cover

აკაკი ბელიაშვილი // რომანიდან: ავადმყოფი რასსა

რომანიდან: ავადმყოფი რასსა

მთები დაყუდებულან ფაშებივით და ვუცქერი მათ თავებს. ჩემი განწყობილება იმართება ხრიალა გრამაფონივით და ხრინწიანი ფიქრით ვესაუბრები მათ. რამდენი მოგმართავდათ თქვენ: ჰოი, მთებო, თქვენ დიდნი ხართ, გრანდიოზულნი. მე კი
შემიძლია თქვენ მწვერვალზე ასვლა და იქიდან გადავაფურთხო მყინვარებზე. მერე თქვენ ხომ ინგრევით და იშლებით! წვიმა და ქარი ნელ-ნელა განადგურებთ, რეცხს თქვენ კალთებს და შლის თქვენს მუხლებს. თქვენ აღარ შეგიძლიათ უფრო მაღლა აწევა, რომ უფრო გამაგრდეს თქვენი გვირგვინები -- ყინულის ქუდები.
მერე რა, რომ ხანდახან გაბრაზებით მოიწყვეტთ გულიდან დიდ კლდესა და გრიალით და ზათქით გადაუშვებთ ხევებში! ის არავის არ აშინებს, ის არავის არ ხვდება, მხოლოდ თქვენ მუხლებს და კალთებს, რომელნიც თახთახებენ, ისინი ნაწილ-ნაწილად გცილდებიან. მალე მთა და ბარი გასწორდება. აღარ იქნება ხევები,
ღრანტეები, თქვენი ვერცხლის გვირგვინებიც დადნებიან. აბა, თუ შეგიძლიათ ამოაფრქვიეთ ცეცხლი და ალი. დაიგუგუნეთ მძლავრად და დაანახვეთ ხალხს, ქვეყანას, ვარსკვლავებს, რომ თქვენ ძველი რაინდები ხართ. მე ვიცი რომ თქვენ ამისი ძალა არ შეგწევთ. თქვენ არ შეგიძლიათ დაემგვანოთ ბუხრებსაც, რომელნიც აფრქვევენ უვნებელ ბოლს სახურავის თავებზე. როგორაა დახრული თქვენი
გულები. რას სჩადის წელში მოხრილი წყეული ხალხი. წალკატით ხელში მიმდგარანთქვენ ბჯენებს, თხრიან გვირაბებს, გაცლიან ხორცს, სისხლს. მერე თქვენ ბრაზდებით, გამხეცებული აწვებით სოროებში დადგმულ ბიგებს, იქნებ დაიმტვრენ ბიგები, იქნებ დაისრისოს ის ხალხი, რომელიც გითხრის თქვენ ბურჯს, გაცლის
ხორცს, სისხლს. რამდენჯერ დაგილეწია ბიგები, რამდენჯერ დაგიხვავებია ხალხთა გულზე შენი ხროვა ლოდების და შენ სხეულს უწოვია სისხლი იმ წყეულ ხალხის. მაგრამ შენც ინგრეოდი. ამ მსხვერპლით შენ გინდოდა შური გეძია, მაგრამ შენი დანგრევა იყო საბოლოო. შენ ვეღარ აღსდგებოდი. ხალხი კი მოდიოდა და თხრიდა. ხალხი მოდის და გებრძვის. მთებო, თქვენ დაინგრევით!

თავი I

ძველი ფეოდალის უკანასკნელი მოდგმა

ა.
გაიოზი ბარბაცებდა.
მას, ალბათ, გონება დაუსუსტდა ამ ერთი წლის წინათ
მომხდარ ამბის შემდეგ. მაშინ ის აგარაკზე იყო. ფრონტიდან დაბრუნებულს, მთელ სხეულში დაშლილს, ამღვრეული გონება ნელა დაუმშვიდდა. ყოველდღიურ ზარბაზნების გრიალის შემდეგ საოცრად ჩუმათ ეჩვენებოდა ეს ბუნება. ხეები წყნარად არხევდენ ფოთლებს, ღრუბლები დამდგარიყვნენ ცაზე და ხანდახან გაისმოდა ჩიტების ჟივილი. მოაგარაკენი ზოგი ჯანსაღნი, ზოგი ცხოვრებისაგან დარღვეულ სხეულით, დასეირნობდენ გორაკებზე, სხდებოდენ გზის პირად დადგმულ ჩამოსასხდომ
სკამებზე. საუბრობდენ წყნარათ. იცინოდენ. ყველაფერი უვნებლათ იყო. იქ კი ტყვიისმფრქვეველების რახრახისაგან, ხალხის ჟლეტისაგან, ცეცხლისაგან გონება აემღვრა. ვეღარაფერს ვერა ხედავდა, მიდიოდენ წინ, თუ გამორბოდენ უკან, ისინი სტოვებდენ რიგებს ხის ჯვრებისას. როგორ იბრძოდა ის ხალხი, რომელთა გულებზე ეხლა გადაფენილიყვნენ ეს ჯვრები. მირბოდენ და ახევდენ თავიანთ სხეულს
რკინის შუბებს, ჰაერში მოშრიალე ტყვიებს, მავთულხლართებს. გარბოდა ჯარისკაცი და ჰარაქათ გამოლეული გაუწვებოდა ტანკას. ის კი ხროტინით და რახრახით გადაუვლიდა მას და ჭყლეტდა როგორც ყურძენს, რომელსაც უხვათ გამოდის წვენი. მერე ამ წვენს იშრობდა მიწა და იმ ალაგას ასობდენ ხის ჯვარს. ვინმე ნაცნობი ჯარისკაცი მიუახლოვდებოდა თავის მეგობრის ჯვარს, დააფურთხებდა და
შემდეგ ქიმიური ფანქარით დააწერდა დაღუპულის სახელსა და გვარს. რისთვის? განა იცოდა მან რისთვის!
აქ კი როგორი სიწყნარეა. კლდეები ჩუმათ არიან და რომ დაიძახებ, ისინიც იძახიან. ბული ბრძოლის ნათლობა. მხოლოდ, როდესაც აღარ იყო არავითარი ხსნა, მან არჩია ომში წასვლა. შემდეგ, როდესაც ფრონტი დაიშალა, მან პირველმა არჩია შინ
დაბრუნება, რადგან უცბათ მოსხლტა. და აი, მთელი დღეები ის იწვა მოლზე, ხავსზე. დასცქეროდა ბალახს, ყვავილებს. რამდენი ხანია მას არ უხილავს ასე ახლო ეს პატარა მცენარეები, ეს ნედლი ბალახი, რომელსაც ალბათ ისე უხარია ზრდა და ცხოვრება,
როგორც ადამიანს. საოცარია ცხოვრება, -- ფიქრობდა გაიოზი, -- მიმდინარეობს ერთგვარად. ადამიანი იბადება, იზრდება, ბერდება და კვდება. ხალხი იბრძვის, შრომობს, აშენებს. ყველაფერი მიმდინარეობს ერთი მიმართულებით და გუშინდელი ხვალ აღარ იქნება. რატომ არ შეიძლება რომ ეს ცხოვრება დატრიალდეს
უკუღმა. მაგალითად, ბებრებმა დაიწყონ გაახალგაზრდავება, შემდეგ გადაიქცენ ბავშებად. აი, კიდევ: კაცი მოკვდა, დამარხეს. ეხლა კი უკუღმა. ხალხი მივა საფლავზე, მიწა თავის თავათ დაიყრება ნიჩაბზე და დაიდება უკან. მკვდარს ამოიღებენ, უკუღმა
ნაბიჯით წამოიღებენ სახლში. დაასვენებენ. შებრუნებულად გაივლის ელდის და გლოვის მომენტი და შემდეგ მკვდარი ადგება. კუბოს წაიღებენ უკან მეკუბოვესთან, ის დაშლის მას. ფიცრებს მოცილდება საღებავი შეღებვის მაგვარ უკუღმა მოქმედებით და დაუბრუნდება სახერხ ქარხანას. იქ მანქანები ისევ შეაერთებენ
წინანდულათ დახერხვის მაგივრათ. რასაკვირველია, ის ნახერხი, რომელიც დაიბნა ხერხვის დროს, უკან დაბრუნდება, რადგან ხომ ყველაფერი უნდა განმეორდეს. შემდეგ ისინი გადაიქცევიან მორებად, მეტივეები ისევ შეკრავენ, როგორც დაარღვიეს და, ვინაიდან მდინარეები მაშინ აღმა დაიწყებენ სვლას, ტივებიც აუყვებიან ზევით. მორს მიიტანენ იმ ალაგას, სადაც ის მოჭრეს და თავის ადგილს დადგამენ. მორი გაცოცხლდება. მას დაუბრუნდება იმავე გზით წასული თავისი ტოტები, რომელიც ალბათ სოფლის დედაკაცებმა ბუხარში დაწვეს. საოცარი იქნება ცეცხლიც. აინთება, მერე ბოლვას დაიწყებს, მერე კი ნახშირის მაგივრათ შეშა დარჩება. ხე ამგვარათ დაიწყებს დაპატარავებას და ბოლოს გადიქცევა იმ მარცვლად, საიდანაც ის აღმოცენდა. რა სასაცილო იქნება ცხოვრება. განმეორდება ისტორია: ბაბილონი, ქრისტე და ყველაფერი.

