cover

გრიგოლ რობაქიძე - ვასილ კამენსკის

ვასილი კამენსკის

დადგება ხანი: შენც მოდუნდები:
გიღალატებენ ძველნი მღერანი.
ფიქრი დაგამხობს: ვის რად უნდები:
ხმაჩახლეჩილი ბერი ვერანი.
წამოგებურვის სევდა რუსული,
გადატრუსული ვით ნაპურალი.
და მრისხანებით პირგალურსული
აღარ დაგინდობს თეთრი ურალი.
ჩაგეთესლება ტვინის დუბეში
გადაშენების ავი შივილი:
უკანასკნელი შენი ნუგეში
იქნება მხოლოდ ბავშვის ჟივილი.
ბაბუ ვასYა: გვითხარ ზღაპარი:
სად დათარეშობს სტენკა რაზინი...
და გადიშლება შენ წინ საფარი:
უფა: აშტრახან: ავღან: კაზვინი.
და ვოლგა, ვოლგა დაუნდობელი —
გადალეშილი ვნების ტბორებით:
შიგ ქერა ქალი მუდამ მდომელი:
მკერდებს რომ იზელს მრუში ზმორებით.
სიტყვა ჩაგითრევს — ნელი: დარული:
ხანდახან კიდეც ჩაგეყვინთება.
მაგრამ ეს მხარეც ლეგენდარული
შენში უეცრათ გადაინთება, —
და ეტყვი ბავშებს: კარგი რამ არის
გველი წითელი და რქანაყარი.
წადით, აკოცეთ მიწას თამარის:
სადაც მგოსნებში ვიყავ მაყარი.

გრიგოლ რობაქიძე თფილისი, კონსერვატორიის ზალა კამენსკის იუბილე 1919, ნოემბრის 23

ჟურნ. „მეოცნებე ნიამორები“ 1920 წ. ივნისი № 4

ISU logoDH logo

© 2024 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი