შალვა ალხაზიშვილი // მემარცხენე მხატვრობის პერსპექტივები
-
იყო დრო, როდესაც მხატვრობის მსოფლიო ცენტრს პარიზი წარმოადგენდა. დღეს თითქოს ეს მდგომარეობა შეიცვალა. პარიზს აღარა სცნობენ მხატვრულ ცენტრად. პარიზის გვერდით, ან ხშირად მის მაგიერადაც, ისხენიებენ ბერლინს, და უფრო დაჟინებით, მოსკოვს. მართლაც, თანამედროვე მხატვრობა მოკლებულია ერთს რომელიმე ცენტრს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა ომამდე. თუ შეიძლება ასე ვთქვათ, დღეს სამი ცენტრი არსებობს თანამედროვე მხატვარისათვის — პარიზი, ბერლინი და მოსკოვი. სამი ცენტრი, სადაც კეთდება, როგორც რეაქციონური, აგრეთვე მემარცხენე მხატვრობა. ჩვენთვის, რასაკვირველია, საინტერესოა მხოლოდ მემარცხენე მხატვრობა აღებული მსოფლიო ხაზით.
-
ორიოდე სიტყვა რეაქციაზე მხატვრობაში: ზოგჯერ პოლიტიკურ და ეკონომიურ ცხოვრების რევოლუციონური სიტუაცია ვერა ჰქმნის სათანადო რევოლუციონურ ხელოვნებას. მაგალ. რუს მხატვართა ჯგუფი „Ахрр“ რომელიც თითქმის ოფიციალურ და ოფიციოზურ მხატვრობად არის გამოცხადებული, ჩვენის აზრით, მეტად რეაქციონურ მოვლენას წარმოადგენს. და, პირიქით, გეორგ გროსსი, რომელიც გერმანეთის ბურჟუაზიულ სიტუაციის ფარგლებში მუშაობს და აგრეთვე ფერნან ლეჟე, რომელსაც პარიზის ფაშისტურ ხმაურით გაჭედილი აქვს ყურები, თუ მთლიანად არა, ყოველ შემთხვევაში „Axpp“-ზე უფრო მემარცხენედ მიგვაჩნია. მაგრამ დაწვრილებით ამაზე ქვემოდ.
-
ახლა ბევრს გაიძახიან კლასსიციზმზე მხატვრობაში. ზოგი მაინც გრძნობს, რომ ეს „კლასსიციზმი“ ნამდვილი კლასსიციზმი არ არის. ამიტომ ლაპარაკობენ რაღაც „ნეო-კლასსიციზმზე“. მაგრამ ჩვენ გროსსის სიტყვით შევეკითხებით მათ: „სად არის აქ კლასიკა“? შეიძლება მიგვითითონ ანდრე დერენზე, მაგრამ იგი ხომ ბანალური ეპიგონია წარსულ კლასსიციზმის. პიკასსო? მაგრამ პიკასსო სულ სხვაა. პიკასსო ცალკე სდგას. პიკასსო ლაბარატორიული მუშაობის მხატვარია. იგი არასდროს არ იყო მასწავლებელი. მას სკოლაც არ შეუქმნია (კუბიზმი ჟორჟ ბრაკმა შექმნა!). პიკასსოს დამახასიათებელი თვისება არის მუდმივი, დაუსრულებელი ძიება. აიღეთ მისი 1919 წლის „დასვენება“ (რეალისტური) და 1925 წლის „მანდოლინა“ (მემარცხენე). განა ამის შემდეგ შეიძლება პიკასსოს შემოქმედებაში საზღვრების და პერიოდების აღნიშვნა?.. პიკასსო, როგორცმხატვრული ფაქტი, ცივი ფხიზელი და მშრალი გონების ნაყოფია. არავითარი გრძნობა, არც აღმაფრენა, არც ვნებიანობა. ნამდვილი ქირურგი მხატვრობაში.
„კლასიციზმი“ თანამედროვე მხატვრობაში შეიძლება მივიღოთ მხოლოდ გროსსის კორექტივით, რომ მას „აქვს მხოლოდ ექსპერიმენტის მნიშვნელობა“.
- დღეს ყველასათვის ცხადია, რომ კუბიზმი, როგორც მხატვრული მიმართულება, მოკვდა. კუბიზმი მსოფლიო ომის ზარბაზნების გრიალში ჩაიხრჩო. რა შეგვრჩა კუბიზმისაგან? უსათუოდ ანალიტიური მეთოდი. შემდეგ: მსოფლიო ომმა ახალი სიყვარული მოგვიტანა — სიყვარული ნივთისადმი. თავისებური „კულტი“ ნივთისა. მაგრამ ახალი ფსიხიკა მოითხოვს ქვეყნის და აგრეთვე ნივთის მთლიან ერთდროულ შეგნებას და ათვისებას. ერთდროულობა, რომელსაც ასეთი მთავარი ადგილი უკავია თანამედროვე ხელოვნებაში, განსაკუთრებით კინოში, გახდა აგრეთვე ახალი მხატვრობის პრინციპი. ტილოზე შეუძლებელია ნივთის მთლიანი ასახვა. აქედან: საჭიროება ანალიტიურ მეთოდის, ნივთის დაყოფა ნაწილებად. შემდეგ ნაწილების დალაგება სიბრტყეზე. ხაზების და ზედაპირების „მონტაჟური“ კომბინაცია. ქვეყანა და ნივთი წარმოდგენილი ვერტიკალურად.
„Создавать - это значит организовать хаос“ — ამბობს ანდრე ლოტ და სწორედ ეს „ქაოსის ორგანიზაცია“ ჩვენ გვესმის როგორც მასალის, ე. ი. შინაარსის ორგანიზაცია. მხატვრული კომპოზიცია აგებული არქიტექტურის მეთოდების მიხედვით, ნივთის „ტოტალიზმი“ (ლოტ), როგორც მთლიანობის დაცვა მხატვრობაში. ქვეყანა აღებული მთლიანად, ერთდროულად ყოველი თავისი კუთხეებითა და მხარეებით.
- შემდეგ: კუბიზმი, თავის გეომეტრიული ფორმებით მაინც სტატიური იყო. ომის და რევოლუციების ხანა კი ხასიათდება დინამიურობით. პირველად, იტალიის ფუტურისტები შეეცადენ, კუბიზმის სტატიურობაში შეეტანათ დინამიური პრინციპი. ამით კუბიზმი, როგორც „ოთახის გიმნასტიკა“ (კარრა) დაირღვა. დაიბადა შესაძლებლობა დადაიზმის და სუპრემატიზმის. დღეს იტალიანური ფუტურიზმი მკვდარია. ყოველ შემთხვევაში, მან შეასრულა თავისი როლი. ახლა: „ვის სუფრაზედაც ვზივარ, იმას ვუმღერ“ (გროსსი), იტალიის მხატვრობა კათოლიკურ კლერიკალიზმისა და მებრძოლი ფაშიზმის ჭაობში ბარბაცობს.
პატარა ექსკურსი: ვან-გოგ: „Все течет и все цветет“ — მისი თქმით. დინამიური ფერები. ფერები მოძრაობაში. აქედახ: ვან-გოგის მისვლა ფუტურიზმამდე. მაგრამ იგი შიშმა გაიტაცა. შედეგი: ტრაგიული ბოლო. მაინც მისი „პეიზაჟი“ დაწყებაა ფუტურიზმის. აქედან გამოდის ვასილ კანდინსკის „მხატვრობა, როგორც მუსიკა“ და აბსტრაქტული მხატვრობა. მაგრამ დღეს, როგორც საფრანგეთში, ისე გერმანეთში, აბსტრაქტული, უსაგნო მხატვრობა უარყოფილია. იქ მეტად დამახასიათებელია კონკრეტიულობის ძებნა, მისი გამოხატვა. ოზანფანი ნივთებს ეძებს, ანდრე ლოტ, პირიქით, ადამიანის ფიგურას უფრო ეტრფის. კონკრეტიულობის ძებნაში არის აგრეთვე თანამედროვე გერმანული მხატვრობა. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ექსპრესსიონიზმი, ეს ავადმყოფური შედეგი ომებისა და რევოლუციისა გერმანიაში, დღეს უკვე დაძლეულია. თანამედროვე გერმანია მეტად სწრაფად გაიმართა და მან მიიღო თავისი ნამდვილი სახე. „სულის სპეკულიაციებით“ მობეზრებული გერმანული მხატვრობა აგრეთვე ეძიებს კონკრეტულობას რკინის და ბეტონის ინდუსტრიალურ კულტურის გარემოში. აქედან: ხაზის პრიმატი ფერადზე. აქედან: გეორგ გროსს, ოტტო დიქს და კეტე კოლვიც, რომელნიც თანამედროვეობის ასახვით ხშირად აგიტაციონურ მიზნებს ემსახურებიან. აგრეთვე წარმოებითი მხატვრობა: ვალტერ დექსელ, პეტრ რელ, მოგოლი-ნოდ, პერი (,ლენინის ძეგლი“). არქიტექტურის პრიმატი, მხატვრობა, რომელიც შეგნებულად მიდის კონსტრუქტივიზმისაკენ. დადაიზმი გერმანიაში მეტად ნაყოფიერი გამოდგა თავისი შედეგებით. გროსსის სიტყვით, „დადაიზმი იყო ერთად ერთი სერიოზული მხატვრული მოძრაობა გერმანიაში ამ უკანასკნელ ათეულ წლებში“. და, მართლაც, ვინც დადაიზმი გაიარა, ის ეხლა კონსტრუქტიულ მხატვრობას ჰქმნის. მაგალითები: კურტ შვიტტერს, ჰანს არპ, ლაიონელ фაინინგერ და სხვები.
