cover

ლევან ასათიანი // პოეზია და ზაუმი

პოეზია და ზაუმი

  1. სანამ წერილის ძირითად თემას შევეხებოდეთ, საჭიროა რამდენიმე სიტყვა ითქვას ტერმინისათვის. ეგრეთ წოდებული „ზაუმი“ გულისხმობს ყოველგვარ მნიშვნელობისაგან ცარიელ და შინაარსიდან განტვირთულ სიტყვას. ქართულში მისი შესატყვისი იქნებოდა „ლიტონი“ (საბა ორბელიანი: ლიტონი = ცარიელსავით). მაგრამ სიტყვამ Заумь ქართულ ლიტერატურულ და ჩვეულებრივ სიტყვა-ხმარებაში უკვე მოქალაქობრივი უფლებები მოიპოვა. გარდა ამისა ეს სიტყვა წმინდა რუსული ფუტურიზმის გამოვლინებისაა, იგი ამ შკოლის აღმოჩენაა, ამიტომ ჩვენც გადმოგვაქვს ეს სიტყვა რუსულიდან და ქვემოდ ყველგან ვხმარობთ მას უთარგმნელათ.\
  2. ზაუმის პრობლემა რუსულ პოეზიაში პირველად დაისვა 1913 წელს, როდესაც „ფუტურისტული სიტყვის იეზუიტმა“ ალექსეი კრუჩონიხმა გამოაქვეყნა თავისი „დეკლარაცია სიტყვის, როგორც ასეთის“. კრუჩონიხი ამ დეკლარაციაში ასეთ დასაბუთებას აძლევდა ზაუმური ენის შემოღების საჭიროებას: „აზრსა და
    გამოთქმას არ ძალუძს დაეწიონ შთაგონებულის განცდას, ამიტომ პირადი ენითაც (შემოქმედი ინდივიდუალურია) და აგრეთვე ენით, რომელსაც არა აქვს გარკვეული მნიშვნელობა (არ არის გაყინული) – „ზაუმით“. საერთო ენა შემზღუდველია, თავისუფალი ენა საშვალებას იძლევა სრული მეტყველებისას. სიტყვები კვდებიან,
    სამყარო მარად ნორჩია. მხატვარმა იხილა სამყარო ახალი სახით და, როგორც ადამი, ყველაფერს თავის სახელს აძლევს. ზამბახი მშვენიერია, მაგრამ უმსგავსოა სიტყვა „ზამბახი“, – გაცვეთილი და გაუპატიურებული“, ამიტომ მე ვუწოდებ ზამბახს „еуы“ და პირველყოფილი სიწმინდე აღდგენილია“.
    კრუჩონიხის დეკლარატიული გამოსვლა და შემდეგ მისი და ველემირ ხლებნიკოვის პოეტური პრაქტიკა– ზაუმური ენით დაწერილი ლექსები – მორიგი სკანდალი იყო ომის წინა წლების რუსულ ლიტერატურულ ცხოვრებაში. როგორც სიტყვაქმედობის გარკვეულ ლაბორატორიულ მუშაობას, ზაუმური ლექსების
    ნიმუშებს ხშირად იძლეოდენ ქართველი ფუტურისტებიც.
    ზაუმის პრობლემის შესახებ ბევრი წერილები დაიწერა. განსაკუთრებით, საწინააღმდეგო ბანაკიდან, სადაც ფუტურისტებს უკიჟინებდენ პირველყოფილობისა და ველურობისაკენ დაბრუნების ტენდენციებს. მაგრამ ზაუმურმა პოეზიამ, როგორც
    ასეთმა, თუ არა, ზაუმმა,– როგორც პოეტურმა ხერხმა პოეზიაში, თავისი ისტორიული და თეორეტიული გამართლება მაინც იპოვა.
    ზაუმური ლექსის ოსტატები აცხადებდენ, რომ მათ თავისი ემოციების გამოხატვა უკეთესათ შეუძლიათ შინაარსისგან თავისუფალი ბგერა-თქმით (звукоречь), რომელიც, სათანადო ემოციათა გამოწვევის თვალსაზრისით, უშუალო გავლენას ახდენს მსმენელზე. აღმოჩნდა, რომ ასეთი წესი ემოციების გამოხატვისა,
    მარტო მათ არ ახასიათებთ, არამედ ეს ყოფილა საერთო ენის მოვლენა, მხოლოდ მანამდის არ გაცნაურებული. გამოირკვა, რომ ზაუმი შეუცნობლათ არსებობდა წინათ, – როგორც საერთოდ ლიტერატურაში, ისე ხალხურ პოეზიაში. ხშირად ზაუმს
