შალვა ალხაზიშვილი // ახალი ხელოვნების კვალიფიკაცია
ახალი ხელოვნების კვალიფიკაცია
- ყოველდღიური ცხოვრება წარმოადგენს ქაოტიურ, უორგანიზაციო, ჩამოუყალიბებელ შეკრებას ყოველგვარ ნივთის, ადამიანის, მოქმედების ამბის, იდეის და სხვა. ამიტომ: ცხოვრება იძლევა მდიდარ რეალურ მასალას მხატვრისათვის და არა „შინაარსს“, როგორც ამბობდენ აქამდის. რადგან: მხატვრისათვის ყველაფერი, რასაც იძლევა ცხოვრება „შინაარსი“ კი არ არის, არამედ მასალა, მხოლოდ მასალა.
ავიღოთ რომელიმე ნივთი, რომელიც რეალურად არსებობს სინამდვილეში. მხატვარი იღებს მას, როგორც მასალას თავის ხელოვნებისათვის. ამიტომ: ნივთი იძვრის თავის რეალურ, სინამდვილეში არსებულ, პოზიციებიდან და გადადის ხელოვნებაში. სწარმოებს გადამუშავების პროცესი, რომლის შედეგად რეალური ნივთი ღებულობს ახალ ფორმას და გადაიქცევა მხატვრულ ნივთად. მხატვრული ნივთი ყოველთვის განსხვავდება რეალურ ნივთისაგან, რადგან უკანასკნელი მხატვრის მიერ გადაკეთებული და გადასხვაფერებულია ხელოვნებაში. სინამდვილეში არსებული რეალური ნივთი გადატანილი ხელოვნებაში ღებულობს ახალ ფორმას და ხდება მხატვრული ნივთი. ამიტომ: ხელოვნება არ არის (და არასდროს არ იყო!) ცხოვრების „ანარეკლი“ ან „სარკე“ და სხვა ამდაგვარი. რადგან: რეალობის, ცხოვრების სწორი, დაწვრილებითი ფიქსაცია ყოვლად შეუძლებელია. და ბ. არვატოვის თქმით: „ე. წ. რეალიზმი“ —მხოლოდ განსაკუთრებული საშუალებაა სინამდვილის მხატვრულად გადაკეთებისა. ნამდვილი ნატურალიზმი კი („натурализм“) ხელოვნებაში ზღაპარია, რომელიც არასდროს არ იყო და არც იქნება განხორციელებული. აქედან: ყოველმხრივი ბანკროტობა ხელოვნებაში „რეალიზმის“ და „ნატურალიზმის“, როგორც ცხოვრების სწორი გადაღების, მეორეს მხრივ, აგრეთვე გაუმართლებელია ის ფორმულა, რომელიც ხელოვნებას ღებულობს როგორც ცხოვრების შემეცნებას (ვორონსკი). რადგან: ეს შემეცნება ჯერ ერთი ნაწილობრივია (ნივთის სრული აღქმა ყოვლად შეუძლებელია) და მერე — სუბიექტიურიც (როგორც ასეთი კი პირობითი და ყველასათვის არასავალდებულო). თანამედროვე ტეხნიკამ შექმნა ისეთი მეთოდები და ხერხები ფიქსაციისა, რომ ხელოვნებაში ცხოვრების გადაღება მკრთალი, გაუმართლებელი და ზედმეტი გახდა.
- თანამედროვე ახალი მხატვარი სდგას ტეხნიციზმის გზაზე. ამიტომ მისთვის საჭირო აღარ არის ნივთის ასახვა. სწარმოებს რეალურ მასალების დამუშავება. ამ რიგად: ხელოვნება როგორც ნაწილი საზოგადოებრივი ცხოვრებისა, რომელიც ისეთივე მონაწილეობას ღებულობს საერთო სოციალისტურ აღმშენებლობაში, როგორც მრეწველობა, ინდუსტრია, მეურნეობა და სხვა. ახალი ხელოვნების პრაქტიკა არის: მხატვრული აღმშენებლობა, რომელიც განუყრელ და მუდმივ კონტაქტშია სოციალისტურ აღმშენებლობასთან (ცხოვრებაში). თანამედროვე ტეხნიკა ისეთივე ინტერნაციონალურია,როგორც კომინტერნი. იგი ყოველთვის იძლევა ახალ და ახალ მიღწევებს. აქედან: ხელოვნება ყოველთვის უნდა იყოს თავის ეპოქის ტეხნიკის დონეზე. რადგან: ტეხნიკა იძლევა ახალ ფორმებს, აგრეთვე ინტერნაციონალურს. ამ რიგად: თანამედროვე ეპოქის რეალური მასალის დამუშავება და გაფორმება შეიძლება მხოლოდ იმავე ეპოქის ტეხნიციზმში გავლებულ უაღრესად დახვეწილ ფორმებში.
ხელოვნება ისეთივე წარმოებაა, როგორც სხვა წარმოებანი ცხოვრებაში. თავისებური, განსაკუთრებული წარმოება, სადაც სწარმოებს ნივთების კეთება, ნივთების აღმშენებლობა. ეს არის დღევანდელი დღის რეალური პოლიტიკა ხელოვნებაში, მაგრამ: არსებობს სხვა შეხედულება ხელოვნებაზე, რომლის მიხედვით ხელოვნება უნდა შეუერთდეს წარმოებას, გაითქვიფოს, გადავიდეს წარმოებაში და მომხმარებელს მიაწოდოს არა მხატვრული, არამედ უტილიტარული ნივთები. აქ უკვე გვაქვს საქმე ხელოვნების ლიკვიდაციასთან. ამის ტენდენცია არსებობს თანამედროვე ხელოვნებაში. მაგრამ ეს არ არის დღევანდელი დღის რეალური პოლიტიკა, არსებულ ხელოვნების ლიკვიდაცია დიალექტიურ პროცესის შედეგია, ამისთვის ჩვენ ვამზადებთ ნიადაგს. აქედან: მეორე ამოცანა, რომელიც სდგას ახალ ხელოვნების წინ: არის „ბრძოლა ხელოვნების შიგნით მისივე საშუალებით მის დაღუპვისათვის“ (ს. ტრეტიაკოვის კლასიკური ფორმულა).
ხელოვნება ჯერ არ გამოვიდა ვიწრო, ნაციონალურ ფარგლებიდან. შეიძლება ითქვას, რომ ნაციონალურის უკანასკნელი ციტადელი იქნება ხელოვნება. ინტერნაციონალური ტეხნიკა და საერთაშორისო მატერიალური კულტურა გამოიყვანს ვიწრო ნაციონალურ საზღვრებიდან. სოციალისტურ საზოგადოებაში აღარ იქნება საჭირო ხელოვნება, შეიძლება დარჩეს მხოლოდ კინო, ყველაზე ტეხნიკური ხელოვნება. აგრეთვე მუსიკა და არხიტექტურა.
- ყოველი ხელოვნება ემოციონალურია. მაგრამ: ემოციები, რომელსაც იძლევა ხელოვნება, სხვადასხვანაირია. სწორედ ამ ემოციების კლასიფიკაციისათვის იბრძვის ახალი ხელოვნება. რადგან: საჭიროა განსხვავების აღნიშვნა თუ რა ხარისხის, ხასიათის და რა სახის ემოციებთან გვაქვს საქმე. ჩვენ წინააღმდეგნი ვართ ნარკოტიულ, ჰაშიშურ ხასიათის ემოციების, რომელიც ასუსტებენ ადამიანის ნებისყოფას, ქმნიან ჰიპნოიტურ მდგომარეობას და მიჰყავთ იგი რეალობიდან სიზმრების და მირაჟების ქვეყნებში. ასეთი ემოციების მიმწოდებელი იყო (და არის) ბურჟუაზიული ხელოვნება.
ახალი ხელოვნების ფაქტები უნდა იძლეოდენ სულ სხვა ემოციებს. არა ნეტარება, ნირვანა და დასვენება. არამედ ცხოვრების მშენებელი ემოციები, რომელნიც ქმნიან ადამიანის და ნივთის ორგანიზაციას, იწვევენ მას ბრძოლებისაკენ და მოძრაობისაკენ. ამიტომ ის ფაქტი, რომელიც არ იძლება ასეთ ემოციებს, ასეთ ემოციონალურ ზედგავლენას ადამიანის პსიხიკაზე, არ იქნება ხელოვნების ფაქტი და ამოვარდება ხელოვნების სისტემიდან.
- ემოციონალურობის საკითხების გამორკვევასთან დაკავშირებულია მთელი რიგი ფორმალური საკითხებისა. ყოველი ნივთი ემოციონალურ ზედგავლენას ახდენს პირველ ყოვლისა თავისი ფორმით და მხოლოდ შემდეგ იმ სემანტიურ მნიშვნელობით, რომელიც მასში იმყოფება. ამასთანავე: ყოველი ფორმა იქმნის მასალიდან და მასალაზე. ვ. ჰაუზენშტეინის თქმით: „ხელოვნება არის ფორმა“. ფორმა კი ვითარდება იმ მასალასთან დამოკიდებულებით, რომელსაც იძლევა ესა თუ ის ეპოქა. ფორმა არ არის „თვითმიზანი“. არც საშუალება. ფორმა იმ გადამუშავების პროცესის შედეგია, რომელიც სწარმოებს განსაზღვრულ მასალაზე, მისი დანიშნულების პლანში. ე. ი. ფორმა წარმოდგენილი როგორც მასალის და მისი დანიშნულების ერთი მეორეზე ზედმოქმედების შედეგი. ყოველი ფორმა უნდა იყოს შეფარდებული იმ დანიშნულებასთან, რისთვისაც მხატვარი იღებს ცხოვრებიდან განსაზღვრულ მასალას და გადააქვს იგი ხელოვნებაში. იმის და მიხედვით, თუ რა დანიშნულება უნდა ჰქონდეს ამა თუ იმ გასაკეთებელ ნივთს (საკითხი: რისთვის?) იქმნის განსაზღვრულ მასალიდან სათანადო ფორმა. ამ რიგად: ყოველ ფორმას განსაზღვრავს ჯერ მასალა, შემდეგ – დანიშნულება.
ფორმის ორგანიზაცია სწარმოებს განსაზღვრული ხერხებით (прием). ხელოვნებაში ყოველი ხერხი არის ფაქტორი რომელიც ახდენს ფორმის ორგანიზაციას. ამავე დროს ახალი ხერხი ექვემდებარება თავის ფუნქციას, მიზნობრივ საყრდნობს (целевая установка) ამ რიგად: ხერხის მნიშვნელობა მის მიზნობრივ მიმართებაში იმყოფება. განსაზღვრულ ხერხების საშუალებით რეალური მასალა, რომელსაც იძლევა ცხოვრება, მხატვარის მიერ გადამუშავდება ხელოვნების მასალად. აქედან: არსებობს მასალა. იძლევა დანიშნულება. იქმნის ფორმა. სწარმოებს განსაზღვრულ ხერხების აღმოჩენა,რომლითაც ხდება ფორმის ორგანიზაცია. სიტყვა „შინაარსი“ ხელოვნების ასეთ სისტემაში ყოვლად გამოუსადეგარი და ზედმეტია. რადგან: გარდა გაუგებრობისა მას არაფერი არ შეაქვს ხელოვნებაში. ამიტომ: საჭიროა მისი სრული განდევნა ახალ ხელოვნებიდან.
-
ფრ. ენგელსის თქმით: „არსად და არასდროს არ არსებობდა და არც შეიძლება არსებობდეს მასალა უმოძრაოდ და მოძრაობა უმასალოდ“. როგორც საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ისე ხელოვნებაში, რომელიც საზოგადოებრივ ცხოვრების ნაწილია,დიალექტიური მეთოდი ხსნის ყოველგვარ საიდუმლოებათა ფარდებს. ხელოვნების დიალექტიკა მდგომაეობს მასალების ტრანსფორმაციაში. ყოველიგანვითარება სწარმოებს ფორმების ცვლით. ხელოვნების ყოველ პერიოდს ახასიათებს ფორმების ბრძოლა. ახალი ფორმა ებრძვის ძველ ფორმას. ახალი ფორმა ცვლის ძველ ფორმას. ხდება ძველი ფორმების განადგურება. ყოველ ეპოქას აქვს თავისი სემანტიური, აქტუალური მასალა. ერთიდაიგივე მასალა იძვრის, მოძრაობს, იცვლება, კვდება განსაზღვრულ ფორმების საშუალებით მაგ. ის მასალა, რომელიც ანტიურ ეპოქისათვის სემანტიური და აქტუალური იყო, საშუალო საუკუნოებში კარგავს თავის მნიშვნელობას, მაგრამ არა ქრება, რადგან რენესანსის ეპოქაში, იგივე მასალა ხელახლა ხდება სემანტიური და აქტუალური, მხოლოდ სხვა ფორმებში. ასე სწარმოებს მასალის ტრანსფორმაცია. მაგრამ: ფორმის და მასალის ერთიანობა სახიერდება მხოლოდ მოძრაობაში, და მხოლოდ ნივთი მოძრაობაში იძლევა ფორმის და მასალის სინთეზს.
-
ყოველ ეპოქაში ფორმების ბრძოლა სწარმოებს ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად. ჰორიზონტალური ხაზით: ბრძოლა სწარმოებს ერთდაიმავე დროს მასალის და ფორმის შორის. მაგ. ახალი დროის მასალა მოითხოვს ახალ ფორმას. ამიტომ: როდესაც ეგ მასალა სასტიკ წინააღმდეგობას უწევს იმ ძველ გადასულ, მკვდარ ფორმას რომლითაც იგი არის მოცემული (Сопротивление материала) ამიტომ ხელოვნება იძლევა აბსურდულ ზედმეტ და უმიზნო ნივთს. მაგ. ლექსი ზაჰესზე დაწერილი სიმბოლისტური ხერხებით. ვერტიკალური ხაზით: ბრძოლა სწარმოებს ახალი და ძველი ფორმების შორის. ეს ბრძოლა ყველაზე მნიშვნელოვანია. რადგან: იგი სწარმოებს ძველი ეპოქის ფორმებთან, რომელთაც სურთ კონტრაბანდული შემოპარვა ახალ ეპოქაში. მაგრამ: ბრძოლა ფორმების შორის თითქმის ყოველთვის თავდება ახალ ფორმების გამარჯვებით და ძველი ფორმების განადგურებით.
ამ ორნაირი ბრძოლების ანალიზი მოგვცემს განსაზღვრულ ეპოქის ხელოვნების ნამდვილ და უტყუარ ისტორიას.
როდესაც ახალი ეპოქის მასალა შეებრძოლება ძველ, წინა ეპოქიდან მემკვიდრეობით გადმოცემულ, ფორმებს და ეგ მასალა ჯერ არ იქნება ჩამოყალიბებული სათანადო ახალ ფორმაში — იბადება ხელოვნების კრიზისი. ამ რიგად: ხელოვნების კრიზისის გენეზისი სწორედ ფორმების და ფორმის და მასალის ბრძოლებში იმყოფება. ფორმების კონფლიქტი ქმნის ხელოვნების კრიზისს განსაზღვრულ ეპოქაში.
- ცხოვრება ყოველთვის იძლევა მრავალნაირ წინააღმდეგობათა მქონე მასალას, განსაზღვრულ ეპოქის საზოგადოებრივ ცხოვრებაში არსებობს მრავალი სხვადასხვა მასალა. იმისდა მიხედვით, თუ რომელ საზოგადოებრივ კლასს ან დაჯგუფებას ეკუთვნის მხატვარი, ღებულობს იგი განსაზღვრულ მასალას ცხოვრებიდან (მასალის არჩევა) და გადააქვს იგი ხელოვნებაში. მასალის სხვადასხვაობა მოითხოვს სხვადასხვა ფორმებს თავის მხატვრულად ჩამოყალიბებისათვის. ამიტომ: როდესაც სხვადასხვა მასალა იძლევა ერთნაირ ფორმებში — იწყება ისევ ბრძოლა მასალის და ფორმის შორის. ბრძოლა მესამე ხაზით: სოციალური განხრით. მაგ. ერთდაიმავე ეპოქაში მომუშავე მწერლების: ანრი დერენიეს და პიერ ამპის რომანების ფორმალური განსხვავება გამოწვეულია მასალების სრული სხვადასხვაობით. მაგრამ სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მაგ. პროლეტარიატიდან გამოსულ მხატვარს არ შეუძლიან შეეხოს თავის კლასის გარეშე არსებულ მასალას. არ არსებობენ განსაზღვრული და ნებადაურთველი მასალები. ყოველ მხატვარს შეუძლია თავის ხელოვნებისათვის აიღოს ყოველგვარი მასალა. ზოგს ჰგონია, რომ პროლეტმწერალმა უნდა სწეროს მოთხრობები მხოლოდ მუშების ცხოვრებიდან და ლექსები პირველ მაისზე და ზაჰესზე. ეს არ არის მართალი. და სწორედ აქ სდგება ახალი საკითხი: მხატვარის მიდგომა მასალისადმი. ნ. ჩუჟაკის თქმით: „Отнощение художника к данному клочку реальности“ ამიტომ: განსაზღვრულ მასალისადმი მხატვრის მიდგომას დიდი მნიშვნელობა ეძლევა ხელოვნების ფაქტისათვის ამა თუ იმ მასალის არჩევის დროს. მაგ. გეორგ გროსის მიდგომა იმ „ბურჟუაზიულ“ მასალისადმი, რომელსაც იგი ღებულობს თავის ხელოვნებისათვის, არსებითად განსხვავდება თუნდაც იმავ ბურჟუაზიის რომელიმე ოფიციალურ მხატვრის მიდგომისაგან. სწორედ ამ მიდგომაში მჟღავნდება მხატვრის კლასობრივი სახე.
„მემარცხენეობა“ 1928 წ. №2