- ფრანგ მხატვრებში დღეს ყველაზე საინტერესო და მასთან მემარცხენე არის ფერნან ლეჟე. თანამედროვე ეპოქა, როგორც ყველამ იცის, არის გარდამავალი ეპოქა. ამიტომ ყველაფერი ამღვრეულია. ახალმა ყოფამ ჯერ ვერ მიიღო თავისი განსაკუთრებული ფორმები. იგი ჯერ ვერ ჩამოყალიბდა ამა თუ იმ განსაზღვრულ ფორმაში. ამიტომ: ჩვენი დრო არის უსათუოდ ახალ ფორმების ძებნის დრო. აქედან: საჭიროა ახალი ფორმების გამოგონება და, როგორც თანამედროვე ეკონომიკა ჰქმნის თანამედროვე იდეოლოგიას, ისე თანამედროვე შინაარსმა, ასე ვსთქვათ, ახალმა ყოფამ, უნდა შეჰქმნას ახალი თანამედროვე ფორმები.
ლეჟეს ხელოვნება არის თანამედროვე ყოფის შედეგი. ქვეყნიერება მიდის ინდუსტრიალიზაციისაკენ, მაშინიზმი ხდება სადღეისო ლოზუნგი და ლეჟეს მხატვრობა არის პირდაპირი, უშუალო პროდუქტი ამ ინდუსტრიალიზმით და მაშინიზმით გატაცებისა. ლეჟე ძირიანად სდგას თანამედროვე ცხოვრების ნიადაგზე. ავიაცია, რადიო, კინო, ავტომობილიზმი — აი, შინაარსი მისი მხატვრობის. ფოლადი და ლითონი, როგორც ტეხნიკა. შავი და თეთრი ფერები, ისე როგორც კინოში, რაც მეტად დამახასიათებელია ამ ორ ხელოვნებისათვის.
ზოგი გაიძახის, რომ მხატვრობა მოკვდა და მხატვრობამ შეასრულა თავისი დანიშნულება, რომ ნამდვილი მხატვარი უნდა გადავიდეს ნივთების კეთებაზე. საწარმოო მხატვრობის შექმნაზე. ეს ნაწილობრივ მართალია, მაგრამ ლეჟეს მაგალითი გვიჩვენებს რომ შეიძლება თანამედროვე ეპოქაში მხატვარი დარჩეს ისევ მხატვრად. მხოლოდ ამისათვის საჭიროა იყო მემარცხენე, როგორც ლეჟე. მან არ დაანება მხატვრობას თავი, თუმცა ლოგიურად რომ ვიმსჯელოთ, მას უნდა მიეტოვებინა მხატვრობა. მაგრამ ლეჟეს მაგალითი მეტად დამახასიათებელია ჩვენი დროისათვის. მისი ახალი მხატვრობა გვიჩვენებს, რომ თანამედროვე მხატვრობის გზა არის კონსტრუქტიული კინემატიზმის გზა. ამ მიმართულებაში, რომელიც ყველაზე მემარცხენეა დღეს მხატვრობაში, მონუმენტალიზმიც არის და დინამიზმიც, რაც მეტად ეთანაბრება თანამედროვე ეპოქას.
- თანამედროვე ცხოვრებას, პირველ ყოვლისა, ახასიათებს მუდმივი მოძრაობა. ეს არის რაღაც თავისებური სოციალური კინემატიკა, რომლითაც გაჟღენთილია თანამედროვე კულტურა. სხვადასხვა ტეხნიკური მიმართულებანი სწრაფად სცვლიან ერთი მეორეს. სოციალური მდგომარეობა დღითი-დღე იცვლება. ყოველდღე გაზეთები ახალ ამბებს გვაწოდებენ მსოფლიო პოლიტიკურ სიტუაციის შესახებ. საშუალო ადამიანი ვერც კი ასწრებს თანამედროვე ცხოვრების კინემატიკის ათვისებას.
თავის მხრივ კონსტრუქტივიზმი, რაღაც გამოუცნობი ინსტინქტი აშენებისა, მძლავრად იჭრება ცხოვრების ყველა დარგებში. რკინისგზის ამშენებლობა, ხიდები, ქარხნები, ახალი სახლები, ყველაფერი კონსტრუქტივიზმის ნიშნის ქვეშ კეთდება. თანამედროვე ინჟინერი და ტეხნიკოსი პირველ ყოვლისა არის კონსტრუქტორი. ჩვენი აეროპლანის, ელექტრონის და რადიოს ხანაში კონსტრუქტივიზმი ხდება მეტად დემოკრატიულ და კოლექტიურ მოვლენად. კონსტრუქტორია პროფესორი-მეცნიერი და მუშა-ავტომობილისტი. ედისონი და მონტიორი-ელექტრომექანიკოსი. ასეთ კონსტრუქტიულ ხანაში ერთადერთ ხელოვნებად, მასსიურ, დემოკრატიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ უნივერსალურ ხელოვნებად ხდება — კინო-ხელოვნება.
„ხელოვნების დაცემა დაიწყო ფოტოგრაფიის გამოგონებიდან“, ამბობს გროსსი და მართლაც: ფოტოგრაფიამ დაამარცხა ის მხატვრობა, რომელიც ბუნებას, ნატურას და ყოფაცხოვრებას გვიხატავდა. თანამედროვე ფოტო-ეტიუდი უფრო უკეთესად გადმოგვცემს ზემოხსენებულს, ვიდრე მხატვრობა. შემდეგ: „ჩაპლინი ამარცხებს რემბრანდტს“, ე. ი. კინო ამარცხებს მხატვრობას. მართლაც, გრიფიცის სურათების ზოგიერთი კინო-კადრები, სინათლე-ჩრდილის პრობლემის შესანიშნავ გადაჭრით, უფრო მეტ მხატვრულ ემოციებს იწვევს მაყურებელში, ვიდრე თუნდაც სახელგანთქმულ რემბრანდტის მხატვრობა.
კინომ და ფოტომ დაამარცხეს ძველი მხატვრობა, დღეს მხატვრობა ან უნდა „გაითქვიფოს ინდუსტრიაში", გახდეს წარმოებითი მხატვრობა და აკეთოს სასარგებლო ნივთები, ან უნდა დადგეს კონსტრუქტიულ კინემატიზმის გზაზე, თანახმად ჩვენი ეპოქის მისწრაფებისა, ასე ვსთქვათ, ამისი „სოციალური შეკვეთისა".
-
მაგრამ ნამდვილი ახალი ცენტრი, საითკენაც იყურება მემარცხენე მხატვარი, დღეს არის — მოსკოვი. წარმოებითი მხატვრობა მხოლოდ აქ ღებულობს თავის იდეოლოგიურ გამართლებას. საკმარისია დავასახელოთ: ტატლინი, მალევიჩი, როდჩენკო, პაპოვა, ლავინსკი და სხვები. რასაკვირველია, წარმოებითი მხატვრობა სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მხატვარმა მიანებოს თავი სურათების ხატვას და გააკეთოს სკამი ან მაგიდა. როგორც ჩვენი ხანა არის ხიდი სოციალიზმისაკენ, მზადება სოციალიზმისა, ისევე პარალელურად: ჩვენ ჯერ არა გვაქვს ნამდვილი წარმოებითი მხატვრობა. მას დღეს ეყრება საძირკველი და, არვატოვის თქმით, „მისი სრული გამარჯვება მჭიდროდ არის დაკავშირებული სოციალისტურ წესწყობილების დამყარებასთან". ეხლა საჭიროა „წარმოებითი რევოლუცია ხელოვნების შიგნით“, „Инжинерное переобучение художников.“ (არტამოვი)
-
თანამედროვე მხატვრობაში ჯერ კიდევ დიდხანს იარსებებს „სურათი“, როგორც დაზგის მხატვრობა (станковизм), მაგრამ დღეს „სურათი“ უნდა იყოს თანამედროვე, როგორც ფორმით, ისე შინაარსით, ე. ი. უნდა იყოს სავსებით მემარცხენე ტეხნიკით, კომპოზიციით და მოტივიზაციით. ამიტომ მემარცხენე ხელოვნება რუსეთში („Леф“) სასტიკ ომს უცხადებს იმ რეაქციონურ მხატვრობას, რომელმაც ნეპის დამყარების შემდეგ თავი გამოჰყო და დღეს თავისუფლად თბება საბჭოთა მზით. ეს მრავალი „Ахрр“ ები, „4-ое искусство“ , „Голубая роза», „Ост“ და სხვა.
რაც შეეხება „Ахрр“ -ს, ამ ჯგუფს დიდი პრეტენზიები აქვს რევოლუციონურობის, რეალისტობის, კლასსიციზმის, მონუმენტალიზმის და სხვა იზმების. მაგრამ ყველაფერი ეს მხოლოდ „იარლიკებია». „Ахрр“-ის მნიშვნელობა მხოლოდ ილუსტრატიულია, ისიც საეჭვო ღირსების. რადგან: განა კარგი ფოტო-ეტიუდი ან კინო-ქრონიკა ვერ შეასრულებს უკეთესად იმ როლს, რა როლსაც საბჭოთა აღმშენებლობის სისტემაში ასრულებს „Ахрр“-ი? ეტნოგრაფია, გეოგრაფია და ისტორიზმი კინო-ქრონიკის საშუალებით უფრო მალე მიაღწევს საბჭოთა მაყურებლამდე, ვიდრე „Ахрр“ -ის „მონუმენტალური“ ტილოები. არის თუ არა რაიმე შემოქმედება „Ахрр“-ში? არავითარი, რადგან რეალიზმი, რომელიც ფოტოგრაფიულად იღებს სინამდვილეს, შემოქმედება არ არის. ამას ფოტოგრაფია უფრო კარგათ გადაიღებს. დასკვნა: წინანდელი „передвижничество“ თავის უდემოკრატიულ“ შინაარსით და „ნატურალისტურ“ ფორმით ხელახლა აღორძინდა „Ахрр“-ში.
- საქართველოში წარმოებითი მხატვრობა ჯერ არ არსებობს. რაც შეეხება მემარცხენე მხატვრობას, მას მხოლოდ რამდენიმე წლების სტაჟი აქვს. სამწუხაროდ, სტილიზაციურ „იმპრესსიონიზმს“ და ყოფა-ცხოვრების „გიპერტროფიულ დამახინჯებას“ ჯერ კიდევ დიდი ადგილი უკავია ქართულ მხატვრობაში. ჩვენს მხატვრებს ვერ გაუგიათ, რომ ფიროსმანი — უნიკუმია არა მარტო ქართულ მხატვრობაში, არამედ მსოფლიოშიაც. იგი, როგორც ვულკანიური აღმოხეთქაა მიწიდან, მისი კონგენიალი შეიძლება მხოლოდ ჯოტტო იყოს შორეულ წარსულში, ისიც ნაწილობრივ, ან ანრი რუსსო, ახლო წარსულში. მისი შედარება შეიძლება მხოლოდ ხალხის სიღრმიდან ანონიმად გამოსულ სპარსულ მინიატიურასთან, ან ასურეთის ფრესკასთან. ისეთი მხატვრები, როგორიც ფიროსმანია, სკოლას არა ჰქმნიან. მათი „მოწაფეები“ იქნებიან საცოდავი ეკლეკტიურობით გაბერილი ეპიგონები. საჭიროა ფიროსმანის შესწავლა და არა მისი ვულგარიზაცია.
ლ. გუდიაშვილის „აღმოსავლეთი“ უნდა ახლად გადაფასებული იქმნას. თანამედროვე მოტივებს ადგილი არა აქვს მის მხატვრობაში. ფორმალურადაც „მემარცხენეობა“ არ არის ბოლომდის დაყვანილი. არის გადავარდნა არა სასურველ „უფსკრულებში“. საფრანგეთში ნამყოფ მხატვარს ბევრი მოეთხოვება. მიხ. გოცირიძის მხატვრობაში არის ჩანასახი კონსტრუქტიულობისა. საჭიროა ამის გაღრმავება და უარყოფა „რომანტიულ სტილიზაციაში“ გახვეულ სექსუალობისა. მას ამის უნარი შესწევს, რადგან ახალგაზდური ნიჭით არის დაჯილდოვებული. ირაკლი გამრეკელი სავსებით ფრანგულ კუბიზმიდან გამოდის. მისი მრავალი კუბისტური სურათი ამის მაჩვენებელია. სამწუხაროდ, დღეს იგი ნაკლებად მუშაობს მემარცხენე მხატვრობისათვის. რეჟისსორ მარჯანიშვილთან ერთად მან შექმნა თანამედროვე ქართული თეატრი. ესეც დიდი საქმეა, მაგრამ მემარცხენე მხატვრობა კიდევ მოელის მისგან ნამდვილ მხატვრულ ნივთების შექმნას.
„მემარცხენეობა“ 1927 წ. № 1