდგომი ოქროს ხანა, რომლის დროსაც საქართველოს შეეძინა უამრავი ციხე-კოშკები, სიმდიდრენი და სხვა.
მართალი არის, დღეს მუშა-მშრომელნი და სხვანი შემოკრებილნი არიან მათი ინტერესების საკმაოდ დამცველის მარქსის და სხვათა გარშემო, მაგრამ, როდესაც საქართველოს ისტორიაში ჩვენ უამრავი მარქსები გვყავს, როგორც მაგალითად,
ვახტანგ გორგასლანი, თამარ მეფე და სხვანი, რომელნიც ქადაგებდენ უმშვენიერეს და უსპეტაკეს იდეალებს, ჩვენი ვალია, რომ ყოველმა ქართველმა იწამოს თავისი მარქსი. სირცხვილიც არის, სხვისი მარქსი ვიწამოთ და ჩვენი არა.
აუცილებლად საჭიროა დავრწმუნდეთ იმაში, რომ სიმართლე ერთია და არა ასი, ან ათასი. ეს ჭეშმარიტება კი საქართველოს ისტორიული სპეტაკი მოღვაწეების სპეტაკი მოძღვრება არის, მათი დაუშრეტელი მუშაობა და ღვაწლი ჩვენთვის ჭეშმარიტების მაგალითი არის და, ვისაც უნდა, რომ თავი დააღწიოს უბედურობას,
შეიქნეს ბედნიერი თავის ბედნიერ ერში და ქვეყანაში, აუცილებლად უნდა მისცეს ხმა იმ პარტიას, რომელსაც სახელათ ეწოდება ვახტანგ გორგასლანის ეროვნულ-პატრიოტულ სახალხო-სამეურნეო ლიგ-პარტია.
ჩვენთვის ეხლა შეუძლებელია იმ სიკეთეების ჩამოთვლა, რაც სურს და რასაც მიზნად ისახავს ვახტანგ გორგასლანის პარტია, მაგრამ ყველამ კარგათ უნდა დაიმახსოვროს, რომ ვისაც თავის თავისთვის კარგი რამე სურს, განურჩევლად
სქესისა, სარწმუნოებისა, წოდებისა და სხვა ყველაფერი ამის განხორციელება მიზნათ აქვს ჩვენს პარტიას“.\

VII სხვადასხვა მეცნიერული მასალები

იაკინთემ მაინც ჩამოსთვალა თავის გაზეთში ყველა ის სიკეთეები, რაც სურდა მას ხალხისთვის. მაგალითად: თოფ-ზარბაზნების შეძენა თავის დასაცავად, ოქროს ფულის გამოშვება, მატარებლის მაგივრათ, უფრო სწრაფი სვლისათვის, აეროპლანებით ფრენა, ყველა თავადაზნაურთა ქამარ-ხანჯლის მუზეუმისთვის გადაცემა, რათა მათ არ დაეკარგოს თავისი ისტორიული მნიშვნელობა, ყოველი საზოგადო მოღვაწის დაფასება და სხვა.
მაგრამ, ამას გარდა, იაკინთემ დაამზადა რამდენიმე მეცნიერულ საკითხზე წერილები, რადგან მაშინდელი გაზეთები ერთ ნამცეც ადგილს არ უთმობდენ მეცნიერული სახის წერილებს. ერთი წერილი შეეხებოდა ფრიად საინტერესო მეცნიერულ საკითხს იმის შესახებ, თუ როგორ მოასწრო მთელ მსოფლიოს
საქართველომ და შექმნა თავისი პარლამენტი. დღეს ერთერთი უდიდესი ერი, როგორიც არის ინგლისი უსინიდისოთ იჩემებს პარლამენტარიზმის
დედობას, როდესაც თამარ მეფემ პირველათ შექმნა პარლამენტი და დაარქვა მას ქართული სახელი „დარბაზის ერი“. აქედან წარმოდგა სიტყვა „დარბაისელი“. საჭირო არის, რომ ქართულ სახელმწიფოში დეპუტატებს დაერქვას დარბაისელნი, პარლამენტს — „დარბაზის ერი“.
მეორე წერილში ლაპარაკი იყო იმის შესახებ, თუ როგორ იყო განვითარებული ძველ საქართველოში მეცნიერება, ფიზიკა, ქიმია და ასტრონომია. პირველ ასტრონომად საქართველოში შეიძლება ჩავთვალოთ შოთა რუსთაველი, რომელსაც გალილეიზე და კოპერნიკზე ადრე აღმოუჩენია, რომ დედამიწა ბრუნავს, რაც იქიდან სჩანს, რომ რუსთველი ერთ სტრიქონში ამბობს:
„ვახ, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა“.