    შეუმჩნევლათ ვხვდებით თურმე ყოფა-ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ასეთი ფორმა ამთვისებელზე ემოციონალური ზეგავლენისაა, როგორც შეგნებული პოეტური ხერხი, პირველათ გამოიყენეს და შეიტანეს პოეზიაში ფუტურისტებმა.\
  3. უწინარეს ყოვლისა, უნდა აღინიშნოს ერთი საყურადღებო გარემოება. როგორც ვიქტორ შკლოვსკი შენიშნავს თავის წერილში ზაუმის შესახებ,– ჩვენ ხშირად ვხვდებით „გარკვეულ ბგერათა შერჩევას ცნებათა „საერთო“ ენით დაწერილ ლექსებში. ასეთი შერჩევით პოეტი ცდილობს გააძლიეროს თავისი ნაწარმოების
    სუგესტიურობა, რაც ამტკიცებს იმ გარემოებას, რომ თვით მეტყველების ბგერები, თავისთავად ატარებენ განსაკუთრებულ ძალას“ (კრებული „პოეტიკა“ პტგდ., 1919, გვ. 15). ვიაჩესლავ ივანოვი, რომელიც ერთ-ერთ თავის წიგნში („პო (,პო ზვიოზდამ“)
    ეხება პუშკინის პოემის „ბოშები“-ს ბგერით მხარეს, გამოსთქვამს აზრს, რომ ამ პოემაში „მელოდიური ლექსების ფონეტიკა თითქოს ამჟღავნებს ხმოვანი ბგერის უ-ნის უპირატესობას... ამ პოემაში მოცემულმა ბგერების მხატვრობამ, ბუნდოვანათ და შეუგნებლათ ნაგრძნობმა ჯერ კიდევ პუშკინის თანამედროვეთა მიერ, განამტკიცა უკანასკნელთა შორის შეხედულება, რომ პუშკინის ეს ახალი ნაწარმოები ამღერებული იყო განსაკუთრებული მაგიურობით". კიტერმანი თავის წერილში „სიტყვის ემოციონალური მნიშვნელობის შესახებ“ სხვათაშორის ამბობს: „სიტყვის
    ემოციონალური ზეგავლენის შესაძლებლობა ჩვენთვის უფრო გასაგები იქნება, თუ გავიხსენებთ იმ ფაქტს, რომ ზოგი ბგერები, მაგალითად, ხმოვანები, იწვევენ ჩვენში შთაბეჭდილებას, წარმოდგენას რაღაც ბნელისას და პირქუშის– ასეთია ხმოვანები
    ო-ნი და უმთავრესად უ-ნი, რომელთა გამოთქმის დროს პირის სარეზონანსო ღრუები აძლიერებენ დაბალ ობერტონებს (ძირითად ბგერრასთან დამატებული ტონები, რომელთაგანაც დამოკიდებულია ბგერის ტემბრი. ლ. ა.); სხვა ბგერები იწვევენ
    ჩვენში საწინააღმდეგო ხასიათის შეგრძნებებს,– ნათელს, აშკარას და გარკვეულს, ასეთებია ი-ნი და ე-ნი – მათი გამოთქმის დროს სარეზონანსო ღრუები აძლიერებენ მაღალ ობერტონებს" (ციტ. კრებ. „პოეტიკა", გვ. 15).
    ამგვარათ, ჩვენ ვრწმუნდებით, რომ სპეციფიური ემოციების გამოსახატავათ, ან გამოსაწვევათ და აგრეთვე პოეტური ნაწარმოების შთაბეჭდილებითი ძალის გასადიდებლათ ბგერათა შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ასეთ ტენდენციას
    ხელსახებათ ვგრძნობთ სიტყვის ყველა დიდი ოსტატების ნაწარმოებებში. ლექსის ფონეტიური მხარისადმი ჭარბი ყურადღების სანიმუშოთ მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება ქართული პოეზიიდან: რუსთაველი (ამ მხრივ მეტად საინტერესოა
    პოეტ კონსტ. ჭიჭინაძის შრომა ალიტერაციის შესახებ „ვეფხის ტყაოსანში“), ბესიკი, მე-19 ს. და უახლოესი დროის პოეტური შემოქმედება. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს
    ხალხური პოეზიის მასალები. ჩვენ გვინდა, ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ პოეტურ მეტყველებას, თავისი სემანტიკის გარდა და ხშირად მის გარეშეც უდიდესი ღირებულება აქვს ბგერადობის, ფონეტიკის თავისებურობით.\
  4. მაგრამ ამ მოვლენას მარტო პოეზიაში არა აქვს ადგილი. შკლოვსკი ხსენებულ წერილში ერთ ადგილას შენიშნავს, რომ ადამიანებს სიტყვები ესაჭიროებათ არა მარტო იმისათვის, რომ ამ სიტყვების საშვალებით გამოხატონ რაიმე აზრი, არც მარტო
    იმისათვის, რომ სიტყვა შესცვალონ სიტყვით, ან გამოიყენონ იგი რომელიმე საგნის სახელწოდებათ: არა, ადამიანებს თურმე ხშირად სჭირდებათ აგრეთვე ყოველივე აზრს მოკლებული სიტყვებიც, ასე მაგალითად, სატინი (მაქსიმ გორკის პიესიდან
    „ფსკერზე“, მოქმედება პირველი), რომელსაც მობეზრდა ყველა ადამიანური სიტყვა, ამბობს: „სიკამბრ" და ახსენდება, რომ მემანქანეთ ყოფნის დროს, მას უყვარდა სხვადასხვა სიტყვები. კნუტ ჰამსუნის „შიმშილში“ ჭაბუკი მოგვითხრობს: „მე ვდგევარ და შევსცქერი ამ ქალს პირდაპირ თვალებში და ჩემს ტვინში უეცრათ გაიელვებს სახელი, რომელიც წინათ არაოდეს არ მსმენია, სახელი, რომელიც ხმიანობს როგორიღაც სრიალა ხმით ილ აიალი“. –ამავე ნაწარმოებში ეს მშიერი ჭაბუკი ბოდვის დროს იგონებს სიტყვას „კუბოა“ და მოსწონს მიტომ, რომ იგი მდინარ თვისებისაა, რომ არა აქვს გარკვეული მნიშვნელობა. „ეს სიტყვა, – ამბობს იგი, მე თითონ
    მოვიგონე; მე სრული უფლება მაქვს მივცე მას ისეთი მნიშვნელობა, როგორიც მომეპრიანება; ჯერ მე თითონ არ ვიცი, რას ნიშნავს იგი...“ გოგოლის პეტრუშკას – ჩიჩიკოვის ლაქიას „მკვდარ სულებში“ – მოსწონდა არა ის, რის შესახებაც კითხულობდა იგი, არამედ უფრო თვით კითხვა, ან უკეთესად რომ ითქვას – თვით კითხვის პროცესი. რომ აი, ასოებიდან გამოდის როგორიღაც სიტყვა, რომელიც ხანდახან, ეშმაკმა უწყის რას ნიშნავს. გონჩაროვის ნაწარმოებში „ძველი დროის მოსამსახურენი“– ვალენტინი სტკბება მისთვის გაუგებარი ლექსების კითხვით და ალერსით იწერს რვეულში უცნობ ჟღერად სიტყვებს, მასთან ახდენს თანაბრად მჟღერი სიტყვების შერჩევას: „კონსტიტუცია და პროსტიტუცია", „ნუმიზმატი
    და კასტრატი“ – მას არც კი სურს გაიგოს მათი მნიშვნელობა, იგი არჩევს მათ მსგავსი ხმიანობის მიხედვით, ისე, როგორც შეარჩევენ ხოლმე ფერის მიხედვით ძვირფას ქვებს ან მატერიებს. თითქმის ანალოგიურ მოვლენასთან გვაქვს საქმე ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებში“, სადაც რუსი ოფიცერი „სომეხ სოვდაგრის
    გაუნათლებელ დახლიდარის" წინ თავს იწონებს ცოდნით და ჩამოსთვლის უცხო და ხმიერ სიტყვებს: ცივილიზაცია, ასოციაცია, არღუმენტაცია, ინტელიგენცია, კასაცია, ფილოლოღია (თხზ., ტ. 1, გვ. 11, ქართ. წიგ. გამოც.). აქ სიტყვების საგნობრივი მნიშვნელობა მიჩრდილულია, მთავარ როლს თამაშობს სიტყვების ბგერითი
    მომენტი და ალიტერაციული მხარე– ერთი და იგივე თანხმოვანის
    ც-ანის გამეორება. მსგავს ნიმუშებს მრავლად ვხვდებით აგრეთვე ქართულ ფოლკლორშიც. მაგალითად, „ამირანის ზღაპარში" ქალი ყამარი აფრთხილებს ამირანს:

    „ამირან, გვალე, გვალესა,– მუხლად გაქებენ მალესა,–
    ამბრნი, უმბრნი და არაბნი ცხენს შესხდებიან მალესა.“

    „ხალხურ ვეფხისტყაოსანში“:

    „დასხდიან მეკიდობნენი:
    იმბარ, ამბრი და უმბარნი...“ (იხ. ს. გორგაძე – ჩვ. ძვ. მწერლობა, გვ. 37-61, სახელგ., 1927).

    ხალხურ ზღაპრებში უკვე დავიწყებულია ნომინაციის
    ობიექტები სიტყვებისათვის: ამბრნი-უმბრნი-არაბნი და იმბარ-ამბრი-უმბრი-სათვის,ეს სიტყვები მოქმედებენ გარკვეულ ბგერათა წყობით და ალიტერაციით,– მასთან, გამეორებულითანხმოვანები მ, ბ, რ, იწვევენ შთაბეჭდილებას და წარმოდგენას რაღაც ძალოვანის, საშიშარის (ჩვენში ბავშებს აშინებენ „ბუა“-თი).
    ჩვენ ვიცით, რომ ემოციების გამომჟღავნება ხშირად ხდება გარკვეული ბგერათა კომპლექსით, რომელიც კიდევ არ არის სიტყვა, მაგრამ თავისი ფონეტიკით და ინტონაციით იძლევა საშვალებას რომელიმე სულიერი მდგომარეობის გასაგებათ.
    როდესაც ლუარსაბ თათქარიძე, გახარებული იმედით, რომ ბავში მიეცემოდა,დაითვრა და თავისი თავი უკვე შვილის ქორწილში წარმოიდგინა, ცეკვის გუნებაზე მოსული გაიძახოდა: „ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი-ჩუპარ, ჩუპრი დარეჯანსა!“ (თხზ,, ტ. 11, გვ. 266). უახლოეს ქართული პოეზიიდან ჩვენ შეგვიძლია მოვიყვანოთ
    ბევრი ნიმუშები ზაუმის, როგორც სტილისტიური ხერხის, შეუცნობელი და უნებლიე გამოყენებისა. გალაქტიონ ტაბიძის ერთ ლექსში ნახმარია გაუგებარი და ყოველგვარ შინაარსს მოკლებული ბგერათა რიგი: „დოვინ-დოვენ დოვლისა". ეს სიტყვები კონტექსტის გარეშე სრულს უაზრობას წარმოადგენს, ხოლო კონტექსტში
    მოცემულნი, აძლიერებენ ლექსის სუგესტიურ მხარეს– იწვევენ ჩვენში გარკვეულ წარმოდგენებს მათი დასახელების გარეშე (გალ. ტაბიძის ლექსები, სახელგამი, 1927).\
  5. განსაკუთრებულ ინტერესს ამ მხრივ შეიცავს ბავშების სათამაშო ლექსები და სიტყვათა კრებული, სადაც ხან
    ნაწილობრივ, ხან კი გაშიშვლებული სახით მოცემულია ზაუმი. ეს სათამაშო ლექსები საინტერესოა მით, რომ ლოკალობას მოკლებულნი, ისინი გადადიან ერთი გეოგრაფიული ადგილიდან მეორეში, აგრეთვე თაობიდან შემდეგ თაობაში და წარმოადგენენ თავისებურ ლიტერატურულ ნაწარმოებს. ერთერთ ასეთ ნიმუშს წარმოადგენს ბავშებს შორის წილის ყრის დროს სათქმელი ლექსი, ზემო იმერეთში ჩაწერილი:
    იწილო ბიწილო
    შროშანა გვრიტინო
    ალხოს მალხოს
    ჩიტმა გნახოს
    შენი ფეხი
    ფეხ-მანდური
    გადაჯექი
    გადმოჯექი
    სკიპ დარიკ (ძვ. საქ.“, ტ. 1, გან. IV, გვ. 103-104).

    ასეთ ლექსებს, რასაკვირველია, უახლოესი კავშირი აქვს იმ ზაუმური ელემენტებით სავსე შემოქმედებასთან, რომელიც განსაკუთრებული სიუხვით მოცემული არის ხალხურ ზღაპრებში, ლექსებში, გამოცანებში და შელოცვებში. ნათქვამის საილუსტრაციოთ მოგვყავს ზოგიერთი ნიმუშები:\
  6. ხალხურ „როსტომიანში“ ბეჟანი იწვევს გარეულ ტახს საომრათ:

    „ღორო არეში-მარეში,
    გამოდი, გამეთამეში!
    შუბნი ვკრნეთ, ფარნი ვუფარნეთ,
    მინდვრათ გაუშოთ თარეში!“
    \
  7. იქვე. ამ ომის დროს შიშით ხეზე ასულ გურგენს ბეჟანი ეძახის:

    „გურგენ ელი ხარ, მელი ხარ
    მახეზე ამომსვლელი ხარ
    ეხე რომ ჩამოგისვრია
    საითღა ჩამომსვლელიხარ (ს. გორგაძის ქრესტ. გვ. 52-53).
    \
  8. ზემო-იმერეთში ჩაწერილი ხალხური ლექსებიდან:

    ალალ-მაქო, დალალ-მაქო,
    დიდ მინდორში ყანა მაქო —
    მუშა ბევრი შევიწიე,
    საჭამადი აღარ მაქო
    (ეს და ქვემოდ ყველაიხ. „ძვ. საქ.“,ტ. 1,IV, 77-92).
    \
  9. განჯას წყალი შემოვასხი
    ვარდო–მანანასა!
    ღმერთო, წვიმა მეიყვანე
    ვარდო – მანანასა!
    \
  10. ლილი, ლილი ლიბანდაო,
    გოგო სახეს იბანდაო,
    გავხედე და შემომხედა,
    სამსე მთვარეს უგავდაო.
    \
  11. ახლა დილილმე, დილილმე,
    დამტოვე დაბნედილიმე,
    კაბისა ზორტი შეგიხსენ
    და პერანგისა ღილიმე. – და სხ.
    \
  12. ალათასა, ბალათასა
    ხელი ჩაკარ კალათასა, ამოიღე
    ორი კვერცხი,
    ღმერთი მოგცემს ბარაქასა.\
  13. მზე შინა და მზე გარეთა,
    მზე, შინ შემოდიო!
    უყივლია მამალსაო, მზე,
    შინ შემოდიო! და სხვ.
    \
  14. იავ-ნანა,ვარდო-ნანა,
    იავ-ნანინაო!
    ბატონებისა დედასა.
    \
  15. ქართლში, სოფ. ერთაწმინდაში მღერიან:
    შევსვათ წითელ-წითელი,
    ასი-ათაი,
    ჰარნუ, ნანუ ნანო,
    დიელ-დიელო (იქვე, V, გვ. 27).\
  16. თუშეთში ასეთი სიმღერით გლოვობენ მიცვალებულს:

    „დალაი თქვით, დალაი, მხედრებო! – დალაი, დალაი!
    ძნელი არს დალაობაი! – დალაი, დალაი!
    ბრალია, ძმაო... ბრალია – დალაი, დალაი,
    შენი ულაშქროთ სიკვდილი – დალაი, დალაი!
    და სხვ (ს. გორგაძის ქრესტ., გვ. 122).

    ყველა მოყვანილ მაგალითებში ხაზგასმული სიტყვები, შეიძლება და უთუოდ ერთდროს, უამრავ საუკუნეთა მიღმა, შეიცავდენ ხალხისთვის გასაგებ შინაარსს და გამოხატავდენ გარკვეულ რელიგიურ, რიტუალურ და ყოფაცხოვრების ცნებებს – ობიექტებს. მაგრამ ჟამთატრიალში ეს სიტყვები თანდათანობით დაიცალენ სემანტიურობისაგან და, ვინაიდან, ეხლა ხალხურ ლექსებში – სიმღერებში მათი დანიშნულება განისაზღვრება მხოლოდ ფონეტიური – გამოყენებითი ფუნქციით, ამდენად ისინი წარმოადგენენ ზაუმს. ანალოგიურ ზაუმურ გამოთქმებს განსაკუთრებით ხშირად ვხვდებით ქართულ გამოცანებში. რამდენიმე ნიმუში ნათელ წარმოდგენას მოგვცემს ამის შესახებ.
    \
  17. აბლი-ბაბლი, ვერცხლის ტახტი
    მზით ავიღე, მთვარით დავდგი = ყინული
    (ს. გორგ,., გვ. 141).
    \
  18. ახლახუნ-დახლახუნი.
    დოსკაპ – დოინჯებიანი,
    ოხროხი, დოხროხი
    დოინჯი და დოწკაპი = ხაფანგი
    (ძვ. საქ., 1, IV, გვ. 94).\
  19. ორი – ორერას,ოთხი – კორენას,
    თორმეტი – ასკუაჩს, არცერთი – ჩიჩილაკს.

    სხვა ვარიანტი:

    ორი-ოღენას, ოთხი-კოკენას,
    თორმეტი – ყანჭპურას, არცერთი კირკიტელს.
    = ძუძუები: 2 – თხისა,4 – ძროხისა,
    12 – ღორისა, ქათმის არც ერთი) (იქვე; 95).
    \
  20. კიკლი-კიკლი კკიბესაო,
    ხვარასანის ციხესაო.
    კურდღელი გადმომდგარიყო
    აცმაცურებს ყურებსაო = სამრეკლოდა ზარები
    (იქვე, გვ. 95).

    5, აიანური, ბაიანური
    წითელი კაკიანური,
    ეიშლება, დეიშლება –
    მოწყენია სიარული > საათი (იქვე, გვ. 96).

    ყველა მოყვანილი მაგალითები ჩვენ გვარწმუნებენ, რომ „ზაუმის ენა“ გარკვეულათ არსებობს ხალხურ პოეზიაში. არსებობს ზოგგან ცხადათ, ზოგგან ფარულ მდგომარეობაში, შეუცნობლათ, თუმცა მეტად ხელსახებათ. ისე, როგორც, მაგალითად, რითმა ცოცხლობდა არ გაცნაურებულათ, თუ გინდ ემბრიონალური მდგომარეობით – ანტიურ ლექსში და აგრეთვე უძველეს ქართულ სასულიერო პოეზიაში, სადაც „რითმის ჩანასახი, მართალია ღარიბი, მაგრამ მაინც იყო“ (პროფ. კ. კეკელიძე, ქართ. ლიტ. ისტ. 1, 638; იხ. აგრეთვე პ. ინგოროყვას – ძველი ქართ. სასულ. პოეზია, ტფ., 1913). მაგრამ ზაუმს თავისი წმინდა, პრინციპიალური სახით ვხვდებით ეგრეთწოდებულ შელოცვებში, რომელიც აშენებული არის უმთავრესად უაზრო, გაუგებარ ბგერად-გამოთქმებზე. ასეთი გლოსალოლიური მეტყველების დამახასიათებელი ნიმუში იქნება:\
  21. დევისა და ქაჯის შელოცვიდან:

    ედენიენთა ღაიღე შამათე,
    ედენია იავი ეგრამათე
    ეგრესიმ იოსი ერივანე
    და იონა იოსავე. და სხვ. (ძვ. საქ., გვ.92).

    ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოყვანილი ნიმუში ერთი იმ შელოცვათაგანია, რომლებიც უხვად იყო შეტანილი ხალხურ საექიმო წიგნებში, ეგრეთ წოდებულ კარაბადინებში. ამას ადასტურებს ექვთიმე თაყაიშვილიც. მისი სიტყვით, „ამ კარაბადინებში“, – რომელთაგან ბევრი ნათარგმნია სპარსულიდან, – მოყვანილი ლოცვები, ჩათქმა და შელოცვები, ყოველ ეჭვს გარეშეა, შეტანილია ხალხურ ზეპირსიტყვაობიდან და არავითარ შემთხვევაში სპარსულიდან თარგმანს არ წარმოადგენს, – გნებავთ იმიტომ, რომ ზოგი მათგანი ქრისტიანული ლოცვაა. ამით მაინც არ შეიძლება იმის თქმა, რომ ყველა შელოცვები წმინდა ქართული წარმოშობისაა, წინააღმდეგ, მათში ბევრია ნასესხები, ზოგი მათგანი კი პირდაპირ უცხო ენაზეა მოყვანილი (მაგალ. ებრაულზე. ლ. ა.), მაგრამ ეს შელოცვები დიდი ხნის წინათ შესულან ხალხში და ხალხის პირიდან კი, ხშირად მეტად დამახინჯებული სახით ამ სამკურნალო წიგნებში“ (ე. თაყაიშვილი — Описание рукописей, II, გვ. 138). ერთერთი ასეთი კარაბადინიდან ჩვენ მოგვყავს შელოცვის ნიმუშები:
    \
  22. გველის ნაკბენის შელოცვა:

    სანათე, აგათე, ფნონა
    აფათა, აღაშე, ბაგანათ (опис. გვ. 110).
    \
  23. პირში ჩამძვრალ გველის ამოსაყვანი შელოცვა:

    არეს, არეს, არეო, ფოროზინდან, ფორონი, ფროხინეს,
    მონკლა არას, არას ვეშაენ, არარა აქუს, თახუნი
    დედა მისი მანქეოზ. და სხვ.(იქვე, გვ. 141).
    \
  24. ლოცვა ციებისა:

    არხო, რამო, ტრომოს, სორამო, ფატიაფ, ფატაფა,
    ოსა, შაფაორი, ასოთ, ამომამბასუფთ (იქვე, გვ. 151).
    \
  25. თვალის ტკივილის ლოცვა:

    ფინე ზ ფინფანო ზახა მეტყანო, ჰაიოზ მისანი მინარო, სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, განიკურნოს მონა ესე ქრისტესი აწ და მარადის და უკუნისამდე ამინ. ბისლელ ქვალამანდი ქინა სტინა ინა სისა ატალა მოსტაკინი ვატალადინ ნამ ვათალად წითალ სამლამალად, ოღარ უკუე, არგე მონასა ამას შენსა (სახელით) ღმერთო, ამინ (იქვე, გვ.159).

    ყველა მოყვანილ ნიმუშებში საქმე გვაქვს ნამდვილ გლოსოლალიასთან, პირწავარდნილ ზაუმის ენასთან. ამ გაუგებარი, უაზრო და უშინაარსო სიტყვების შთამბეჭდველი, პირდაპირ გიპნოტიური გავლენა გულუბრყვილო და ფანატიურად მორწმუნე ადამიანზე, ადვილად წარმოსადგენია.\
  26. საინტერესოა აქ ერთი საკითხიც, რომელიც შეეხება ლექსის აღმოცენებას პოეტის შინაგან არსში. „მე მგონია, — ამბობს შკლოვსკი, – რომ ხშირად ლექსებიც პოეტის სულში თავდაპირველად ჩნდებიან ბგერითი ლაქების სახით, რომლებიც ჯერ არ გადმოღვრილან სიტყვებათ. ლაქა ხან ახლოვდება, ხან მოშორდება და ბოლოს გამოაშუქებს მაშინ, როდესაც შეეხამება რომელიმე თანახმიერ სიტყვას. პოეტი ვერ ბედავს თქვას „ზაუმური სიტყვა“, – ჩვეულებრივათ ზაუმი იმალება რაიმე შინაარსის სარჩულში, რომელიც მატყუარია, მოჩვენებითი და პოეტები იძულებული არიან აღიარონ, რომ თვითონ არ ესმით შინაარსი თავისი ლექსების. ასეთი რამ აღიარებული აქვთ კალდერონს, ბაირონს, ბლოკს. ჩვენ უნდა ვერწმუნოთ სიულლი პრუდომს, რომ მისი ნამდვილი ლექსები არავის არ წაუკითხია. ზოგიერთი პოეტები, მაგალ. შილლერი, პირდაპირ აცხადებენ, რომ მათ სულში ლექსები იბადებიან და ღვივდებიან მუსიკასავით. პოეტები აქ ხდებიან მსხვერპლი ზუსტი ტერმინოლოგიის უქონლობისა. შინაგანი ბგერადმეტყველების გამოსათქმელად სიტყვები არ არის და, როდესაც საჭიროა ამის აღნიშვნა, ენას მოადგება სიტყვა მუსიკა, როგორც გამოხატულება ამა თუ იმ ბგერისა, რაც ჯერ კიდევ არ ქცეულა სიტყვად“ (კრებ. „პოეტიკა“, გვ. 21-22). ოცდაორი წლის ილია ჭავჭავაძე, პეტერბურგში დაწერილ ლექსში „ხმა გულისა“ გვეუბნება, რომ მას ერთხელ მოესმა ბულბულის სტვენა. დიდხანს უსმენდა პოეტი „იმ ხმას საკვირველს, იმ ხმასა გრძნეულს“, ბოლოს გამოარკვია, რომ ეს ბულბული მის გულში მღეროდა (თხზ. I, გვ. 56) ბარათაშვილი გრძნობდა, რომ ჩვეულებრივი, ცნების გამომხატველი ენა ადამიანისა ვერ სწვდება სამყაროს მრავალფეროვან მოვლენებს, ამისათვის იგი მეტად სუსტია და ღარიბი. იგი ფიქრობს, რომ არსებობს კიდევ „უცხოველესი“ ენა. ამის შესახებ „ჩინარში“ პოეტი ამბობს:

    მრწამს, რომ არს ენა რამ საიდუმლო უასაკოთაც და უსულთ შორის,
    და უცხოველეს სხვათა ენათა არს მნიშვნელობა მათის საუბრის!
    (ნ. ბარათ., ლექსები, გვ. 51, 1922 წ.)
    პოეზიაში ჩვენ არა ერთი მაგალითი ვიცით, რომ ლექსი იქმნება და კიდევ მეტი – ლექსის მიმღეობა, ათვისება ხდება არა მარტო ცნებების გამომხატველი სიტყვების საშუალებით. ამაში, მე მგონი, საკმაოდ დაგვარწმუნა ზემოთ მოყვანილმა მაგალითებმა.\
  27. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ზაუმური ენით დაწერილი ლექსები, რასაკვირველია, ვერ გასცდებიან სიტყვა ქმედობის ლაბორატორიული ექსპერიმენტების ფარგლებს, მაგრამ უდავოა ის ფაქტიც, რომ ზაუმი, გაგებული არა როგორც თვითმიზანი, არამედ, როგორც პოეტური მეტყველების ერთერთი საშუალება, ყოველთვის არსებობდა და მუდამ იარსებებს. ზაუმს მიმართავს ხალხი თავის ზეპირ შემოქმედებაში – ეს ხერხი შეიძლება შეგნებულათ იქნეს და არის კიდეც გამოყენებული მხატვრულ ლიტერატურაში და პოეზიაში.

„მემარცხენეობა“ 1928 წ.№2

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი