აკაკი ბელიაშვილი // გამოსაქვეყნებელი
გამოსაქვეყნებელი
ახლა ყველა პოეტი თავის თავზე კაკანებს
როგორც გაცვეთილი პირადობის მოწმობა.
მრავალ მათგანს პირი უყარს ბინძური ლექსებით,
მე ახლა მსურს სიყვარულის გაუმჯობესება.
აღარ კმარა გულის აღელვება პალიასტომის ტბასავით,
ან გაფიქრება: სააკაძის და სტოლიპინის ულვაშები ერთმანეთს გავდნენ
და ასეთი ანალოგიები.
ახლა ყველაფერი ისე მშვიდადაა,
სახლები წყნარად სხედან გრძელ ქუჩებზე,
ზოგან მხართეძოზე წამოწოლილან,
და სათვალეებივით ფანჯრებიდან იცქირებიან.
მოისმინეთ ჩემი გაუმჯობესება.
მოქალაქენო, თვალები დაითხარეთ!
მოქალაქენო, შეიძინეთ სიმწუხარე!
ეს ისე იაფი და ადვილია.
გაეკარით ჯვარზე, დასწერეთ ტრილოგიები,
შემოიღეთ რეფორმები მუსტაფა ქემალივით.
ყველაფერი ადვილია. ყველაფერი ნებადართულია.
იმღერეთ რომანსები, იოცნებეთ პამპასებზე,
იცხოვრეთ რთულად,
ჩამოიკიდეთ ხმლები და ბიბლია,
გაათენეთ მთვარიანი რომანტიული ღამეები,
და ლირიკით პირი ჩაიტკბარუნეთ.
არავის მოუსწროს სიბერემ, თავი არავინ დაიკოდოს,
არავინ გასუქდეს ოთხგანზომილებიან მიკიტანივით,
სიკვდილი ყველას ეწვევა.
ნუ შეშინდებით, კუბო უბრალო შენობაა
სადაც მხოლოდ ერთი მკვდარი თავსდება.
და მსოფლიოს არ ახსოვს ისეთი ამბავი
რომ კუბო ორი მიცვალებულისთვის გაეკეთებინოთ.
*****************************************
ინდოეთიდან მოაქვთ უამრავი სიმდიდრე,
ის, მე ვიცი, ჩემთვის როდი მოაქვთ.
რა მეშველება მელანქოლიურ პოეტს
ასეთ გაუმჯობესებისთვის?
პრივილეგიას არ იძლევიან.
ტფილისი, დეკემბერი.
გაზ. „დროული“ 1926 წ. № 2.