ცხადია, ეს მას რომ არ ცოდნოდა (და ეს კი მის მეტმა მაშინ არავინ არ იცოდა), ვერ იტყოდა, რომ დედამიწა ბრუნავსო. უდაო არის აგრეთვე ის ფაქტი, რომ ქიმია ჩვენში წინათ ძლიერ განვითარებული ყოფილა. ამის დამამტკიცებელია დღეს სოფლათ დარჩენილი ჩვეულება, რომ გლეხი თუ აზნაური გაბელატების
დროს თავზე ფუნას იდებს თმის ამოსასვლელათ. ცხადია, მან გადმოცემით ისწავლა, რომ ფუნა ქიმიურ გავლენას ახდენს ქაჩალი კაცის თავზე. რაც შეეხება ფიზიკას, ეს უკვე უეჭველი და თვალსაჩინო ფაქტია. რას ნიშნავს ჩვენებური წისქვილი? განა ეს
ფიზიკის უდიდესი მცოდნიერება არ არის?
აუცილებელი და საჭიროა ყველა ამგვარი ძველი მეცნიერული მიღწევების საფუძვლიანი შესწავლა, რომ არ დავკარგოთ ის ძვირფასი მარგალიტები მეცნიერებისა, რომელიც ჩვენ წინად გვქონდა.

შემდეგ წერილში ლაპარაკი იყო იმერლობის შესახებ. დღესდღეობით ტფილისში გავრცელებული იყოს ის აზრი, რომ საქართველო იმერლებმა შეჭამესო. ვინაიდან იაკინთე შორაპნის მაზრის იმერელი გახლდათ, საჭიროთ სცნო განემარტა ხალხისთვის, რომ იმერლები ფრიად პატიოსანი ხალხია. მაგალითისათვის
ის ასახელებდა თავის თავს და ამბობდა, რომ ოცი წელია, რაც ტფილისში ცხოვრობს და ერთხელაც არ მიუცია თავის თავისთვის უფლება, რომ იმერელისათვის და კახელისათვის მას სხვადასხვა გვარათ შეეხედოს. რაც შეეხებოდა იმას, რომ იმერლები ფხიზელი ხალხია, ეს უდაოთ უნდა ყოფილიყო ჩათვლილი და ამიტომ სასაყვედუროც არავის არაფერი არ უნდა ჰქონოდა.

დაბოლოს, ერთი წმინდა მეცნიერული წერილი მოათავსა იაკინთემ იმის შესახებ, თუ რამდენი ქართული სიტყვა მოუპარავთ უცხო ქვეყნებს, მიუთვისებიათ და შემდეგ ქალაქებისთვის, მდინარეებისთვის და თვით ქვეყნებისთვის დაურქმევიათ. მაგალითად: სიტყვა „მანჯურია“, რომელიც შესდგება ორი
ქართული სიტყვისაგან „მან და ჯური“, სიტყვა „ამერიკა“, რომელიც წარმოადგენს წმინდა ქართულ სიტყვას „ამერი“, ანუ ჩვენებურათ „ამერეთი“. ამერიკელებს სიტყვა „ამერი“ -სათვის ბოლოში მოფერების კილოთი „კა“ მიუმატნიათ და მიუთვისებიათ. ან კიდევ სიტყვები „ისპანია“, „შექსპირი“, „ავსტრია“, „იერუსალიმი“, „რუსეთი“,
„ოკეანე“, „ბაიკალი“, „არისტოტელი“, „კანტი“, „გერმანია“ და სხვა, რომელიც უხვათ იყო ჩამოთვლილი წერილში.
წერილი საჭიროთ სთვლიდა ყველა ამ სიტყვების ჩამორთმევას და, თუ ეს არ მოხერხდებოდა, მოთხოვნილების წაყენებას ყველა ერებისადმი, რომ მათ მიერ მოპარული ქართული სიტყვები ოფიციალურად ეღიარებინათ ქართულად და აგრეთვე დაედოთ პირობა, რომ მომავალში ისინი ამას აღარ გაიმეორებდენ.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1928 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი