აკაკი ბელიაშვილი // განწყობილების შესახებ
განწყობილების შესახებ
ხანდახან ძლიერ მძიმდება განწყობილება. თითქოს რამდენიმე სართული ააშენეს გულზე და სუნთქვისთვის საჭიროა ხუთიოდე ცხენის ძალის მომატება. ზოგი ფიქრობს რომ ეს მსოფლიო სევდაა, როგორც პირველ ხარისხოვან სასტუმროში მოკალათებული ნაღვლიანი ქვრივი ქალები. მათ წინ უნდა ედოთ სახარება და ყვითელი კელაპტრები, ასეთ შემთხვევაში ცხოვრებისათვის ნაკლებათ მომარჯვებული ხალხი ეწევა თუთუნს, სვამს ღვინოს, ყნოსავს კოკაინს, ეთერს. თუ ცოტა ოდენათ ჭკუას ძალას დაატანენ ამბობენ რომ ეს არის საინტერესო ცხოვრება ლიტერატურულად და არა სასურველი მეცნიერულათ. მე მგონია რომ ასეთ შემთხვევაში საჭიროა გამოძინება. თუ კი ჰუმანიური აზროვნებით შევიჭრებით, ძილი ამშვიდებს სულს, გულს, ნერვებს და სხვა ამგვარ მახინაციებს. დათრობა არ ვარგა. ის უფრო აგშლის, გაგაღიზიანებს და ისევ უნდა გამოიძინო, სხვა გზა არ არის. ამას ვერ გაექცევი ისე, როგორც საკუთარ შარვალს, შარვალი შეიძლება გაიხადო და გაიქცე, მაგრამ შემდეგ ისევ უნდა ჩაიცვა.
სიყვარულის შესახებ
სიყვარული დიდი ეშმაკური მოგონებაა. ამის შესახებ ლაპარაკობდენ მრავალნი. ხანდახან სიყვარული გავს თავ-დაღმართის ჩამოვლას. ამ არსებას აქვს საუკეთესო საწყობი. იქ არიან მრავალი ასპარეზები და ის დაჩაგრულ ხალხს ურიგებს. ხომ საჭიროა, რომ კაცმა ორი კურდღელი დაიჭიროს. მართალია ამას მონადირეთა კავშირი კატეგორიულათ უარყოფს, დედა-ენაც უარყოფდა, მაგრამ მათ არ იცოდენ თუ რა ჯიუტი ქალია სიყვარული. ზოგს სამეცნიერო ასპარეზზე დააყენებს, ზოგს სამწერლო, ზოგს სასპორტო და საზეინკლო ასპარეზზე. დაიჭერ ერთ კურდღელს, მაგრამ ის თავის თავად ორია. საერთოდ ასპარეზი ბოსტანი როდია. მედიცინა არკვევს რომ სიყვარული არის ფიზიოლოგიური ცხოველი. ეს ზოგს სჯერა და ზოგს არა, როგორც ღმერთის არსებობა. მე ვიცი რომ სიყვარული არის აქტიური და პასიური. გავს შემოსავალ-გასავალის საანგარიშო წიგნს. თუ ცრემლებზედ არის საქმე, ისინი ყველგან იღვრებიან: ბურნუთის ყნოსვის დროს და, როდესაც მაგრად გაგტყეპავენ.
მარილის შესახებ
სხვა და სხვა გვარნი არიან მარილები. ისინი ყველგან მოიპოვებიან. ამბობენ რომ, რასაც მარილი არ აქვს, მას არავითარი ღირებულება არ აქვსო. ცრემლში მარილია, თუმცა ეს ძალიან მიკვირდა. ცრემლში შაქარი უნდა ყოფილიყო, რადგან ის უმეტესად სიამოვნებით იღვრება ხოლმე. ალბათ მარილს რაიმე მაგიური ძალა აქვს. მაგალითად სვანები ბარში მარილისათვის ჩამოდიან. ხშირად ხუმრობაშიაც ურევენ მარილს. ქალზედაც ამბობენ მარილიანი სახე აქვსო. ბავშობისას მე მეგონა რომ ასეთ ქალს სახე დამარილებული ქონდა. სამოქალაქო ომის დროს ძლიერ მწვავეთ იდგა მარილის კრიზისი. ეხლა ტფილისში მრავლად მოიპოება. მარილიანი საჭმელი უხდება კუჭს. გასათხოვარმა ქალებმა მარილიანი კვერების ჭამა იციან, რომ საქმრო ესიზმროთ. ლოგიურათ შეიძლება სიყვარულსა და მარილს შორის კავშირის გაბმა; მარილიანი სიყვარული, მარილიანი გაღიმება. რაჭაში ძლიერ უყვართ ღორის ხორცი, მაგრამ შაშხი უფრო მეტათ. საერთოთ მარილი ძლიერი მოსახმარისი საქონელია.
ქალაქის შესახებ
ქალაქი შენდება ისეთ ალაგას, სადაც ოთხი გზა ერთმანეთს ხვდება. აშენებენ სახლებს და ცხოვრობენ ქალები და კაცები. შემდეგ თანდათანობით ცხოვრებაც რთულდება და გზებიც მრავლდება. ქალაქი საერთოდ დიდი შურიანი არსებაა, მას მეორე ქალაქი ეჯავრება. პოეტებმა იციან მიმართვა: ოი, ქალაქო! უფრო ნიჭიერი ხალხი ქალაქს უწოდებს დედას, რომელიც შობს მრავალ ბოროტებათ. მე ეს არ ვიცი. ვიცი მხოლოდ რომ ქალაქში მოაქვთ ხე-ტყე, აგური, მინერალური წყლები, ბამბა და სირცხვილ-ნამუსი. ხშირათ ის ინგრევა მიწისძვრის დროს და ბევრი სიმდიდრე იღუპება, არის ისეთი სარდაფები ქალაქში, სადაც ინახება: ფეხ მოტეხილი სკამი, გვერდ გამოფხრეწილი ჩემოდანი, ტარ მოტეხილი ქოლგა, ცოტაოდენი ნაგავი და მეტი არაფერი. ერთ ოთახში მე ვნახე ტახტი ბაღლინჯოებით სავსე. თუ ბაღი არსებობს ქალაქად, შიგ აუცილებლათ იდგმება ძეგლი, შადრევანიც იქნება და ფოტოგრაფი. მე მგონია რომ ქალაქი შეიძლება უფრო მეტათ უკეთესი იყოს.
და ბოლოს მორცხვობის შესახებ
მორცხვობა ხშირათ კომბინაციაა. ვარსკვლავები მეტათ მორცხვნი არიან, ისინი ყველაფერს ხედავენ. მთვარე ვერაფერს ვერ ხედავს, რადგან მას ჩრდილი აქვს. ყველაზე ურცხვი არის საათი და კოხინხინის ჯიშის მამალი. მორცხვობამ იცის სახეზე სისხლის მოწოლა, რის გამო წითლდებიან. ამის მიხედვით ის გამცემის როლს თამაშობს ხშირად, რადგან არა სასურველ ამბავებს ამჟღავნებს. საზოგადოებრივი აზროვნების მიხედვით მეეტლეები და ჟურნალისტები ურცხვნი უნდა იყვნენ, სასიძო ხალხს ცოტა ოდნათ უნდა ახასიათებდეს მორცხვობა. როდესაც დაღამდება მორცხვობა ოთახში შეიპარება ელექტრონის სანათთან, ხოლო თუ ისიც დააქვრე, სრულიად გაქრება. მორცხვობის შესახებ ჯერ სერიოზული შრომა არ დაწერილა. როდესაც რაიმეს შეძენას აპირებთ, ცოტაოდენი შევაჭრება ფასის დაკლებისთვის სრულიად არ არის სასირცხვო. საერთოდ კაცსაც და ქალსაც აქვთ სასირცხვო რამეები.
თბილისი იანვარი, 1926 წელი გაზ. „დროული“ 1926 წ. №3.