უცქეროდა მთებს და ხევს, სადაც ჩანდა მდინარე და ლიანდაგი. ხანდახან სტვენით და ქშენით მოჩახჩახებდა მატარებელი და მგზავრები. მოაგარაკენი რონოდებიდან აფრიალებდენ ცხვირსახოცებს ყოველი კაცის დანახვაზე.
შაბათობით მოდიოდა „რქოსანთა“ მატარებელი და სადგური სავსე იყო თეთრათ მორთული ქალებით. მან ის ქალი ნახა ერთ შაბათს, სადგურზე. გაიოზმა შეამჩნია, რომ ის იყო ყველა ქალებზე კარგი, რომელნიც აგარაკზე იყვნენ.
მეორეთ ნახა მდინარის პირად. გაიოზი გზაზე იდგა და დანით ჯოხს სთლიდა. გაღმა პატარა ბავშვები წყალში ჭყუმპალაობდენ და მოლზე ჭიდაობდენ. მოსახვევიდან გამოჩნდა უცნობი ქალი. გაიოზი არ ეცადა გაეგო მისი ვინაობა, ან გაეცნო. მას მობეზრდა ყველაფერი. დასვენება უნდა. ძლიერ ჩქარა გაფანტა მან
ახალგაზრდული ენერგია. ქალს უბრალო ფეხსაცმელები ეცვა და ხელში წიგნი ეჭირა. გაიოზი დარწმუნდა რომ ეს ქალი ძლიერ ლამაზი იყო და განაგრძო ჯოხის თლა. ის კი, როდესაც გაუსწორდა გაიოზს, დაჟინებით დააცქერდა მას. გაიოზს უცბათ მოაგონდა, როგორ წაიყვანა ის ბიძამისმა პეტერბურგს. რა ახალგაზრდა და
ბავშვი იყო მაშინ. მერე როგორ აირივნენ მის გარშემო ქალები. როგორ უნიშნავდენ პაემანს ხნიერი ბარონესსები და შემდეგ გაშმაგებით კოცნიდენ და იკრავდენ გულში. რამდენიმე თავადის ქალმა ისარგებლა მისით. მოაგონდა როგორ ხვიხვინებდა ბიძამისი და გაიძახოდა:
— მამა ნუ წამიწყდება, მომიკლეს ეს ბიჭი და... შენ ცოტა თავს მოუარე, თორემ ეგ დიდხანს არ გაგყვება, ბიჭო, და!..
ქალმა გაიარა და შემდეგ რამდენჯერმე მოიხედა.
გაიოზმა შეამჩნია და თავის ღირსების მიხედვით გაიღიმა.
გუშინ ის სოფლის დღეობაზე იყო. გლეხები მღეროდენ, ცეკვავდენ. იწვევდენ ქალებს სათამაშოდ. მოლზე გაეფინათ უხვი სანოვაგე. ვიღაც ქალაქელი არამზადა ჰყიდდა ჭიაფერით შეღებილ სახარინიან წყალს. სოფლის ბიჭები სვამდნენ ხარბად. მერე რა სასაცილოდ ჰქონდა მოწყობილი გადმოსასხმელი. უბრალო მილი
თავში და ბოლოში უფრო ვიწრო, ისე რომ შეიძლებოდეს თითის დაცმა. ჩაყოფ ჭურჭელში, დაუცობ თითს და ამოიღებ.
საფლავის ქვაზე ჩამომჯდარიყო ბრმა მეთარე და მღეროდა
არსენას ლექსს. გარშემო შემოსეოდენ გლეხები, ოხრავდენ ყოველ სტრიქონზე და ერთმანეთს მიმართავდენ „უყურე იმ ღმერთძაღლსა, იმას“, „აი, იმისი დედის ძუძუს ჭირიმე“. მეთარე კი მღეროდა:

– გამოვიდა აბანოდან, დაუძახა მედროშკეს,
რომელიც რომ კარგი იყო, ის არსენას მიართვეს.

ის ქალიც აქ იყო დღეობაზე. ვიღაც უცნობი ხალხი ახლდა. რა ესაქმება გაიოზს. აი, იქით მხარეს კლდეში ძველი გამოქვაბული ჩანს, სადაც უწინ დაყუდნებული ბერები ცხოვრობდენ. საინტერესოა იქ ასვლა. გაიხედო იქიდან. იგრძნო: თუ როგორ შეიძლება შენი ცხოვრების დღენი დალიო იმ კლდეში მარტო.

ამგვარად მიდიოდა დღეები. ერთხელ გაიოზი ავიდა ძლიერ მაღლა ტყეში. წამოწვა ჩრდილში და გაუყვა ოცნებას. მას უნდოდა სულ მარტო ყოფნა. ეხლა უკვე საკმაოთ გაიარა ნერვიულმა ავადმყოფობამ და მარცხენა ხელის კონტუზიამ. ხეზე ორი ბეღურა რაღაცას ჭირვეულობდა და გაიოზი გაფაციცებით ადევნებდა
თვალყურს. უეცრათ შემოესმა ქალის უცნობი ხმა და კაცის სიცილი. ნელა წამოწია თავი და გადაიხედა. ქვევით ხავსზე ჩამომსხდარიყვნენ ის უცნობი ქალი და ვიღაც ახალგაზრდა ძველი სტუდენტის ფორმით.
გაიოზი ისევ გადაწვა უკან და გაერთო ფიქრებში. ბეღურები ისევ ჭირვეულობდენ. ცა ლურჯი იყო და უზარმაზარი. მან აიღო კენჭი და ესროლა ბეღურას. ბეღურა არ აფრინდა. გაიოზს დაეზარა მეორეთ ესროლა და ახლა დაუწყო ცქერა ჭიანჭველებს. რამოდენიმე ერთად მოათრევდენ რაღაც ნაყოფს. ტვირთი
ედებოდა ბალახებს, მქისე მიწას, მაგრამ ისინი მაინც არ იშლიდენ და თავგამეტებით ექაჩებოდენ.

გაიოზი უცებ გამოაფხიზლა ქალის დაძახებამ:
— არაფრის გულისთვის!..
შემდეგ გაისმა მამაკაცის შიშინი და ქალმა ისევ იყვირა:
— ეხლავე ვიყვირებ და...
— მერე ვინ გაიგებს?
— არამზადა!
— ხა... ხა... ხააა!..
კიდევ გაისმა რაღაც გაურკვეველი ხმები. გაიოზი მოიმართა და გადაიხედა. დაინახა, თუ როგორ წაავლო კაცმა ხელი ქალს და დაუპირა დაწვენა. ქალმა გაიბრძოლა და სილა გააწნა. ის კი მძიმე სუნთქვით ისევ მივარდა ქალს და ორივენი ძირს გაგორდენ. ქალმა მაგრად გადარაზა ფეხები და თავგამეტებით დაიწყო ბრძოლა.
დაუწყო კბენა ხელებზე, ჰკაწრავდა სახეს, მაგრამ ბოლოს ხვადმა დასძლია და ქალს უკვე აღარ შეეძლო ბრძოლა. ჰარაქათ გამოლეული საბრალოდ ცდილობდა წინააღმდეგობას და ბოლოს ჩახლეჩილი ხმით გულშემზარავად იყვირა:
— მიშველე...ეე...თ!..
და გაიოზი გადახტა.
უცნობი მხოლოდ მაშინ შეკრთა, როდესაც გაიოზმა მაგრათ დაუყვირა და რევოლვერი გაუმართა. სისხლიანი თვალები შეანათა გაიოზს, ხოლო ქალი კი დამნაშავესავით აეკრა ხეს.
როგორი მადლობით უცქეროდა ის გაიოზს. როგორ არ დაიჯეროს მან განგება.
გაიოზს მოაგონდა ღვთიშობელი, რომელიც ნახა დახატული
ძველ საყდრის კედელზე.
— აი, ეხლა მე შენ ძაღლივით მოგკლავ...
მან ისევ შეხედა ქალს: კარგად დაუხატავს ღვთიშობელი
ძველ მხატვარს ეკლესიის კედელზე.
უცნობი ქშინავდა და ხმას ვერ იღებდა. გაიოზი
წარბშეუხრელად უცქეროდა მას. რათ უნდოდა მასთან რევოლვერი.
ის ერთი ხელის მოქნევით ჩაკეცავდა ამ ატეხილ ხვადს.
მაგრამ რისთვის.
განა მას ქონდა ამის უფლება. ან რისთვის ეწინააღმდეგება ეს ქალი. რათ უნდა მას უმანკოება. განა შესძლებს მის შენახვას. დღეს თუ ამან ვერ დაიმორჩილა, ხვალ სხვა მოვა, სულ სხვა. მაინც ვერ დარჩება უმანკოდ. მას ისე ახდიან ნამუსს, როგორც ახალგაზრდა ვარიას. მერე ისწავლის ცბიერებას და ყველას დაუწყებს მტკიცებას,
რომ მას თითითაც არ შეხებიან. რამდენი ქალი უნახავს მას ამგვარი, მერე ალბათ, რაიმე ხერხს გამოიგონებს, რომ ქორწინების პირველ ღამეს ზეწარი უმანკოების ატრიბუტით შეღებოს. იქნებ მას ეხლაც აქვს მირთმეული ლეგენდარული ხილი, რომელიც დიეტის მიხედვით არ უნდა ეჭამათ ადამს და ევას.
ცის თალი გადაიწია იქით და მთებიც დაყირავდენ. შემდეგ ისევ გადმოიწია უკან და მთები ეხლა მაღლა ავარდენ. ხეებმაც დაიწყეს წრიული ნელი ბრუნვა.
გაიოზმა ჩამოიღო გამართული ხელი და მიმართა უცნობს:
– მე...
ცოტა ხანს შედგა. ცა ეხლა წისქვილის ქვასავით ბრუნავდა. – მე უფლებას გაძლევთ, რომ ამ ქალზე ძალა იხმაროთ.
შემდეგ სწრაფად ჩაიდო რევოლვერი ჯიბეში და თავგამეტებით დაეშვა დაღმართზე. უაზროდ ეხეთქებოდა ხეებს. გზა ტალღებივით ადიოდა და ჩადიოდა. მირბოდა აქლოშინებული. ეშინოდა, არ გამოეჩინა ხასიათის სისუსტე და არ დაბრუნებულიყო უკან. როდესაც ბინაზე მოვიდა, ძლივს სუნთქავდა. სასწრაფოდ შეჰკრა ბარგი და გამოვიდა სადგურზე. მატარებელი იგვიანებდა ერთ საათს. ერთი საათი ცდა. არ იცოდა, რა ექნა. ზედიზედ ეწეოდა თუთუნს და უაზროდ იმეორებდა ორ სიტყვას: „ცა და კენჭი“. „მე ხომ არ მიყვარდა ის ქალი, როგორ ბავშივით ვღელავ“... „ცა და კენჭი, ცა და კენჭი“... „არასოდეს არ შევხვდები იმ ქალს“. თვალებში ცურავდა სადგურის კედელზე დარჩენილი ძველი პლაკატი, რუსი ჯარისკაცის წარწერით „ომი ბოლომდე“. ბეჭთან რაღაც ტკივილი იგრძნო და მან ცოტა ხნით გაართო. ბოლოს მატარებელიც მოვიდა. თავაუღებლივ გაიარა ბაქანი, ჩაჯდა რონოდის ბნელ კუთხეში და დასტოვა აგარაკი. მირბოდენ ხეები. მირბოდენ გორაკები.

ბ.

და აი, გავიდა ერთი წელიწადი. გაიოზი არსად შეხვედრია იმ ქალს. პირველად ცდილობდა დაევიწყებია მომხდარი შემთხვევა. დაივიწყა კიდეც. დილაობით ხანდახან ის ყიდულობდა გაზეთს და კითხულობდა მშვიდათ. ჩრდილოეთიდან მოდიოდა ყრუ ქუხილივით ხმები რევოლიუციის და სამოქალაქო ომის. ის კითხულობდა სხვადასხვა წიგნებს: ილიოდორეს მოგონებებს გრიშკა რასპუტინზე, წიგნს სათაურით: „ოხუნჯობის და კამათის თეორია და პრაქტიკა“, „ჯენტელმენი” და სხვა.
ქალაქში დადიოდენ უცხოელთა ჯარისკაცები. ღამღამობით ქალაქში ისმოდა სროლის ხმა. ისროდა ყველა, ვისაც თოფი ქონდა. ხანდახან ის იდგა ფანჯარასთან და უცქეროდა ქუჩას და განუწყვეტლივ იმეორებდა:
– ცა და კენჭი.
რას აეკვიატა ეს სულელური ორი სიტყვა. სრულიად უაზრო. ან რატომ უნდა იმეოროს მუდამ. ის ცდილობდა მოეცილებია თავიდან ეს სიტყვები. „რა სისულელეა, – ფიქრობდა ის, – ალბათ, ავადა ვარ და ვერ ვამჩნევ“. აიღებდა წიგნს, გაზეთს, დაიწყებდა კითხვას და ისევ ეს ორი სიტყვა:
– ცა და კენჭი.
მიდიოდა უაზროთ ქუჩაში, ხანდახან შეხედავდა ავტოს – „ცა“ – გაუელვებდა თავში, გაივლიდა შემდეგ ტრამვაი – „კენჭი“ გაუელვებდა ისევ. ნახულობდა მეგობრებს. საც ეხერხებოდა ეს ოსტატობა. ის ჩაეწერა პატრიოტთა კავშირში. დადიოდა კლუბში, სადაც სტუდენტები და გიმნაზიის მოსწავლეები ლაპარაკობდენ პოლიტიკაზე, მატერიალიზმზე, იდეალიზმზე. დადიოდა რესტორანებში ახალგაზრდა მოაზროვნეებთან, პოეტებთან, რომელნიც მას უწოდებდენ კაიუსს, ეს იმიტომ, რომ, ალბათ, რადგან ლათინურად იყო, აუცილებლად ლამაზი იქნებოდა. გაიოზი უყვებოდა მეგობრებს პეტერბურგის სენსაციურ ამბებს, თუ როგორ დანაძლევდენ ისა და გრაფი ბეკენდორფი იმის შესახებ, რომ გაზაფხულზე თავადის ქალები ატარებდენ თუ არა ქვედა თეთრეულს. გაიოზი ამტკიცებდა რომ ატარებდენ. გრაფმა აანგრია თავის საცეკვაო დარბაზის იატაკი, დააგო რკინის ჩარჩო, რომელშიც ჩასვა ბროლის შუშები. ქვედა სართულის ოთახი დაფარა შავი შპალიერით და მთლად დააბნელა, დააწყო შიგ შავი ავეჯი და გამართა სუფრა. შემდეგ გამართა საცეკვაო საღამო და მოიწვია ყველა წარჩინებულთა ცოლები და ქალიშვილები. როდესაც ქეიფი გახურდა, გრაფმა აღტაცებით მიმართა სტუმრებს, გაიწვია საცეკვაო დარბაზში და აჩვენა ბროლის იატაკი, რომელზედაც მათ უნდა ეცეკვათ. ეს ყველამ დიდ პატივისცემად მიიღო. შემდეგ გრაფი და გაიოზი ჩაიპარენ ქვემო სართულში და ჩუმად შეძვრენ იმ ოთახში. აავსეს ჭიქები შამპანიურით და აიხედეს მაღლა. პირველი ის, ვინც დაინახეს მათ, რომელსაც თეთრეული არ ეცვა, ეს თვით გრაფის ცოლი იყო. „დასწყევლოს ღმერთმა“... – მე სულ არ გამახსენდა, რომ ჩემი ცოლი არ ატარებდა ქვედა თეთრულს!..“ – სთქვა გრაფმა. ის ამით სრულიადაც არ შეწუხებულა. ის აღტაცებით შესცქეროდა ქვევიდან ქალებს და ითვლიდა თითებზე: „აა, გრაფინია შუვალოვა, შეხედე თეთრეული არ აცვია და რას... შეხედე შუმიაცკის ქალიშვილი როგორი“... – სვამდა შამპანიურს და გრაფი მსუნაგი მელასავით ქსიტინებდა.

გაიოზი ყვებოდა, თუ როგორ აშიშვლებდენ ისინი ქალებს, ასხამდენ მკერდზე ღვინოს, ნებდენ ღამეებს, როგორ ბრუნდებოდენ სახლში მაშინ, როდესაც შავი ხალხი მიდიოდა ქარხნებში, პორტში, კვამლში და ცეცხლში სამუშაოდ. კვირაობით ისინი დადიოდენ ეკლესია. ამგვარად, მიდიოდა ეს წელიწადი. გაიოზი დადიოდა ქუჩაში და უცქეროდა სახეშეშლილ ხალხს. ისევ აწუხებდა ეს აკვიატებული სიტყვები „ცა და კენჭი“. დასწყევლოს ღმერთმა, მას, ალბათ, ნერვების ავადმყოფობა უნდა ჰქონდეს! ის წვებოდა დასაძინებლად, ასწორებდა ბალიშს, ფიქრობდა თავის მამულზე, თუ სხვა რამეზე, მაინც ეს ორი სულელური სიტყვა ურბენდა თავში. ბოლოს მან გადასწყვიტა მიემართნა ექიმისათვის. ეხვეწებოდა, რომ მისთვის გაეკეთებინათ ტვინის ოპერაცია და ამოეჭრათ ეს ორი სულელური სიტყვა, რომელიც მას მოსვენებას არ აძლევდა. ექიმმა ის ელექტრო მანქანის ქვეშ დააყენა და ვანნები მიაღებინა. შემდეგ კარგი დარიგება მისცა, დაარწმუნა, რომ ის სრულიად განკურნებული იყო და გაიოზი დამშვიდებული დაბრუნდა. შემდეგ კი ყველაფერი მიდიოდა რიგზე. ამგვარად გავიდა წელი. გაზეთები ყოველდღე სწერდენ ახალ სენსაციურ ამბებს და უკვე აქაც გაჩნდენ მინისტრები.

ზაფხული იყო. ერთ დღეს ის მიპატიჟებულ იქმნა ერთ მეგობრის მიერ სოფელში
„დროს გასატარებლად“. გაიოზი სიხარულით დათანხმდა. კარგია გასეირნება, როდესაც ზაფხულია, თბილია მაშინ პროვინციის დღე და ჯანსაღდები სულით. კარგი იყო ის პროვინციის სადგურიც, სადაც აუარება ქალ-ვაჟნი სეირნობდენ, მსჯელობდენ პოეზიაზე, მეცნიერებაზე, იცინოდენ, არშიყობდენ. გაიოზს ანგელოზებად მოეჩვენა ეს ცოცხალი გოგონები, რომელთაც არ უხილავთ თავის ქვეყნის ჰორიზონტს გარდა სხვა რამ ქვეყანა.

იქით გაწოლილიყო შარა-გზა. მზე იწურებოდა. გორაკებზე მოფანტული იყო სახლები.
მგზავრები შესხდენ ცხენებზე და ფეხებ ქვეშ დაიწყო რბენა შარა-გზამ, იქით ორღობე, კამეჩები, მამა-პაპური ურემი. ჰქროდა ტკბილი სიო, რაც მეტად დამამშვიდებლად მოქმედებდა გაიოზზე.

ღამდებოდა. მგზავრები აჯირითებდენ ცხენებს და მღეროდენ. ნახირი ბრუნდებოდა უკან. ისმოდა ძაღლების ყეფა, სოფლის საღამოს ხმაური.
როდესაც ამოვიდა მთვარე და შეჩერდა სერზე, ორიხხის შუა მგზავრებმა შეამჩნიეს ჰამაკი.

– შეხედე მთვარე ჰამაკში! – სთქვა ერთმა.
მთვარის დისკო ჰამაკს ამოჰფარებოდა. ჰამაკში ვიღაც იწვა.
– ის, ალბათ, ჩემი და არის, ჰამაკში. – სთქვა მასპინძელმა, – შეხედე, როგორი მოხდენილი ადგილი აურჩევია!
მგზავრებმა ჰკრეს ქუსლი ცხენებს და თქარა-თქურით გაქუსლეს.
უკვე ბნელოდა, როდესაც მივიდენ. ეზოში რამდენიმე ლანდი დარბოდა. გამოვიდა მასპინძლის დედ-მამა. მიესალმენ სტუმრებს.
– ეს ჩემი დედა გახლავთ, ეს ჩემი მამა. – ამბობდა გივი. მიესალმენ. სახლში მიიწვიეს.
– მარი სადღაა? – იკითხა გივიმ, – არ მოსულა? ალბათ, ჰამაკში წევს.
– დიახ, აი, იქ გააბა ჰამაკი! – იყო პასუხი.
– წავიდეთ, ერთი თავს დავესხათ მოულოდნელად! – დაიძახა გივიმ და სტუმრები გაემართენ მეორე მხარეს, სადაც ასწლოვანი მუხები ამართულიყვნენ.
– მარი! მარი! – დაიძახა გივიმ.
ჰამაკი შეირხა და იქიდან გადმოიხედა მარიმ.
– გივი! როდის მოსულხარ?
– ადექი, სტუმრები გვეწვიენ! მერე, რომ იცოდე, რა ბიჭები არიან. ბრწყინვალე ახალგაზრდობა. ჩვენი სამშობლოს მომავალი თაობა და სხვადასხვა.
მარი წამოდგა, დაიწყო ჩაცმულობის სისწორეში მოყვანა. სტუმრები მიუახლოვდენ.
– აი, გაიცანით მთვარე, რომელიც იხილეთ ჰამაკში. – სიცილით სთქვა გივიმ.
მიესალმენ. ზოგმა ჩაახველა, ზოგი უხერხულად გვერდზე გადგა.
მხოლოდ, როდესაც სახლში დაბრუნდენ და გაიოზმა კარგათ გაარჩია ქალის სახე, იგრძნო, რომ მუხლები ეკვეთებოდა. მაგრად ჩაავლო ხელი სკამის ზურგს, რომ არ წაქცეულიყო.
ისევ აეკვიატა ორი უაზრო სიტყვა „ცა და კენჭი.“
გაიოზი უკვე ბარბაცებდა.

ჟურნ. „მემარცხენეობა“ 1927 წ. № 1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი