ტიციან ტაბიძე // ლუი არაგონ. სასამართლოს გარჩევა
ლუი არაგონ.
სასამართლოს გარჩევა.
ორშაბათს, 27 დეკემბერს 1920 წელსა 9¾ საათზე კაfé „ექსცელსიორ“, როცა ჩავყარე შაქარი ჩემ შავ ყავას სიღრმეში, მე მივედი იმ დასკვნამდი, რომ მე სულელი ვარ.
მე ავწონე არგუმენტები მომხრე და საწინააღმდეგო და გადავწყვიტე ამის შესახებ არავის არაფერი არ უთხრა.
მიყვარს მე განა თუნდაც ერთი ადამიანის აზრი, ჩემო მცირე თანამედროვენო ან წინაპარნო? არა– ვსთქვი ერთხელ.
ველი განა რამეს ვისმესგან? არა, არა და არა.
მახსოვს მე განა ერთი წამი ბედნიერებისა ან ერთი წამი სევდის? კითხვა თვითონ შეიცავს პასუხს.
შემიძლია მე ვიცინო, ვიტირო, ვილაპარაკო, გავინძრე? არა.
ვსხოვრობ განა მე? არა.
რაიმე მაიძულებს განა მე ამ კითხვების მიცემას? არა.
უსაზღვრო უიმედობა მიპყრობს მე ამ წამში.
იმ მაგიდის იქით, სადაც მე ვზივარ, მე ვუყურებ ჩემ თავს სარკეში, მე დაწებებული ვარ აფიშით, სადაც გამოყვანილია: კანიბალები: ნეგრის ქალს ლურჯ ცაზე უჭირავს თავისი ბავშვი სრულიად ტიტველი. – ისეთივე მომავალი ანტროპოფაგია, როგორც მთელი ქვეყანა.
ეს შენ ხარ – იდიოტი. შ... შ... შ...
ტკივილი – ეს ავტომობილია, ცა – მანერა სიტყვის.
ვფიქრობ განა მე ფიქრს? არ ვფიქრობ.
არ არის საშუალება ერთი იდეიდან მეორეზე გადასვლისა.
მსჯელობის ყველა ფორმა – ტყუილია, ყველაფერია ერთი და იგივე იდეა, აი რატომაა, რომ ლოგიკა არის ლოგიკა,
მე შემიძლია შევიდე და გამოვიდე ერთ და იმავე კარებში,
და თუ ეს ასეა, მე მეტი არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ დავწვე შესავალთან და ვსთქვა: არა!
განა მე შემიძლია ვსთქვა არა?.. შ... შ... შ...
მე 23 წლისა ვარ და კიდევ ორი თვისა და ოცდაოთხი დღის.
მე გამხდარი ვარ.
მე არ ვიცი იმ პირთა სახელები, მე რომ შემომჩერებიან.
ფანჯარიდან მე ვამჩნევ მშვენიერ ქალს ყვითელ ავტოში, ავტომატიურად რომ მიქრის.
მშვენიერი დარი დგას, სიცივე ერთიანად შეწყდა. ეს ილუზიაა.
სახლები – ეს ქუჩის ნატეხებია – მე კი ხელით საგორებელი ტაჩკა.
განა მართლა მე ხელით სახმარი ტაჩკა არ ვარ? ს.. ს.. არა... არა!...
უსარგებლო, გაუნძრეველი, გამოყრუებული და სათნოიანი (შ... ეს მე ვარ).
წავიკითხე და დავამტკიცე მე, ლუი არაგონმა.
გაზ. „რუბიკონი“ 1923 წ. 3-4