cover

ლევან ასათიანი // "მემარცხენეობის" შენიშვნების კუთხე

„მემარცხენეობის“ შენიშვნების კუთხე ლიტერატურული ტრადიცია და ძიება

მემარცხენე ხელოვნების მიერ წამოყენებულ აქტუალურ პრობლემათა შორის უპირველეს და უმთავრეს პრობლემას შეადგენს არსებული ლიტერატურულ-შემოქმედებითი ტრადიციული ფორმების დარღვევა და ახალი მხატვრული
ხერხების, გამომგონებლობის პრინციპი. ამ ქვესაყრდენზე შენდება და ვითარდება მემარცხენე ლიტერატურის, როგორც თეორეტიული აზროვნება, ისე შემოქმედებითი პრაქტიკა. სხვა აზრი და გამართლება მემარცხენე ფრონტის არსებობას ჩვენს ლიტერატურულ სინამდვილეში არა აქვს. ის ჩივილი „შემოქმედებითი უძალობისა და დაგუბებული ატმოსფერის“ შესახებ თანამედროვე ქართულ მწერლობაში, რომელიც ამ ბოლო დროს ხშირად გაისმის პროლეტარული მწერლობის ზოგიერთ
თეორეტიკოსთა წერილებიდან– სიმპტომატიურია მეტად და გვიჩვენებს, რომ მემარცხენეობის მიერ თავის დროზე გაკეთებული პროგნოზი ქართული ლიტერატურის შემდეგი პერსპექტივების შესახებ სწორია და შეგუებული თანამედროვეობის გადაუდებელ მოთხოვნილებებთან.
ჩვენ დიდი ხანია ვიყენებთ იმ დებულებას, რომ ქართული მწერლობა „აკადემიკოსებისა“ და საერთოდ მემარჯვენე ფლანგიდან განიცდის შემოქმედებით კრიზისს და გულწრფელ ჩიხშია მომწყვდეული. რასაკვირველია, საკმარისია სულ მცირე ობიექტივობა და გულწრფელობა, რომ ეს ფაქტი შესამჩნევი და ხელსახები იყოს ყველასათვის. მაგრამ წინა თაობის მწერლობისათვის ეს გარემოება ჯერ კიდევ არ არის, თუ ვერ არის ცხადი. ისინი ჯერ კიდევ იცოხნიან ოდესღაც მოპოვებულ დაფნებს და ნებიერი კმაყოფილებით ქადაგებენ სამოქალაქო ზავს ლიტერატურაში ან კიდევ გულუბრყვილო დაჯერებით გვარწმუნებენ თავის „თეორეტიულ“ წერილებში, რომ „ბუნებრივია ახალის ძიება სალიტერატურო ასპარეზზედ, მაგრამ მუდმივი
ძიება, და მხოლოდ ძიება, პირდაპირ უდაბნოსკენ მიდის, სადაც ყოველივე ხმება და კვდება“...
რასაკვირველია, შემოქმედებითი გამოფიტვა და კრიზისი გამოწვეულია არა მარტო იმ გარემოებით, რომ წინა თაობის მწერლობისათვის თანამედროვე სოციალური გარემო და ახალი ყოფა-ცხოვრების ფორმები უცხოა და მიუღებელი,
როგორც თემატიური მასალა. მარტო თემატიკა ვერაოდეს ვერ განსაზღვრავს ლიტერატურულ შემოქმედებას. ჩვენ საქმე გვაქვს უფრო გადამწყვეტ და სერიოზულ ფაქტორთან ლიტერატურული დეგრადაციისა: ეს არის ეპიგონური ტენდენციები და ფორმალური რუტინა, რომლითაც დაავადებულია მთელი თანამედროვე მემარჯვენე მწერლობა. თანამედროვე ქართული პროზა თავისი გენერალური ხაზით მოდის ილია ჭავჭავაძის რეალიზმიდან, სადაც სავსებით იქნა ამოწურული ფორმალი შესაძლებლობანი სიტყვიერი მასალის და თემატიკის დამუშავებისა ეპიური თხრობის
პრინციპებზე აშენებით. ეპიგონებს აღარაფერი დარჩათ გარდა იმისა, რომესარგებლათ ამ მემკვიდრეობით და გამოქვეყნებით მზამზარეულად მოცემული რეალიზმის კლასიკური მხატვრული პრინციპებით. მაგრამ ლიტერატურული ფორმები იცვითებიან ისევე, როგორც ნივთები გარემოში. გარკვეული მხატვრული
ხერხებით გაკეთებული ლიტერატურული ფაქტები, როგორც ფართე მოხმარების საგნები, უმეტეს შემთხვევაში, რჩებიან კუთვნილებათ იმ სოციალურ გარემოსი და ისტორიული ეპოქის, რომელშიც წარმოიშვენ. ლიტერატურული ევოლიუციის იმანენტური კანონების ძალით წინა ეპოქის მხატვრულ-შემოქმედებითი ხერხები
მომდევნო ისტორიულგარემოში ჰკარგავენ თავის ქმედით ძალას და ამიტომ ასეთი ხერხებით გაკეთებული ლიტერატურული ფაქტები, თუ გნებავთ, გენიალური მიხვედრით, ნაპოვნი თემატიკითაც ვერ აღწევენ მიზანს და ვერ ასრულებენ თავის საზოგადოებრივ დანიშნულებას. მათი სოციალური ფუნქცია ამგვარად იქცევა ილიუზიათ. თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში არა ერთხელ იყო ცდა თანამედროვე სოციალური ყოფის ჩამოყალიბებისა ძველი მხატვრული ფორმებით. ყველა ეს ცდები, მიუხედავათ თემატიკის სიახლისა, რასაკვირველია, დამარცხდა. ამის სამაგალითო ნიმუში, სხვათა შორის, უკანასკნელ ხანებში მოგვცა „არიფიონის“ ჯგუფის ლიტერატურულმა პროდუქციამ.
სიტყვიერი ხელოვნების განვითარებაში ისტორიული კონფლიქტები აღმოცენებულია ყოველთვის ფორმალ უთანხმოების ნიადაგზე. ამიტომ არის, რომ ლიტერატურის ისტორია ურიგდება ისეთ კურიოზებს, რომ პატარა ნიჭის პატრონი გიორგი ერისთავი რჩება შთამომავლობის ხსოვნაში, როგორც ახალი ეტპის დამწყები და რეფორმატორი. ხოლო ილია ჭავჭავაძის რომელიმე უფრო დიდი ტალანტითაღჭურვილი ეპიგონი ეძლევა დავიწყებას.თანამედროვე ქართული ლიტერატურის მკვდარი წერტილიდან დაძვრისა და განვითარებისათვის არ არსებობს სხვა გამოსავალი, გარდა ტრადიციული მხატვრული ფორმებიდან
თავის დაღწევისა. მართალია, ეს არ არის ადვილი საქმე, რუტინას აქვს თავისი სიმძიმე, მაგრამ საიმედო შემოქმედებითი პერსპექტივების დასახვა შესაძლებელია მხოლოდ გაცვეთილი ხერხების უარყოფით და საერთოდ ეპიგონური განწყობილების
ლაბირინტიდან გამოსვლით. არავითარი ორიენტაცია წარსულ მხატვრულ კულტურაზე და გარდასულ ფორმეზე არ შეიძლება ჩაითვალოს ლიტერატურის წინსვლად. რესტავრაცია ძველი შემოქმედებითი ფორმების, ყოველგვარი სახის სწავლა („უჩობა“) კლასიკოსების ნაწარმოებებზე წარმოადგენს მწერლობისათვის
ერთი ადგილის ტკეპნას და „შემოქმედებით კრიზისს“. რა უნდა ისწავლოს კლასიკოსისგან თანამედროვე ახალგაზრდა მწერალმა? აკაკი წერეთელი, ილია ჭავჭავაძე იმიტომ იყვენ თავისი ეპოქის უდიდესი სიტყვის ოსტატები, რომ მათ
თანამედროვე თემატიკა დაამუშავეს შესაფერი მეტყველებითი საშუალებებით და შესაბამისი ფორმალური ხერხებით. მაგრამ დღეს, ჩვენი დროისთვის, მათი თემატიური მასალა (სოციალური გარემო: ბატონყმური ურთიერთობა) ძველისძველი ამბავია და მხატვრული ხერხები– გაცვეთილი. „გლახის ნაამბობი“ და „კაცია-ადამიანი?!“ თანამედროვე მკითხველის მოთხოვნილებას ვერ დააკმაყოფილებენ, რადგან ამ ლიტერატურულმა ფაქტებმა თავისი საზოგადოებრივი ფუნქცია უკვე შეასრულეს გარკვეულ ისტორიულ გარემოში, კონკრეტულ სოციალურ ურთიერთობაში და დღეს წარმოადგენენ მხოლოდ ლიტერატურული ისტორიის
მასალას.
თანამედროვე ქართული ლიტერატურისათვის სხვა გზები და პერსპექტივები არ არსებობს გარეშე ტრივიალურად ქცეულ ფორმებიდან თავის დაღწევისა. ამიტომ ყველა ლიტერატურული დაჯგუფებისათვის, რომელსაც სურვილი აქვს „მემარცხენეობასთან“ ერთად მოზიარე შეიქნეს ლიტერატურული რევოლიუციის.
სავალდებულოა ერთი საორიენტაციო პლატფორმის, ერთი უმთავრესი სათვალსაზრისო დებულების მიღება: ეს არის არსებული ტრადიციული მხატვრული კულტურის უარისყოფა და მისი შეცვლა ახალი ლიტერატურული შემოქმედებითი პრინციპებით.
გაუგებრობა
მიხეილ ჯავახიშვილი თავის ერთ-ერთ წერილში („ქართული მწერლობა“ №2-3. გვ. 120) ეხება „ფორმალისტების ბელადს
ასეევს“. პატივცემული ბელეტრისტი, ალბათ, გულისხმობს პოეტ ნიკოლოზ ასეევს. ეს არის გაუგებრობა, გამოწვეული, ალბათ, იმით, რომ იმ ხანებში, როდესაც მიხ. ჯავახიშვილი სწერდა თავის სტატიას, რუსულ სალიტერატურო გაზეთ „ჩიტატელ ი პისატელ“-ში #4–5 დაბეჭდილი იყო „ლეფის ჯგუფის პროგრამა“ ნიკ. ასეევის
ხელმოწერით. პოპულიარულ ბელეტრისტის საყურადღებოთ, ფაქტიური შენიშვნის სახით, ვაცხადებთ:\

  1. პოეტი ნიკოლოზ ასეევი არასოდეს არ ყოფილა ფორმალისტების ბელადი და არც უბრალო წევრიც ფორმალისტების ჯგუფისა.\
  2. ფორმალური მეთოდის საფუძვლების ჩამყრელი და მეთაური თანამედროვე რუსულ ლიტერატურაში იყო და არის
    ვიქტორ შკლოვსკი.
    ფაქტები:
    1914 წელს, როდესაც ფუტურისტები არღვევდენ ტრადიციულ პოეტიკას და მკითხველი ობივატელის ჩვეულ მყუდროებას, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ჩამოყალიბებული „ოპოიაზის“ ჯგუფი („პოეტური ენის შემსწავლელი საზოგადოება”), ვიქტორ შკლოვსკიმ გამოსცა თავისი წიგნი: „Воскрешение слова“, სადაც პირველად
    იყო წამოყენებული პრინციპი ფორმის, როგორც მხატვრული ათვისების სპეციფიური ნიშანი.
    სამი წლის შემდეგ ვიქტორ შკლოვსკიმ გამოაქვეყნა წერილი: „ხელოვნება, როგორც ხერხი“ („პოეტური ენის თეორიის კრებული“, ნაწ. II, 1917 წ.). ეს იყო, ბორის ეიხენბაუმის სიტყვით, თავისებური მანიფესტი ფორმალური მეთოდისა. ამ წერილში ფორმის კონკრეტი ანალიზისათვის დასახულ იქმნა ახალი პერსპექტივები და ამასთანავე მოხდა დაშორება, როგორც პოტებნიასაგან, ისე სიმბოლიზმის თეორეტიულ პრინციპებისგან.
    პოტებნიანობისაგან სრულ გამიჯვნას ჩვენ ვხედავთ ვიქტორ შკლოვსკის მესამე წერილში „პოტებნია“ (კრებული „პოეტიკა“, პეტროგრ., 1919 წ.). ყველა მოყვანილი წერილები ვიქტორ შკლოვსკისა, შეიძლება, ჩაითვალოს ფორმალისტების მუშაობის
    დასაწყის პერიოდათ.
    რუსული ფორმალიზმის ისტორია და შკლოვსკის ადგილი ამ საქმეში, ვისაც ეს ეინტერესება, ვრცლად არის მოცემული ბორის ეიხენბაუმის შრომაში: „ფორმალური მეთოდის თეორია“.\
  3. ყველაფერი ამის ცოდნა სასურველია ქართველი მკითხველისათვის, საჭიროა ბელეტრისტისათვის და აუცილებლად სავალდებულოა იმ მწერლისათვის, რომელიც თეორეტიული ხასიათის წერილს ბეჭდავს ლიტერატურულ საკითხებზე; მით უმეტეს მაშინ, როდესაც წერილი ეხება რუსულ ფორმალიზმს, რომელიც თურმე არის „პირწავარდნილი ნიჰილიზმი და ახალმოდური დეკადანსი“ (2)).\
  4. ამ შენიშვნას ვაკეთებთ არა იმიტომ, რომ პედანტები ვართ, ან-და განზრახ შარი გვინდა აუტეხოთ ვინმეს. არა, საქმე რომ ეხებოდეს უბრალო და შეიძლება, უნებლიე ლაპსუსს, ჩვენ ამდენ კორიანტელს არ დავაყენებდით, ენა არავის ექავება. ჩვენ მოვითხოვთ ყველა მწერლისაგან სერიოზულ ერუდიციას იმ საკითხებში, რომელზედაც სწერს, და უდიდეს პასუხისმგებლობას თვითეული დაწერილი სტრიქონისათვის.
    პოეზიის დღე
    მე დავიღალე ოცნების გზებზე
    და უსახლკარო შენთან ვბრუნდები,
    მეტად ბასრია ჰაერი მთებზე
    მეტად ბრწყინავენ იაგუნდები.
    მაინც ეს ხმები და ეს ფერები
    ეს მოძრაობა და აგონია
    ისე მწყობრია, ვით სიმღერები
    და ისე ნაზი – ვით სიმფონია!
    რა მომელოდა და რა დამარქვეს:
    ნუ თუ ეს იყო ჩემი მიზნები?
    სულის სალაროს რადა ვხდი სარქველს,
    რისთვის ვინთები? რისთვის ვიგზნები?
    თეთრ ზამბახების დგანან ფარდები,
    გააქვთ შრიალი პალმების ქოლგებს,
    და ისე ჰყრიან თეთრი ვარდები,
    თითქოს ათასი აქ გედი მოჰკლეს.
    მეუბნებიან: „გრძნობა გიმონებს,
    შენი ლექსები დრომ მიმოჰფანტა“.
    მეც სიყვარულით დამწვარ სტრიქონებს
    გულში ვატარებ დღეს კონტრაბანდათ.
    ავხადე სურვილს მხურვალე ლოდი,
    გულს გინახავდი, როგორც შაჰ-ნამეს
    და შენ კი თურმე სხვას ჰპირდებოდი
    ათას ერთ კოცნას, ათას ერთ ღამეს.
    მოვიდა რისხვით ღრუბელი ლეგა
    რიგი დაიბნა, ხმლები დაჰყარა
    ზღვამ გმინვით ქვიშა შორს გამოლექა
    და ფუძე ნაპირთ გამოუთხარა.
    სამუშაოდან დაბრუნებული გარე უბანში გავივლი ქუჩას.
    ფიქრობ, რათ უნდა გაჩერდეს გული,
    როდესაც ბრძოლას ბოლო არ უჩანს.
    მოვდივარ, მომაქვს სხვა მოგონება,
    ეს ლექსებია ჩემი ქონება.
    საით წავიდე, როგორ ჯობია,
    აგერ წყალი დგას და ჭაობია.
    ეს ლექსი არ არის ერთი ავტორის. ის შედგენილია „პოეზიის დღეში“ დაბეჭდილ ლექსებიდან და წარმოადგენს კოლექტიურ შემოქმედების ნიმუშს. პირველი კუპლეტი ეკუთვნის გაფრინდაშვილს, მეორე – ზომლეთელს, მესამე – გრიშაშვილს, მეოთხე – ტ. ტაბიძეს, მეხუთე – მარიჯანს, მეექვსე – თარიშვილს და მიყოლებით: იასამანი, ბაბილინა და ტერენტი გრანელი.
    ეს ლექსი სხვადასხვა ლექსების კუპლეტებიდან არის შედგენილი, მაგრამ მთლიანობა მაინც დაცულია, რადგან არც ერთ ქართველ პოეტს, აქ მონაწილეს, არა აქვს თავისი განსაკუთრებული სახე და მთელი ქართული ლიტერატურა წარმოადგენს ერთ უნიჭო შტამპს.ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად დაცემულია ქართული ლექსის კულტურა.
    მთელი პოეზია ერთი ფონია და მის გარღვევას არც ერთი პოეტი არ ცდილობს. ყველა კმაყოფილია, თუ შტამპს შეუფარდა თავისი შემოქმედება.
    ბრძოლა ოსტატობისათვის – აი, მემარცხენე პოეტების ლოზუნგი.

„მემარცხენეობა“ 1928 წ. №2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი