cover

აკაკი ბელიაშვილი // ყველას მოხერხებული აქვს ლექსის კითხვა

***

ყველას მოხერხებული აქვს ლექსის კითხვა
ხანდახან ლექსი სადილის მესამე თავია.
რომ იცოდეთ ბრაზისგან თუ რა უნამუსოდ ვოცნებობ ლოგინში
მგონია, ზოგი (ქალები) არ მახსენდება ავად.

რამდენს უსინდისობს ეს მსოფლიო ისტორია
რამდენი ფუთი საპონია საჭირო მის გასარეცხად.
რა კარგი იქნებოდა, მართლაც რომ ყოფილიყო
თუნდაც ერთი ანგელოსი.
მაშინ გოგოლის და ჩემი ცხვირები იქნებოდენ
სამოთხის გასაღებები.

ახლა უნდა დაწერო ლექსი მკითხველის
დასაკმაყოფილებლად,
ან კრიტიკამ რომ შეაფასოს ღირსშესანიშნავად,
ან ქალების გული, რომ აათრთოლო, როგორც
სიონის კელაპტრები
ან საზოგადოდ დაიმსახურო საერთო პატივისცემა.

მე საუცხოვოდ ვიცი, რომ ყველაფერი კარგი
მოგონილია:
ყველა თავის თავის საქმეს უნდა ეწეოდეს,
ზოგმა ანგარიში იცოდეს, ზოგმა კამეჩების
დაკვლა,
და ასე საზოგადოდ მეტად ტკბილია ცხოვრება.

ვარსკვლავი რომ იყოს ისე მოწყობილი,
ჯიბეში ჩაიდო ვერცხლის უზალთუნივით.
მე ძლიერ კმაყოფილი ვიქნებოდი –
პოეტებს ყოველდღე გვექნებოდა ჯიბეში თითო
ვარსკვლავი.

საქართველოში რამდენი რამეა საჭირო,
მე ყველა ზე მეტი ეს მაწუხებს.
და დავეხეტები ტფილისის ქუჩებზე,
წიგნის მაღაზიებში შეძენილ მელანქოლიით.

ტფილისი, ნოემბერი.
გაზ. „დროული“ 1925 წ. № 1

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი